საქმე №ას-1062-2022 15 თებერვალი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ.კ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტი, ბანკისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ 10 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის, თვეში 800 ლარის გადახდის თაობაზე, ბანკს, დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 17 თვის ხელფასის - 13 600 ლარის გადახდის ვალდებულება, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2. კასატორის განმარტებით, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს ეჭვი არ შეჰქონდა ჩატარებული რეორგანიზაციის მართლზომიერებაში, წინააღმდეგობრივი იყო მისი მსჯელობა ბრძანების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლოს დასაბუთება მხარისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელე არ გათავისუფლებულა მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, რაც გამორიცხავდა მის მიმართ რაიმე სახდელის გამოყენებას შრომითი ურთიერთობის პერიოდში, თუმცა, აღნიშნული წინააღმდეგობაში არ მოდის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების მართლზომიერებასთან.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულადაა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე, 2016 წლიდან მუშაობდა ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, 2019 წლის 26 ივნისიდან გათავისუფლებამდე დასაქმებული იყო ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N223 ექსპრეს სერვის ცენტრში - მოლარე -ოპერატორის თანამდებობაზე, სადაც მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურ ხელფასს 800 ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
7.2. მოპასუხის 03.04.2020 წლის #8 ბრძანების თანახმად ბანკის მიმდინარე გამოწვევებზე ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისთვის პროცესების ეფექტურობის გაზრდის, თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და ბიზნეს პროცესების ოპერატიულად წარმართვისთვის, საჭირო გახდა ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის გაუქმება და მისი საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტთან გაერთიანება. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები, რამაც გამოიწვია ოპტიმიზაციის ღონისძიებების საჭიროება. რეორგანიზაციის ფარგლებში დაიხურა ექსპრეს მომსახურების სერვისის მქონე 38 (ოცდათვრამეტი) სერვის ცენტრი და საცალო მომსახურების სერვისის მქონე 1 (ერთი) სერვის ცენტრი, ასევე 1 (ერთი) საცალო მომსახურების სერვისის მქონე სერვის ცენტრს შეეცვალა ფუნქცია ექსპრეს ტიპის სერვის ცენტრად. აღნიშნული ბრძანებიდან ირკვევა, რომ კონკრეტულად N223 ექსპრეს სერვის ცენტრი, სადაც ნ.კ–ია იყო დასაქმებული, არ გაუქმებულა.
7.3. ბანკის 04.03.2020 წ. N313-კ ბრძანებით შეწყდა ბანკსა და ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, N223 ექსპრეს სერვის ცენტრის მოლარე-ოპერატორ (მოსარჩელეს) შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება იმავე წლის 9 მარტიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამასთან, მოსარჩელეს სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიეცა კომპენსაცია 2 (ორი) თვის ხელფასის ოდენობით.
7.4. მოსარჩელემ 2020 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნით, რის პასუხადაც ბანკის 2020 წლის 16 მარტის N23/3080 წერილით ეცნობა, რომ განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რამაც გამოიწვია ოპტიმიზაციის ღონისძიებების საჭიროება და განაპირობა ექსპრეს მომსახურების სერვის ცენტრების დახურვის აუცილებლობა. რეორგანიზაციამდე ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტში დასაქმებული იყო 845 თანამშრომელი, ხოლო რეორგანიზაციით გათავისუფლდა 54 თანამშრომელი. ამასთან, თანამშრომლების შეფასება განხორციელდა ბოლო 6 თვის განმავლობაში გეგმის შესრულების პარამეტრების მიხედვით.
7.5. ბანკის 24.04.2020 წ. N12/032 ცნობის თანახმად, 03.04.2020წ. N8 ბრძანებით განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 38 თანამშრომელი. მოლარე-ოპერატორების ოპტიმიზაციის მიზნით, თანამშრომელთა შეფასება განხორციელდა მათი ბოლო 6 თვის გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით, კერძოდ, დადგინდა ბოლო 6 თვის განმავლობაში მოლარე-ოპერატორების მიერ გაყიდვების გეგმის შესრულების საშუალო მაჩვენებელი და გათავისუფლებას დაექვემდებარნენ ყველაზე დაბალი შედეგის მქონე თანამშრომლები. მოსარჩელის გაყიდვების გეგმის შესრულების მაჩვენებელი 66%-ით ნაკლები იყო თბილისის მოლარე-ოპერატორების გაყიდვების გეგმის საშუალო შესრულებაზე. შესაბამისად, იგი დაექვემდებარა გათავისუფლებას.
7.6. მოსარჩელე, 2021 წლიდან დასაქმებულია სს „თ.ბ–ში“ ექვაირინგის მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, სადაც მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 700 ლარს.
8. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებებზე, და დამატებით განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“(დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა იმავე თანამდებობაზე აღდგენა, ამდენად, მითითებული გარემოების საფუძვლად მითითებული სშკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით სასამართლო ვერ შეაფასებდა იმავე თანამდებობაზე აღდგენის საკითხს (მითითებულ საკითხზე დამატებით იხ. მომდევნო პუნქტები).
9. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (საკასაციო სასამართლოში, წინამდებარე საქმის განხილვის დროისთვის დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებს არეგულირებს სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლები). რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალების შემცირებას“.
11. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ რეორგანიზაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალურსამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, „ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ. №ას-310-2020, 15.10.2020; №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.
12. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
13. მიუხედავად რეორგანიზაციის რეალური საჭიროებისა, აუცილებელია მისი განხორციელებისას არამართლზომიერად არ შეილახოს დასაქმებულთა უფლებები, რამეთუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მაშინ არსებობს, როდესაც ან ეკონომიკურ გარემოებებს, ან ტექნოლოგიურ ცვლილებებს ან ორგანიზაციულ ცვლილებებს, ანუ ერთ-ერთ მათგანს შედეგად მოჰყვა სამუშაო ძალის შემცირება. ამდენად, სამუშაო ძალის შემცირება, როგორც შედეგი, არის აუცილებელი ელემენტი და კუმულაციურად უნდა არსებობდეს ან „ეკონომიკურ გარემოებებთან“, ან ტექნოლოგიური ცვლილებებთან“ ან ორგანიზაციული ცვლილებებთან“ ერთად. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ., რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად, მოლარე-ოპერატორების თანამდებობა იმავე ფუნქცია მოვალეობებით შენარჩუნდა ბანკში, თუმცა მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანამდებობი რიცხოვნობით შემცირდა, რამაც განაპირობა მოსარჩელის გათავისუფლება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბანკში უდავოდ ჰქონდა ადგილი რეორგანიზაციას, რომლის ფარგლებშიც 38 საშტატო ერთეული შემცირდა, თუმცა აღნიშნული უპირობად არ გულისხმობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას. იმ პირობებშიც, თუ გავიზიარებთ ბანკის არგუმენტს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ გაუქმებულა N223 სერვის-ცენტრი, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, მათი გადანაწილება და შემცირება განხორციელდა მოლარე-ოპერატორების საერთო რაოდენობის მიხედვით, უსაფუძვლოა კონკრეტულად მოსარჩელის გათავისუფლება, რადგან არ იკვეთება ობიექტური კრიტერიუმებით მათი გადარჩევის პროცესის წარმართვის ფაქტი. საგულისხმოა, რომ, დასაქმებულთა მხრიდან შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასებისას, შედარება უნდა განხორციელდეს იმავე ერთეულში დასაქმებულ, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა მოსამსახურესთან და არა ზოგადად სისტემაში დასაქმებულ სხვა პირთან, ვინაიდან სწორედ გარემო ფაქტორებია რიგ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის განმსაზღვრელი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა არა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, ან კვალიფიკაციის არასაკმარისობის საფუძვლით, არამედ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოლარე-ოპერატორის თანამდებობათა რაოდენობრივად შემცირების გამო. ამასთან, უდავოა, რომ მის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის განმავლობაში არ გამოყენებულა.
15. ამდენად, კასატორის მითითება, რომ თანამშრომლები ბოლო 6 თვის განმავლობაში გეგმის შესრულების პარამეტრების მიხედვით შეფასდნენ, არ წარმოადგენს საკმარის და ვარგის მტკიცებულებას შრომითი ურთიერთობის რეორგანიზაციის საფუძვლით შეწყვეტისას, ვინაიდან, აღნიშნული არ იყო წინასწარ დადგენილი, ნათელი, გამჭვირვალე და არ იძლეოდა სამართლიანი - არადისკრიმინაციული მოპყრობისაგან დასაქმებულის დაცვის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პრეტენეზია დასაქმებულის მიმართ სხვა გარემოებებს ეყრდნობა, რაც თავისმხრივ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის სხვა საფუძველს ითვალისწინებს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხარის პრეტენზიები დასაქმებულის არაკვალიფიციურობაზე და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, რაც საბოლოო ჯამში ბრძანების მართლზომიერებას აცლის საფუძველს, პრეტენზიებისა და ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შესაბამისად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი დაუსაბუთებელია, მაინც და მაინც მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლები.
16. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
17. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დადგენილი იყო, მოსარჩელის პრეტენზია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას არ გულისხმობდა, ამასთან, დადგენილია რომ უკვე დაკავებული აქვს სხვა კომპანიაში კონკრეტული თანამდებობა, სასამართლო მოკლებულია საშუალებას იმსჯელოს პირის იმავე თანამდებობაზე აღდგენის საკითხი, ხოლო, აქედან გამომდინარე სადავო საკითხის იმ დროისთვის არსებული მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ამდენად, ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევის პირობებში, სასამართლოს შეფასების საგანია კომპენსაციის მიკუთვნება მხარისათვის, რომლის ოდენობის გამოთვლაც საქმის გარემოებებისა და მხარეთა გათვალისწინებით სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას კომპენსაციის გამოთვლასთან დაკავშირებით და გონივრულად მიიჩნევს მხარისათვის, ბრძანების არამართლზომიერად ცნობის პირობებში, მხარის გათავისუფლებიდან მის მიერვე მომდევნო სამსახურის დაწყებამდე, მისი ხელფასის მიკუთვნებას, ჯამში 17 თვეზე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.ბ–ს“ (.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №40120, გადახდის თარიღი 04.08.2022), 680 ლარის 70% - 476 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე