საქმე №ას-1404-2022 15 თებერვალი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,ფ.ი. ს. თ.“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ი–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ფ.ი.ს.თ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია და სრულად უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ნ.ი–ვის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და კომპანიას დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 35 000 ლარის გადახდა.
2. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია სასამართლოს ზოგადი თეორიული მსჯელობა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას და არგუმენტებს თუ რატომ იყო მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ბრძანება უკანონო. ამასთან, განჩინების დასაბუთება არ შეიცავს კონკრეტულ არგუმენტებს, მოპასუხის მიერ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად წარდგენილ მტკიცებულებების გასაბათილებლად.
3. კასატორის განმარტებით, შესაგებელშივე უთითებდა, რომ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პანდემიის, ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შეწყვეტის გამო კომპანია გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა და საჭირო იყო მოსარჩელის პოზიციის გაუქმება, აღსანიშნავია, რომ არასათანადო დატვირთვისა და ადამიანური რესურსის არასათანადო გადანაწილების გამო კიდევ 3 საშტატო ერთეული შემცირება გახდა საჭირო.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში მართებულადაა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
8.1. მხარეთა შორის, 2018 წლის 1 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით და დასაქმებული დაინიშნა მძღოლის პოზიციაზე.
8.2. მხარეთა შორის 2018 წლის 1 ივნისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა მძღოლის პოზიციაზე, ხოლო ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 1 ივნისამდე განისაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, კომპანია ახორციელებდა პროექტს სხვადასხვა ადგილას, რომლის შესრულების მიზნით დასაქმებულს ქირაობს სხვადასხვა ადგილას საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის, თბილისის ოფისში, ბათუმის ოფისში და ბათუმის ჩქაროსნული შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე.
8.3. მხარეთა შორის 2018 წლის 1 ოქტომბერს, გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2018 წლის 1 ივნისის შრომით ხელშეკრულებაში და მოსარჩელე დაინიშნა შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, დასაქმებული კისრულობდა ვალდებულებას, შეესრულებინა ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული სამუშაო იმ მოცულობითა და წესით, რომელიც განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით, დამატებითი ხელშეკრულებებით, კომპანიაში მოქმედი შრომის შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით. დასაქმებულის ვალდებულებები მოიცავდა ასევე მის თანამდებობასთან დაკავშირებულ, ან მისი ხელმძღვანელების მიერ დავალებულ ყველა საქმიანობას.
8.4. მხარეთა შორის 2019 წლის 1 ივნისს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2018 წლის 1 ივნისის შრომით ხელშეკრულებაში და შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 1 ივნისის ჩათვლით.
8.5. მხარეთა შორის 2020 წლის 1 ივნისს კვლავ გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 1 ივნისის ჩათვლით.
8.6. კომპანიის, საქართველოს ფილიალის ფინანსური დირექტორის 2020 წლის 20 ივლისის გაფრთხილების წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2020 წლის 23 ივლისიდან დამსაქმებელი მასთან შრომის ურთიერთობას წყვეტდა, შრომითი ხელშეკრულების 5.4.4. პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.4.4. პუნქტის თანახმად, დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილიყო დამსაქმებლის ინიციატივით, პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამუშაო ძალის შემცირების საფუძვლით.
8.7. მოსარჩელემ, 2020 წლის 12 აგვისტოს მიმართა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით დამსაქმებელს. 2020 წლის 19 აგვიტოს წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ფილიალის სათაო ოფისში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირის საშტატო ერთეულის საჭიროება არ არსებობდა, რადგან სათაო ოფისში შესყიდვების კუთხით დატვირთვა იყო მცირე და აღნიშნული ტიპის საქმე არ მოითხოვდა რაიმე სპეციალურ ცოდნას. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად დამსაქმებლის მიერ მითითებული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. 2020 წლის 19 აგვისტოს წერილში მოპასუხემ მიუთითა, რომ ის ამ დროისთვის სამ პროექტს ახორციელებდა, ერთ-ერთი პროექტის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელს არ მიუთითებია.
8.8. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება, შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე, შეადგენდა თვეში 3 125 ლარს გადასახადების ჩათვლით. მოსარჩელე შრომით მოვალეობას ძირითადად ახორცილებდა მოპასუხე საწარმოს თბილისის ოფისში. ხელმძღვანელი პირების მითითების შესაბამისად, სხვადასხვა ინტენსივობით, საჭიროების შესაბამისად, შესყიდვებს ახორციელებდა ასევე კომპანიის მიერ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტებისთვის.
9. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებებზე, და დამატებით განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“(დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.
10. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (საკასაციო სასამართლოში, წინამდებარე საქმის განხილვის დროისთვის დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებს არეგულირებს სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლები). რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალების შემცირებას“.
12. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ რეორგანიზაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალურსამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, „ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ. №ას-310-2020, 15.10.2020; №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.
13. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში, კომპანიის განმარტებით ფილიალში ორგანიზაციული ცვლილებების ჩატარების მთავარი მიზეზი იყო მართვის სტრუქტურის გაუმჯობესება. მოსარჩელის მიმართ 2020 წლის 19 აგვისტოს წერილიდან დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ სათაო ოფისში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირის საშტატო ერთეულის საჭიროება ობიექტურად აღარ არსებობს. სათაო ოფისში შესყიდვების კუთხით დატვირთვა იყო მცირე და ამასთან, აღნიშნული ტიპის საქმე არ მოითხოვს რაიმე სპეაციალურ ცოდნას. შესაბამისად, იმ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სათაო ოფისის მიერ შესყიდვის განხორციელება, აღნიშნული საქმე შესაძლებელია გადანაწილდეს სხვა დასაქმებულებზე. აღნიშნულ მოტივაციას ავითარებს დამსაქმებელი სააპელაციო და საკასაციო საჩივარში და დამატებით არგუმენტებად კომპანიის ერთ-ერთი პროექტის შეწყვეტასა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე მიუთითებს.
15. საკასაციო პალატა, შრომით დავებში, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციფიკურობის შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს „საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.“ (იხ. სუსგ. ას-1483-2019, 2019 წლის 19 დეკემბერი).
16. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებების შესახებ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და დამატებით მიუთითებს, რომ:
16.1. მოწმე გ.ბ–მა, რომელიც კომპანიის ფინანსური მენეჯერი, ხოლო 2020 წლის ივნისიდან ფილიალის დირექტორის მინდობილი პირია, განმარტა, რომ სამუშაოს მოცულობა შემცირდა, შესყიდვების მიმართულებით არ იყო ბევრი საქმე და ამიტომ მოსარჩელის პოზიციის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობდა. მოწმემ სამუშაოს მოცულობის შემცირების მიზეზის კონტექსტში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შეწყვეტაზე მიუთითა (იხ. 2021 წლის 29 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
16.2. მოწმე მ.თ–მა, რომელიც კომპანიის თბილისის ოფისში დასაქმებულია ბუღალტერიისა და ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურულ დანაყოფში, განმარტა, რომ კომპანიას ჰქონდა 3 პროექტი, რომელთაგან ერთი პროექტი შეწყდა და აღნიშნულის, ასევე პანდემიის გამო, კომპანიის შემოსავალი შემცირდა. აღნიშნული საკითხების განსახილველად ბათუმში ჩატარდა თათბირი. ხელმძღვანელობამ, ფინანსური პრობლემების გამო, მიიღო კადრების შემცირების გადაწყვეტილება. მოწმემ განმარტა, რომ მისი დაკვირვებით, მოსარჩელე ამ დროისთვის დატვირთული სამუშაო არ ჰქონდა. მოწმის ჩევენებით, 2020 წლის ივნისისთვის, კომპანიის ხელმძღვანელობისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი შეწყდებოდა (იხ.2021 წლის 24 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
16.3. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯერისა და დირექტორის მინდობილი პირის მ.ა–ის განმარტებით კომპანიას მოსარჩელის სამსახურში აყვანამდე უფრო ნაკლები პროექტი ჰქონდა, ვიდრე მისი სამსახურიდან გაშვების დროისთვის. შესაბამისად სამუშაო კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა (იხ. 2021 წლის 29 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი). მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მოპასუხე საწარმო 2020 წლის ივლისისთვის ახორციელებდა შემდეგ სამშენებლო პროექტებს: 1) ბათუმის შემოვლითი გზა; 2) გრიგოლეთი-ქობულეთის გზა; 3) ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გარდა, კომპანიას რაიმე დამატებით მტკიცებულება, ბრძანების საფუძვლად მითითებული გარემოებების სარწმუნოდ დასადასტურებლად არ წარუდგენია. ამასთან, დაკითხული პირების მიერ ზოგიერთ შემთხვევაში მითითებული გარემოებების ზოგადად მითითების გარდა, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები მიმდინარეობდა, რა სახით და კონკრეტულად რა სამუშაოები შემცირდა, ასევე რა მეთოდით თუ მონაცემებით გამოთვალა კომპანიამ სამუშაოთა შემცირება, რაც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა ყოფილიყო, ვერ მიუთითა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტებს, რომ დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტამდე რამდენიმე თვით ადრე ხელფასი გაეზარდა, ამასთან, გაუგრძელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, მისი შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თავად კომპანიის ქმედებები მოდის მისივე გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს დაუსაბუთებლად წარმოაჩენს, ისევე, როგორც წინააღმდეგობრივია კომპანიის მითითება, სამუშაოს შემცირების შესახებ ბაქო-თბილის-ყარსის ხელშეკრულების შეწყვეტაზე მითითებაზე, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება, საქმეში არსებული წერილის მიხედვით 2020 წლის 12 ოქტომბერს ეცნობა მხარეს, ხოლო, შემცირების საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელეს აღნიშნული წერილის მიღებამდე ორთვენახევრით ადრე ეცნობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლოა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტისა და სამუშაოების შემცირების თაობაზე კომპანიას ივლისის თვეშიც სცოდნოდა, თუმცა, ამის დასტურად რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
18. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
19. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში და იმავე თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გათვალისწინებით, ამასთან, კასატორის მიერ სათანადო არგუმენტებისა თუ მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელისათვის კომპანსაციის სახით 35 000 ლარის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილებას.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ფ.ი.ს.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს ,,ფ.ი.ს.თ–ს“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ე–ის (.....) გადახდილი (საგადახდო დავალება №13721433140, გადახდის თარიღი 30.06.2022), 1 750 ლარის 70% - 1 225 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე