Facebook Twitter

საქმე № ას-1602-2022 15 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ფ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ძ–ძე, თ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 30 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ.ხ–ძემ, ე.ფ–ძის მიმართ და მოპასუხისათვის 4700 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება მოსარჩელის - ლ.ხ–ძის გარდაცვალების გამო.

3. ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, განახლდა საქმის წარმოება და 2021 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით ლ.ხ–ძის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ თ.ჭ–ძე და ლ.ძ–ძე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.ძ–ძისა და თ.ჭ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ე.ფ–ძეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 4700 აშშ დოლარის გადახდა.

4. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ფ–ძის წარმომადგენელმა. აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება და მისი გადახდის გადავადება მოითხოვა.

5. სააპელაციო პალატის მიერ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და მისი გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 452,62 ლარის გადახდა. ასევე, განემარტა აპელანტს, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, აპელანტ ე.ფ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

7. აპელანტ ე.ფ–ძეს გაუგრძელდა, №2/ბ-227-22წ. სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან 10 დღით. აპელანტ ე.ფ–ძეს განემარტა, რომ, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება - სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის - ე.ფ–ძის წარმომადგენელს მ.გ–ძეს, მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ....... სასამართლო გზავნილი ჩაბარდა წარმომადგენელს, 2022 წლის 9 ივნისს, თუმცა მხარეს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სასამართლოსთვის არ მოუმართავს, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად, 2022 წლის 9 ივნისს. დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით (ვინაიდან 19 ივნისი არასამუშაო დღე იყო), აპელანტ მხარეს ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

8. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მიუთითა, რომ განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, რადგან ე.ფ–ძე არის პენსიონერი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით აღნიშნული კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ფ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანონ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (იხ. „mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz“, ციტირებული ზემოთ, §64), (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; საქმე #ას-998-942-2015, 17.11.2015 წ.).

13. ამასთან, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder v. The United Kingdom, № 4451/70. §32. 21 თებერვალი, 1975 წელი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი).

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მისი მოთხოვნის შესაბამისი სახის დასაბუთება და მხოლოდ მითითება ფაქტობრივ გარემოებებზე მათი დასაბუთების გარეშე, ვერ შექმნის განჩინების გაუქმების სამართლებრივ შესაძლებლობას. შუამდგომლობის დაყენების ეტაპზევე მისი წარმატებულობა დამოკიდებული იყო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების წარდგენაზე, რაც, განსახილველ შემთხვევაში, მხარის მიერ არ მომხდარა, ხოლო ე.ფ–ძის ჯანმრთელობის ცნობა, როგორც სააპელაციო პალატამაც აღნიშნა, გაცემულია 2015 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით და არ ასახავს განჩინების გამოსვლის დროისათვის არსებულ შესაძლო რეალობას, რაც ლოგიკურია, ვერ დაასაბუთებს იმ გარემოებებს, რომელიც შუამდგომლობით იქნა მოთხოვნილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის მიერ განვითარებულ მსჯელობებს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო პალატის როგორც 2022 წლის 29 აპრილის, ასევე 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

15. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, კი საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე