Facebook Twitter

საქმე №ას-650-2022 28 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ა–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს სახით 2700 ლარის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.10.2021 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს, 150 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. პირგასამტეხლოს სახით, მოპასუხისთვის 2550 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. 31.12.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო 01.01.2019 წლიდან 28.02.2019 წლის ჩათვლით მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №878 ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“) .

2.2. ხელშეკრულების მე-6 დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ვადა განისაზღვრა ზარალის ანაზღაურების შესახებ აქტის (იმავე დარეგულირების აქტის) შედგენიდან 45 კალენდარული დღით.

2.3. 21.02.2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „Toyota Hilux“ (სახელმწიფო ნომრით ......).

2.4. დადგენილია, რომ შემთხვევაზე დარეგულირების აქტი შედგა 20.03.2019 წელს, ხოლო ავტომანქანის შეკეთება დასრულდა 72-ე დღეს, 31.05.2019 წელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის (45 დღის) 27 კალენდარული დღის დაგვიანებით.

2.5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წერილობითი ფორმით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო მხარეთა შორის შეთანხმებული იყო სათანადო წესით და მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, არსებობს მოპასუხისთვის მისი დაკისრების წინაპირობა.

2.7. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციით ლეგიტიმური სარგებლობისათვის გასათვალისწინებელია მხარის ქონებრივი მდგომარეობა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

2.8. სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა ნაწილობრივ იყო დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილებულიყო 150 ლარის ფარგლებში.

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. ამავე სასამართლოს 26.07.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. დადგენილია და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

9.1. 31.12.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.01.2019 წლიდან 28.02.2019 წლის ჩათვლით პერიოდზე მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო.

9.2. ხელშეკრულების მე-6 დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ვადად განისაზღვა ზარალის ანაზღაურების შესახებ აქტის (იგივე დარეგულირების აქტის) შედგენიდან 45 კალენდარული დღე.

9.3. 21.02.2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „Toyota Hilux“ (სახელმწიფო ნომრით .......). დადგენილია, რომ შემთხვევაზე დარეგულირების აქტი შედგა 20.03.2019 წელს, ხოლო ავტომანქანის შეკეთება დასრულდა 72-ე დღეს - 31.05.2019 წელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის (45 დღის) 27 კალენდარული დღის დაგვიანებით.

9.4. ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო - 100 ლარი ყოველ დღეზე.

10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა.

11. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი - პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა და მისი ოდენობა შეამცირა მხოლოდ სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით. გადაწყვეტილებით მოპასუხეს ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 2700 ლარისა, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 150 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული პოზიცია გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც გასაჩივრებული განჩინებით და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. კასატორი ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, მისი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

12. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ №ას-1292-2019, 24.12.2020წ; №ას-386-2019, 02.04.2021წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს კვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.; სუსგ Nას-1098-2021, 26.07.2022 წ.).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).

15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით შესაგებელში კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. შესაგებელში მხოლოდ იმის მონიშვნა, რომ მოპასუხე არ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებებს, საკმარისი არ არის. სსსკ-ის 201.4 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სრულყოფილად აესახა და დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირგასამტეხლოს ოდენობას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მას არ განუხორციელებია. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). აღნიშნული საპროცესო დანაწესის დარღვევა განაპირობებს საქმეზე არაწორი გადაწყვეტილების გამოტანას.

16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 04.10.2021 წლის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს სახით 2550 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით 2550 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.

18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხეს წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 272.2 ლარის გადახდა (სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, ასევე სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2022 წლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.10.2021 წლის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს სახით 2550 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სს „ს.კ.ა–ას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს 2550 ლარის გადახდა.

4. სს „ს.კ.ა–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 272.2 ლარის ოდენობით.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია