10 ნოემბერი, 2022 წელი
№ას-1142-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ა.ა.ი.პ. „თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა.ა.ი.პ. „თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ე–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება (სარჩელში), უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „ე–ი“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ „მოწინააღმდეგე მხარე“, „შემსყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა.ა.ი.პ. თბილისის №171, №26, №23, №74, №11, №3, №92, №170, №85, №51 საბავშვო ბაგა-ბაღების (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები“, „აპელანტები“, „კასატორები“, „მიმწოდებელი“) მიმართ, გაწეული მომსახურების ღირებულების, პირგასამტეხლოსა და გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
2. მოპასუხე საბავშვო ბაგა-ბაღებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიმართ, 2016 წლის 29 ივლისს და 2017 წლის 17 აგვისტოს ელექტრონული პროცედურის საშუალებით გამოცხადებული მომსახურების შესყიდვის ფარგლებში მიწოდებული კარაქის და ყველის საფასურის, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის, უკან დაბრუნების მოთხოვნით, თოთოეულისათვის შემდეგი ოდენობით:
ა.ა.ი.პ. „თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 18149.70 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 18463.70 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 19122.40 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 5433.50 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის 37090.90 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 19543.60 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 19930.60 ლარი.
ა.ა.ი.პ. „თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 22563.20 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 19743.20 ლარი;
ა.ა.ი.პ. „თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სთვის - 20766.20 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
3.1. 2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომლითაც მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, უზრუნველეყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების დადებას საფუძვლად დაედო ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული პროცედურა, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.
3.2. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებების 8.1. მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის წარდგენილ იქნა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით.
3.3. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ თითოეულ მოპასუხეს გაუწია შესაბამისი ღირებულების მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს დეკემბრის თვის შედარების აქტის ხელმოწერასა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე. უარის მიზეზის გარკვევის მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხეებს და ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიმართა წერილობითი განცხადებით. სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, ვინაიდან შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად. შესაბამისად, არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა.
3.4. მოსარჩელეს ს.ს.ი.პ. „ს.ე.ს“-ს 2017 წლის 22 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
3.5. მოპასუხეებისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შ.პ.ს. „ა.წ“-ს და შ.პ.ს. „ნ“-ისგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3.6. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხეების სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეებს, რის საფუძველზეც მოპასუხეების მიერ განხორციელდა მათ სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის უსაფუძვლო გამოთხოვა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს შემდეგი: მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების დანართებით განისაზღვრა გამოსაყენებელი/მისაწოდებელი პროდუქტის მახასიათებლები, კერძოდ, მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი ყველი დამზადებული უნდა ყოფილიყო პასტერიზებული რძისგან, ხოლო კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 80%. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში ს.ს.ი.პ. „ს.ე.ს“-დან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის №09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგინდა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შ.პ.ს. „ე–ი“-ს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მისაწოდებელი სურსათის - ყველისა და კარაქის სავალდებულო მახასიათებლები არ იყო დაცული, კერძოდ, ყველი მზადდებოდა აღდგენილი რძისგან, ხოლო კარაქი, ეტიკეტის თანახმად, შეიცავდა 80% (+/_ 0.5%) რძის ცხიმს, რაც გამორიცხავდა აღნიშნული პროდუქტების „ყველად“ და „კარაქად“ მიჩნევის შესაძლებლობას. შესაბამისად, შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები სრულდებოდა უხარისხოდ. აღნიშნულის გამო, არ წარმოშობილა შ.პ.ს. „ე–ი“-სთვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წინაპირობა, რის გამოც საბავშვო ბაგა-ბაღებს დეკემბრის თვის ნაწილში არ ევალებოდათ მიღებული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება, შესაბამისად, მისი გადაუხდელობის გამო მოპასუხეებს არც პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდათ. მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა უარყვეს მოთხოვნილი საბანკო გარანტის დაკისრების ნაწილშიც და განმარტეს, რომ საბანკო გარანტიით დაზღვეული იქნა არამარტო ვალდებულების შეუსრულებლობის, არამედ არაჯეროვანი შესრულების რისკიც, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამორიცხავს საბანკო გარანტიის დაბრუნების ვალდებულებას.
მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
5.1. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის 29 ივლისს და 2017 წლის 17 აგვისტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით გამოცხადდა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა. გამარჯვებულად გამოვლინდა შ.პ.ს. „ე–ი“, რომელთანაც საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ დაიდო ხელშეკრულებები 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე.
5.2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შ.პ.ს. „ე–ი“-ს გააჩნდა ვალდებულება, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი, თუმცა მიწოდებული პროდუქტის მწარმოებლის - შ.პ.ს. „ნ“-ის წერილი ადასტურებს, რომ შ.პ.ს. „ე–ი“, მიწოდების ურთიერთობის მთელ პერიოდში მარაგდებოდა აღდგენილ რძეზე დამზადებული იმერული ყველით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შ.პ.ს. „ე–ი“-ს სახელშეკრულებო ურთიერთობის სრულ პერიოდში საბავშვო ბაღებში შეჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამო ყველისმაგვარი პროდუქტი, რომელიც, ამავდროულად, ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
5.3. ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში, შ.პ.ს. „ე–ს“ გააჩნდა ვალდებულება, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა რძის ნაღებისაგან დამზადებული, მცენარეული ცხიმის მინარევების გარეშე, ქარხნული წესით დამზადებული კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა იქნებოდა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%.
5.4. ს.ს.ი.პ. ს.ე.ს–დან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 წერილის თანახმად, წარმოდგენილი სურსათი „კარაქი“-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი კარაქიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებს.
5.5. შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად, მას სრულად აუნაზღაურდა მიწოდებული კარაქის და ყველის საფასური, რაც წარმოადგენს ვალდებულების გარეშე გადახდილს თანხას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად ექვემდებარება დაბრუნებას.
შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
6.1. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელეებისთვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნით, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ს.ე.სს 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილს, რომლის თანახმად, თითქოს შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ მიწოდებული კარაქის პარამეტრები არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტის მიმართ დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. თავის მხრივ, ს.ს.ი.პ „ს.ე.ს“-ს დასკვნა ეფუძნება 2017 წლის დეკემბრის თვეში მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის ეტიკეტს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დგინდება როგორც 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე 2017 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეებში მიწოდებული კარაქის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი.
6.2. არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად, სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ „კარაქი“-სთვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს.
6.3. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მხრიდან წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შ.პ.ს. „ე–ი“-ს სარჩელი მოპასუხეთა მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, კერძოდ:
7.1 ა.ა.ი.პ. „თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 11961.05 ლარის, პირგასამტეხლოს - 7021 ლარის და საბანკო გარანტიის - 2496 ლარის გადახდა;
7.2. ა.ა.ი.პ. „თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12055.95 ლარის, პირგასამტეხლოს - 7080 ლარის და საბანკო გარანტიის - 2005 ლარის გადახდა;
7.3. ა.ა.ი.პ. „თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12307.80 ლარის, პირგასამტეხლოს - 7257 ლარის და საბანკო გარანტიის - 2274 ლარის გადახდა;
7.4. ა.ა.ი.პ. „თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12351.60 ლარის, პირგასამტეხლოს - 7257 ლარის და საბანკო გარანტიის - 2535 ლარის გადახდა;
7.5. ა.ა.ი.პ. „თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12534.10 ლარის, პირგასამტეხლოს - 7375 ლარის და საბანკო გარანტიის - 2251 ლარის გადახდა;
7.6. ა.ა.ი.პ. „თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12559.65 ლარის, პირგასამტეხლოს - 7375 ლარის და საბანკო გარანტიის - 2527 ლარის გადახდა;
7.7. ა.ა.ი.პ. „თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12734.85 ლარის, პირგასამტეხლოს - 7493 ლარის და საბანკო გარანტიის - 2358 ლარის გადახდა;
7.8. ა.ა.ი.პ. „თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12749.45 ლარის, პირგასამტეხლოს - 7493 ლარის და საბანკო გარანტიის - 2496 ლარის გადახდა;
7.9. ა.ა.ი.პ. „თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 12917.35 ლარის, პირგასამტეხლოს - 7611 ლარის და საბანკო გარანტიის - 2312 ლარის გადახდა;
7.10. ა.ა.ი.პ. „თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 13129.05 ლარის, პირგასამტეხლოს - 7729 ლარის და საბანკო გარანტიის - 2374 ლარის გადახდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საბავშვო ბაგა-ბაღებმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შ.პ.ს. „ე–ს“ უარი ეთქვა საბანკო გარანტიების თანხების დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 325 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 81851.25 ლარი.
10.2. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 261 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 65732.85 ლარი.
10.3. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 296 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 74547.6 ლარი.
10.4. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 330 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 83110.50 ლარი.
10.5. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 293 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 73792.05 ლარი.
10.6. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 329 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 82585.65 ლარი.
10.7. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 77317.95 ლარი.
10.8. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 325 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 81851.25 ლარი.
10.9. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 301 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 75806.85 ლარი.
10.10. 2017 წლის 17 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა.ა.ი.პ. „ქ. თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-სა და შ.პ.ს. „ე–ი“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 309 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების შესახებ, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულებად განისაზღვრა 77821.65 ლარი.
10.11.1. ამ განჩინების 10.1.-10.10. პუნქტებში აღწერილი ხელშეკრულებების 4.1.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ამავე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
10.11.2. ხელშეკრულებების 6.1.-6.3. პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებდა კონკრეტული საბავშვო ბაგა-ბაღი და ა.ა.ი.პ. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს შესაბამისი სამსახურები.
10.11.3. ხელშეკრულებების 8.1. პუნქტის თანახმად კი, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებულ იქნა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით.
10.11.4. ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
10.11.5. ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
10.12. შ.პ.ს. „ე–ი“-სა და მოპასუხე საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152) განსაზღვრულ მოთხოვნებს.
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
10.13. შ.პ.ს. „ე–ს“ და მოპასუხე საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152).
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
10.14. შ.პ.ს. „ე–ს“ მოპასუხე საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 14 სექტემბერს ს.ს. „ბ“-ს მიერ გაიცა საბანკო გარანტიები:
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2496 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2005 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2274 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2535 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2251 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2527 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2358 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2496 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2312 ლარის ოდენობით;
- ბენეფიციარ ა.ა.ი.პ. ”თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს სასარგებლოდ - 2374 ლარის ოდენობით.
10.15. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელემ 2017 წლის დეკემბრის თვეში გასწია მომსახურება:
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 11961.05 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12055.95 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12307.80 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12351.60 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12534.10 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12559.65 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12734.85 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12749.45 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12917.35 ლარის ღირებულებით;
- ა.ა.ი.პ. ”თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს მიმართ _ 12129.05 ლარის ღირებულებით.
10.16. წინამდებარე განჩინების 10.15. პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებათა ღირებულებაზე მოპასუხე საბავშვო ბაგა-ბაღებს წარედგინათ შედარების აქტები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებმა უარი განაცხადეს შ.პ.ს. „ე–ი“-სთან ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტების შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
10.17. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ. ს.ე.სს, რომლის 2017 წლის 15 დეკემბრის №09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათის _ „იმერული“-სა და „კარაქი“-ს ეტიკეტები არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველისა და კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
10.18. 2016 წლის 22 აგვისტოს შ.პ.ს. „ე–ს“ და მოპასუხე საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით დროის შუალედი. ათივე ხელშეკრულების საგანი იყო შესაბამის ბაღებში სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება დადებულ ხელშეკრულებათა პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში, შ.პ.ს. „ე–ი“ დასახელებულ ბაგა-ბაღებს აწვდიდა საკვებ პროდუქტებს, მათ შორის ყველს და კარაქს, რომელთა ღირებულებაც შემსყიდველების მიერ ანაზღაურებულ იქნა სრულად.
11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
11.1. 2017 წლის 01 ივლისამდე შ.პ.ს. „ე–ი“ არ იყო ვალდებული, საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის მიეწოდებინა ნურ რძეზე დამზადებული პროდუქცია. შესაბამისად, 2017 წლის 01 ივლისამდე, შ.პ.ს. „ე–ი“ ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ე.ი 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულება მას არ დაურღვევია. აღნიშნულ დასკვნამდე სააპელაციო პალატა მივიდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, მართალია, 2016 წლის 22 აგვისტოსა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებების დანართით ყველის და კარაქის მახასიათებლები განსაზღვრული იყო ერთნაირად, მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მტკიცება მასზედ, რომ სანამ აღნიშნული ნორმატიული ცვლილება ამოქმედდებოდა, მხარეებს მანამდეც ნური რძისგან დამზადებული პროდუქტების მიწოდების მოთხოვნა ჰქონდათ გათვალისწინებული ხელშეკრულებაში. ამ კუთხით, პალატამ მიუთითა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები ზუსტ შესაბამისობაშია 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ საქართველოს მთავრობის №152 დადგენილების მოთხოვნებთან.
11.2. მოდავე მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიერ მოპასუხე საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით კი, კომპანიას ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.
11.3. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 მუხლის „დ“, „პ“, „თ“ და „უ“ პუნქტებზე დაყრდნობით, პალატამ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებულ რძის პროდუქტებად მიიჩნია, შესაბამისად, მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტი „იმერული“-ს მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენდა.
11.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი წესები, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგნის დამზადება/შესყიდვა ხდებოდა მიმწოდებლის მიერ, ხოლო შემდგომი მიღება/შესყიდვა შემსყიდველის მიერ.
11.5. სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომლებიც ნივთობრივი ნაკლის ლეგალურ დეფნიციას გვთავაზობს და მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო პროდუქტი „ყველი“ ფაქტობრივად მიწოდებულია, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნედლეულითაა დამზადებული, ადგილი აქვს ნაკლიან შესრულებას.
11.6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 490.1-ე, 491-ე-492-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ უდავოდ დგინდებოდა ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც, შემსყიდველს მართებდა, ნაკლის გამოვლენისას მიმწოდებლის წინაშე გამოეყენებინა ნაკლის გამოსწორების/ნივთის შეცვლის, ხელშეკრულების მოშლის ან ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
11.7. აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ ერთიანი ვალდებულების ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნებოდა განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქოსამართლებრივ წესრიგს.
11.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა დადებული. ამგვარი ხელშეკრულების შესრულებაზე წარმოშობილი მხარის პრეტენზიები უნდა შეფასებულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ე.წ „სუბსიდიური წესით“ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად საკითხის მოწესრიგება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს არა ვალდებულების შეუსრულებლობას, არამედ ვალდებულების ნაკლიან შესრულებას, აპელირება სსკ-ის 385-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების გარეშე გადახდილის დაბრუნების საკითხი უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით წყდება, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
11.9. შემსყიდველის სააპელაციო პრეტენზიაზე პროდუქტ „კარაქთან“ დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, მხოლოდ ეტიკეტირების წესებზე მითითებით, პროდუქტის ნაკლიანად მიჩნევა უსაფუძვლოა. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე რძის ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5), ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია (რძის ცხიმის შემცველობა 80% (+/- 0,5)), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს, რომ რძის ცხიმის შემცველობა მასში 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც რძის ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დადგენის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი კვლევა, მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა. ამ პირობებში კი პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის - შ.პ.ს. „ა.წ“-ს მიმართვა მიჩნეულ იქნა სარწმუნო მტკიცებულებად, მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათის („კარაქი“) დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დადგენილა, შესაბამისად, კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
11.10. პალატამ ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლები.
11.11. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულია პროდუქტი „იმერული“, ნაცვლად „ყველისა“, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებს. აღნიშნულის მიუხედავად, ბაგა-ბაღებმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებით გამოიყენეს ისე, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა), არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა, ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება არ მოუთხოვია. ამრიგად, წარმოიშვა მიღებული და გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, რომლის სახელშეკრულებო ვადებში აუნაზღაურებლობამ გამოიწვია პირგასამტეხლოს დარიცხვა. მისი მოცულობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ფარგლებში, სააპელაციო პალატამ გონივრულად და ვადაგადაცილების შესაბამისად მიიჩნია, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას დაედო საფუძვლად.
11.12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მითითება საბანკო გარანტიის დაკისრების უსაფუძვლობის შესახებ და მიუთითა, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო შესრულების გარანტია. მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ფარგლებში არსებული შემსყიდველის მოთხოვნაც უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით. სასამართლომ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ბენეფიციართა მიერ საბანკო გარანტიების გამოთხოვა მოხდა მართლზომიერად, რაც გამორიცხავდა მიღებული თანხების პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულებას. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარდგენილი არ არის, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში.
11.13. შეგებებულ სარჩელთან მიმართებით, ვინაიდან მის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულება, რომლის ფარგლებშიც, შეგებებული მოსარჩელე ყველისა და კარაქის ანაზღაურებულ ღირებულებას მიიჩნევდა ვალდებულების გარეშე აქვს გადახდილ თანხად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მყიდველის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული კონდიქციური ვალდებულების წინაპირობების არსებობა, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლისა, ვინაიდან მყიდველმა მიიღო საქონელი და განკარგა იგი, ხოლო წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ნაკლის არსებობის თაობაზე მის შედავებას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგებებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ამავდროულად, სანაცვლო ფულადი მოთხოვნის არარსებობის გამო, გაზიარებული არ იქნა მოპასუხე ბაგა-ბაღების შესაგებელი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა.ა.ი.პ. თბილისის №171, №26, №23, №74, №11, №3, №92, №170, №85, №51 საბავშვო ბაგა-ბაღებმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:
12.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. თუმცა, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, აღნიშნულ გარემოებას ყველთან მიმართებაში უნდა მიეცეს არა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის კვალიფიკაცია.
12.2. შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში შ.პ.ს. „ე–ი“-ს მხრიდან ადგილი აქვს კასატორებისთვის ზიანის მიყენებას.
12.3. სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული პროდუქტით მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის იმ მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“, თუმცა აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სსკ 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება. საბავშვო ბაგა-ბაღების მიმართ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული მახასიათებლების პროდუქტით განეხორციელებინა მომსახურება ანუ, თავად უზრუნველეყო პროდუქტის მოძიება-შესყიდვა და შემდგომი დამუშავება. მოსარჩელეს დაეკისრა პროდუქტის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება და გაწეული მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღებთან 2016 და 2017 წელს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, არ იყენებდა შეთანხმებული პარამეტრების პროდუქტს, თუმცა მხარეს წარუდგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც დაანგარიშებული იყო შეთანხმებული მახასიათებლების ყველის ღირებულება და განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იღებდა ანაზღაურებას გამოუყენებელი პროდუქტისათვის.
12.4. მოსარჩელე მეწარმე სუბიექტია, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან (ყველის ნაცვლად გამოყენებული მასის მწარმოებლისგან) მიღებული პროდუქტის მახასიათებლები, ამის საპირისპიროდ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მათზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორების პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე, რაც დასტურდება საქმეში თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შ.პ.ს. „ნ“-ის წერილით, რომელშიც დადასტურებულია, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნულთან მიმართებაში კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასასმართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ნაკლიანი შესრულების შემსყიდველის მიერ მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეთანხმებად, ან ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (სუსგ. №ას-629-588-2017). კასატორთა მოსაზრებით, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რადგან რომ საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებს უფლებამოსილება არ ჰქონიათ, პროდუქტის არსებითი პარამეტრების შეცვლას დასთანხმებოდნენ, მით უფრო, ნაკლიანი პროდუქციის მიღების გზით. შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პირობებშიც კი, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის, ხოლო შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. აღნიშნულ დასკვნამდე კასატორები მიდიან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების იმ განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების გათვალისწინებით, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
12.5. შემსყიდველის მიერ სახელშეკრულებო შეთავაზების წარდგენის ეტაპზე ზედმიწევნით, ყველა შესაძლო პარამეტრით გაიწერა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის მახასიათებლები, რომლებიც გასათვალისწინებლად სავალდებულო იყო მიმწოდებლისათვის, ვინაიდან მცირეწლოვანთა კვებითი უზრუნველყოფა ემსახურებოდა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების უფლებას, რომლის კომპონენტიც არის სრულფასოვანი კვების რაციონი. საბავშვო ბაგა-ბაღს კი ამ ინტერესის გათვალისწინებით უფლება არ ჰქონდა შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორები ციტირებენ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლს და განმარტავენ, რომ მოცემულ დავაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს ვალდებულება ჰქონდა, ემოქმედა ბავშვთა უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე და არა სამოქალაქო სამართლებრივი თვალთახედვიდან. შესაბამისად, ის პროდუქტი, რომელიც მოსარჩელემ კასატორებისთვის მომსახურების გაწევისას გამოიყენა, წარმოადგენდა თვითნებობას და ვერ დაექვემდებარება ანაზღაურებას. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე.
12.6. მოსარჩელესა და ბაგა-ბაღებს შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება/შესყიდვა. არამედ, მოსარჩელე, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ახორციელებდა საკვების მომზადებას და კასატორებს მიეწოდებოდათ მზა კერძის სახით. ანუ, უშუალოდ პროდუქტთან კასატორებს შეხება არ ჰქონიათ. ეს გარემოება კი უმნიშვნელოვანესია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში. შესაბამისად, აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია ყველი, რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად, უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა, რა პროდუქტზე წარმოეშვა კასატორს ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა ღირებულების იყო ის პროდუქტი, რისი ანაზღაურებაც რძეზე დამზადებული ყველის ანაზღაურების ოდენობით დააკისრა სასამართლომ, გაუგებარია.
12.7. სასამართლოს განმარტებით, ბაგა-ბაღებმა ნაკლის ნაწილში არ მიმართეს ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. რეალურად, იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორებმა განახორციელეს სწორედ ნაკლის ნაწილში, არის ფასის შემცირება. საუბარია სადავო პროდუქტების _ ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ანუ, იმ პირობით, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება შეუსრულებლობა, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორების მხრიდან ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომლიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებისათვის.
12.8. კასატორს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიაჩნია ის გარემოება, რომ ყველისმაგვარი პროდუქტის ანაზღაურების ვალდებულება შემსყიდველს დაეკისრა იმ ფასით, რომლითაც მიწოდებული უნდა ყოფილიყო ნურ რძეზე დამზადებული ყველი. აღნიშნულის სანაცვლოდ, მიმწოდებლის მტკიცების ტვირთად უნდა განხილულიყო ის გარემოება, თუ რა ღირებულება გააჩნდა რეალურად მიწოდებულ პროდუქტს, რადგან მისი ანაზღაურების ბრმად გატოლება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ყველის ღირებულებასთან არაგონივრულია. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ან რაოდენობის თაობაზე საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობითაც, მოთხოვნა ფორმულირებულია დეკემბრის თვის განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს რძეზე დამზადებული ყველის ღირებულებას, რაც რეალურად გამოყენებული არ ყოფილა. გაუგებარია, იმ მოცემულობით, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსხვავება რძეზე და აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს შორის, რატომ არ იმსჯელა მათი ღირებულების იდენტურობასა თუ განსხვავებულობაზე და ამ ჭრილში როგორ დაკმაყოფილდა რძეზე დამზადებული ყველის ღირებულების ჩათვლით დეკემბრის თვის ანაზღაურება, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა არც დეკემბერში და არც 2016-2017 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისას.
12.9. კასატორთათვის გაურკვეველია, რა შედეგის მომტანი უნდა ყოფილიყო შემსყიდველისათვის ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენება, რომლის გამოუყენებლობაზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო. იმ პირობებში, როდესაც სსკ 636-ე მუხლი ხელშეკრულების მოშლისას ითვალისწინებს მეორე მხარის მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა ყველის გამოყენებით მომსახურება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ წარმოშობილა ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო რა შესრულდა და რა ღირებულების, ამაზე მოცემული დავის ფარგლებში მსჯელობა არ ყოფილა, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც შედეგი იქნებოდა იდენტური.
12.10. სასამართლომ პროდუქტ კარაქთან მიმართებაში მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია, რასაც არ ეთანხმებიან კასატორები. კარაქის შემთხვევაშიც, მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის შემადგენლობაში, როგორიც კარაქია, რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა ფაქტობრივად გამოყენებული იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით, ვინაიდან აღნიშნული უსაფუძვლოდ გაამდიდრებს მიმწოდებელს, ხოლო რა ღირებულება გააჩნდა კარაქის ნაცვლად რეალურად გამოყენებულ პროდუქტს, აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში განხილვის საგნად არ ქცეულა.
12.11. პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება, განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს პირგასამტეხლოს დარიცხვაზეც, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოც განმარტავს, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მხრიდან არ ხდება ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ხდება საკუთარი უფლების რეალიზება მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ჭრილში, რაც გამორიცხავს მათ განზრახვას, არ შეასრულონ ან ვადის დარღვევით შეასრულონ დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში ანგარიშსწორება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მომსახურების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ნამდვილია და ბაგა-ბაღებს არ გააჩნიათ ანაზღაურებული ყველისა და კარაქის ღირებულების უკან დაბრუნების მოთხოვნა, გაუმართლებელია, ურთიერთმოთხოვნის გაქვითვის უფლებით სარგებლობა სანქცირდეს პირგასამტეხლოს მეშვეობით.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ძლიერიშვილი ზ., „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ.288).
17.2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვებითი მომსახურების გასაწევად მიმწოდებელი საკუთარი ძალებით, შემსყიდველის მონაწილეობის გარეშე, იძიებდა და იძენდა მენიუში შემავალი კერძების (ე.ი. გვაროვნული ნივთის) დამზადებისათვის საჭირო პროდუქტებს, აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობა უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ 629-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვითარებად (თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), ამრიგად, ნასყიდობის სამართალურთიერთობის მომწესიგებელ ნორმებს, სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, გააჩნიათ უპირატესობა ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ წესებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პრეტენზიათა იმ ნაწილზე, რომელიც გამომდინარეობს სსკ 636-ე და 646-ე მუხლებიდან (ე.ი. ნარდობის მომწესრიგებელი ნორმებიდან), საკასაციო პალატა დამატებით არ იმსჯელებს.
17.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
17.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
18.1. საკასაციო პრეტენზიის ძირითადი ნაწილი მიემართება იმ გარემოებას, რომ შეთანხმებული პროდუქტი - „ყველი“ (ნური რძისგან დამზადებული), შემსყიდველს კვებითი უზრუნველყოფის არცერთ ეტაპზე არ მიუღია, ხოლო ყველის ნაცვლად თვითნებურად გამოყენებული პროდუქტის - „იმერული“-ს (აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი) ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, სახელშეკრულებო შეთანხმების არარსებობის პირობებში, ბაგა-ბაღებს არ წარმოშობიათ, შესაბამისად, მომსახურების იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც ანგარიშსწორებას ჯერ არ დაქვემდებარებია, შემსყიდველს არ გააჩნია ყველის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო უკვე ანგარიშსწორებულ ნაწილში, ყველისათვის გადახდილი თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
18.2. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ რძისა და რძის პროდუქტების სახელწოდებები სამართლით რეგულირებული ტერმინებია, კერძოდ, მათ ლეგალურ დეფინიციას ითვალისწინებს „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილება. აღნიშნულ დადგენილებას, დღიდან მიღებისა, განცდილი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის, წინამდებარე საქმისთვის სადავო პროდუქტ „ყველთან“ მიმართებით.
18.3. 2017 წლის 01 ივლისამდე, ხსენებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჰ37“ პუნქტი პროდუქტ „ყველად“ მიიჩნევდა მომწიფებულ ან მოუმწიფებელ, ნახევრადმაგარ, მაგარ ან/და ძალიან მაგარ რძის ნაწარმს, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში. ამრიგად, ნორმატიული აქტი არ აკონკრეტებდა მისი დამზადებისთვის აუცილებელ ნედლეულს, თუმცა განსაზღვრავდა, რომ ყველი რძის ნაწარმი იყო. თავად რძის ნაწარმი კი შეიძლება ყოფილიყო რძისგან ან/და რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ისგან წარმოებული სურსათი, რომელსაც შესაძლოა დამატებული ჰქონდეს გადამუშავებისათვის ფუნქციურად აუცილებელი საკვებდანამატ(ებ)ი და ინგრედიენტები იმ პირობით, რომ რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ჩანაცვლების მიზნით (ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
18.4. ამრიგად, ნორმატიული ცვლილებების განხორციელებამდე ყველად განიხილებოდა როგორც ნური რძის, ისე რძის შემადგენელი კომპონენტებით, მათ შორის, მშრალი რძით დამზადებული პროდუქტი (ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რძის შედგენილი ნაწარმი/რძის კომპოზიციური ნაწარმი - რძის ნაწარმი, რომელშიც უპირატესი შემცველობა აქვს რძეს, რძის ნაწარმს ან რძის ცალკეულ შემადგენელ კომპონენტს იმ პირობით, რომ რძისათვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ნაწილობრივ, ან სრულად ჩანაცვლების მიზნით).
18.5. 2017 წლის 01 ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებებით, პროდუქტ „ყველად“ მიჩნეულ იქნა მხოლოდ რძისგან დამზადებული პროდუქტი. ტერმინი „რძე“ კი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტს, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის (ამავე ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტი).
18.6. ამრიგად, მხარეთა შორის 2016 წლის 22 აგვისტოს და 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების დანართი №1-ში შესყიდვის ობიექტის _ ყველის მიმართ წაყენებული მოთხოვნა, რომ იგი დამზადებული უნდა ყოფილიყო პასტერიზებული რძისგან, განსხვავებული შინაარსის მატარებელია 2017 წლის 01 ივლისამდე და აღნიშნული თარიღის შემდგომ.
18.7. რძის პროდუქტებთან მიმართებით ტერმინ „პასტერიზაციას“ გააჩნია ლეგალური დეფინიცია „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში. აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის „ჰ73“ ქვეპუნქტის თანახმად, პასტერიზება თბური დამუშავების მეთოდია, ხოლო ამავე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე პასტერიზებული ნიშნავს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელ რძეს. სასმელი რძე, ამავე ნორმატიული აქტის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე, თავად ტერმინი „რძე“ კი, როგორც უკვე აღინიშნა, გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტს, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის.
18.8. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად კი „რძის ნაწარმი აღდგენილი“ არის ის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა.
18.9. თუკი 2017 წლის 01 ივლისამდე პასტერიზებული რძის ნაცვლად აღდგენილი რძის გამოყენების მიუხედავად, მაინც მიიღწეოდა პროდუქტ „ყველი“-ს დამზადება, 2017 წლის 01 ივლისიდან ამავე ინგრედიენტით დამზადებული ნაწარმი აღარ განიხილება „ყველად“.
18.10. ამრიგად, 2017 წლის 01 ივლისამდე მშრალი რძის წყალში განზავების გზით მიღებული ყველი, თუკი მყიდველი არ დაამტკიცებს მასსა და პასტერიზებული რძისგან დამზადებულ ყველს შორის მიკრობიოლოგიურ შეუსაბამობას, უნდა დაკვალიფიცირდეს არაარსებითი ხასიათის ნაკლად, რომელსაც არ შესწევს უნარი, მთლიანი შესრულება აქციოს არაჯეროვნად. განსხვავებით აღნიშნულისაგან, 2017 წლის 01 ივლისიდან აღდგენილი რძით დამზადებული პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს პროდუქტ „ყველის“ ნორმატიულ შინაარსს, ამდენად, მისი მიწოდება განიხილება სწორედ იმგვარ ნივთობრივ ნაკლად, რომელიც შესრულებას თავისთავად აქცევს არაჯეროვნად.
18.11. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველებს მიაწოდა, ხოლო შემსყიდველებმა „ყველის“ დანიშნულებით მოიხმარეს პროდუქტი, რომლის ორგანოლეპტიკური (ადამიანის გრძნობის ორგანოებით აღქმადი) მახასიათებლები (შესახედაობა, ფერი, გემო, სუნი და სხვა) შეესაბამებოდა „ყველის“ მახასიათებლებს, თუმცა მისი დამზადებისათვის გამოყენებული ინგრედიენტი იყო არა რძე, არამედ რძის ნაწარმი _ წყალში განზავებული მშრალი რძე. ამგვარ შესრულებას კი პროდუქტ „ყველის“ ნაწილში საკასაციო პალატა აკვალიფიცირებს ნივთობრივ ნაკლად, რამეთუ მიწოდებულია სახელშეკრულებო შეთანხმებასთან შეუსაბამო ნივთი.
18.12. სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ნაკლის გამოვლენის სპეციალურ წესს მეწარმე მყიდველისათვის _ მას ნივთის შემოწმების ვალდებულება დაუყოვნებლივ წარმოეშვება. მოცემულ შემთხვევაში, მყიდველები მეწარმე სუბიექტებს არ წარმოადგენდნენ, ამრიგად, მათზე ხსენებული დანაწესი ვერ გავრცელდება, თუმცა საკასაციო პალატისათვის საგულისხმოა მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლი, რომელიც ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით, კონკრეტულ ბაგა-ბაღს აღჭურავდა მომსახურების ხარისხის კონტროლის ხედამხედველობის უფლებამოსილებით, ხოლო უხარისხოდ გაწეული მომსახურების იდენტიფიცირებისას, წარმოშობდა მიმწოდებლის ვალდებულებას წუნის დაუყოვნებლივ გამოსწოებაზე.
18.13. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები საბავშვო ბაგა-ბაღები არიან, მცირეწლოვანთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, უპირველესად, სწორედ მათ ვალდებულებას წარმოადგენდა, გამოეყენებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმი, რა შემთხვევაშიც, მარტოოდენ პროდუქტის ეტიკეტის მეშვეობითაც კი იდენტიფიცირებადი იქნებოდა, რომ ყველის დანიშნულებით მიწოდებული პროდუქტი, რომელსაც, სახელშეკრულებო ურთიერთობის მთელ პერიოდში მიმწოდებელი იღებდა ერთი და იგივე მწარმოებლისგან, უცვლელი შემადგენლობით და ეტიკეტით, ნაკლიან პროდუქტს წარმოადგენდა.
18.14. ნაკლის გამოვლენის ეტაპზეც კი შემსყიდველებს კანონით დაშვებული არცერთი მეორადი უფლებით - ნასყიდობის საგნის უნაკლოთი შეცვლის ან ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებით არ უსარგებლიათ და არც ხელშეკრულებიდან გასულან, არამედ, უარი განაცხადეს უკანასკნელი თვის მომსახურების ანაზღაურებაზე, რომელიც, გარდა სადავო „ყველი“-სა და „კარაქი“-ს, მოიცავდა იმ პროდუქტების საფასურსაც, რომლის მიმართაც ნაკლიანი შესრულების პრეტენზია არ არსებობდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ დეკემბრის თვის წილ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა უტოლდებოდა ფასის შემცირების მოთხოვნას, ამგვარი ნება წინასასარჩელო პერიოდში მიმწოდებლის წინაშე არ გამოვლენილა არ აქტიური მოქმედებით, არც უმოქმედობით და არც კონკლუდენტურად.
18.15. რაც შეეხება ფასის შემცირების მეორადი უფლების გამოყენებას სასარჩელო წარმოების ეტაპზე - შესაგებლით, პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი შესაძლებლობა მოპასუხეს სასარჩელო წარმოების ეტაპზეც გააჩნია, თუმცა იმ დათქმით, რომ წარდგენილი შესაგებელი უნდა პასუხობდეს სსსკ 201-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესს და წარმოადგენდეს კვალიფიციურ შედავებას სასარჩელო მოთხოვნაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არც შესაგებელში განუცხადებია ფასის შემცირების უფლებით სარგებლობაზე და არც იმგვარი ფაქტები მიუთითებია, რაც დეკემბრის თვეში რეალურად მიწოდებული „ყველისმაგვარი პროდუქტის“ ღირებულებასა და „ყველის“ ღირებულებას შორის სხვაობის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოშობდა (იხ. სუსგ. №ას-959-2019, 16.10.2019), ამდენად, ანგარიშსწორების დაყოვნება ვერც აღნიშნულ ეტაპზე განიმარტება ფასის შემცირების მოთხოვნის შინაარსით.
18.16. ამდენად, პრეტენზიის გარეშე მიღებულ და დანიშნულებისამებრ მოხმარებულ ნაკლიან პროდუქტზე, რომლის მიმართაც შემსყიდველებს მეორადი მოთხოვნის უფლებები არ გამოუყენებიათ, ვრცელდება ხელშეკრულებით დათქმული ღირებულებით ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო აღნიშნული ფაქტობრვი წანამძღვრების არსებობისას, საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ან/და უკვე გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების უფლებამოსილებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არც სახელშეკრულებო და არც კონდიქციური საფუძვლებით, შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.
18.17. რაც შეეხება „ყველის“ ნაცვლად „ყველისმაგვარი პროდუქტის“ მიწოდებით შემსყიდველებისთვის მიყენებული ზიანის საკასაციო არგუმენტს, კასატორების მიერ ვერ იქნა დადასტურებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველის ნაწილით განსაზღვრული ზიანის მიყენების ფაქტი, ამდენად არც ამ ნაწილში უნდა იქნეს გაზიარებული კასატორების პოზიცია (იხ. სუსგ. №ას-257-2022, 21.06.2022წ).
18.18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პრეტენზიას მასზედ, რომ იმ პროდუქტის მიღების უფლებამოსილება, რომელიც არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ პარამეტრებს, ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებს არ ჰქონიათ. საგულისხმოა, რომ სადავო ხელშეკრულებები, საბავშვო ბაგა-ბაღებს, როგორც შემსყიდველებს, დადებული აქვთ ინდივიდუალურად, აღნიშნულ სამართალურთიერთობაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები წარმოდგენილნი იყვნენ საკუთარი დირექტორებით, სსკ 35-ე მუხლის შესაბამისად. პალატა იზიარებს კასატორთა სამართლებრივ აზრს მასზედ, რომ ნაკლიანი პროდუქტის მიღება და მოხმარება, არ ნიშნავს ხელშეკრულების თავდაპიველი საგნის უარესი ხარისხის საგნით ჩანაცვლებაზე დათანხმებას, თუმცა ნასყიდობის საგნის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების გაცხადებისა და კანონით დაშვებული პირველადი თუ მეორადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა სწორედ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება, რომელთა გამოუყენებლობა, ცხადია, უარყოფით სამოქალაქოსამართლებრივ შედეგს იწვევს უშუალოდ იურიდიული პირის მიმართ.
19.1. რაც შეეხება მიწოდებული კარაქის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნებს მისი სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5%).
19.2. მართალია, ს.ს.ი.პ. ს.ე.სს წერილის თანახმად, ამგვარი ფორმით პროდუქტ კარაქის ეტიკეტირება არღვევს საკანონმდებლო მოთხოვნებს, თუმცა ეტიკეტზე გაცხადებული ცდომილების დაშვების ალბათობა სახელშეკრულებო ურთიერთობაში თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ამავე პროდუქტში 80%-ზე ნაკლები ოდენობით რძის ცხიმის წილის არსებობის ვარაუდი გადასწონის მასში 80% ან მეტი ოდენობით რძის ცხიმის შემცველობის ალბათობის ვარაუდს. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია შ.პ.ს. „ა.წ“-ს (მწარმოებლის) წერილი, რომლითაც დგინდება, რომ შ.პ.ს. „ე–ი“-სთვის 2017 წლის დეკემბრის თვეში დაფასოებული 8500 კგ კარაქიდან 2400 კგ შეიცავდა 82.5% რძის ცხიმს, ხოლო 6100 კგ- 80% რძის ცხიმს, ხოლო 80% ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა, ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში რძის ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80%-ს (იხ. ტ.2, ს.ფ. 18).
19.3. ამ მოცემულობისა და დეკემბრის თვეში მიწოდებული კარაქის შემადგენლობის შესახებ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან და მიმწოდებლის მიერ შემსყიდველებისთვის მიწოდებულია ხელშეკრულებით დათქმული ხარისხის კარაქი.
20.1. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები შეწყვიტონ მათი გაქვითვის გზით.
20.2. ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, გაქვითვა მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვითვისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინაპირობების კუმულატიური არსებობა: 1) ორ პირს ერთმანეთის მიმართ უნდა ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე. ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში. 2) ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მსგავსი საპასუხო მოთხოვნების არსებობა. 3) იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (იხ. სუსგ. №ას-672-2021, 23.09.2021წ).
20.3. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობის შესახებ ბაგა-ბაღების მოთხოვნის უფლების არარსებობის გამო. შესაბამისად, არც იმ მოსაზრებას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ არაუფლებამოსილი გაქვითვის პირობებში, ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს, რამეთუ პირგასამტეხლო მხარეთა შორის დაწესებულ იქნა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის, ხოლო ვადაგადაცილება წარმოადგენს ობიექტურ ფაქტორს, რომელიც წინამდებარე საქმეში დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებაა.
20.4. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დაკისრებული პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძვლებისა და ოდენობის გონივრულობის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ დაკისრებულმა პირგასამტეხლომ, ერთი მხრივ, უნდა შეძლოს ვალდებულებს შემდგომი დარღვევის პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, უნდა დააკომპენსიროს კრედიტორის ის დანაკარგები, რაც სავარაუდოა ფულადი მოთხოვნის ხანგრძლივი დროით შეუსრულებლობასთან, თუმცა არ უნდა გამოიწვიოს უფლებამოსილი პირის უსაფუძვლო გამდიდრება.
20.5. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
20.6. განსახილველ შემთხვევაში, პალატისთვის საგულისხმოა, რომ მართალია, დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ ყველისა და კარაქის მიწოდებისა და მისი ღირებულების საკითხი, მაგრამ შემსყიდველმა უსაფუძვლოდ სრულად უარი განაცხადა დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებაზე, რომელიც მოიცავდა ნაკლის გარეშე მიწოდებული პროდუქციის საფასურსაც, შესაბამისად, ვადაგადაცილების ხანგრძლივობის, პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და დარიცხული საურავის თანაფარდობის, აგრეთვე დარღვევისადმი მოვალის სუბიექტური დამოკიდებულების მხედველობაში მიღებით, პალატა ასკვნის, რომ პირგასამტეხლო არა „შეუსაბამოდ მაღალი“, არამედ გონივრულად და პროპორციულად მკაცრია, რაც ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის უსაფუძვლოდ მიჩნევის წინაპირობაა.
21.1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21.2. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სტაბილური პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. №ას-1056-2020, 13.10.2021წ, №ას-959-2019, 19.10.2019წ, №ას-257-2022, 21.06.2022წ, №ას-322-2022, 17.06.2022წ, №ას-476-2020, 27.10.2021წ), რომელსაც შეესაბამება გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
21.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა.ი.პ. „თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ა.ა.ი.პ. „თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.ა.ი.პ. „თბილისის №171 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 205230203) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _1856.59 ლარის (გადახდის თარიღი: 25/11/2021, საგადახდო დავალება: 1637835900, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1299.61 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. ა.ა.ი.პ. „თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 206034110) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _1879.98 ლარის (გადახდის თარიღი: 02/12/2021, საგადახდო დავალება: 1638425977, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1315.99 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
4. ა.ა.ი.პ. „თბილისის №23 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 202055505) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _1934.40 ლარის (გადახდის თარიღი: 25/11/2021, საგადახდო დავალება: 1637841885, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1354.08 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
5. ა.ა.ი.პ. „თბილისის №74 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 405215431) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _1252.11 ლარის (გადახდის თარიღი: 25/11/2021, საგადახდო დავალება: 1637832676, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 876.48 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
6. ა.ა.ი.პ. „თბილისის №11 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 202055523) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _2850 ლარის (გადახდის თარიღი: 26/11/2021, საგადახდო დავალება: 1637914062, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1995 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
7. ა.ა.ი.პ. „თბილისის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 203853124) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _1973.91 ლარის (გადახდის თარიღი: 25/11/2021, საგადახდო დავალება: 1637866374, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1381.74 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
8. ა.ა.ი.პ. „თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 201947377) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 0.08 ლარი (გადახდის თარიღი: 01/12/2021, საგადახდო დავალება: 0, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
9. ა.ა.ი.პ. „თბილისის №92 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 201947377) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _2007.92 ლარის (გადახდის თარიღი: 01/12/2021, საგადახდო დავალება: 0, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1405.54 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
10. ა.ა.ი.პ. „თბილისის №170 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 203850724) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2140.28 ლარის (გადახდის თარიღი: 25/11/2021, საგადახდო დავალება: 1637834244, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1498.20 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
11. ა.ა.ი.პ. „თბილისის №85 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 204859803) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2013.58 ლარის (გადახდის თარიღი: 30/11/2021, საგადახდო დავალება: 181, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1409.51 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
12. ა.ა.ი.პ. „თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 204423052) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 0.09 ლარი (გადახდის თარიღი: 01/12/2021, საგადახდო დავალება: 1638369658, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
13. ა.ა.ი.პ. „თბილისის №51 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ს/ნ 204423052) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2081.21 ლარის (გადახდის თარიღი: 01/12/2021, საგადახდო დავალება: 1638369658, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1456.85 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
14. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი