05 ივლისი 2022 წელი
საქმე №ას-7-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ გ.ა–ნი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ნ–ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.ნ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გ.ა–ნის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგები თანხის წილთა პროპორციულად გაყოფის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებას წარმოადგენს უძრავი ნივთები, მდებარე:
- ქ. თბილისში, ......, მე-3 სართულზე მდებარე ბინა №5, ფართობით 174.20 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია: .........;
- ქ. თბილისში, ..... მდებარე ავტოსადგომი №10, ფართობით 19.37 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია: ......;
- ქ. თბილისში. ........, მე-2 სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე ბინა №102 (მშენებარე), ფართობით 188.48 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია: .......
2.2. თოთოეული თანამესაკუთრის წილი ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებში შეადგენს ½ - ½ ნაწილს. ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, თუმცა ის მკაფიოდ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. აღნიშნულის გამო, საზიარო უფლების გაუქმება უნდა განხორციელდეს სასამართლოს მეშვეობით, ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით. თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ნატურით გაყოფა იმგვარად, რომ აუცილებელი არ გახდეს მნიშვნელოვანი სამშენებლო-საინჟინრო (სარეკონსტრუქციო) სამუშაოების ჩატარება და არ შემცირდეს თითოეული წილის ღირებულება, აგრეთვე არ შეიზღუდოს უძრავი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა, შეუძლებელია.
2.3. ქ. თბილისში. ...... მდებარე უძრავი ნივთი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. მისი ნატურით გაყოფისთვის (გამიჯვნისთვის) აუცილებელია, სადარბაზოდან (გარე ფასადიდან) ახალი კარის ღიობის გაჭრა, რისთვისაც აუცილებელია არქიტექტურის სამსახურის თანხმობა.
2.4. ქ. თბილისში. ......, მე-3 სართულზე მდებარე №5 ბინის ნატურით გაყოფისთვის აუცილებელია სადარბაზოდან (გარე ფასადიდან) მოხდეს ახალი კარის ღიობის გაჭრა, რისთვისაც აუცილებელია არქიტექტურის სამსახურის თანხმობა. წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი ოთახის, ან სამზარეულოს ზევით საპირფარეშოს, ან სააბაზანოს/საშხაპეს მოწყობა დაუშვებელია. გამიჯვნის შემთხვევაში, ასევე აუცილებელია საინჟინრო ქსელების (წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემის) თავიდან მოწყობა და საჭირო ნებართვების მიღება შესაბამისი (წყლით და გაზით მომარაგების) კომპანიებიდან. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯების გაღება. შესაბამისად, უნდა მოხდეს სადავო ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია და მიღებული თანხის თანამესაკუთრეებს შორის წილების პროპორციულად განაწილება.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხე გ.ა–ნმა სარჩელი არ ცნო. მართალია, შესაგებლით მას სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო უძრავი ნივთების ნატურით გაყოფა შესაძლებელი იყო. კერძოდ, ...... ქუჩაზე მდებარე ბინის გაყოფასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნით გაყოფა შესაძლებელი იყო, თუმცა გაყოფის შემთხვევაში, სამზარეულოსა და საშხაპის მოწყობას შეიძლებოდა გამოეწვია მშენებლობის წესების დარღვევა. ფაქტობრივად, ამ ნივთის გაყოფის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, მას საწინააღმდეგო მოსაზრება არ წარმოუდგენია. ამავე მისამართზე მდებარე ავტოსადგომის გაყოფასთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა, რომ ავტოსადგომი, როგორც უძრავი ნივთი, გაყოფის შემთხვევაში არ დაკარგავდა თავის დანიშნულებას. ის, როგორც უძრავი ნივთი, მაინც შეინარჩუნებდა თავის ფუნქციას, თუნდაც არა ავტომანქანის დასაყენებლად, არამედ სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად. ...... მდებარე ბინასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ ბინა არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, მასში ტიხრების აგების პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ, კარის ღიობის გაჭრა და ტიხრის აგება არ საჭიროებდა რაიმე სახის ნებართვას. შესაბამისად, ბინის გაყოფა მშენებლობის იმ სტადიაზე, როდესაც უძრავი ნივთი ჯერ კიდევ არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, შესაძლებელია ისე, რომ არ დაიკარგოს ამ ნივთის ღირებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, გ.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
4.1. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ........, მე-3 სართ., ბინა №5, ფართობით 174.20 კვ.მ., ს/კ ....... მისი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა უძრავ ნივთზე მათი წილების პროპორციულად, კერძოდ: მოსარჩელე გ.ნ–ს (პ/ნ ........) მიეკუთვნა თანხის ½, მოპასუხე გ.ა–ნს (პ/ნ ..........) – თანხის ½.
4.2. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ....... (ავტოსადგომი №10), ს/კ ........, მისი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა უძრავ ნივთზე მათი წილების პროპორციულად, კერძოდ: მოსარჩელე გ.ნ–ს (პ/ნ .........) მიეკუთვნა თანხის ½, მოპასუხე გ.ა–ნს (პ/ნ ..........) – თანხის ½.
4.3. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში. ......, მე-2 სადარბაზო, მე-4 სართ., ბინა №102 (მშენებარე), ფართობით 188.48 კვ.მ., ს/კ ........., მისი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა უძრავ ნივთზე მათი წილების პროპორციულად, კერძოდ: მოსარჩელე გ.ნ–ს (პ/ნ .......) მიეკუთვნა თანხის ½, მოპასუხე გ.ა–ნს (პ/ნ ......) – თანხის ½ .
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ა–ნმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. გ.ა–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. უძრავ ნივთზე - ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ......., მე-3 სართ., 5 ბინა №5, ფართობით 174.20 კვ.მ., ს/კ ...... რეგისტრირებულია მოსარჩელე გ.ნ–ის და მოპასუხე გ.ა–ნის თანასაკუთრების უფლება, თითოეულის ½ წილით.
7.2. უძრავ ნივთზე - №10 ავტოსადგომზე, მდებარე ქ. თბილისში, ......., ფართობით 19.37 კვ.მ., ს/კ ...... რეგისტრირებულია მოსარჩელე გ.ნ–ის და მოპასუხე გ.ა–ნის თანასაკუთრების უფლება, თითოეულის ½ წილით.
7.3. უძრავ ნივთზე - ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ........, მე-2 სადარბაზო, მე-4 სართ., ბინა №102 (მშენებარე), ფართობით 188.48 კვ.მ., ს/კ ......, რეგისტრირებულია მოსარჩელე გ.ნ–ის და მოპასუხე გ.ა–ნის თანასაკუთრების უფლება, თითოეულის ½ წილით. შენობა, რომელშიც სადავო ბინა მდებარეობს, არ არის მიღებული ექსპლუატაციაში.
7.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 30 აპრილის №002424320 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ......., მესამე სართულზე მდებარე, N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ბინა №5-ის, გაყოფა ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ №3-ზეა აღნიშნული. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: ქალაქ თბილისში, ......, მესამე სართულზე მდებარე, ბინა №5-ს ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნია ერთი შესასვლელი, ორი სველი წერტილი (საპირფარეშო) და ერთი სამზარეულო. საპირფარეშოები და სამზარეულო მოქცეულია ერთად (მომიჯნავედ). აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გამიჯვნა, ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ №3-ზეა აღნიშნული. ასეთი გაყოფის შემთხვევისას, ქალაქ თბილისში, ........., III სართულზე მდებარე, ბინა №5-ის ფართით 155.99 კვ.მ-დან პირველი 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 77.99 კვ.მ ფართი, რაც შეესაბამება მისი 1/2 წილის შესაბამის 155.99 : 2 = 77.99 კვ.მ. ფართს, ხოლო, მეორე 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 77,99 კვ.მ ფართი, რაც შეესაბამება მისი 1/2 წილის შესაბამის 155.99 : 2 = 77.99 კვ.მ. ფართს. ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭირო იქნება მოეწყოს დანართებზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხარი და კარის ღიობი. ასევე ყვითელი ფერით გამოყოფილ ფართში საჭიროა მოეწყოს საპირფარეშო და სამზარეულო სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.01-89 მოთხოვნის კერძოდ, პუნქტი 2.6-ის გათვალისწინებით „უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია განთავსება საპირფარეშოსი ან სააბაზანოსი/ანდა საშხაპოსი". წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, ...., მესამე სართულზე მდებარე, .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ბინა №5-ის ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად გამიჯვნა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით და ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე შეუძლებელი იქნება.
7.5. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 აპრილის №002395020 ექსპერტიზის დასკვნით, ქალაქ თბილისში, ......... , II სადარბაზო, IV სართულზე მდებარე, ბინა №102-ის ფართით 190.25 კვ.მ-ის გამიჯვნა ორ იზოლირებულ ნაწილად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, საჯარო რეესტრში თანამესაკუთრეთა სახელზე რეგისტრირებული წილების (1/2 და 1/2) შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ №3-ზე ან/და №4-ზეა აღნიშნული (ორ ვარიანტად). დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: ქ თბილისში, .........., II სადარბაზო, IV სართულზე მდებარე, ბინა №102-ის ფართით 190.25 კვ.მ-ის გამიჯვნა ორ იზოლირებულ ნაწილად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, საჯარო რეესტრში თანამესაკუთრეთა სახელზე რეგისტრირებული წილების (1/2 და 1/2) შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ №3-ზე და №4-ზეა აღნიშნული (ორ ვარიანტად). ასეთი გაყოფის შემთხვევისას ქალაქ თბილისში, .........., II სადარბაზო, IV სართულზე მდებარე, ბინა №102-ის ფართით 190.25 კვ.მ-დან პირველი 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ან/და №4-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 95.12 კვ.მ ფართი, რაც შეესაბამება მისი 1/2 წილის შესაბამის 190.25 : 2 = 95.12 კვ.მ. ფართს, ხოლო, მეორე 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ან/და №4-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 95.12 კვ.მ ფართი, რაც შეესაბამება მისი 1/2 წილის შესაბამის 190.25 : 2 = 95.12 კვ.მ. ფართს. ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭირო იქნება მოეწყოს დანართებზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხარი და კარის ღიობი.
7.6. ქ. თბილისში ....... მდებარე ავტოსადგომის ფართობია 19.37 კვ.მ., რომლის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, წარმოიქმნება ორი უძრავი ნივთი, თითოეული – დაახლოებით 10 კვ.მ. ფართობის. შესაბამისად, გაყოფის შედეგად ავტოსადგომი მთლიანად დაკარგავს დანიშნულებას და მისი ავტომანქანის განსათავსებლად გამოყენება შეუძლებელი იქნება.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:
8.1. საზიარო საგნის ნატურით გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება ვრცელდებოდეს.
8.2. სასამართლომ ქალაქ თბილისში, ..........., II სადარბაზო, IV სართულზე მდებარე, ბინა №102-ის ნატურით გაყოფის შესაძლებლობის განხილვისას მოიხმო ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 აპრილის №002395020 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ნატურით გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნება დანართებზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხრისა და კარის ღიობის მოწყობა. პალატამ ქ. თბილისში, ....... მდებარე ბინის გაყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოითხოვს ტიხრის და კარის ღიობის მოწყობას, ყურადღება მიაპყრო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15/05/2020 №4953758 წერილს, რომლის თანახმად, შენობის ინტერიერში, მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გაჭრა საჭიროებს სამსახურის ნებართვას/მშენებლობის შეტყობინების მიღებას. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც კარის ღიობის ამოჭრა ნებართვის მიღებას და, შესაბამისად, დამატებით ხარჯს საჭიროებს, რომლის გაღებაზეც მხარეები არ არიან შეთანხმებული, საზიარო ბინის მხარეებს შორის ნატურით გაყოფა არ უნდა ჩაითვალოს ეფექტურად, ვინაიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, მხარეებს შორის სადავო უძრავი ნივთის გაყოფასთან დაკავშირებით დავა ვერ იქნება მიჩნეული გადაწყვეტილად, რადგან ის დაუკავშირდება კომპეტენტური ორგანოს სანებართვო პირობას და ასევე, თვით მხარეთა ნების გამოვლენას.
8.3. ავტოფარეხის გაყოფასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ავტოსადგომი გამოიყენება მასში ავტომანქანის განსათავსებლად. ამასთან, საზიარო საგნის გაყოფის შედეგად მიღებული ნაწილები დაკარგავს იმ ფუნქციურ დანიშნულებას და სამომხმარებლო ღირებულებას, რაც მას ამჟამად გააჩნია. საზიარო უფლების გაუქმებით საზიარო ნივთის გაყოფა იმას ნიშნავს, რომ დაყოფის შედეგად თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა ნივთის ნაწილებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი. ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის ღირებულება, იგულისხმება სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის განმარტება, რომ შესაძლებელია ავტოფარეხი გამოყენებული იქნეს მცირეგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების განსათავსებლად.
8.4. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხემ საქმეში დაცული ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით, ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 961-ე, 964-ე მუხლები), რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ა–ნმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. სააპელაციო პალატამ გულგრილად და არასრულფასოვნად გამოიკვლია გარემოებები ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მას 963-ე მუხლზე მითითების უფლება არ ჰქონდა. ქალაქ თბილისში, ........, II სადარბაზო, IV სართულზე მდებარე ბინა №102 შავი კარკასის მდგომარეობაშია, შესაბამისად, მასში ტიხრის მოწყობისა და ღიობის ამოჭრის გზით გამიჯვნის განხორციელება განსაკუთრებულ დანახარჯებს არ მოითხოვდა. მინიმალური დანახარჯის საჭიროების პირობებში კი არჩევანი უნდა გაკეთებულიყო სწორედ ნატურით გამიჯვნის და არა აუქციონზე რეალიზაციის სასარგებლოდ, იმ მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, რაც თანამესაკუთრეებს საზიარო უფლების საგანთან გააჩნიათ.
9.2. ავტოფარეხის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიიჩნია, რომ დაახლოებით 10.კვ.მ. ავტოსადგომი საკმარისი არ არის ავტომობილის განსათავსებლად. პალატამ დაუსაბუთებლად უარყო აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული მონაცემების გათვალისწინებით, საშუალოდ ავტომობილის ფართობი არ აღემატება 10 კვ.მ.-ს. ამასთან, ავტოსადგომი არ გამოიყენება მხოლოდ ავტომობილებისათვის და შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელიც შეიძლება განთავსდეს 10 კვ.მ. ფართობზე. ამასთან, შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ფართობის ავტოსადგომის იმ პირისათვის ქირავნობის ხელშეკრულებით გადაცემა, რომელიც ფლობს მცირეგაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებას, რაც მხარეებს მისცემდა შესაძლებლობას, მიეღოთ დამატებითი შემოსავალი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი მიზნის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის ნაწილი, 963-ე მუხლი და 964-ე მუხლის პირველი ნაწილი.
14.2. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღწერილი უძრავ ნივთები ეკუთვნით თანაბარი ½ - ½ წილებით. მათგან ორი უძრავი ნივთი საცხოვრებელი ბინაა (ფალიაშვილის ქუჩაზე _ გარემონტებული, საცხოვრებლად ვარგის, ხოლო შარტავას ქუჩაზე _ შავი კარკასის მდგომარეობით), ხოლო ერთი _ ავტოსადგომი.
14.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
14.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
14.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლი ადგენს, რომ თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სსკ 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
14.5. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
14.6. სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
15.1. თანასაკუთრების რეჟიმში არსებული ნივთის მესაკუთრე, ერთპიროვნულ მესაკუთრესთან შედარებით, ნივთის ფლობის, სარგებლობისა თუ განკარგვის უფლებით სარგებლობისას, ყოველთვის შეზღუდულია სხვა თანამესაკუთრის ნებითა და ინტერესებით, შესაბამისად, იგი ვერ ახორციელებს ნივთზე იმ მასშტაბის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ ბატონობას, როგორც ეს საკუთრების ბუნებითი შინაარსიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, თითოეულ თანამესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმების გზით მიაღწიოს თანამესაკუთრის სამართლებრივი ბოჭვიდან გასვლას. გასათვალისწინებელია, რომ თანამესაკუთრის პირად კავშირს ნივთთან კანონმდებელი იმგვარ ანგარიშგასაწევ ფაქტორად განიხილავს, რომელიც საზიარო უფლების გაუქმების მექანიზმებს შორის გარკვეულ იურარქიულ მიმართებას აწესებს, კერძოდ, პირველ რიგში, მოწმდება ნივთის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნული ვერ მიიღწევა ღირებულების შეუმცირებლად, მხოლოდ ამის შემდეგ დგება დღის წესრიგში საზიარო საგნის გაყიდვისა და ამონაგების გაყოფის შესაძლებლობა. ამრიგად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით (იხ. სუსგ. №ას-1148-1094-2014 19.03.2015წ).
15.2. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ სსკ 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-67-65-2014, 31.07.2014წ; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013წ; №ას-1089-1020-2012, 08.10.2012წ; №ას-932-875-2012, 17.09.2012წ; №ას-1665-1562-2012, 04.02.2013წ.)
15.3. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) (იხ. სუსგ. №ას-1977-2018, 22.03.2019წ.; №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ.).
15.4. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ორი ექსპერტიზის დასკვნა. ქ. თბილისში, ....... მდებარე ბინა №5, ფართობით 174.20 კვ.მ., ს/კ ....., უძრავ ნივთთან მიმართებით ნატურით გაყოფის პერსპექტივა დაშვებულია შემდეგ ღონისძიებათა გატარების შემთხვევაში: „საჭირო იქნება მოეწყოს დანართებზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხარი და კარის ღიობი. ასევე ყვითელი ფერით გამოყოფილ ფართში საჭიროა მოეწყოს საპირფარეშო და სამზარეულო სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.01-89 მოთხოვნის კერძოდ, პუნქტი 2.6-ის გათვალისწინებით „უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია განთავსება საპირფარეშოსი ან სააბაზანოსი/ანდა საშხაპოსი". წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, ......, მესამე სართულზე მდებარე, ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ბინა №5-ის ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად გამიჯვნა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით და ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე შეუძლებელი იქნება“.
15.5. აღნიშნული დასკვნა ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ მარტოოდენ ნატურით გაყოფით ორი დამოუკიდებელი, ერთგვაროვანი ბინის მიღება ხსენებული საზიარო უფლების საგნიდან შეუძლებელია მასში კარის ღიობის, საპირფარეშოსა და სამზარეულოს მოწყობის გარეშე. აღნიშნული სამუშაოების უწარმოებლად კი მიიღება ორი არათანაბარი ფუნქციური დანიშნულების ფართობი, რომელთაგან ერთი (ე.ი. ფართობი, რომელ ნაწილშიც დარჩება კარი, საპირფარეშო და სამზარეულო), საცხოვრებელი დანიშნულებით თავისთავად ვარგისი იქნება, ხოლო მეორე ფართობში შეღწევა და მისი ფუნქციური გამოყენება დამატებითი სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლად იქნება შეუძლებელი. ამრიგად, ამ ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობის შესახებ.
15.6. რაც შეეხება ქ. თბილისში. ........., მე-2 სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე ბინა №102-ს, მართალია, აღნიშნული ბინა შავი კარკასის მდგომარეობაშია, მაგრამ თანახმად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა, ნატურით გასამიჯნად საჭიროა, მოეწყოს დანართებზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხარი და კარის ღიობი.
15.7. შენობის ინტერიერის, მზიდ კონსტრუქციაში ღიობის (მათ შორის, კარის ღიობის) გაჭრა, თანახმად „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების (რომელზედაც აგრეთვე უთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის №4953758 წერილი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, (რომელზედაც აგრეთვე უთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის №4953758 წერილი), წარმოადგენს მშენებელობის სახეს და საჭიროებს შესაბამის ნებართვას.
15.8. ამრიგად, კონსტრუქციაში კარის ღიობის ამოჭრა, თუნდაც მის საწარმოებლად გასაწევი ხარჯი იყოს უმნიშვნელო, ამავდროულად საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლენას და ამ მიზნით, მესაკუთრის მხრიდან რიგი სამართლებრივი პროცედურების წარმართვას, ამდენად, ამ ნაწილშიც გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ღირებულების შემცირების გარეშე ნივთის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შეუძლებლობის შესახებ.
15.9. რაც შეეხება ავტოსადგომის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების 406-ე ქვეთავის 9.3.1-9.3.2. პუნქტების შესაბამისად, ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის მინიმალური სიგანე 2,7 მ უნდა იყოს, ხოლო სიგრძე, სულ მცირე, 6 მეტრი უნდა იყოს. გამონაკლის შემთხვევაში, ამავე ტექნიკური რეგლამენტის მითითებული ქვეთავის თანახმად, ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი კომპაქტური ადგილის მინიმალური სიგანე დასაშვებია იყოს 2,4 მ, ხოლო კომპაქტური ადგილის სიგრძე დასაშვებია იყოს, სულ მცირე, 5,5 მ. ამრიგად, ყველაზე ნაკლებ შემთხვევაშიც კი, იმისთვის, რომ ავტოსადგომმა არ დაკარგოს თავისი სტატუსი და ამავდროულად, აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტსაც, მისი ფართობი 13.2 კვ.მ. (კომპაქტური მინიმალური სიგრძისა და სიგანის ნამრავლი - 2.4x5.5=13.2) მაინც უნდა იყოს.
15.10. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტოსადგომის ფართობის (19.7 კვ.მ.) ორ ტოლ ნაწილად გაყოფის შემთხვევაში კი მიიღება 9.85 კვ.მ.-ის მქონე ორი თანაბარი ფართობი, რომლებიც არ შეესაბამებიან ავტოსადგომის ნორმატიულ დეფინიციას და ამავდროულად, ვერ შეასრულებენ თავიანთ პირველად ფუნქციურ დანიშნულებას (ავტომობილის გაჩერება). ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის თანასაკუთრების საგნის _ ავტოსადგომის ნატურით გაყოფაც შეუძლებელია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, გ.ა–ნს უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 21 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70%, რაც შეადგენს 420 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.ა–ნს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _600 ლარის (გადახდის თარიღი: 21/03/2022, საგადასახადო დავალება: #0, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,თიბისი ბანკი“) 70% – 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი