№აას-1022-2022
23 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.კ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.რ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.რ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ა.კ–ვას (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნის მოთხოვნით.
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში აღრიცხვა მოახდინა კანონდარღვევით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.რ–ის სარჩელი ა.კ–ვას მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. რუსთავი, ………, ს/კ ……. და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა ასევე მოიხოვა საქმის წარმოების შეჩერება სხვა საქმის გადაწყვეტამდე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით ა.კ–ვას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 01.02.2021 წელი. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2021 წლის 05 თებერვლიდან.
5.2. დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
5.3. 2021 წლის 18 მაისს ნოტარიუსის მიერ მოპასუხეზე გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა, როგორც აწ გარდაცვლილი ჯ.ბ–ის პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრეზე - მეუღლეზე, 1/3 წილის ოდენობით.
5.4. 2021 წლის 15 ივნისის საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოს წერილით დგინდება, რომ ა.ს–ას (გვარის შეცვლის შემდგომ კ–ას) საცხოვრებელ ბინასთან დაკავირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით.
5.5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო უძრავ ქონებას. ა.კ–ვას აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
5.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ სადავო ქონების გასხვისება მოხდა მოპასუხის გარდაცვლილი მეუღლის წარმომადგენლის ქმედებების საფუძველზე, რომელიც შეიცავდა თაღლითობის ნიშნებს. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული არგუმენტები არ ადასტურებდა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის შესახებ.
5.7. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
5.8. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საქმის წრმოების შეჩერების შესახებ და მიუთითა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად და უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია განკარგოს იგი, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმდება.
6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების შეჩერება.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის თანხმობის გარეშე განიხილა საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე. ასევე არ გაითვალისწინა სააპელაციო პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარეს საკუთარი მონაწილეობის გარეშე არ სურდა მისივე წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება.
6.2. სადავო ბინის გასხვისება მოხდა არაკანონიერად, ვინაიდან მოპასუხე არის მისი გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრე.
6.3. საკასაციო პრეტენზია შეეხება ასევე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმას. კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა შეჩერდეს მიმდინარე საქმის წარმოების განხილვა სადავო ბინის გასხვისების ხელშეკრულებაზე გამოძიების დასრულებამდე და მოსარჩელის, როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენის საკითხის სამოქალაქო წესით გადაწყვეტამდე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ა.კ–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
17. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - გ.რ–ი, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ბინის გასხვისება მოხდა არაკანონიერად, ვინაიდან ის არის მისი გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრე.
24. საკასაციო პალატა მითითებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ კასატორს მისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მის მიერ მითითებული გარემოებები კი არ წარმოადგენს მოპასუხის ისეთი საპროცესო თავდაცვის საშუალებას, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებს და სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
25. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი თანხმობის გარეშე, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. კერძოდ, სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
26. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობაზე, ა.კ–ვა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს სადავო უძრავ ქონებაზე დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე მოსარჩელის, როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენის საკითხის სამოქალაქო წესით გადაწყვეტაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, როგორც უკვე აღინიშნა, ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების დასრულებას, რა საფუძვლითაც საქმის წარმოების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. რაც შეეხება, სამოქალაქო წესით განსახილველი საქმის დასრულებამდე საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნას, აღნიშნულზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან, კასატორი უთითებს ზოგადად და სამომავლოდ საკითხის სამოქალაქო წესით გადაწყვეტაზე, ხოლო კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნით უკვე დაწყებული სამოქალაქო საქმის წარმოება, საქმის მასალებით არ დასტურდება.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N28734097, გადახდის თარიღი 20.09.2022) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ა.კ–ვას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. ა.კ–ვას (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N28734097, გადახდის თარიღი 20.09.2022) 70% – 105 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
ლაშა ქოჩიაშვილი