№ას-51-2022
22 ივლისი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს შემცირება, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „თ.მ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1.შემცირდეს მხარეებს შორის 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-85 ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხიდან - 28 350 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი თანხის - 27 630 ლარის ანაზღაურება (დაზუსტებული მოთხოვნა - 2019 წლის 04 ნოემბრის სხდომის ოქმი, 16:39:24).
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „თ.მ–ის“ სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შპს „თ.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 23 350 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემსყიდველს) და შპს „თ.მ–ს“ (მიმწოდებელს) შორის, 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით გათვალისწინებული სხვადასხვა მარკის და მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №2-ის შესაბამისად.
6.1.2. ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო 900 000 ლარით (დამატებითი შეთანხმებით გაიზარდა 10 000 ლარით). ხელშეკრულების მოქმედების ვადა - მისი გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
6.1.3. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის ვალდებულებას წარედგინა საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების - 10%-ით.
6.1.4. აღნიშნული ვალდებულება შპს „თ.მ–ის“ მხრიდან შესრულდა.
6.1.5. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების გაწევის პირობებსა და ვადებზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა. მომსახურების გაწევის ვადებია: სავალი ნაწილებისათვის - არაუმეტეს 3 კალენდარულ დღე; ელექტროობისათვის - არაუმეტეს 4 კალენდარულ დღე; აგრეგატებისთვის - არაუმეტეს 10 კალენდარულ დღე; სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის - არაუმეტეს 15 კალენდარულ დღე; ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო - არაუმეტეს 15 კალენდარული დღე; სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთის შემთხვევაში, არაუმეტეს 25 კალენდარული დღე.
6.1.6. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
6.1.7. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით, გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, კერძოდ: ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 0,15%-ის ოდენობით.
6.1.8. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრულად.
6.1.9. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ 2018 წლის 3 ოქტომბერს, შპს „თ.მ–ის“ სერვის ცენტრში, შეიყვანა მისი კუთვნილი ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით .......), ძრავის გაუმართაობის მიზეზით. კერძოდ, ძრავი მუშაობდა ხარვეზებით და ხმაურით, გამონაბოლქვის მომატებით და საწვავის ზედმეტი მოხმარებით. ავტომანქანას ჩაუტარდა კომპიუტერული დიაგნოსტიკა, შეიცვალა საწვავის ფილტრი, გამოირეცხა საწვავის ავზი, შეიცვალა მაღალი წნევის მარეგულირებელი რეგულატორი და მოხდა საწვავის ტუმბოს და მართვის ბლოკის ინიციალიზაცია. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 286,62 ლარით.
6.1.10. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ავტომანქანა ცენტრიდან გავიდა შეყვანიდან მეორე დღეს - 2018 წლის 4 ოქტომბერს. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ იგივე ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით ......) 2018 წლის 15 ოქტომბერს, ძრავის შეკეთების მიზნით, კვლავ იქნა შეყვანილი შპს „თ.მ–ის“ სერვისცენტრში, რა დროსაც მოხდა გამანაწილებელი ლილვის შეცვლა, რომლის ტესტირების პროცესში დაზიანდა ლილვის თავაკი. ხოლო, ვინაიდან, თავაკი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, მოხდა მანქანის მეორადი ძრავის შეძენა, რომელიც ასევე გაუმართავი აღმოჩნდა, საბოლოოდ, სერვისცენტრმა მოახდინა გამოუსადეგარი ძრავის სხვა ძრავით ჩანაცვლება. ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე მხარეებს მიღება-ჩაბარების აქტი, ან დეფექტური აქტი არ შეუდგენიათ. შპს „თ.მ–ს“ მოპასუხისთვის ზემოთ მითითებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება არ მოუთხოვია, რადგან ძრავის დაზიანება სწორედ ავტომანქანის შეკეთების დროს მოხდა. ის ფაქტი, რომ ავტომანქანის შეკეთება მიმდინარეობდა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრამდე და ამ პერიოდში ავტომანქანა იმყოფებოდა სერვისცენტრში, მხარეებს შორის სადავო არ არის.
6.1.11. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 26 ნოემბრის წერილით, შპს „თ.მ–ს“ დაევალა პირგასამტეხლოს, ჯამში - 28 350 ლარის გადახდა. მოპასუხემ მიიჩნია, რომ იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე გაწეული მომსახურება ჯდებოდა ხელშეკრულების 5.2. პუნქტის ფარგლებში, რა დროსაც შპს „თ.მ–მა“ დაარღვია ნაკლის გამოსწორებისთვის დადგენილი 5 დღიანი ვადა და ადგილი ჰქონდა 21 დღით ვადის გადაცილებას.
6.1.12. პირგასამტეხლოს თანხა 28 350 ლარი, შპს „თ.მ–მა“, 2019 წლის 14 იანვარს ჩაურიცხა მოპასუხეს.
6.1.13. წარმოდგენილი სარჩელით, შპს „თ.მ–ის“ მოთხოვნას წარმოადგენს მხარეებს შორის 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-85 ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. მოსარჩელის განმარტებით, შემსყიდველმა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მისი განმარტებით, ავტომობილზე მომსახურების გაწევის შემდეგ გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრის ხელშეკრულებით დადგენილი ვადის 21 დღით გადაცილებაში გამოიხატა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა არა გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრას, არამედ მიმწოდებელმა ავტომანქანაზე განახორციელა თავდაპირველი მომსახურება, რისთვისაც მას ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდა 15 კალენდარული დღე.
6.1.14. მოპასუხის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება შეკეთების მიზნით, შპს „თ.მ–ის“ სერვის ცენტრში შევიდა 2018 წლის 3 ოქტომბერს. ავტომანქანას ჰქონდა გაუმართავი ძრავი, კერძოდ, ძრავი მუშაობდა ხარვეზებით და ხმაურით, ასევე გამონაბოლქვის მომატებით და საწვავის ზედმეტი მოხმარებით. მანქანა შეკეთდა და სერვისცენტრიდან გავიდა მეორე დღეს, თუმცა, 2018 წლის 15 ოქტომბერს ავტომანქანა იგივე პრობლემებით შევიდა ცენტრში, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, რის შემდეგაც ავტომანქანის შეკეთება უკვე 2018 წლის 9 ნოემბრამდე მიმდინარეობდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, კერძოდ, ავტომანქანა შეკეთდა 21 დღის დაგვიანებით.
6.2.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძელზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხს ვადის დარღვევის პერიოდი წარმოადგენდა, კერძოდ, თუ რამდენი კალენდარული დღით გადააცილა შემსყიდველმა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო ნომრით AW681WA) გასაწევი ტექნიკური მომსახურების შესრულების ვადას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, მისი კუთვნილი ავტომანქანის სერვისცენტრში შეყვანა და შესაბამისი მომსახურება უკავშირდებოდა არა თავდაპირველი მომსახურების გაწევას, არამედ ხარვეზის (ნაკლის) გამოსწორებას, რის გამოც შემსყიდველმა (მოპასუხე/აპელანტი), ვადაგადაცილების დღეების ათვლა დაუკავშირა 2018 წლის 4 ოქტომბრის თარიღს, ხოლო დასრულება ამავე წლის 9 ნოემბერს, რასაც უნდა გამოაკლდეს 5 კალენდარული დღე, რომელიც ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იყო ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
6.3.პალატამ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებაზე, რომლითაც მხარეებმა ზუსტად შეათანხმეს მომსახურების გაწევის პირობები და ვადები, კერძოდ, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო განისაზღვრა - 15 კალენდარული დღით, ხოლო, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში გამოესწორებინა ნაკლი.
6.4.განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის აპელირება იმის შესახებ, რომ ავტომანქანა 2018 წლის 15 ოქტომბერს, სწორედ არსებული ხარვეზის (ნაკლის) გამოსასწორებლად იქნა შეყვანილი მოსარჩელის სერვისცენტრში, პალატის შეფასებით საფუძველს მოკლებული იყო. კერძოდ, საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ......), სერვისცენტრში შეყვანილ იქნა 2018 წლის 3 ოქტომბერს და მისი ცენტრიდან გაყვანა მოხდა მეორე დღეს 2018 წლის 4 ოქტომბერს. მიღება-ჩაბარების აქტით და დეფექტური აქტით დგინდებოდა, რომ ავტომანქანაზე ჩატარდა შემდეგი მომსახურება: კომპიუტერული დიაგნოსტიკა, შეიცვალა საწვავის ფილტრი, გამოირეცხა საწვავის ავზი, შეიცვალა მაღალი წნევის მარეგულირებელი რეგულატორი და მოხდა საწვავის ტუმბოს და მართვის ბლოკის ინიციალიზაცია. შესაბამისად, დასკვნა იმის შესახებ, რომ ავტომანქანა სრულყოფილად არ იყო შეკეთებული და საჭიროებდა სხვა სახის მომსახურების გაწევას, პალატის შეფასებით, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობდა; აღნიშნულის საპირისპიროდ უდავო იყო, რომ ავტომანქანა სერვისცენტრიდან მეორე დღესვე გავიდა, რაც თავისთავად მის გამართულად მუშაობაზე მიუთითებდა და შესაბამისი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, იმ დასკვნის გაკეთება, რომ სახეზე იყო არასრული მომსახურება, დაუსაბუთებელი იყო. აპელანტის მითითება, რომ ორ კვირაში მოხდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის დაბარება ავტომანქანის შესაკეთებლად, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და სადავო გარემოებას, არც შსს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის სახელზე 12.11.2018 წელს შედგენილი პატაკის შინაარსი ადასტურებდა. კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 3-4 ოქტომბერს, მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ნაკლიან შესრულებას და არსებობდა ხარვეზის გამოსწორების წინაპირობები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის (მოპასუხე) შეფასება იმის შესახებ, რომ ავტომანქანა სრულყოფილად არ იყო შეკეთებული, პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს, რა დროსაც მოხდა ავტომანქანის სერვისცენტრში ხელმეორედ შეყვანა, ხორციელდებოდა 2018 წლის 3-4 ოქტომბერს გაწეული მომსახურების ფარგლებში არსებული ხარვეზის (ნაკლის) გამოსწორება და მოსარჩელეს აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულების თანახმად გააჩნდა 5 კალენდარული დღე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე მოსარჩელე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო ნომრით .......) ახორციელებდა თავდაპირველ მომსახურებას ძრავის შეკეთების მიზნით, რა დროსაც მოხდა გამანაწილებელი ლილვის შეცვლა, რომლის ტესტირების პროცესში დაზიანდა ლილვის თავაკი. ხოლო, ვინაიდან, თავაკი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, მოხდა მანქანის მეორადი ძრავის შეძენა, რომელიც ასევე გაუმართავი აღმოჩნდა, საბოლოოდ სერვისცენტრმა მოახდინა გამოუსადეგარი ძრავის სხვა ძრავით ჩანაცვლება.
6.5.პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 4.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, ხანგრძლივი მომსახურების, მათ შორის ძრავთან დაკავშირებით, მომსახურების გაწევის ვადა განსაზღვრული იყო 15 კალენდარული დღით. შესაბამისად, 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, სერვისცენტრში ავტომანქანის შეყვანიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის 15 კალენდარული დღის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მომსახურება შესრულდა არა 21 დღის დაგვიანებით, როგორც ამას აპელანტი მიუთითებდა, არამედ 9 კალენდარული დღის დაგვიანებით.
6.6.აპელანტი, ასევე სადავოდ ხდიდა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა კრედიტორისათვის მოვალის მხრიდან უკვე გადახდილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მოსარჩელის სასარგებლოდ კრედიტორს უკანონოდ დააკისრა მოვალის მიერ უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან, პირგასამტეხლო არ ატარებდა კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას.
6.7.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, კერძოდ: ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 0,15%-ის ოდენობით. პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა 21 დღეზე (დღეში 1350 ლარი) და ჯამში შეადგინა 28 350 ლარი, რომელიც სრულად იქნა გადახდილი მოსარჩელის მიერ. ასევე, დადგენილიად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მიმწოდებლის (მოსარჩელე) მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის დარღვევაში. კერძოდ, ადგილი ჰქონდა 9 კალენდარული დღით ვადაგადაცილებას, ხოლო ამ პერიოდის გათვალისწინებით, მოპასუხეს წარმოეშვა უფლება მოეთხოვა პირგასამტეხლო მხოლოდ 12 150 (1350*9) ლარის ოდენობით, რაც პალატის შეფასებით, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალი იყო და სახეზე იყო მისი შემცირების საფუძველი.
6.8.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირებისა და ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, მართებულად დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უკანონოდ შეამცირა მხარეთა მიერ შეთანხმებული მომსახურების გაწევის კონკრეტული ვადები და მოსარჩელის მხრიდან 21 დღის ვადაგადაცილება არასწორად დაიყვანა 9 კალენდარულ დღეზე.
7.1.2. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების შეფასებისას, სასამართლომ უგულვებელყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418–ე მუხლის მოთხოვნა, რაც მხარეებს აძლევს უფლებას თავად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის და მიყენებულ ზიანთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
7.1.3. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნის კანონიერებას საურავის დაკისრების თაობაზე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - შპს „თ.მ–მა“ ჯერ ნებაყოფლობით გადაიხადა დაკისრებული საურავი, ხოლო მოგვიანებით, სარჩელით მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემსყიდველს) და შპს „თ.მ–ს“ (მიმწოდებელს) შორის, 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით გათვალისწინებული სხვადასხვა მარკის და მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №2-ის შესაბამისად. მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები მხარეთა შორის სადავო არ არის; არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობაა სადავო; კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ვადადარღვეული დღეების რაოდენობას და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - ვადის დარღვევის პერიოდის შემცირების, ასევე, მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ ოდენობად მიჩნევისა და ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ სასამართლომ უკანონოდ შეამცირა მხარეთა მიერ შეთანხმებული მომსახურების გაწევის კონკრეტული ვადები და მოსარჩელის მხრიდან 21 დღის ვადაგადაცილება არასწორად დაიყვანა 9 კალენდარულ დღეზე. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად, დგინდებოდა, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე მოსარჩელე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ახორციელებდა თავდაპირველ მომსახურებას ძრავის შეკეთების მიზნით, რაზედაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით, მხარეებმა ზუსტად შეათანხმეს მომსახურების გაწევის პირობები და ვადები, კერძოდ, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო განისაზღვრა - 15 კალენდარული დღით. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა სარწმუნო და შეუდავებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ემტკიცებინა, რომ 2018 წლის 3-4 ოქტომბერს, მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ნაკლიან შესრულებას და 2018 წლის 15 ოქტომბერს, სწორედ არსებული ხარვეზის (ნაკლის) გამოსასწორებლად იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება ხელმეორედ შეყვანილი მოსარჩელის სერვისცენტრში, რის შემდგომაც სასამართლო მხედველობაში მიიღებდა ხარვეზების გამოსასწორებლად განსაზღვრულ 5 დღიან (5.2. პუნქტი) და არა პირველადი მომსახურების გაწევის 15 დღიან (4.4 პუნქტი) ვადას, თუმცა, მოპასუხემ/კასატორმა კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით ვერ შეძლო. შემდავებელს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც სასამართლოსთვის უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, მარტოოდენ მოპასუხის/კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტება არ განიხილება, რადგან იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
16. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, სერვისცენტრში ავტომანქანის შეყვანიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის 15 კალენდარული დღის გათვალისწინებით, მოსარჩელის მხრიდან მომსახურება შესრულდა არა 21 დღის დაგვიანებით, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, არამედ 9 კალენდარული დღის დაგვიანებით.
17. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. პალატა განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
18. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს ის არ უნდა შეემცირებინა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1511-2018, 26.03.2019 წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-186-2021, 25.03.2021 წ.).
19. ამასთან, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს არამართლზომიერად შემცირების ნაწილში, არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დარღვევის ხასიათის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპენსირებისათვის, ადეკვატური ოდენობა განსაზღვრეს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე