საქმე №ას-1408-1328-2017 30 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – კომპანია „G. A.L.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.ს.ნ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ბ.ს.ნ–სა“ (შემდგომში - “მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „მყიდველი“ ან „ნავსადგური“) და „G. A.L.“-ს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „მიმწოდებელი“ ან „კომპანია“) შორის 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა №74-03-14032014 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეეძინა და მოპასუხისათვის მიეწოდებინა 3 ცალი ბუნკერი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 128 400 აშშ დოლარს.
2. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების დადებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში ავანსის სახით გადაეხადა სახელშეკრულებო ღირებულების 60%, ხოლო დარჩენილი 40% საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში.
3. პროდუქციის მიწოდება უნდა მომხდარიყო ბ.ს.ნ–ში, კომერციული ტერმინების ინტერპრეტაციის საერთაშორისო წესების ინკოტერმს-2010-ის შესაბამისად (DAP); პროდუქციის მიწოდების ვადა შეადგენდა ავანსის გადახდის დღიდან 160 დღეს.
4. პროდუქციის მიღება უნდა მომხდარიყო პროდუქციის დანიშნულების ადგილზე ჩატანიდან 3 დღის განმავლობაში. ხოლო, მიწოდების დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველს უნდა შეემოწმებინა პროდუქციის რაოდენობა, კომპლექტურობა და ხარისხი. ამასთან, პროდუქციის ნაკლებობის, არაკომპლექტურობის ან არასათანადო ხარისხის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში მყიდველს მიმწოდებლისთვის უნდა გაეგზავნა შეტყობინება.
5. ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ფასის 0,2%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ფასის 20%-სა.
6. ბუნკერების ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგი სახით:
- ერთი სექციის ტვირთტევადობა ტვირთის მოცულობისას 0,8 ტ/კუბ.მ -18 ტ;
- ბუნკერზე აღმართული ტვირთის საერთო დანადგარის ტვირთტევადობა - 38 ტ;
- ბუნკერების ჩამკეტის ვაგონის სახურავიდან ხელით მართვა;
- სექციაში ჩამკეტის რაოდენობა - 4 ცალი;
- მომსახურე პერსონალის რაოდენობა ვაგონის ჩატვირთვისას - 1 ადამიანი;
- სექციის მასა 7 ტ.
7. ბუნკერის გარანტიის ვადა შეადგენდა ექსპლუატაციაში შეყვანიდან 12 თვეს.
8. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და პროდუქციის (ბუნკერების) მიწოდების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2014 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდი.
9. მხარეთა შორის 2014 წლის 18 მარტს დაიდო №78-03-18032014 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეეძინა და მოპასუხისათვის მიეწოდებინა ორი ერთეული გრეიფერი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 82 800 აშშ დოლარს.
10. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების დადებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში ავანსის სახით გადაეხადა სახელშეკრულებო ღირებულების 60%, ხოლო დარჩენილი 40% პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში.
11. პროდუქციის მიწოდება უნდა მომხდარიყო ბ.ს.ნ–ში, კომერციული ტერმინების ინტერპრეტაციის საერთაშორისო წესების ინკოტერმს-2010-ის შესაბამისად (DAP). პროდუქციის მიწოდების ვადა შეადგენდა ავანსის გადახდის დღიდან 120 დღეს.
12. პროდუქციის მიღება უნდა მომხდარიყო პროდუქციის დანიშნულების ადგილზე ჩატანიდან 3 დღის განმავლობაში. ხოლო, მიწოდების დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველს უნდა შეემოწმებინა პროდუქციის რაოდენობა, კომპლექტურობა და ხარისხი. ამასთან, პროდუქციის ნაკლებობის, არაკომპლექტურობის, ან არასათანადო ხარისხის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში მყიდველს მიმწოდებლისთვის უნდა გაეგზავნა შეტყობინება.
13. ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ფასის 0,2%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ფასის 20%-ისა.
14. მიწოდებული გრეიფერების ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგი სახით:
- დანიშნულება: ფხვიერი მასალების ტრანსპორტირება;
- მასა: 6600 კგ;
- ამოღებული ტვირთის მასა: max 9400 კგ;
- ტევადობა: 9 მ3;
- ფართი გაშლილ მდგომარეობაში: 2000 მმმ x 8240 მმ - 16,48 მ2;
- პოლიპლასტის ჯერადობა - 3;
- ბაგირის დიამეტრი - 28 მმ.
15. გრეიფერების გარანტიის ვადა შეადგენდა ექსპლუატაციაში შეყვანიდან 12 თვეს.
16. გრეიფერების ღირებულების 60% - 49 680 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულების დადებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში. გადასახდელი დარჩა 33 120 აშშ დოლარი.
17. ბუნკერების ღირებულების 60% - 77 040 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულების დადებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში. გადასახდელი დარჩა 51 360 აშშ დოლარი.
18. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გრეიფერების მიწოდებისათვის 73 374 აშშ დოლარისა (33 120 აშშ დოლარი ძირითადი ვალი, 16 560 აშშ დოლარი საურავი, 8 280 აშშ დოლარი ჯარიმა, 4 140 აშშ დოლარი იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, 8 424 აშშ დოლარი სამივლინებო ხარჯი, 2 850 აშშ დოლარი გრეიფერების შენახვის ხარჯი სანქციის მოქმედების პერიოდში) და ბუნკერების მიწოდებისათვის 113 192 აშშ დოლარის (51 360 აშშ დოლარი ძირითადი ვალი, 25 680 აშშ დოლარი საურავი, 12 840 აშშ დოლარი ჯარიმა, 6 420 აშშ დოლარი იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, 14 137 აშშ დოლარი სამივლინებო ხარჯი, 2 755 აშშ დოლარი ბუნკერების შენახვის ხარჯი სანქციის მოქმედების პერიოდში) გადახდის დაკისრება.
19. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
20. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2014 წლის 18 მარტს დადებული №78-03-18032014 ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება და მოპასუხის მიერ ავანსად გადახდილი 49 680 აშშ დოლარის დაბრუნება; ასევე, მხარეთა შორის 2014 წლის 14 მარტს დადებული №74-03-14032014 ხელშეკრულების ფასის შემცირება 32 285,45 აშშ დოლარით, რაც საჭიროა ბუნკერების გადაკეთებისათვის.
21. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
22. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყვეტილად იქნა აღიარებული მხარეთა შორის 2014 წლის 18 მარტს დადებული №78-03-18032014 ხელშეკრულება; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 18 მარტის №78-03-18032014 ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ავანსის - 49 680 აშშ დოლარის გადახდა; მხარეთა შორის 2014 წლის 14 მარტს დადებული №74-03-14032014 ხელშეკრულებით მიწოდებული ბუნკერების საერთო ფასი - 128 400 აშშ დოლარი შემცირდა 32 285,45 აშშ დოლარით და განისაზღვრა 96 114,55 აშშ დოლარით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ბუნკერების ღირებულების ნაწილის - 19 074 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ნავსადგურისათვის დაწესებული სანქციების მოხსნაში გაწეული ხარჯის - 5 300 აშშ დოლარის გადახდა; სარჩელი გრეიფერების ღირებულების, ჯარიმა-საურავების, ნასყიდობის საგნის შენახვისა და სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
23. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მისთვის ნავსადგურისათვის დაწესებული სანქციების მოხსნაში გაწეული ხარჯის - 5 300 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყვეტილად იქნა აღიარებული გრეიფერების მიწოდების თობაზე მხარეთა შორის 2014 წლის 18 მარტს დადებული №78-03-18032014 ხელშეკრულება; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ავანსის - 49 680 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ბუნკერების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის - 51 360 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელისა და მოპასუხის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
25. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-17 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
26. სააპელაციო სასაართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ნავსადგურს უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს 06.06.2014წ. №663 ბრძანებით დაწესებული ჰქონდა სანქციები. საქონლის გამოგზავნისთვის აუცილებელი გახდა დაწესებული სანქციებისგან ნავსადგურის გათავისუფლება, რაც განახორციელა კომპანიამ შპს ,,ვ–ის“ დახმარებით (კომპანიასა და შპს „ვ–ს“ შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება სათანადო ანაზღაურების გადახდით, 2014 წლის 20 ნოემბრამდე სამართლებრივი დახმარება გაეწია ნავსადგურის მიმართ დაწესებული ზემოაღნიშნული სანქციების მოხსნაში). საქმის მასალებით დასტურება ამ მოქმედებისათვის მხოლოდ 5 300 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
27. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2014 წლის 14 მარტისა და 18 მარტის ხელშეკრულებების 4.11 პუნქტების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების თარიღად უნდა ჩაითვალოს 2014 წლის 28 ნოემბერი, ანუ განბაჟებიდან (25.11.2014წ.) მესამე დღე. დასახელებული თარიღიდან 5 დღის ვადაში, 2014 წლის 03 დეკემბრამდე, ნავსადგური უფლებამოსილი იყო გამოეხატა პრეტენზია ნივთის ნაკლთან დაკავშირებით.
28. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის ძირითადი სადავო საკითხებია: გრეიფერებისა და ბუნკერების მოპასუხისათვის გადაცემის თარიღი; გრეიფერების ნივთობრივი ნაკლი; ბუნკერების ნივთობრივი ნაკლი; ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზიის ვადაში გამოხატვის საკითხი; უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ნავსადგურისათვის დაწესებული სანქციების მოხსნაში კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი; სანქციების მოხსნამდე ბუნკერებისა და გრეიფერების შენახვის ხარჯი.
29. სააპელაციო პალატის განმარტებით, გრეიფერებისა და ბუნკერების ნივთობრივი ნაკლის დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის №022110316 დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გრეიფერების მიწოდება განსაზღვრულია პორტში არსებული „AIST“-ისა და „ALBATROS“-ის პორტალური ამწეებისათვის, თუმცა მათი პარამეტრების გათვალისწინებით, გემებიდან ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული „AIST“-ისა და „ALBATROS“-ის ამწეებისათვის გამოუყენებელია; ასევე, საბუნკერო მოწყობილობა თავისი პარამეტრებით არ შეესაბამება ხელშეკრულების დანართ №1-ში და №2-ში განსაზღვრული სპეციფიკაციებითა და ტექნიკური პირობებით მოთხოვნილ პირობებს. კერძოდ, ბუნკერის საყრდენებს შორის მანძილი (2855 მმ) ნაკლებია ვაგონის სიგანეზე (3300 მმ), შეწყვილებული ბუნკერის დამცლელი ლუქების განლაგება არ ემთხვევა ვაგონის (ჰოპერის) ჩასატვირთი ლუქების მდებარეობას (აცდენილია), დამცლელი ლუქები ვაგონის სიმაღლესთან შედარებით მაღლა მდებარეობს, რაც უხეხულობას უქმნის მუშას მუშაობის პერიოდში, დამცლელი ლუქის დიამეტრი არის დიდი (720 მმ), ელემენტების შედუღების შეერთების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, შედუღების ნაკერები არაა გაწმენდილი წიდოვანი ჩანართებისაგან და არათანაბარია. აღნიშნული ნაკლის გამო შეუძლებელია ვაგონის შეყვანა ბუნკერის ქვეშ და მისი ჩატვირთვა ბუნკერიდან.
30. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მის მერ შედგენილ ზემოაღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას ბუნკერები არ აუზომია და მისი ზომები ხელშეკრულების დანართში დაფიქსირებულ მონაცემებთან არ შეუდარებია. ბუნკერების ვარგისიანობა დაადგინა ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასებით.
31. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და მოპასუხეს უნაკლო პროდუქცია მიაწოდა, მიუთითა ტექნიკური ექსპერტიზის ცენტრის დასკვნასა და იურიდიულ საექსპერტო დასკვნაზე. ტექნიკური ექსპერტიზის ცენტრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბუნკერები და გრეიფერები შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს და მათი გამოყენება დასაშვებია. თუ რაიმე დაზიანებულია, ეს დაზიანება და დარღვევა გამოწვეულია არასწორი ექსპლოატაციით. ხოლო, იურიდიულ საექსპერტო დასკვნაში მითითებულია, რომ პროდუქციის საპასპორტო მონაცემები და ხელშეკრულებაში მითითებული ტექნიკური პირობები შესაბამისია და მიწოდებული საქონელი შეესაბამება ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს.
32. სააპელაციო პალატის მითითებით, 2014 წლის 02 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა მხარეთა შორის 2014 წლის 18 მარტს გაფორმებული №78-03-18032014 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიღების შემდეგ ნავსადგურის მიერ ჩატარებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგები, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებული, მისაწოდებელი საქონლის პარამეტრებს, რაც აისახა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღების კონტროლის აქტში და დანართის სახით დაერთო აღნიშნულ წერილს; მოპასუხემ ამ გარემოების გათვალისწინება და წარდგენილი აქტის ხელმოწერით დადასტურება, ასევე, მოსარჩელის ხარჯით უმოკლეს დროში მიწოდებული გრეიფერების ხელშეკრულებით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი სხვა გრეიფერებით შეცვლა მოითხოვა; იმავე წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დარჩენილი თანხის გასტუმრება მოხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ძველის ნაცვლად ახალ პროდუქციას მიაწვდიდა და დადგინდებოდა მათი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სასაქონლო პარამეტრებთან შესაბამისობა, ხოლო უკვე მიწოდებული, ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო გრეიფერებს მოპასუხე დააბრუნებდა მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პარამეტრების მქონე გრეიფერების მიწოდების შემდეგ.
33. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 483-ე, 487-488-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 382-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გრეიფერებისა და ბუნკერების ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - ტექნიკური ცენტრის ექსპერტიზის დასკვნა და იურიდიული საექსპერტო დასკვნა, მომზადებულია მხოლოდ დოკუმენტების საფუძველზე, ნივთების უშუალო დათვალიერებისა და შემოწმების გარეშე და ზოგადია. გარდა ამისა, იურიდიული საექსპერტო დასკვნა არ არის იმ კატეგორიის დასკვნა, რომლითაც ნივთის ნაკლი ან უნაკლობა შეიძლება დადგინდეს. შესაბამისად, სასამართლომ კომპანიის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სათანადო მტკიცებულებებად არ მიიჩნია და არ გაიზიარა.
34. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის №022110316 დასკვნისა და დასკვნის შემდგენი ექსპერტის განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს გრეიფერების შეუსაბამობა ხელშეკრულების პირობებთან, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ აწევის მაქსიმალური სიმაღლე ნავმისადგომის ზედაპირიდან გრეიფერის ძირამდე ჩაკეტილ მდგომარეობაში შეადგენს 5,8 მეტრს, რაც „AIST“-სა და ,,ALBATROS“-ის ამწეებისათვის გემებიდან ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ იძლევა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გრეიფერები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და მათი გამოყენება შეუძლებელია.
35. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 352-ე, 491-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულად მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ნივთის ნაკლის გამო 18.03.2014წ. ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ავანსის, 49 680 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე.
36. სააპელაციო პალატის განმარტებით, ნავსადგურის მიერ წარდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის №022110316 დასკვნა ბუნკერების ნაკლის დასადასტურებლად დასაბუთებულ მსჯელობას არ შეიცავს. კერძოდ, აღნიშნული დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას ბუნკერები არ აუზომია და მათი ზომები ხელშეკრულების დანართში დაფიქსირებულ მონაცემებთან არ შეუდარებია. ბუნკერების ვარგისიანობა დაადგინა ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასებით. ამ ჩვენების საფუძველზე კი ვერ იქნება გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მსჯელობა, რომ ბუნკერები არ შეესაბამება ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს და მათი გამოყენება გადაკეთების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, კომპანიის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიწოდებული ბუნკერების ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდის თაობაზე, სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
37. ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზიის ვადაში წარდგენის საკითხზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ხელშეკრულებების მიხედვით, მიწოდებულ პროდუქციაზე პრეტენზიის წარდგენის ვადა ნავსადგურს 2014 წლის 03 დეკემბრამდე გააჩნდა. საქმეში წარდგენილი 02.12.2014წ. წერილი შეიცავს პრეტენზიას მხოლოდ გრეიფერების ნაკლთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეში არ არის რაიმე მტიცებულება, რაც 2014 წლის 03 დეკემბრამდე ბუნკერების ნაკლის თაობაზე პრეტენზიის წარდგენას დაადასტურებდა. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ბუნკერების თაობაზე პრეტენზია ვადაში იქნა გაცხადებული. ამასთან, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითა, რომ ნაკლის დადასტურების შემთხვევაშიც, სსკ-ის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნავსადგურს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება არ ექნებოდა.
38. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ფულადი თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია იმის გამო, რომ მხარეთა შორის დადებული 14.03.2014წ. და 18.03.2014წ. ხელშეკრულებებით პირგასამტეხლოს გადახდა წერილობით შეთანხმებული იყო მხოლოდ მიმწოდებლის (გამყიდველის) და არა მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
39. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ნავსადგურის მიმართ დაწესებული სანქციების შესახებ კომპანიამ შეიტყო საქონლის გამოგზავნისას და მისი მოხსნისთვის გასწია 5300 აშშ დოლარის ხარჯი, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის აუცილებლობაზე ნავსადგურისთვის არ უცნობებია და მასზე თანხმობა არ მიუღია. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 971-ე, 974.1 მუხლებით და ვინაიდან კომპანიამ ნავსადგურს წინასწარ არ აცნობა სანქციების მოხსნისათვის ხარჯის გაწევის თაობაზე, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის 5300 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი.
40. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ხარჯების გაწევის ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. სასამართლოს განმარტებით, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კომპანია ხარჯების გაწევისას აღნიშნულს თავის საქმედ მიიჩნევდა, ეს გარემოებები კი გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
41. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
42. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
42.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გრეიფერები ნაკლოვანი და არასტანდარტულია. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ნავსადგურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რაც არასწორია, ვინაიდან არ ჩატარებულა გამოცდები იმ პირობებიდან და სტანდარებიდან გამომდინარე, რომელთა მიხედვითაც არის გრეიფერები დამზადებული. ექსპერტი თავის დასკვნაში არ უთითებს კონკრეტულად რომელი ფაქტორები განსაზღვრავს გრეიფერის დანიშნულებით გამოყენების შეუძლებლობას;
42.2. გრეიფერები სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პარამეტრს და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სახელმწიფო სტანდარტებს. ექსპერტი დასკვნაში თავად მიუთითებს, რომ გრეიფერები ვიზუალურად გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ნავსადგურის სხვა გრეიფერები;
42.3. ნავსადგურის მიერ ექსპერტიზის ჩატარებამდე გრეიფერები რომ გამოიყენებოდა, ამის დასტურია ჟანგის კვალი და გრეიფერის დანის დაზიანება;
42.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „ვიზუალური შემოწმების შემდეგ ორი გრეიფერიდან, რომლებიც განთავსებულია ქ. ბათუმში ნავსადგურის მე-7 ნავმისადგომში ზურგის ზონაში, ერთი გრეიფერი აწყობილი აღმოჩნდა - სამუშაო მდგომარეობაში". აღნიშნული ამტკიცებს ნავსადგურის მიერ გრეიფერის გამოყენებას და ასევე იმას, რომ ექსპერტის მიერ მეორე გრეიფერი არ გამოკვლეულა და არც ექსპერტიზა ჩატარებია;
42.5. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ განმარტა ინკოტერმსის ნორმები. ლექსიკონის მიხედვით, ინკოტერმსი ნიშნავს საერთაშორისო წესებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საბუნკერო მოწყობილობისა და გრეიფერების მიწოდება ბათუმის პორტში დაპ-ის (ინკოტერმს 2010) პირობებით. დაპ-ის პირობების თანახმად, მოწყობილობის მიწოდება, მათი გაბარიტებიდან გამომდინარე, აწყობილ მდგომარეობაში შეუძლებელია. დაპ-ი ნიშნავს „პუნქტში მიწოდებას“, ე.ი. „მიმწოდებელი“ ასრულებს მის მოვალეობას, რაც მიწოდებას უკავშირდება და მზადაა გადმოსატვირთად სატრანსპორტო საშუალებიდან, ხოლო „მყიდველი“ ვალდებულია მიწოდებისთანავე გადაიხადოს საქონლის ღირებულება;
42.6. მოცემულ შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება განხორციელდა 2014 წლის 24 ნოემბერს, რაც დასტურდება, როგორც საქმეში წარდგენილი ინვოისებით, ისე ნავსადგურის 27.11.2014წ. წერილით, რომლითაც მან მოითხოვა სპეციალისტები მიწოდებული პროდუქციის ასაწყობად (თუ ადგილზე არ იქნებოდა მიწოდებული ნივთი, მაშინ რანაირად მოითხოვდა მის აწყობას). ამდენად, საქონლის ოდენობის კომპაქტურობისა და ხარისხის შემოწმების ბოლო ვადა იყო 2014 წლის 29 ნოემბერი, რა დროშიც ნავსადგურის მხრიდან პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პროდუქციის მიწოდების თარიღად უნდა ჩაითვალოს 2014 წლის 28 ნოემბერი და, შესაბამისად, იმავე წლის 03 დეკემბერი იყო პრეტენზიის წარდგენის ბოლო ვადა, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან;
42.7. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ შენახვის ხარჯი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 502-ე მუხლი. რა უნდა ექნა კომპანიას, მან ხომ არ იცოდა უკრაინის მხრიდან დაწესებული სანქციების შესახებ. როგორც კი კომპანიისთვის ცნობილი გახდა სანქციების თაობაზე, იმავე მომენტიდან ჩააყენა ნავსადგური საქმის კურსში და მისი თანხმობის შემდეგ დაიწყო სანქციების მოხსნის განხორციელება. ამდენად, ნავსადგური უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან ბუნკერებისა და გრეიფერების შენახვის, ასევე ნავსადგურზე დაწესებული სანქციების მოხსნის ხარჯი კომპანიამ გასწია;
42.8. კასატორის მტკიცებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს გამოყენება ერთი მხარის მიმართ, ავტომატურად ვრცელდება მეორე მხარეზეც.
43. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
44. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
44.1. სასამართლომ მტკიცებულებები არასათანადოდ შეაფასა. მან არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ნათლად არის მითითებული, რომ ბუნკერები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს არ შეესაბამება და შეუძლებელია მისი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება;
44.2. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ ნავსადგურის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას ბუნკერების ნაკლის დასადასტურებლად. სასამართლომ აღნიშნული დაასკვნა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული განმარტების საფუძველზე გააკეთა, რომლის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარებისას მას ბუნკერები არ აუზომია და მისი ზომები ხელშეკრულების დანართში დაფიქსირებულ მონაცემებთან არ შეუდარებია. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არ გაიზიარა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მსჯელობა, თუმცა დასკვნაში ექსპერტი საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არაერთ არგუმენტს უთითებს, მათ შორის იმას, რომ ფაქტობრივად ბუნკერის ქვეშ მისი ზომების გამო ვერ შედის ვაგონი, რის გარეშეც ბუნკერების დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
46. საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით, 2019 წლის 17 ივლისს გაიმართა ზეპირი მოსმენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
47. საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
51. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.
52. კასატორების ძირითადი პრეტენზია მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის დასკვნის არასათანადოდ შეფასებას ემყარება. კერძოდ, პირველი კასატორი დავობს, რომ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასამართლომ არასწორად დაადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან გრეიფერების შეუსაბამობა, ვინაიდან ექსპერტს ექსპერტიზის ჩატარებისას მათი გამოცდა არ მოუხდენია; ხოლო, მეორე კასატორის მტკიცებით, აღნიშნული დასკვნით ნათლად დადასტურდა, რომ მიწოდებული ბუნკერები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს არ შეესაბამებოდა, რაც სასამართლოს უნდა გაეზიარებინა.
53. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
54. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
55. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ის სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ფასდება. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამასთან, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
56. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის №002110316 დასკვნისა (იხ. ტ. III, ს.ფ. 77-84) და აღნიშნული დასკვნის შემდგენი ექსპერტის განმარტების (იხ. 17.05.2017წ. სხდომის ოქმი) ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კომპანიის მიერ ნავსადგურისთვის მიწოდებული გრეიფერები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა და მათი გამოყენება შეუძლებელი იყო, ხოლო ბუნკერებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა არ არის გასაზიარებელი, ვინაიდან დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას ბუნკერები არ აუზომია და მისი ზომები ხელშეკრულების დანართში მითითებულ მონაცემებთან არ შეუდარებია. მხარეებს არ წარუდგენიათ აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, კასატორების პრეტენზია ექსპერტიზის დასკვნის არასათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
57. პირველი კასატორი დავობს, რომ პროდუქციის მიწოდება განხორციელდა 2014 წლის 24 ნოემბერს, შესაბამისად, საქონლის ოდენობის, კომპაქტურობისა და ხარისხის შემოწმების ბოლო ვადა იყო იმავე წლის 29 ნოემბერი და არა 03 დეკემბერი, რა დროშიც ნავსადგურს პრეტენზია არ წარუდგენია.
58. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 14 მარტისა და 18 მარტის ხელშეკრულებების 4.11 პუნქტის მიხედვით, პროდუქციის მიწოდების თარიღად უნდა მიჩნეულიყო 2014 წლის 28 ნოემბერი, ანუ განბაჟებიდან (25.11.2014წ.) მესამე დღე, ხოლო კასატორს არ წარუდგენია იმგვარი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას გააქარწყლებდა. კასატორის მიერ მითითებულ 27.11.2014წ. წერილში (იხ. ტ. III, ს.ფ. 214) აღნიშნულია, რომ ნავსადგურმა საბუნკერო მოწყობილობები 2014 წლის 25 ნოემბერს განაბაჟა, რაც სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
59. მიწოდებული პროდუქციის შენახვისა და ნავსადგურისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ასევე დაუსაბუთებელია, არაკვალიფიციური საკასაციო შედავების პირობებში კი საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი კასატორი საკასაციო საჩივარში „საკასაციო მოთხოვნის“ გრაფაში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხარეთა შორის 18.03.2014წ. გრეიფერებზე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ნავსადგურისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაში გაწეული ხარჯის - 5 300 აშშ დოლარის მისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან [საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში] გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და იმსჯელოს ბუნკერებისა და გრეიფერების შენახვისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე.
60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
61. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეები 14.03.2014წ. და 18.03.2014წ. ხელშეკრულებებით მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოზე წერილობით არ შეთანხმებულან, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ.
62. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
63. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
64. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
65. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
66. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის 70% – 5600 ლარი, ხოლო მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 133,92 ლარის 70% – 2 893, 74 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კომპანია „G. A.L.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ბ.ს.ნ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. კასატორს კომპანია „G. A.L.“-ს (ს/კ .......) დაუბრუნდეს დენის ზაპისნიის (პ/ნ ......) მიერ 2017 წლის 11 დეკემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. კასატორს შპს „ბ.ს.ნ–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 15 დეკემბრის №1513335891 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 133,92 (ოთხი ათას ას ოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარის 70% – 2 893, 74 (ორი ათას რვაას ოთხმოცდაცამეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე