საქმე №ას-1722-2018 15 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მერიასა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) და შპს „ე–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) შორის 2013 წლის 25 თებერვალს დაიდო №1.1.1/30/87-2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ისნის ზონის გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.
2. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტ(ებ)ის მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის (შემსყიდველის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის) მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს (4.1 პუნქტი). მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბერი (4.2 პუნქტი), ხოლო მიწოდების ადგილს წარმოადგენდა - ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონში გზები და ქუჩები (4.3 პუნქტი).
3. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 1-დან 10 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,25%-ის ოდენობით; გეგმა-გრაფიკის 10-დან 20 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,7%-ის ოდენობით.
4. ხელშეკრულების 18.1 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების მხარეებს შორის ატარებდა წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნიდა მეორე მხარეს, იგზავნებოდა საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით, დასაშვები იყო შეტყობინების მეორე მხარისთვის მიწოდება დეპეშის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინებოდა მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით. შეტყობინება ძალაში შედიოდა ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
5. 20.02.2013წ. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანია „........“ იკისრა საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება, რომლის საფუძველზეც ეს უკანასკნელი იქნებოდა პასუხისმგებელი მოსარჩელის წინაშე საერთო თანხაზე - 12 510 ლარზე და აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, მოსარჩელის პირველივე მოთხოვნისთანავე.
6. მიღება-ჩაბარების აქტებისა და შესრულებული სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, მოპასუხემ კრწანისის ქუჩაზე საჭირო სამუშაოები დაასრულა 2013 წლის 01 მაისს, ქეთევან წამებულის პროსპექტზე 2013 წლის 15 მაისს, გორგასლისა და კრწანისის ქუჩის კვეთაზე 2013 წლის 31 ივლისს, კახეთის გზატკეცილზე 2013 წლის 01 ივლისს, შანდორ პეტეფის ქუჩაზე 2013 წლის 01 ივლისს, პატარიძის ქუჩაზე 2013 წლის 01 ივლისს, კვაჭანტირაძის ქუჩაზე 2013 წლის 03 ივლისს, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, მ/სადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე 2013 წლის 03 ივლისს, მ/სადგურ ისნის უკან (აგ/ს „სოკართან“) 2013 წლის 26 აგვისტოს, ავლაბრის და გონაშვილის ქუჩების კვეთაზე 2013 წლის 31 ივლისს, კვაჭანტირაძის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები 2013 წლის 20 დეკემბერს.
7. მოსარჩელემ 2013 წლის 16 აპრილს წერილობით მიმართა მოპასუხის გენერალურ დირექტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქუჩების: გორგასლის ქუჩის, ისნის მეტროს უკან, ისნის მეტროს მიმდებარედ, კრწანისის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების დროული, მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შეკეთების მოთხოვნით.
8. მოსარჩელემ 2013 წლის 14 ივნისს წერილობით მიმართა მოპასუხეს 25.02.2013წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში შემდეგი ქუჩების: მოსკოვის გამზირი (ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ) - 500 მ2, ვაზისუბანი მე-2, მე-3 მ/რ - 500 მ2, შსს სამინისტროსთან - 350 მ2, ისნის მეტროს უკან (სოკართან) – 300 მ2, ვაზისუბნის I მ/რ, შიდა გზა - 1000 მ2, დაუყოვნებლივ, 2013 წლის 24 ივნისამდე შეკეთების მოთხოვნით.
9. მოსარჩელემ 2013 წლის 26 ივნისს წერილობით მიმართა მოპასუხეს 25.02.2013წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში შემდეგი ქუჩების: მოსკოვის გამზირი (ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ) – 500 მ2, ავლაბრის ქუჩა - 200 მ2, გონაშვილის და ავლაბრის ქუჩების კვეთა - 200 მ2, ისნის მეტროს უკან (სოკართან) – 300 მ2, მეტრომშენის პანდუსი - 300 მ2, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩის კვეთა - 100 მ2, გორგასლის ქუჩა (ბილაინის ოფისთან) – 150 მ2, მეტეხის ხიდის ქვეშ - 200 მ2, 2013 წლის 09 ივლისამდე შეკეთების მოთხოვნით.
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის პირგასამტეხლოს სახით - 22 555,90 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია 25.02.2013წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადები. კერძოდ, მოპასუხემ დაარღვია 16.04.2013წ., 14.06.2013წ., 26.06.2013წ. და 04.12.2013წ. წერილებით სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადები.
11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოპასუხის დირექტორს 16.04.2013წ., 14.06.2013წ. და 26.06.2013წ. წერილები არ ჩაბარებია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნული წერილების ხელშეკრულების 18.1 პუნქტის შესაბამისად გაგზავნა-ჩაბარებას დაადასტურებდა. აღნიშნულ წერილებზე ხელი მოპასუხის დირექტორს არ მოუწერია, ხოლო მასზე ხელმომწერი პირის (ს. კ–ძე) ვინაობა მისთვის უცნობია. იგი არ არის მოპასუხის თანამშრომელი და წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი. მოპასუხეს მხოლოდ ერთი - 04.12.2013წ. წერილი ჩაბარდა, თუმცა მას მიწოდებული გრაფიკით განსაზღვრული ვადა არ დაურღვევია. მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში - 2013 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ გაგზავნილი 16.04.2013წ., 14.06.2013წ., და 26.06.2013წ. წერილების მოპასუხისათვის ჩაბარების ფაქტი, რომლითაც შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის განსაზღვრა მოხდა.
17. სააპელაციო პალატამ მიუთითა ხელშეკრულების 4.1 და 18.1 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, სადგურის ველი, ხოლო ზემოაღნიშნული სადავო წერილები მოსარჩელის მიერ გაგზავნილია შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქ. წამებულის გამზირი № , სადაც წერილების მიღება დადასტურებულია ფიზიკური პირის - ს. კ–ძის მიერ. ამდენად, მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ პირი, რომელსაც სადავო წერილები ჩაბარდა (ს. კ–ძე) ნამდვილად მოპასუხე კომპანიის თანამშრომელს ან უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა და სწორედ წერილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან უნდა მომხდარიყო შესრულების ვადის ათვლა და, შესაბამისად, დარღვევის ფაქტის დადასტურება, თუმცა მოსარჩელემ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის გარდა წერილობითი მიმართვებისა, არსებობდა სიტყვიერი კომუნიკაციაც, რა დროსაც მოპასუხის დირექტორს, მოსარჩელის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი აძლევდა პირდაპირ მითითებებს თუ რომელი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. აღნიშნული გარემოების დასტურს წარმოადგენს, მაგალითად, 16.04.2013წ. წერილის ტექსტი, სადაც მითითებულია შემდეგი: ,,დაუყოვნებლივ უზრუნველყავით ჩვენს მიერ არაერთხელ ნაჩვენებ და სიტყვიერად მითითებულ ქუჩებზე“ შესაბამისი სარემონტო სამუშაოები.
19. საპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ 25.02.2013წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების/ სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის ფაქტი საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
20. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
21.1. მოპასუხემ დაარღვია 16.04.2013წ., 14.06.2013წ., 26.06.2013წ. და 04.12.2013წ. წერილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადები;
21.2. თუნდაც დავუშვათ, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირება, ფაქტია, რომ საქმის მასალებში წარდგენილია წერილობითი დავალებების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც ირკვევა, რომ იმ წერილებით განსაზღვრულ ობიექტებზე, რომელზეც ხელი ს. კ–ძემ მოაწერა, მოპასუხემ სამუშაოები შეასრულა, რაც ზემოაღნიშნული წერილების მოპასუხისათვის ჩაბარებაზე მიუთითებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი კომპანიისათვის უცნობი იქნებოდა სარეაბილიტაციო ქუჩების მისამართები, იგი ვერც მიღება-ჩაბარების აქტებს წარადგენდა. ამდენად, ფაქტია, რომ ს. კ–ძის მიერ ხდებოდა მიმწოდებლის ინფორმირება და ამ ინფორმაციის საფუძველზე მოთხოვნილი სამუშაოების შესრულება. თუმცა, სასამართლოს ეს გარემოებები არ შეუფასებია.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
28. კასატორის პრეტენზია ფაქტობრივი გარემოებების არასათანადოდ შეფასებას ემყარება. იგი დავობს, რომ მოპასუხეს ჩაბარდა 16.04.2013წ., 14.06.2013წ. და 26.06.2013წ. წერილები, რომლითაც კონკრეტული ობიექტები (ქუჩები) და მათი რეაბილიტაციის ვადები განისაზღვრა. კერძოდ, მოპასუხის მიერ სადავო წერილებით განსაზღვრულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება სწორედ აღნიშნული წერილების ჩაბარებაზე მიუთითებს, სხვა შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის არ იქნებოდა ცნობილი სარეაბილიტაციო ქუჩების მისამართები და იგი ვერც შესაბამის სამუშაოებს განახორციელებდა.
29. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
30. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
32. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხისათვის 16.04.2013წ., 14.06.2013წ. და 26.06.2013წ. წერილების ჩაბარების ფაქტის დადასტურება. კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ აღნიშნულ წერილებზე ხელმომწერი პირი მოპასუხის თანამშრომელს ან/და წერილების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.
33. დადგენილია, რომ მოპასუხემ 25.02.2013წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მთლიანობაში ვადაში (მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა - 31.12.2013წ.) შეასრულა, ამასთან სადავო არ არის, რომ გარდა წერილობითი მიმოწერისა, სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი კომუნიკაციაც, რა დროსაც მოსარჩელის უფლებამოსილი პირი მოპასუხეს ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მითითებებს აძლევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხის მიერ სადავო წერილებით განსაზღვრული ქუჩების რეაბილიტაციის განხორციელება მათ ჩაბარებაზე და, შესაბამისად, მიმწოდებლის ინფორმირებაზე მიუთითებს.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ" ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე