Facebook Twitter

საქმე №ას-434-2022 24 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ბ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.პ–ვი, ს.პ–ვი (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში „მოსარჩელე“, ,,კასატორი“) სარჩელი აღძრა ო.პ–ვისა (შემდეგში ტექსტში „პირველი მოპასუხე“) და ს.პ–ვის (შემდეგში ტექსტში „მეორე მოპასუხე“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დ.ბ–ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ს.პ–ს (დაბ. 20.04.1971, .......) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ....., 15.00/185.00 წილის (ს/კ - .....) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ს.პ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა დ.ბ–ძის უკანონო ს.(ს.) პ–ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, წილი: 15.00/185.00, საკადასტრო კოდი: ......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელე ს.პ–ისთვის გადაცემა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2021წ. გადაწყვეტილებით: დ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება, დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა, მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.05.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. 24.02.2023წ., მხარეებმა სასამართლოს მომართეს შუამდგომლობით მორიგების დამტკიცების თაობაზე და წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთი მხრივ, მოსარჩელის წარმომადგენლის ნ.ნ–ძის (იხ. მინდობილობა საქმეზე მორიგების უფლებით, ტ.II, ს.ფ 200-202), ხოლო, მეორე მხრივ, ს.პ–ის წარმომადგენლის დ.გ–ის (იხ. მინდობილობა საქმეზე მორიგების უფლებით, ტ.II, ს.ფ 151) მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

8. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-2-2019, 30 იანვარი, 2019 წელი). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. სსსკ-ს 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ 2023 წლის 24 თებერვლის მორიგების აქტით შეთანხმებულია პირობა უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, კერძოდ, მორიგების აქტის 1.3 პუნქტის თანახმად, (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.3. პუნქტი) დ.ბ–ძის მიერ დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულების -10 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2/5253-18 სამოქალაქო საქმეზე 26.02.2018 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. ასევე, უნდა გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2/5253-18 სამოქალაქო საქმეზე 20.02.2018 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება; შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.02.2018 და ამავე სასამართლოს 26.02.2018 წ. განჩინებები.

13. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

14. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, ანუ საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ბ–ძისა და ს.პ–ის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. მორიგების მხარეები:

ერთი მხრივ, მოსარჩელე დ.ბ–ძე და, მეორე მხრივ, მოპასუხე ს.პ–ი, შემდგომში ერთად მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ დავის მორიგებით დასრულების ნებას შემდეგი პირობებით:

2. მორიგების პირობები:

2.1. დ.ბ–ძე იღებს ვალდებულებას, მოპასუხე ს.პ–ს, არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა გადასცეს ნაღდი ანგარიშწორების წესით 10 000 აშშ დოლარი, რაც იქნება დადასტურებული წერილობითი ფორმით შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით. რაც წარმოადგენს დ.ბ–ძეზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველს;

2.2. დ.ბ–ძე (პ/ნ .......) ვალდებულების შესრულებისთანავე, ცნობილი იქნეს შემდეგი უძრავი ქონების მესაკუთრედ, მის: ქ. თბილისი, ........ ქუჩა N23ა; საკადასტრო კოდი: ..........;

2.3.დ.ბ–ძის მიერ დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულების - 10 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში:

- გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2/5253-18 სამოქალაქო საქმეზე 26.02.2018 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

- გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2/5253-18 სამოქალაქო საქმეზე 20.02.2018 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;

2.4. დ.ბ–ძის მიერ თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, იგი იღებს ვალდებულებას არაუგვიანეს 2023 წლის 15 აპრილისა გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს უძრავი ქონება მდებარე: მის: ქ.თბილისი, ......... ქუჩა N23ა; საკადასტრო კოდი: ..........., მესაკუთრეს ს.პ–ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამონთავისუფლება მოხდება კანონით დადგენილი წესით.

2.5. მორიგების აქტის პირობების შესრულებით მხარეთა შორის წყდება ყოველგვარი საქმიანი და სამართლებრივი ურთიერთობა და მათ ერთმანეთთან არავითარი ფინანსური და იურიდიული პრეტენზია/მოთხოვნა აღარ ექნებათ.

2.6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ სრულად, დროულად და ჯეროვნად შეასრულებენ ამ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს.

2.7. მხარეები ეთანხმებიან მორიგების აქტით განსაზღვრულ პირობებს და თანხმობას ადასტურებენ ხელმოწერით.

2.8. წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

4. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. დ.ბ–ძეს (პ.ნ. ..............) დაუბრუნდეს ნ.ნ–ძის მიერ 2022 წლის26 აპრილს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 750 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი