საქმე №ას-560-2022 29 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხ.კ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვა.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა აბრა „კახური ღვინო“ და მფლობელობაში გადაეცა ხ.კ–ძეს;
4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მოპასუხე მხარეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარებული არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ამასთანავე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით - საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიისათვის სარჩელის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ქმნის ვარაუდს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს. აპელანტის მითითებით ვინდიკაციის ობიექტია მოძრავი ნივთი, რომელიც იმყოფება ეროვნული მუზეუმის მფლობელობაში და შესაბამისად, მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლება პრეზუმირებული ვერ იქნება. არც-ერთ ეტაპზე სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მესაკუთრეს ხ.კ–ძე წარმოადგენდა, უფრო მეტიც, მოძრავი ნივთის ჩამორთმევა განხორციელდა გ.ჯ–ისთვის. კულტურის სამინისტროს სხდომის ოქმში მესაკუთრედ მითითებულია გ.ჯ–ი, ხოლო 2021 წლის განაჩენში დ.ზ–ის ჩვენებიდან ჩანს, რომ ნახატი ეკუთვნოდა მ.ბ–ძეს. ამდენად, ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელის მესაკუთრის უფლება ეფუძნება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო.
6.1. მოძრავი ნივთი სახელმწიფოს გადაეცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაბამისად, მფლობელობის უკანონობაზე მსჯელობა უსაფუძვლოა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურის სამინისტრო ახორციელებენ ადმინისტრაციულ წარმოებას აბრაზე „კახური ღვინო“ ავტორობის დადგენის მიზნით, თუ დადგინდება ფიროსმანის ავტორობა, სამინისტრო წარმართავს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. შესაბამისად, ეროვნულ მუზეუმში აბრა „კახური ღვინოს“ განთავსება და დაცვა იმ პერიოდამდე, ვიდრე არ დადგინდება ფიროსმანის ავტორობა, წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია. ეს ნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ყველა ფაქტი დადასტურებულად ჩაითვალა, იმისდა მიუხედავად, დასტურდებოდა თუ არა ისინი მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
8.1. სასამართლომ, დადასტურებულად ჩათვალა, რომ: 1. მოსარჩელეს 1981 წლიდან ეკუთვნოდა სახვითი ხელოვნების ნამუშევარი, აბრა „კახური ღვინო“. 2. ეს აბრა მოსარჩელემ 2003 წელს დროებით მფლობელობაში გადასცა გ.ჯ–ს. 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, გ.ჯ–ს სადავო აბრა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა. 4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2021 წლის 27 იანვრის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, ყველა მსჯავრდებული გამართლდა და დადგინდა ჩამორთმეული ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნება. 5. მოსარჩელის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დავის საგნის არამართლზომიერი მფლობელი, მოპასუხე არ უბრუნებს მესაკუთრეს კუთვნილ ქონებას და მოსარჩელისათვის უცნობია ქონების დაუბრუნებლობის მიზეზი. ამრიგად, სარჩელში მითითებული და დადასტურებულად ცნობილი ფაქტებით დადგინდა, რომ მოსარჩელე იყო სადავო ნივთის მესაკუთრე და ამ ნივთს აპელანტი ფლობდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს ფაქტები კი იურიდიულად ამართლებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი კერძოდ, სსსკ-ს 105-ე მუხლი, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული დანაწესის არასწორი განმარტება გახდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და შემდგომ მისი ძალაში დატოვების წინაპირობა. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ქმნიან ვარაუდს, რომ მოსარჩლე წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მფლობელობის პერიოდში.
9.1. კასატორი მიუთითებს სსკ-ს 170-ე და 151-ე, მუხლებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება ვინდიკაციის ობიექტზე უნდა იყოს უტყუარად დადგენილი. ამასთან, როცა დავა ეხება უძრავ ნივთს, რომელზეც საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან, მოსარჩელის საკუთრების უფლება პრეზუმირებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციით უძრავ ნივთზე. განსახილველ შემთხვევაში, კი ვინდიკაციის ობიექტია მოძრავი ნივთი, რომელიც იმყოფება ეროვნული მუზეუმის მფლობელობაში და შესაბამისად, მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლება პრეზუმირებული ვერ იქნება. არცერთ ეტაპზე სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მესაკუთრეს ხ.კ–ძე წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მოძრავი ნივთის ჩამორთმევა განხორციელდა გ.ჯ–ისთვის.
9.2. ასევე, კასატორი აღნიშნავს, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში დადასტურებული არ არის ხ.კ–ძის საკუთრების უფლება. მაგ. კულტურის სამინისტროს სხდომის ოქმში, მესაკუთრედ მითითებულია გ.ჯ–ი. ხოლო, 2021 წლის განაჩენში დ.ზ–ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ნახატი ეკუთვნოდა მ.ბ–ძეს. კასატორს, ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია, სასამართლოს პოზიცია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოსარჩელისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დაცვით ჩაბარებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიისათვის სარჩელის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატის განსჯის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შემოწმება და, ამ კონტექსტით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ კანონით დადგენილი იმპერატიული პირობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1454-2018, 30 ივლისი, 2021 წელი).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად თავიანთ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყაროს შესაგებელი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შეჯიბრებითობის ზემოაღნიშნული პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი).
18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო შეტყობინება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია, სარჩელში მითითებულ მოპასუხის ძირითად მისამართზე: ქალაქი თბილისი, ......., საფოსტო გზავნილის №0100007199594, ჩაბარდა ადრესატს 2021 წლის 8 სექტემბერს 13:40 საათზე. 2021 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენლმა დამატებით წარადგინა საქართველოს ფოსტის ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმად, 2021 წლის 7 სექტემბერს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის გაგზავნილი გზავნილი №0100007199594 ჩაბარდა მთავარ სპეციალისტს - ნ.ჩ–ს (პ/ნ ........) 2021 წლის 8 სექტემბერს (ს.ფ. 121) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსთვის.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
20. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 ).
სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიისათვის სარჩელის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება. საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა აპელანტი ორგანიზაციის თანამშრომელს, მთავარ სპეციალისტ ნ.ჩ–ს (პ/ნ .......). იმავე პირს ჩაჰბარდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც (ს.ფ. 133). აღსანიშნავია, რომ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში საბუთის მიმღებად დასახელებულია „კანცელარია“. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტმა დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
22. კასატორის მეორე პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობას უკავშირდება. კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე, რომელზეც არ არსებობს დავის საგანი.
23. კასატორის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ, გააჩნია თუ არა მოპასუხეს ნივთის დაბრუნების ვალდებულება მოსარჩელისთვის წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს არ განიხილება მტკიცებულებები, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და. თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
24. გამომდინარე იქიდან, რომ შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი არასაპატიოა და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, სასამართლომ უნდა განსაზღვროს ასეთი, სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების წრე და სამართლებრივად სათანადოდ შეაფასოს. სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუ აღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატა დაასკვნის, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, აშკარა იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2022 წლის 29 აპრილს N05455 საგადახდო დავალებით (საგადახდო მოთხოვნა) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ.ქოჩიაშვილი
თ.ძიმისტარაშვილი