Facebook Twitter

საქმე №ას-141-2023

24 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „კ.ფ–ი“, შპს „ი. ე.მ–ი“ (მოპასუხეები)

მოსარჩელის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები - სს „ს.რ–ა“, სს „ს.კ.ე.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის რეგისტრაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,კ.ფ–ის“, შპს ,,ი.ე.მ–ის“ მიმართ შემდეგი მოთხოვნით:

1.1. სს „თ.ბ–ი“ ცნობილი იქნას შპს „კ.ფ–ის“ პარტნიორად და 22% წილის მესაკუთრედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „თ.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.ბ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, სს „თ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით, გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2023 წლის 17 თებერვალს, სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა ნ.ქ–მა (იხ. რწმუნებულება ტომი 2, ს.ფ. 177) საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლის თანახმად, მხარე უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს ასევე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება, რომელიც რეგლამენტირებულია 378-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ნორმის გამოიყენება საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას: საკასაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორ სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელი ნ.ქ–ი (იხ. რწმუნებულება ტომი 2, ს.ფ. 177), წარმოდგენილი მინდობილობის ფარგლებში, უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის - ნ.ქ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ საფუძვლით, თანახმად 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.

ამასთან, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კასატორს განუმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით) და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინების, საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49.2, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ სარჩელის გამო, მოპასუხე შპს „კ.ფ–ის“ და შპს „ი. ე.მ–ის“ მიმართ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის რეგისტრაციის თაობაზე;

3. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.

4. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი