საქმე №ას-904-2022
6 იანვარი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.წ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის დამატებითი განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, გასაჩივრებული დამატებითი განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების დავალდებულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ.წ–ძემ (შემდეგში წოდებული: „მოსარჩელე“, „კასატორ“ მხარეებად) ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ზ.შ–ძისა და ნ.გ–ძის (შემდეგში წოდებული: „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე“ მხარეებად) მიმართ, რომლითაც მოითხოვა საერთო საკუთრების ფართით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა და მოპასუხეების მიერ ამოშენებული კედელის მოშლა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 25 ივლისს, ქ. ბათუმი, ...... მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა–ას“ წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ..... მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე სრული სართულისა და მანსარდის დაშენების, ასევე მოცემული სახლის 9 მარტისა და შაუმიანის კუთხეებში არსებული თავისუფალი სივრცეების ამოშენების შესახებ.
2.2. 2013 წლის 28 ნოემბერს, ქ. ბათუმი, ........ მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა–ას“ წევრების მიერ დაზუსტდა 2012 წლის 25 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, 2013 წლის 28 ნოემბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმი, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის მხრიდან თავისუფალი სივრცეების ამოშენებისა და მოცემულ სივრცეებში შემინული აივნების მოწყობაზე თანხმობა მიეცათ ამხანაგობის იმ წევრებს, რომელთა საკუთრებაში არებულ ბინებს ესაზღვრებოდა სახლის ფასადის მხარეს არსებული თავისუფალი სივრცეები და რომელთა ბინებსაც გააჩნდათ ღიობები მოცემული თავისუფალი სივრცის მხარეს.
2.3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კრება კანონით დადგენილი წესით არ ჩატარებულა, ვინაიდან იგი არ ყოფილა ამ კრებაზე მიწვეული. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს მოსარჩელეზე რადგან მას ეზღუდება საერთო სარგებლობაში არსებული ფართით სარგებლობა, რის გამოც ითხოვს ხელშეშლის აღკვეთას.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მ.წ–ძემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, მ.წ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის დამატებითი განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება იმ ნაწილში რომლითაც აპელანტი ითხოვდა ზ.შ–ძის მიერ ხელშეშლის აღკვეთას ქ. ბათუმი, ...... მდებარე, ბინა №10 (ს/კ.: .......). ამავე დამატებითი განჩინებით, აპელანტ მ.წ–ძეს, მოწინააღმდეგე მხარე ნ.გ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა ნ.გ–ძის მიერ, სააპელაციო წარმოების ეტაპზე, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ნაწილის - 160 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
5.3. ძირითადი განჩინებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, სადავო მინაშენში, ნ.გ–ძის ბინის გავლის გარეშე, მოხვედრა შეუძლებელია. მ.წ–ძის მიერ მოთხოვნილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მე-5 სართულზე არსებული ღიობის მიშენებაში მოსახვედრად საჭიროა მისი ბინის ყრუ კედლის გამოტეხვა, რომელსაც ასევე სჭირდება ამხანაგობის ნებართვა და შესაბამისად, სპეციალური მშენებლობის ნებართვა (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები 14:08-14-35 სთ.).
5.4. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მოთხოვნა დარჩება აღუსრულებელი, მანამ სანამ მ.წ–ძის ბინაზე არ გამოიტეხება ფასადის საყრდენი კედელი, რომელსაც უნდა სპეციალური მშენებლობის ნებართვა და ამხანაგობის წევრების თანხმობა, ხოლო თუ ის ვერ მოიპოვებს ასეთ ნებართვას ან/და თანხმობას, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.
5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბერის დამატებითი განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, მ.წ–ძემ გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.2. კასატორის მტკიცებით, იგი, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი, არ ყოფილა მიწვეული ამხანაგობის კრებაზე, სადაც მოხდა საერთო საკუთრებაში არსებული ფართების განკარგვა. კასატორი ამტკიცებს, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მისი, როგორც თანამესაკუთრის უფლებებსა და ინტერესებზე ვინაიდან მშენებლობა განხორციელდა საერთო საკუთრებაში არსებული ფართების ხარჯზე.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ კრების უკანონობას მოწმობს თავად კრების ოქმებს შორის სხვაობაც, კერძოდ, ერთგან მითითებულია, რომ ამხანაგობას 56 წევრი ჰყავს ხოლო მეორეგან მითითებულია, რომ წევრთა რაოდენობა 65 შეადგენს. ასევე იგი უთითებს, რომ თუ ამხანაგობამ 2012 წელს ყველა წევრის თანხმობით იმსჯელა და გადაწყვიტა სახლის კუთხეში არსებული ღიობის ამოშენების საკითხი, მაშინ გაურკვეველია რატომ გახდა საჭირო იმავე თემაზე კრების 2013 წელს მოწვევა. აღნიშნული, კასატორის აზრით, ამტკიცებს, რომ კრება 2012 წლის 25 ივლისს საერთოდ არ ჩატარებულა.
6.4. კასატორი აცხადებს, რომ არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა, თითქოს ამხანაგობის წევრებმა სადავო ფართები გადასცეს იმ წევრებს ვისაც მიეცათ ამოშენების უფლება, რადგან უდავოდაა დადგენილი, რომ ამოშენებამდე ეს ფართები საერთოდ არ არსებობდა.
6.5. კასატორი ასევე განმარტავს, რომ თავად მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან გარკვევით ჩანს, რომ მიშენებას ერთ მხარეს - ..... ქუჩის მხრიდან, ესაზღვრება მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული ბინები, ხოლო მეორე მხარეს - ..... ქუჩის მხრიდან, ესაზღვრება აპელანტის საკუთრებაში რიცხული ბინა. ამდენად კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ წ–ძის ბინა მდებარეობს ..... ქუჩის მხრიდან, რადგან მინაშენი აერთიანებს ამ ორ კორპუსს და ერთ მხარეს არის მოპასუხეთა ბინა, ხოლო მეორე მხარეს მოსარჩელის.
6.6. კასატორი ასევე აცხადებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა საცხოვრებელ ბინებს არ აქვს არანაირი ღიობი, სადაც მინაშენი გაკეთდა და ვერც ექნებოდა, რადგან ეს კედელი იყო ფასადის კედელი, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობს შესაბამისად, ღიობების არსებობა დაუშვებელი იყო. მოპასუხეებმა კედლის მოშლით მოახერხეს მინაშენში შეღწევა, რასაც იგივენაირად შეძლებდა კასატორი მხარეც, რადგან ეს ფართი ემიჯნება კასატორის საცხოვრებელ კედელსაც.
6.7. კასატორის აზრით, ის გარემოება, რომ სადავო მინაშენი ემიჯნება, როგორც მოპასუხის, ასევე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ ბინებს, სადავო ფართს ინდივიდუალურ საკუთრებად არ აქცევს, რადგან იგი არის ამხანაგობის საერთო საკუთრება. კასატორის მტკიცებით, ამხანაგობის წევრებმა მათ შორის, მოპასუხემაც ამოაშენეს საერთო საკუთრების ფართი და გამოაცალკევეს იგი ყრუ კედლით, ისე რომ დანარჩენ ამხანაგობის წევრებს არ ეძლევათ ამ ფართით სარგებლობის უფლება. აქვე, საგულისხმოა, რომ არ არსებობს გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობის საერთო საკუთრების ფართი მოპასუხეებს გადაეცათ ინდივიდუალურ საკუთრებაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მინაშენით სარგებლობას უკანონოდ ზღუდავს მოპასუხე.
6.8. 2022 წლის 09 თებერვალს, წითელაძემ წარადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას. მისი მტკიცებით, დამატებთი განჩინება დაუსაბუთებელია იმ ნაწილში, რომლითაც მას ნ.გ–ძის მიმართ, საადვოკატო მომსახურების სახით, 160 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8.3. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
8.4. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8.5. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომლის თანახმად, მოსარჩელე უთითებს დავის საგანს და სარჩელის მოთხოვნას, ასევე, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ დავის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაიცვას სარჩელის მოთხოვნის ფარგლები. (იხ. სუსგ №ას-883-2021 09.12. 2021 წ)
არაერთ საქმეში საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ: ,, ... სსსკ-ის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს, ხოლო საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვისას დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015, პ-1.4). სხვა საქმეშიც აქვს ნამსჯელი საკასაციო პალატას მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მოქმედების ვალდებულებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ,, ... დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ 3.1), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (შდრ: სუსგ №ას 934-2020, 25 მარტი, 2021 წ).
8.6. საქმის მასალების კვლევის შედეგად, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა–ის“ კრების ოქმები სადავოდ არ გაუხდია და სასარჩელო მოთხოვნად მათი ბათილად ცნობა არ დაუყენებია, შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება მხოლოდ ის არსებობს თუ არა, მოწინააღმდეგე მხარისთვის სადავო ფართით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთისა და მოპასუხის მიერ ამოშენებული კედლის მოშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მოყვანილ ვრცელ მსჯელობას კრების ოქმების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მას საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის მიმართ არარელევანტურად მიიჩნევს და ვინაიდან სასამართლო ვერ გასცდება მოთხოვნის ფარგლებს, ამ არგუმენტზე სამართლებრივ მსჯელობას/შეფასებას არ განავითარებს.
8.7. საკასაციო საჩივარი არ მოიცავს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2012 წლის 25 ივლისს, ქ.ბათუმი, ......... მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა–ას“ წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ქ.ბათუმში, ........ მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე სრული სართულისა და მანსარდის დაშენების, ასევე მოცემული სახლის 9 მარტისა და შაუმიანის კუთხეებში არსებული თავისუფალი სივრცეების ამოშენების შესახებ;
- 2013 წლის 28 ნოემბერს, ქ. ბათუმი, ........ მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა–ას“ წევრების მიერ დაზუსტდა 2012 წლის 25 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, 2013 წლის 28 ნოემბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ.ბათუმი, ........ მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის მხრიდან თავისუფალი სივრცეების ამოშენებისა და მოცემულ სივრცეებში შემინული აივნების მოწყობაზე თანხმობა მიეცათ ამხანაგობის იმ წევრებს, რომელთა საკუთრებაში არებულ ბინებს ესაზღვრებოდა სახლის ფასადის მხარეს არსებული თავისუფალი სივრცეები და რომელთა ბინებსაც გააჩნდათ ღიობები მოცემული თავისუფალი სივრცის მხარეს. მათ შორის იყვნენ ქ.ბათუმი, ........, ბინა 8-ის იმდროინდელი მესაკუთრე ანრი შერვაშიძე, რომლის უფლებამონაცვლეცაა ნ.გ–ძე.
- აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ქ.ბათუმში, ....... შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ დოკუმენტაციისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქ.ბათუმის ........ მდებარე 101 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - .........) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დამტკიცების შესახებ 2012 წლის 21 აგვისტოს N757 ბრძანება გამოსცა ქ. ბათუმის მერმაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შეთანხმებული იქნა ქ.ბათუმის, ......... ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა–ას“ მიერ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერის 2012 წლის 30 ოქტომბრის N1545 ბრძანებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, შეთანხმებული იქნა ქ.ბათუმის ......... ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა–ას“ მიერ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ არქიტექტურული პროექტი. ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 13 ივნისის N02/980 ბრძანებით;
- თვითმმართველი ქ.ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 თებერვლის N03/170 ბრძანებით, ბმა „ა–ას“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ.ბათუმში, ......... მდებარე 1702 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ........);
- მოპასუხედ დასახელებული პირის ბინა მდებარეობს პროექტით გათვალისწინებული ცარიელი სივრცეების მომიჯნავედ და მას გააჩნდა ღიობები მოცემული სივრცეების მხარეს, მსგავსად სხვა ბინათმესაკუთრეებისა, რომლებიც მითითებული იქნენ ქ.ბათუმი, ........ მდებარე ბმა „ა–ას“ წევრთა 2013 წლის 28 ნოემბრის კრების ოქმში და რომელთაც მიეცათ ...... და ....... ქუჩის მხარეს არსებული თავისუფალი სივრცეების ამოშენებისა და შემინული ლოჯიების მოწყობის უფლება;
8.8. სააკასაციო პალატა უპირველესად, კასატორს განუმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი (იხ. სუსგ. საქმეზე ას-538-2022, 2022 წლის 16 ივნისი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მსჯელობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე და ადგენს დარღვევას კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო სხვადსხვა მიზეზით პრაქტიკაში არ აღასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ან დაუსაბუთებლად აჭიანურებს მისი აღსრულების პროცესს (Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III). ასევე, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009;Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000). ამდენად, კონვენციის მე-6 მუხლით, საქმის სამართლიანი განხილვისა და ეფექტური სამართალწარმოების განხორციელების უფლებებთან ერთად, მოცულია მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტური და დროული აღსრულების უფლებაც.
8.9. საქმის მასალების კვლევისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მხარეთა მიერ წარმოთქმული ახსნა-განმარტების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით სადავო მინაშენში ნ.გ–ძის ბინის გავლის გარეშე მოხვედრა შეუძლებელია. მ.წ–ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მე-5 სართულზე არსებული ღიობის მიშენებაში მ.წ–ძე რომ მოხვდეს, ამას დასჭირდება მისი ბინის ყრუ კედლის გამოტეხვა (იხ. მტკიცებულების სახით დართული ფოტომასალა, ტომი I, ს.ფ. 211-214), რომელსაც სჭირდება ამხანაგობის ნებართვა და შესაბამისად, სპეციალური მშენებლობის ნებართვაც, რომელთა მიღების შესაძლებლობაც წინასწარ გარანტირებული არ არის (იხ. თავად მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენლის მოსაზრება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი - 14:08-14-35 სთ.). შესაბამისად, ნათელია, რომ დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც, მოსარჩელის მიერ ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნის პირობებში, შეუძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სხვა დავის წარმოების ან/და სხვადასხვა სახის ნებართვების აღების გარეშე. აღნიშნული კი არ გამომდინარეობს სამართლის მიზნებიდან, რის გამოც საკასაციო პალატის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა.
8.10. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებადობის არგუმენტის გადალახვის პირობებშიც, სარჩელს წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა მისი დაუსაბუთებლობის გამო. სახელდობრ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარება), ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2013 წლის 28 ნოემბრით დათარიღებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ გადაწყვეტილება საცხოვრებელ სახლზე ფასადის მხრიდან ცარიელ კუთხეებში შემინული აივნის მოწყობის უფლების გაცემის შესახებ, ამხანაგობის 2/3-ზე მეტმა წევრმა მიიღო და დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის ინიციატივით, ხსენებული კრების ოქმი ბათილად არ არის ქცეული.
8.11. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაპყრობს დაზუსტებული საკასაციო საჩივარის იმ ნაწილს, რომლითაც მხარე ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის დამატებითი განჩინებას, კასატორისთვის მოპასუხის წინააღმდეგ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 160 ლარის დაკისრების ნაწილში.
8.12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“) (სუსგ №ას- 330-315-2015, 29.06.2015წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.).
8.13. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება (იხ.: ტომი II, ს.ფ. 109-112), რომლის თანახმად, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა თავისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, რაც მიუთითებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე. ამასთან წარმოდგენილია შეთანხმებული საზღაურის გადახდის ქვითარიც (იხ.: ტომი II, ს.ფ. 113). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ არსებობდა მოსარჩელისთვის წარმომადგენლის ხარჯის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ანაზღაურების წინაპირობა (შდრ. Nას-330-315-2015, 29.06.2015წ.; Nას-734-702-2016, 20.01.2017წ.).
8.14. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
8.15. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
9. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორ მ.წ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 16 სექტემბერს, სს „თ. ბ–ში“ ჯ.ქ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით, №0 საგადახდო დავალებით, გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.წ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; კასატორ მ.წ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2022 წლის 16 სექტემბერს, სს „თიბისი ბანკში“ ჯ.ქ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით, №0 საგადახდო დავალებით, გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე