საქმე №ას-1035-2022
12 იანვარი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ძე, მ.ს–ძე, გ.ს–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, საგადასახადო გირავნობიდან ქონების გამოთავისუფლება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ.ს–ძემ, მ.ს–ძემ და გ.ს–ძემ (შემდეგში წოდებული: „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარეებად) ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში წოდებული: „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარეებად) მიმართ, რომლითაც დააყენეს შემდეგი სახის მოთხოვნები:
1. აღირიცხოს ნ.ს–ძის, მ.ს–ძისა და გ.ს–ძის საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ......, მშენებარე კორპუსის საცხოვრებელი ბინები: - N132 (ს/კ ...........), N133 (ს/კ........... ), N134 (ს/კ .......), N135 (ს/კ ........), N136 (ს/კ ......), N137 (ს/კ ......), N138 (ს/კ ........), N139 (ს/კ ..........), N140 (ს/კ .........), N141 (ს/კ ..........), N142 (ს/კ ...........), N143 (ს/კ ........), N144 (ს/კ .......), N145 (ს/კ ..........), N146 (ს/კ ........), N147 (ს/კ .........), N148 (ს/კ ...........), N149 (ს/კ .......), N150 (ს/კ .........), N151 (ს/კ ........), N152 (ს/კ .........);
- ავტოსადგომი N1 (13.75 კვმ) (ს/კ .......), ავტოსადგომზე N2 ფართი 13.75 კვმ, (ს/კ .........);
- კომერციულ ფართი N2, სართული პირველი, ფართი 79.84 კვმ, (ს/კ ........), კომერციულ ფართზე N3 სართული პირველი, ფართი 123.67 კვმ, (ს/კ ........).
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 სექტემბრის N081177864 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა (102019338900) უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... ქუჩა N13 მშენებარე კორპუსის საცხოვრებელი ბინები:
- N132 (ს/კ......), N133 (ს/კ .........), N134 (ს/კ ........), N135 (ს/კ ........), N136 (ს/კ .......), N137 (ს/კ ......), N138 (ს/კ ..........), N139 (ს/კ .........), N140 (ს/კ ...........), N141 (ს/კ ..........), N142 (ს/კ ..........), N143 (ს/კ ..........), N144 (ს/კ .........), N145 (ს/კ .........), N146 (ს/კ ..........), N147 (ს/კ .........), N148 (ს/კ .........), N149 (ს/კ .........), N150 (ს/კ ..........), N151 (ს/კ .........), N152 (ს/კ ..........);
- ავტოსადგომი N1 (13.75 კვმ) (ს/კ .........), ავტოსადგომი N2 ფართი 13.75 კვმ, (ს/კ ......);
-კომერციული ფართი N2 სართული პირველი, ფართი 79.84 კვმ, (ს/კ ........), კომერციული ფართი N3 სართული პირველი, ფართი 123.67 კვმ, (ს/კ .......);
3. მოპასუხე შპს „ნ.ბ–ს“ მოსარჩელეების ნ.ს–ძის, მ.ს–ძისა და გ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2842 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2016 წლის 31 ოქტომბერს, მოსარჩელეებსა და შპს „ნ.ბ–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „უძრავი ქონების პირობადადებული ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის შესახებ“, რის საფუძველზეც შპს „ნ.ბ–ს“ უნდა გადაეცა მოსარჩელეებისათვის, მათივე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ და 20 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით, ახალაშენებულ კოსრპუსში საცხოვრებელი ფართები (ბინები, ავტოსადგომი და კომერციული ფართი).
2.2. 2016 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, შპს „ნ.ბ–მა“, მშენებლობის ნებართვის აღების შემდგომ, მოსარჩელეებს გადასცა 20 000 აშშ დოლარი. თავის მხრივ, მოსარჩელეებმა დაცალეს საცხოვრებელი სახლი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბარეს მყიდველს.
2.3. შპს „ნ.ბ–ის“ 2017 წლის 1 ნოემბრის, პარტნიორთა საერთო კრების ოქმის საფუძველზე, 2019 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელეები დარეგისტრიდნენ საჯარო რეესტრში სადავო ფართების მომავალ მესაკუთრეებად, რაზედაც მოსარჩელეების მიერ გადახდილი იქნა მომსახურების საფასური 2842 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ მიმართეს შპს „ნ.ბ–ს“ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. თუმცა, მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე შპს „ნ.ბ–ის“ წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი ცნო და დაადასტურა ფაქტი, რომ მოსარჩელეებს სრულად აქვთ შესრულებული მხარეთა შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
3.2. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების თანახმად, შპს „ნ.ბ–ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო 957298.82 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 სექტემბრის N081177864 შეტყობინებით გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა (102019338900) სადავო უძრავ ქონებებზე. შპს „ნ.ბ–ი“ ვალდებული იყო მყიდველისთვის (მოსარჩელეები) ხელშეკრულებით განსაზღვრული შეთანხმების საგანი-უძრავი ქონება გადაეცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. შესაბამისად, არ უნდა შეილახოს კრედიტორის-შემოსავლების სამსახურის კანონით დაცული, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებული უფლებები. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი უთითებდა საჯარო რეესტრის ამონაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს „ნ.ბ–ი“.
4. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ნ.ს–ძის, მ.ს–ძისა და გ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
4.2. ნ.ს–ძის, მ.ს–ძისა და გ.ს–ძის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ..... მშენებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინები: - N132 (ს/კ......), N133 (ს/კ ..........), N134 (ს/კ .........), N135 (ს/კ .........), N136 (ს/კ ...........), N137 (ს/კ ...........), N138 (ს/კ ..........), N139 (ს/კ ...........), N140 (ს/კ ...........), N141 (ს/კ ..........), N142 (ს/კ ..........), N143 (ს/კ ..........), N144 (ს/კ ...........), N145 (ს/კ ........), N146 (ს/კ ..........), N147 (ს/კ ............), N148 (ს/კ ..........), N149 (ს/კ ..........), N150 (ს/კ ..........), N151 (ს/კ .........), N152 (ს/კ ..........); - ავტოსადგომები N1 (13.75 კვმ) (ს/კ .........), N2 ფართი 13.75 კვმ, (ს/კ .........); -კომერციული ფართები N2 სართული პირველი, ფართი 79.84 კვმ, (ს/კ .......), N3 სართული პირველი, ფართი 123.67 კვმ, (ს/კ ........);
4.3. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 სექტემბრის N081177864 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა (102019338900) უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ..... დასახლება N13 მშენებარე კორპუსის გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 სექტემბრის N081177864 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა (102019338900) უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... დასახლება N13 მშენებარე კორპუსის საცხოვრებელი ბინები: - N132 (ს/კ ........), N133 (ს/კ ..........), N134 (ს/კ ..........), N135 (ს/კ ..........), N136 (ს/კ ...........), N137 (ს/კ ..........), N138 (ს/კ ..........), N139 (ს/კ .........), N140 (ს/კ .........), N141 (ს/კ ........), N142 (ს/კ ..........), N143 (ს/კ ...........), N144 (ს/კ ..........), N145 (ს/კ ..........), N146 (ს/კ .........), N147 (ს/კ ...........), N148 (ს/კ ..........), N149 (ს/კ .........), N150 (ს/კ .........), N151 (ს/კ ........), N152 (ს/კ .........); - ავტოსადგომი N1 (13.75 კვმ) (ს/კ .........), ავტოსადგომი N2 ფართი 13.75 კვმ, (ს/კ .......); -კომერციული ფართი N2 სართული პირველი, ფართი 79.84 კვმ, (ს/კ ..........), კომერციული ფართი N3 სართული პირველი, ფართი 123.67 კვმ, (ს/კ ........).
4.4. მოპასუხე შპს „ნ.ბ–ს“ მოსარჩელეების ნ.ს–ძის, მ.ს–ძისა და გ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2842 ლარის გადახდა.
4.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ნ.ბ–მა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხოლო, შპს „ნ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა შპს „ნ.ბ–ისათვის“ სახელმწიფო ბაჟის სახით 3000 ლარის დაკისრების ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში ცვლილების შეტანის გზით, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს ნ.ს–ძის, მ.ს–ძისა და გ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2914.74 ლარის ანაზღაურება. ნ.ს–ძეს, მ.ს–ძეს და გ.ს–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდათ 2019 წლის 14 ნოემბერს (2019 წლის 14 ნოემბერს, სს ლ.ბ–ის აჭარის #174 სერვისცენტრის მეშვეობით, რ.ბ–ძის (პ/ნ .......) მიერ) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის ნაწილი 85.26 ლარი. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. ქუთაისის სააპელაციო პალატამ, საქმის არსებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის (მოსარჩელეებსა და მოპასუხე შპს „ნ.ბ–ს“ შორის) არსებობდა ნასყიდობისა და ნარდობის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ვინაიდან უდავოდ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეებსა და შპს „ნ.ბ–ს“ შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულების საგანი იყო, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ინდივიდუალურად განსაზღვრული ბინების აშენება და მოსარჩელეთა საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულება წარდგენილი და რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. პალატის აზრით, ვინაიდან, ეს ხელშეკრულება მოიცავდა, როგორც ვალდებულებითი შინაარსის, ასევე, სანივთო (განკარგვით) პირობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ფორმით) მისი დადებისთანავე, საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე შევიდა ძალაში.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სსიპ შემოსავლების სამსახურის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების თაობაზე არსებული ჩანაწერი მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ამ პირის მიმართ წარმოშობილი საბიუჯეტო დავალიანების გამო, ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციისათვის და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ამ შეზღუდვის გავრცელება იმ პირთა უფლებებზე, რომელთაც შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, როგორებიც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები არიან.
5.4. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მოსარჩელეებს, როგორც მომავალ მესაკუთრეებს, სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების უფლება, წარმოეშვათ შპს „ნ.ბ–ის“ საგადასახადო დავალიანების წარმოშობამდე. დღეის მდგომარეობით კი, მოსარჩელეთა მესაკუთრედ რეგისტრაცია ვერ ხერხდება შპს „ნ.ბ–ის“ იმ საგადასახადო ვალდებულების გამო, რომელთანაც კავშირი მოსარჩლეებს არ გააჩნიათ და არც რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სადავო ქონება რეალურად აღარ წარმოადგენდა მოვალის - შპს „ნ.ბ–ის“ საკუთრებას, ვინაიდან, გამყიდველმა და მყიდველმა სახელშეკრულებო ვალდებულებები შეასრულეს ჯერ კიდევ 2017 წლის 1 ნოემბრიდან და სწორედ ამ პერიოდიდან სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეებს წარმოეშვათ სადავო უძრავი ქონების საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ხოლო შპს „ნ.ბ–ს“ - ქონების მოსარჩელეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება. ამიტომ, პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ რადგან მოსარჩელეთა უფლება სადავო უძრავ ქონებებთან მიმართებით წარმოშობილი იყო უფრო ადრე, კრედიტორის ინტერესს, რომელიც მოგვიანებით წარმოიშვა, ვერ მიენიჭებოდა უპირატესობა მესამე პირების/მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების ინტერესებთან/უფლებებთან მიმართებით.
5.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო ხარჯების განაწილებას მიემართებოდა, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, ვინაიდან შპს „ნ.ბ–ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მიუხედავად იმისა, რომ მან სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ შპს „ნ.ბ–ს“ 2022 წლის 29 ივნისს წარმოეშვა 2224039,86 ლარის ოდენობით საგადასახადო ვალდებულება, რომლის წარმოშობის დროისთვის და მას შემდეგ უწყვეტად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ნ.ბ–ი“. აღნიშნულის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლი, საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევდა აღნიშნულ ქონებაზე გაევრცელებინა საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, რაც განხორციელდა კიდეც.
6.3. კასატორი განმარტავს, რომ კრედიტორს საგადასახადო ორგანოს წინაშე მილიონ ლარზე მეტი დავალიანება გააჩნია, რის გამოც, თუ სასამართლო ჩამოაყალიბებს იმგვარ პრაქტიკას, რომ გაუქმდეს კანონის შესაბამისად გამოყენებული საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, ამით საფრთხე შეექმნება სახელმწიფო ინტერესს და ამავდროულად, წახალისდებიან არაკეთილსინდისიერი მოვალეები, რაც დაუშვებელია.
6.4. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია მყდველს ანიჭებს მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, რის გამოც საგადასახადო ორგანოს საგადასახადო ვალდებულების გატარებამდე, უნდა გამოეკვლია სხვა პირების სახელზე ხელშეკრულების რეგისტრაციის არსებობა. ამ მიმართებით კასატორი მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განმტკიცებულ საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას და აცხადებს, რომ ვინაიდან მოვალე საგადასახადო დავალიანების წარმოშობის დროისთვის, საჯარო რეესტრში ირიცხებოდა სრული ქონების მესაკუთრედ, ამიტომ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის გამოყენება მოხდა მართებულად.
6.5. კასატორი დასძენს, რომ საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის უფლება არის სანივთოსამართლებრივი უფლება, რომელიც ვალდებულებითი უფლებებისგან განსხვავებით წარმოადგენს გარდამავალ უფლებას. რაც შეეხებათ მოსარჩელეებს, მათ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში წარმოუშობდათ ვალდებულებითსამართლებრივ უფლებას, ანუ უფლებას - გამყიდელისთვის მოეთხოვათ უნაკლო ნივთის გადაცემა.
6.6. კასატორი ასევე აცხადებს, რომ მას, როგორც კანონის საფუძველზე, ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავსუფლებულ პირს, არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება
8.1. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
8.2. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38. ასევე, იხ. სუსგ. საქმესზე Nას-№ას-999-2022, 2023 წლის 01 თებერვალი). სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
8.3. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), შესაბამისად რადგან კასატორს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელსაც შესაძლებელია არსებითი გავლენა ჰქონოდა საქმის შედეგზე, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება მხოლოდ კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, მისი მოსაზრებით, საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ მოსარჩელეების საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ფორმალური და შინაარსობრივი წინაპირობების დაცვით არ არის წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობამდე, რის გამოც საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის უფლება იყო კანონიერი და არ უნდა გაუქმებულიყო.
8.4. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.
8.5. საქმეში წარდგენილი შეუცილებელი მტკიცებულებით - ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეების სამომავლო საკუთრების უფლება 2019 წლის 05 მაისს, ანუ უფრო ადრე წარმოიშვა ვიდრე (იხ. შეუცილებადი მტკიცებულება, ტომი I, ს.ფ. 53-93), საგადასახადო ვალდებულება - რომელიც 2019 წლის 11 სექტემბერს დარეგისტრირდა. 2019 წლის 05 მაისის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები, კერძოდ: მოსარჩელეების მიერ 2016 წლის 31 ოქტომბრის უძრავი ქონების პირობადადებული ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით შპს „ნ.ბ–ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება და 2017 წლის 1 ნოემბრის შპს „ნ.ბ–ის“ საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმად, განხორციელდა ქ. ბათუმში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის განშლა, ფართების ნუმერაცია, არასაცხოვრებელი ფართებისა და ბინების ერთეულებად დარეგისტრირება, და მოსარჩელეები დადგინდნენ მომავალ მესაკუთრეებად სადავო უძრავ ქონებაზე. ამგვარად, საქმეზე დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში უფლება წინასწარ დაირეგისტრირეს და ნივთის მომავალ მესაკუთრეებად გაფორმდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, უსაფუძვლოა კასატორის საკასაციო პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო შპს "ნ.ბ–მი", რის გამოც შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო მის სახელზე რეგისტრირებულ მთელ ქონებაზე გაევრცელებინა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა შპს "ნ.ბ–ს" და არა მოსარჩელეებს. შპს "ნ.ბ–სა" და მოსარჩელეებს შორის დადებული უძრავი ქონების პირობადადებული ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, რომლითაც იდენტიფიცირებადი იყო მოსარჩელეთა საკუთრებაში გადასაცემი ფართები, ხოლო ასეთ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გავრცელება, ლახავს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას.
8.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ხაზგასმით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, გადასახადის გადამხდელის, შპს „ნ.ბ–ის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, ღია აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიექცა გადასახადის გადამხდელის „შპს „ნ.ბ–ის“ ყადაღადადებული ქონება, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ ქონებისა, რომლებზეც დავალიანების წარმოშობამდე (საგადასახადო გირავნობა-_იპოთეკის რეგისტრაციამდე) რეგისტრირებული იყო მომავალი მესაკუთრეების, მათ შორის მოსარჩელეების მავილე, გიორგი და ნ.ს–ძეების უფლებები. სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შპს „ნ.ბ–ის“ საკუთრებად რეგისტრირებული იმ ფართების რეალიზაციაზე, რომლებზედაც რეგისტრირებული იყო მესამე პირების, მათ შორის მოსარჩელეების მომავალი საკუთრების უფლება.
8.7. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით, ფაქტობრივად სრულად გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, რომლითაც შედავებულია იმ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობა, რომელიც არ არის გადასახადის გადამხდელის/მოვალის პირადი ქონება.
8.8. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მეორე არგუმენტს კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ კანონი პირდაპირ უთითებს მოგებული მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მეორე მხარისათვის დაკისრებას, ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია თუ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაზეც სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა (იხ. სუსგ. საქმეზე ას №ას-1887-2018, 2019 წლის 15 მარტი).
8.9. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით, ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე