Facebook Twitter

საქმე №ას-1253-2022 10 იანვარი, 2023 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ.დ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ჯი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, კონტრაჰირების იძულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ჯ.დ–მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „ა.ჯ–ის“ მიმართ და მოითხოვა:

1.1. აღიარებულ იქნეს, რომ მოპასუხეს ბაზარზე უკავია დომინირებული მდგომარეობა;

1.2. აღიარებულ იქნეს, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეზე გასცეს გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შემდეგი არსებითი პირობებით: (ა) ფასი: 1 კვ.მ. / 8 ლარი (იგივე, რაც დადებულია შპს „ა“-სთან); (ბ) ლოკაცია: ქ. თბილისი, ...... განთავსებულ სარეკლამო კონსტრუქცია; (გ) ვადა: 2021 წლის 3 აპრილამდე (ლიცენზიის მოქმედების ვადით);

1.3. აღიარებულ იქნეს მოსარჩელის უფლება 1.2 პუნქტში მითითებული პირობების დაცვით განათავსოს გარე რეკლამა;

1.4. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარით, 2018 წლის 27 ნოემბრიდან სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღემდე (15 თვე, 18 დღე) მიყენებული ზიანის, 70 309.2 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ანაზღაურება;

1.5. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარით, სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე მიყენებული ზიანის, თვეში 4,507 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.დ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ა.ჯის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიარებული იქნა შპს „ა.ჯის“ დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. დაევალა შპს „ა.ჯის“ ქ. თბილისში, მდინარე მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით, მისცეს შპს „ჯ.დ–ს“ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შემდეგი არსებითი პირობებით: გარე რეკლამის კონსტრუქციის განთავსების ადგილი - ქ. თბილისი, ......; საზღაურის ოდენობა - 1 კვ. მეტრის განთავსების ღირებულება განისაზღვრა 8 ლარით. აღიარებულ იქნა შპს „ჯ.დ–ის“ უფლება სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული პირობების დაცვით განათავსოს გარე რეკლამა. დაეკისრა მოპასუხე შპს „ა.ჯის“ მოსარჩელე შპს „ჯ.დ–ისთვის“ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარის თქმით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის - 2018 წლის 27 ნოემბრიდან, ერთი წლის განმავლობაში (12 თვე) მიყენებული ზიანის, 54 084 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზრაურება, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. მოპასუხისათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარის თქმით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის, სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე მიყენებული ზიანის, თვეში 4 507 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ა.ჯის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. და მე-2. პუნქტების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე შპს „ა.ჯის“ დაეკისრა მოსარჩელე შპს „ჯ.დ–ისთვის“ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარის თქმით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის - 2018 წლის 27 ნოემბრიდან, ერთი წლის განმავლობაში (12 თვე) მიყენებული ზიანის, 43 284 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში, შპს „ა.ჯის“ უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შპს „ა.ჯის“ უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებების (1. სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 2. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 3. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), ასევე, ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინების (მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმების შესახებ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების ტექსტში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა; გადაწყვეტილების ტექსტსა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნაცვლად 43 284 აშშ დოლარისა, მიეთითა 44 928 აშშ დოლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც შპს „ჯ.დ–მა“ (მოსარჩელე), ასევე შპს „ა.ჯიმ“ (მოპასუხე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ა.ჯის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

რაც შეეხება შპს „ჯ.დ–ის“ საკასაციო საჩივარს, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ შპს „ჯ.დ–ს“ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს – რ.ხ–ძეს ასისტენტის - ა.გ–ის მეშვეობით, (იხ. მინდობილობა ტომი II, ს.ფ. 194) ჩაბარდა 2022 წლის 16 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს – რ.ხ–ძეს, ასისტენტის - ა.გ–ის მეშვეობით, (იხ. მინდობილობა ტომი II, ს.ფ. 194) ჩაბარდა 2022 წლის 16 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს გზავნილის ასისტენტის როგორც უფლებამოსილი პირის მიერ, ჩაბარების საკითხს (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-395-2022, 2022 წელი 19 ივლისი) და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ, შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (სუსგ. საქმე Nას-1289-1309-2011, 14.11.2011წელი).

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ჯ.დ–ისთვის“ იგივე მისამართზე გაგზავნილი უწყება 2021 წლის 06 ოქტომბერს ჩაბარდა ა.გ–ს, როგორც ასისტენტს (იხ. ტომი III, ს.ფ. 264) და აღნიშნული ჩაბარების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საპროცესო მოქმედება - წარმოდგენილ იქნა სააპელაციო შესაგებელი (იხ. ტომი III, ს.ფ. 266-284). ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი სხვა კორესპონდენციაც (განჩინება), რომელიც 2022 წლის 29 ივლისს ჩაბარებული აქვს ასევე ასისტენტს - ა.გ–ს (იხ. ტომი III, ს.ფ. 441). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო გზავნილის 2022 წლის 16 დეკემბერს ასისტენტისთვის გადაცემით, შპს „ჯ.დ–ს“ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ შპს „ჯ.დ–ისთვის“ ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 16 დეკემბრის მომდევნო დღეს, 2022 წლის 17 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 26 დეკემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორი შპს „ჯ.დ–ის“ წარმომადგენელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი