საქმე №ას-1451-2022
15 თებერვალი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრების ავტორი - გ.ზ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხეები - ბ.ბ–ძე, მ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების სოლიდარულად გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი :
სს ,,ლ.ბ–მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ზ–ის, მ.ბ–ის, ბ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხეების გ.ზ–ის, მ.ბ–ისა და ბ.ბ–ძისათვის მოსარჩელე სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ N0002/2016/19065 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 2755.26 ლარის, პროცენტის - 1288.30 ლარისა და ჯარიმის 920 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე გ.ზ–ისათვის მოსარჩელე სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ 800 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს გ.ზ–ს, ბ.ბ–ძესა და მ.ბ–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ, დავალიანების ძირითადი თანხის 2755.26 ლარის, პროცენტის - 1288.30 ლარისა და პირგასამტეხლოს - 221.76 ლარის გადახდა. მოპასუხე გ.ზ–ს, მოსარჩელე სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ზ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, გ.ზ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივარით გაასაჩივრა გ.ზ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ გ.ზ–ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს - გ.ზ–ს ჩაბარდა 2023 წლის 13 იანვარს, (იხ. ტომი II; ს.ფ. 91) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორს - გ.ზ–ს ჩაბარდა პირადად 2023 წლის 13 იანვარს, (იხ. ტომი II; ს.ფ. 91) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ გ.ზ–ისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 13 იანვრის მომდევნო დღეს, 2023 წლის 14 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 20 იანვარს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ზ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი