საქმე №ას-1504-2022 10 მარტი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ.ყ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ლ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.ლ–სმა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „მ.ყ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: ა) მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდის დაკისრება; ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, გადასახდელი თანხის 30 000 ლარის წლიური 10%-ის გადახდის დაკისრება, ყოველი ვადაგადაცილებული თვისათვის.
2. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 35 000 ლარის ლოჯისტიკური მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავის ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მომსახურების საფასური სრულად დღემდე არ გადაუხდია. 2017 წლის 21 ივლისს გადაიხადა 4000 ლარი, ხოლო 2017 წლის 25 ნოემბერს 1000 ლარი. დღეის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 30 000 ლარს.
3. 2018 წლის 12 ივნისს მხარეთა შორის შედგა შედარების აქტი, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს თავისი ვალდებულება შესრულებული. ამავე შედარების აქტით, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ დავალიანებას 2018 წლის 1 აგვისტომდე დაფარავდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ დავალიანება არ დაფარა. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მოსარჩელის განმარტებით, თუკი მოპასუხე ვალდებულებას დადგენილ ვადაში შეასრულებდა, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების გზით.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გაუწევია ლოჯისტიკური მომსახურება, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელე არ იყო რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. მოპასუხეს 2017 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას უწევდნენ სხვა პირები, რომლებზედაც უშუალოდ გაცემული იყო შესაბამისი რწმუნებები. გარდა ამისა, მოპასუხემ მიიჩნია, რომ 2018 წლის 12 ივნისის შედარების აქტი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მოტყუებით, მოსარჩელის მხრიდან, რადგან მოსარჩელეს რაიმე მომსახურება არ გაუწევია მოპასუხისათვის. ამ გარემოების შესახებ მოპასუხის იმჟამინდელი დირექტორი ინფორმირებული რომ ყოფილიყო, შედარების აქტზე ხელს არ მოაწერდა. შესაბამისად, მოპასუხემ მიიჩნია, რომ შედარების აქტი, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება, ბათილია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა. სარჩელი უარყოფილი იქნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რომლის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 648-ე მუხლი (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას).
9. ამასთან, სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა (სუსგ №ას-729-729-2018, 28.02.2019წ.).
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.).ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017წ.). ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ემუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სუსგ ას-344-2019). სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sund survanda“ -ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
11. მოპასუხე აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს მოპასუხისათვის საბროკერო მომსახურება არ გაუწევია. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი და მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ის საბაჟო დეკლარაციები, რომელთა დიდი ნაწილი შესრულებულია უშუალოდ მოპასუხის მიერ. აღნიშნული მომსახურება საერთო ჯამში 17200 ლარის, შესრულებულია მოპასუხის (აპელანტი) მიერ. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს 29 670 ლარს, სასამართლომ კი - არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს უნდა შეესრულებინა 30 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე კომპანია 22.06.2017 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, საიდენტიფიკაციო კოდით: ...... საზოგადოების 100% დამფუძნებელ პარტნიორს და დირექტორს წარმოადგენს მარიამ დარსანია.
13. ხელშეკრულების შედგენის თარიღად მითითებულია 02.06.2017წ., თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია 2017 წლის 22 ივნისს რეგისტრირებული საწარმოს სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი - ......
14. მხარეთა შორის დადებულია საბროკერო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.
15. ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის - მოსარჩელის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს დამკვეთის წარმომადგენლობას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და დამკვეთის ტვირთის/საქონლის იმპორტ-ექსპორტისა და სხვა სახის საბაჟო პროცედურების განხორციელებას დამკვეთის სახელით.
16. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებს, კერძოდ, 2017 წლის 16 ნოემბრის Nჩ6045 დეკლარაციას ერთვის, 2017 წლის 01 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულება საბროკერო მომსახურებაზე, რომელიც დადებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები - დირექტორები.
17. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებისა და თანდართული საბუთების ელექტრონული ასლებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ 2020 წლის 24 ივლისს წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული დეკლარაციების წარდგენა ხდებოდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მინდობილობით განსაზღვრული პირის მიერ, ამასთან თითოეულ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციას ერთვის მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება საბროკერო მომსახურების თაობაზე.
18. გაწეული მომსახურების ღირებულების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინვოისები და შედარების აქტი. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 12 ივნისის ურთიერთშეთანხმების აქტი, რითაც მოპასუხე იღებს ვალდებულებას, რომ გადაუხდის კრედიტორს - მოსარჩელეს დავალიანებას 30 000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2018 წლის 01 აგვისტოსი. აღნიშნულ აქტზე ფიქსირდება ორივე კომპანიის უფლებამოსილი პირების - დირექტორების ხელმოწერა.
19. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის/მოპასუხის პოზიციას ხელშეკრულების დადების ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი არ გამორიცხავს მოპასუხის ქონებრივ პასუხისმგებლობას, რადგან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების ფაქტი გაქარწყლებული არ არის. უფრო მეტიც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა, რომ მომსახურეობის გაწევა განხორციელდა, რისთვისაც მათ მომსახურების საფასური არც მოსარჩელე მხარისთვის და არც მოსარჩელის მინდობილი პირებისათვის არ აუნაზღაურებიათ.
20. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის საბროკერო მომსახურების ხელშეკრულება დადებული იქნა საწარმოს რეგისტრაციის შემდეგ. მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რომლის ღირებულებაც მოპასუხეს/აპელანტს არ აუნაზღაურებია.
21. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში, კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო სასამართლომ საკმარის წინაპირობად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის უარყოფისათვის.
22. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე აპელანტის მოსაზრება, რომ 2018 წლის 12 ივნისის შედარების აქტი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მოტყუებით, მოსარჩელის მხრიდან, რადგან მოსარჩელეს რაიმე მომსახურება არ გაუწევია მოპასუხისათვის. ეს რომ სცოდნოდა მოპასუხის იმჟამინდელ დირექტორს, შედარების აქტზე ხელს არ მოაწერდა. შესაბამისად, ბათილია ზემოაღნიშნული შედარების აქტი, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება.
23. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/აპელანტის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა იმის მტკიცება, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას, რასაც მოპასუხემ წარმატებით თავი ვერ გაართვა.
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
25. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
26. კასატორი აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გაუწევია საბროკერო მომსახურება. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი და მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ის საბაჟო დეკლარაციები, რომელთა დიდი ნაწილი შესრულებულია უშუალოდ მოპასუხის მიერ. აღნიშნული მომსახურება საერთო ჯამში 17200 ლარის, უშუალოდ შესრულებულია მოპასუხის (აპელანტი) მიერ. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შესასრულებელი სამუშაოების ჯამი შეადგენს 29 670 ლარს, ხოლო სასამართლომ, არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს უნდა შეესრულებინა 30 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
27. კასატორი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 ივნისს, იმ პერიოდისათვის დაურეგისტრირებელ კომპანიასა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბროკერო მომსახურებაზე. 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გაუწევია ლოჯისტიკური მომსახურება, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელე არ იყო რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში.
28. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 12 ივნისის შედარების აქტი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მოტყუებით, მოსარჩელის მხრიდან, რადგან მოსარჩელეს რაიმე მომსახურება არ გაუწევია მოპასუხისათვის. ეს რომ სცოდნოდა მოპასუხის იმჟამინდელ დირექტორს, შედარების აქტზე ხელს არ მოაწერდა. შესაბამისად, სსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ბათილია აღნიშნული შედარების აქტი, როგორც მოტყუებით დადებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
31. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე კომპანია 22.06.2017 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, საიდენტიფიკაციო კოდით: ........ საზოგადოების 100% დამფუძნებელ პარტნიორს და დირექტორს წარმოადგენს მარიამ დარსანია.
32. ხელშეკრულების შედგენის თარიღად მითითებულია 02.06.2017წ., თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია 2017 წლის 22 ივნისს რეგისტრირებული საწარმოს სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი - .....
33. მხარეთა შორის დადებულია საბროკერო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.
34. ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის - მოსარჩელის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს დამკვეთის წარმომადგენლობას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და დამკვეთის ტვირთის/საქონლის იმპორტ-ექსპორტისა და სხვა სახის საბაჟო პროცედურების განხორციელებას დამკვეთის სახელით.
35. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებს, კერძოდ, 2017 წლის 16 ნოემბრის Nჩ6045 დეკლარაციას ერთვის, 2017 წლის 01 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულება საბროკერო მომსახურებაზე, რომელიც დადებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები - დირექტორები.
36. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებისა და თანდართული საბუთების ელექტრონული ასლებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ 2020 წლის 24 ივლისს წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული დეკლარაციების წარდგენა ხდებოდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მინდობილობით განსაზღვრული პირის მიერ, ამასთან თითოეულ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციას ერთვის მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება საბროკერო მომსახურების თაობაზე.
37. გაწეული მომსახურების ღირებულების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინვოისები და შედარების აქტი. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 12 ივნისის ურთიერთშეთანხმების აქტი, რითაც მოპასუხე იღებს ვალდებულებას, რომ გადაუხდის კრედიტორს - მოსარჩელეს დავალიანებას 30 000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2018 წლის 01 აგვისტოსი. აღნიშნულ აქტზე ფიქსირდება ორივე კომპანიის უფლებამოსილი პირების - დირექტორების ხელმოწერა.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).
40. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.2 სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I და 648-ე მუხლების საფუძველზე.
41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. ( იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).
42. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“ (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).
44. საკასაციო პალატას მიაჩნია, კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, ამ განჩინების პ.26-ში კასატორის პრეტენზია მის მიერ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიის იდენტურია; კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის საბროკერო მომსახურება არ გაუწევია. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი და მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ის საბაჟო დეკლარაციები, რომელთა დიდი ნაწილი შესრულებულია უშუალოდ მოპასუხის მიერ. აღნიშნული მომსახურება საერთო ჯამში 17200 ლარის, უშუალოდ შესრულებულია მოპასუხის (აპელანტი) მიერ. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, ჯამში, შეადგენს 29 670 ლარს, სასამართლომ კი - არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს უნდა შეესრულებინა 30 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
45. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინებაში, კერძოდ, დადგენილია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე კომპანია 22.06.2017 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, საიდენტიფიკაციო კოდით: .......... საზოგადოების 100% დამფუძნებელ პარტნიორს და დირექტორს წარმოადგენს მარიამ დარსანია. ხელშეკრულების შედგენის თარიღად მითითებულია 02.06.2017წ., თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია 2017 წლის 22 ივნისს რეგისტრირებული საწარმოს სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი - ..........
46. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებს, კერძოდ, 2017 წლის 16 ნოემბრის Nჩ6045 დეკლარაციას ერთვის, 2017 წლის 01 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულება საბროკერო მომსახურებაზე, რომელიც დადებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები - დირექტორები.
47. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებისა და თანდართული საბუთების ელექტრონული ასლებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ 2020 წლის 24 ივლისს წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული დეკლარაციების წარდგენა ხდებოდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მინდობილობით განსაზღვრული პირის მიერ, ამასთან თითოეულ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციას ერთვის მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება საბროკერო მომსახურების თაობაზე.
48. შესაბამიად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, დადებულია საბროკერო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (სსკ-ის 50-ე, 319-ე, 327-ე და 629-ე მუხლები), რომლის საგანია შემსრულებლის - მოსარჩელის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს დამკვეთის წარმომადგენლობას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და დამკვეთის ტვირთის/საქონლის იმპორტ-ექსპორტისა და სხვა სახის საბაჟო პროცედურების განხორციელებას დამკვეთის სახელით.
49. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის საბროკერო მომსახურება არ გაუწევია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს წინამდებარე განჩინებითაა დადგენილი, გაწეული მომსახურების ღირებულების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინვოისები და შედარების აქტი. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 12 ივნისის ურთიერთშეთანხმების აქტი, რითაც მოპასუხე იღებს ვალდებულებას, რომ გადაუხდის კრედიტორს - მოსარჩელეს დავალიანებას 30 000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2018 წლის 01 აგვისტოსი. აღნიშნულ აქტზე ფიქსირდება ორივე კომპანიის უფლებამოსილი პირების - დირექტორების ხელმოწერა. უფრო მეტიც, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა, რომ მომსახურეობის გაწევა განხორციელდა, რისთვისაც მათ მომსახურების საფასური არც მოსარჩელე მხარისთვის და არც მოსარჩელის მინდობილი პირებისათვის არ აუნაზღაურებიათ.
50. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაადასტურა სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისა და ამ ურთიერთობის ფარგლებში შესრულების ფაქტი. ამ თვალსაზრისით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზიით ვერ გააქარწყლა. ამასთან, ამ მოცემულობაში მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხეს სრულად აქვს ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება, მოპასუხის მხარეზე გადავიდა.
51. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულია ვალდებულება, რომლის ღირებულება მოპასუხეს არ აქვს ანაზღაურებული.
52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია (შდრ: სუსგ №ას-1229-2022, 23 დეკემბერი, 2022 წელი, პ.55).
53. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 04 მარტი, 2019წ., პ.125.).
54. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას ვალდებულების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, სწორად იქნა გამოყენებული/განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 433-ე მუხლები, რომელთა დებულებები იძლევიან იმ მატერიალურ-სამართლებრივ გარანტიას მოვალისათვის, რომელიც მას სრულ შესაძლებლობას ანიჭებს, თუნდაც არაკეთილსინდისიერი კრედიტორის პირობებში, დაამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი. ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი). ამასთან, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების/მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც.
55. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში(ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები). სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
56. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამდენად, ფულადი ვალდებულების დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს (სუსგ №ას-334-2021, 05 ნოემბერი, 2021წელი, პპ.107-111). განსახილველ შემთხვევაში, კასატორს დასაშვები საკასაციო პრეტენზია არც ვალდებულების შესრულების ნაწილში არ წარმოუდგენია.
57. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პ.28-ში, კერძოდ, მითითებას მასზედ, რომ 2018 წლის 12 ივნისის შედარების აქტი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მოტყუებით, მოსარჩელის მხრიდან, რადგან მოსარჩელეს რაიმე მომსახურება არ გაუწევია მოპასუხისათვის. ეს რომ სცოდნოდა მოპასუხის იმჟამინდელ დირექტორს, შედარების აქტზე ხელს არ მოაწერდა. შესაბამისად, სსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ბათილია აღნიშნული შედარების აქტი, როგორც მოტყუებით დადებული.
58. საკასაციო პალატა სსკ-ის 50-ე მუხლზე (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ) მითითებით აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა. ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ მხარე, ვის წინააღმდეგაც მოქმედებს ეს პრეზუმფცია (მოცემულ შემთხვევაში - მოპასუხე), დაადასტურებს, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
59. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებას აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64.)
60. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორად იქნა უარყოფილი მოპასუხე აპელანტის მოსაზრება, რომ 2018 წლის 12 ივნისის შედარების აქტი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მოტყუებით და შედარების აქტი ბათილია, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება, ვინაიდან მოპასუხის/აპელანტის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა იმის მტკიცება, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას, რასაც მოპასუხემ წარმატებით თავი ვერ გაართვა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შედარების აქტზე ხელმოწერით მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
64. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.ყ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „მ.ყ–ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო (ს.კ: .....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ყ–ის მიერ (პ.ნ: ......) სახელმწიფო ბაჟის სახით 16.12.2022-ში N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1500 ლარის 70% – 1050 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინეგასიტაშვილი
მირანდა ერემაძე