Facebook Twitter

საქმე №ას-88-2023 10 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი– შპს „ვ.შ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე–ნ.ხ–ნი(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი–ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.ხ–ნმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ.შ.-ს“(შემდგომ – მოპასუხე)მიმართ სესხის ძირი თანხის - 50 000 ლარისა და 2017 წლის აპრილიდან 2019 წლის ივლისის პერიოდისათვის პროცენტის - 16916.76 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 27 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 50000 ლარი ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებელი -წლიური 14.5%. მხარეთა დამატებითი შეთანხმებით სესხის მოქმედების ვადა გაგრძელდა მხარეთა მიერ მის საბოლოო შეწყვეტამდე. 2017 წლის 28 მარტამდე მოპასუხე კეთილსინდისიერად იხდიდა სესხის პროცენტს, რის შემდგომაც გადახდა შეწყვიტა. მოპასუხემ აღიარა ვალდებულების არსებობა.რეორგანიზაციის ფარგლებში მან რამდენჯერმე წარუდგინასაჯარო რეესტრსკრედიტორთა სია, სადაც მითითებულია მოსარჩელის მოთხოვნაც.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2012 წლის 27 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებაში არსად არ ფიქსირდება კომპანიის მიერ თანხის მიღების ფაქტი. მოცემულ სარჩელზე გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ამასთან, არანაირი დამატებითი შეთანხმება სესხის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ არ არსებობს. სარჩელზე თანდართული 2017 წლის 28 მარტის საბანკო საგადახდო დავალებით არ დასტურდება, სესხზე რა პროცენტია გადახდილი.

4. მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი სესხი არ არსებობს და მოსარჩელე იყენებს მოპასუხის ყოფილ დირექტორს შპს-საგან თანხის გამოსაძალად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა, ხოლო სარგებლის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა განმეორებით დაინიშნა 2022 წლის 12 დეკემბერს, 13:00 საათზე.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე მუხლით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ სხდომის თარიღის შესახებ აპელანტს - შპს-ს დირექტორს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა 2022 წლის 9 დეკემბერს.

9. საქმის განხილვაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. სსსკ-ის 229-ე მუხლისა და 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადასტურდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა წინაპირობა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითაა, რომ საქმის განხილვაზე აპელანტი მხარე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით - შპს-ს დირექტორის ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ით. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი, 2 ურთულესი ოპერაცია, სისტემატურად მკურნალობდა და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კერძო საჩივრის ავტორი შეეცადა სასამართლოსთან დაკავშირებას იმ ნომერზე, რომლიდანაც სხდომის თარიღი ეცნობა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ნომრით სარგებლობა ცალმხრივია და მოხელესთან დაკავშირება ტექნიკურად ვერ ხერხდება.

13. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ინფორმაცია 2022 წლის 12 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დანიშვნის შესახებ შპს-ს დირექტორს ეცნობა ტელეფონის საშუალებით 2022 წლის 9 დეკემბერს, პარასკევ დღეს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სასამართლო უწყება კი საწარმოს ოფისში ჩაბარდა 2022 წლის 14 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს მანამდე შეუწყდა შპს-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებიდან შპს-ს დირექტორს 2 არასამუშაო დღეს ჰქონდა ახალი რწმუნებულის მოსაძებნად.

14. 2023 წლის 2 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა კერძო საჩივარზე წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

17. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

18. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

19. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

20. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 12 დეკემბერს, 13:00 საათზე.

22. 2022 წლის 20 ივნისს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და შპს-ს წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე უარი განაცხადა (ტომი 2, ს.ფ 39).

23. სააპელაციო პალატამ აპელანტ შპს-ს სასამართლო უწყება გაუგზავნა 2022 წლის 30 ნოემბერს, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 14 დეკემბერს (ტომი 2. ს.ფ 42). აპელანტს სხდომის თარიღი ეცნობა 2022 წლის 9 დეკემბრის სატელეფონო შეტყობინებით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტი პროცესზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი პალატას არ აცნობა.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

26. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ინფორმაცია 2022 წლის 12 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დანიშვნის შესახებ შპს-ს დირექტორს ეცნობა ტელეფონის საშუალებით 2022 წლის 9 დეკემბერს, პარასკევ დღეს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სასამართლო უწყება კი საწარმოს ოფისში ჩაბარდა 2022 წლის 14 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს მანამდე შეუწყდა შპს-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებიდან შპს-ს დირექტორს 2 არასამუშაო დღეს ჰქონდა ახალი რწმუნებულის მოსაძებნად.

27. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საქმის განხილვაზე აპელანტი მხარე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით - შპს-ს დირექტორის ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ით. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი, 2 ურთულესი ოპერაცია, სისტემატურად მკურნალობდა და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კერძო საჩივრის ავტორი შეეცადა სასამართლოსთან დაკავშირებას იმ ნომერზე, რომლიდანაც სხდომის თარიღი ეცნობა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ნომრით სარგებლობა ცალმხრივია და მოხელესთან დაკავშირება ტექნიკურად ვერ ხერხდება.

28. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას სააპელაციო სასამართლოს მიერ არაგონივრული დრო განესაზღვრა წარმომადგენლის მოსაძიებლად. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 12 დეკემბერს 13 საათზე. 2022 წლის 20 ივნისს აპელანტის წარმომადგენლმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და უარი განაცხდა აპელანტის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე (იხ. ტ.2. ს.ფ.39). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს 2022 წლის 20 ივნისიდან 2022 წლის 9 დეკემბრამდე, გონივრული დრო ჰქონდა, მიენიჭებინა ახალი რწმუნებულისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

29. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკასაციო პალატა იზიარებს ამ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

31. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოუცხადებლობის შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (იხ. სუსგ საქმე №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 06 მაისი, 2016 წელი; №ას-516-516-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1674-2019, 14 სექტემბერი, 2020 წელი, სუსგ 25.01.2022წ. საქმე №ას-1782-2018).

33. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

34. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-929-2019 1.08.2019 წ.).

35. განსახილველ საქმეში კერძო საჩივარს დაერთო აპელანტი შპს-ს დირექტორის სახელზე 2022 წლის 12 დეკემბერს, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დღეს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა (ტომი 2, ს.ფ 65), რომელშიც მითითებულია, რომ პაციენტი საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ და რიგ კვლევებს. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს ჩატარებული აქვს ოპერაციული ჩარევა სწორ ნაწლავზე, სიმსივნის გამო, რის შემდეგაც დროდადრო ესაჭიროებოდა მკურნალობა. გადატანილი აქვს მარცხენამხრივი ნეფროსტომა, სიმსივნური დაზიანების გამო, და ტვინის იშემიური ინსულტი. ცნობას ხელს აწერს როგორც მკურნალი ექიმი, ასევე დაწესებულების ხელმძღვანელი.

36. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2022 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნდა და არსებობდა პროცესზე გამოუცხადებლობის სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

37. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წინასწარ შეუტყობინებლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსთვის წინასწარ ინფორმირების სამართლებრივი დატვირთვა ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ამგვარი შეტყობინებით შესაბამისი მხარე, არამხოლოდ თავისი, არამედ მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო რესურსის არაეფექტური ხარჯვის პრევენციას უზრუნველყოფს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარად დასტურდება ავადმყოფობის მიზეზით მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, მიუხედავად იმისა, მხარემ წინასწარ შეატყობინა თუ არა სასამართლოს, პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე (იხ. სუსგ 30.04.2020წ. საქმე №ას-1976-2018).

38. სააკსაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო განჩინება მიღებულია კოლეგიური შემადგენლობის მიერ, მაშინ ამ განჩინებას ხელს აწერენ კოლეგიური შემადგენლობის ყველა მოსამართლე. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2022 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ. გასაჩივრებული განჩინება შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს, რადგან განჩინების პირველ გვერდზე საქმის განმხილველ მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობაა ასახული, ხოლო სარეზოლუციო ნაწილს კი ხელს აწერს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარე.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე,420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვ.შ.-ს“კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე