საქმე №ა-718-შ-20-2023 10 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ც–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ც–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ს.ც–ძესა და ა.ც–ძეს შორის ბერლინში, შარლოტენბურგი-ვილმერსდორფის მმაჩის ბიუროში 2003 წლის 1 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის №951) შეწყდა.
ა.ც–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 27 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ა.ც–ძე საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით ა.ც–ძის შუამდგომლობა გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.ც–ძის შუამდგომლობა გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ს.ც–ძესა და ა.ც–ძეს შორის ბერლინში, შარლოტენბურგი-ვილმერსდორფის მმაჩის ბიუროში 2003 წლის 1 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის №951) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 27 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ა.ც–ძე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ც–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ს.ც–ძესა და ა.ც–ძეს შორის ბერლინში, შარლოტენბურგი-ვილმერსდორფის მმაჩის ბიუროში 2003 წლის 1 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის №951) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი