Facebook Twitter

საქმე №ა-951-შ-24-2023 10 მარტი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.უ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ს. (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, დერინქუიუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის #2020/86 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის, დერინქუიუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის #2020/86 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ლ.უ–სა (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) და ო–სს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 27 თებერვალს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ხოლო შუამდგომლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ხოლო შუამდგომლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

9. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

10. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, დერინქუიუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის #2020/86 გადაწყვეტილება.

12. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

13. სპეციალური კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.უ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, დერინქუიუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის #2020/86 გადაწყვეტილება, რომლითაც ო–სა და ლ.უ–ვას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური