Facebook Twitter

საქმე №ას-110-2020 14 თებერვალი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ყ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2019 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.09.2018 წლის გადაწყვეტილებით ე.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ე.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) არამართლზომიერი მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ......, საკადასტრო კოდით ..... (ორი ოთახი, სამზარეულო, საპირფარეშო, აბაზანა) და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის დავალიანების - 1315 ლარის, ასევე - სარჩელის შეტანიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 350 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე - მისი წინმსწრები, საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის დართვაზე უარის თქმის თაობაზე 29.08.2018 წლის საოქმო განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემაც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი გასაჩივრებულ ნაწილში:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2019 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:

3.1. თბილისში, ... .... (დაზუსტებული ფართობი: 1206.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 - საერთო ფართით 419.29 კვ.მ., მათ შორის სარდაფი 17.82 კვ.მ., I სართული 112.89 კვ.მ., II სართული 288.58 კვ.მ.; N2 საერთო ფართით 4.39 კვ.მ.; N3 - საერთო ფართით 83 კვ.მ. მათ შორის I სართული 38.30 კვ.მ., II სართული 44.70 კვ.მ.; N4 - საერთო ფართი 25.37 კვ.მ., N5 საერთო ფართით 60.89 კვ.მ., მათ შორის I სართული 27.48 კვ.მ. და N5-ის თავზე მდებარე ავტოფარეხი 44.70 კვ.მ.) მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი ......, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ირიცხება მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით. უფლების წარმოშობის საფუძველია 08.04.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, უფლების რეგისტრაციის თარიღი - 12.04.2016 წელი (ტ.1, ს.ფ. 17,18). საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრე 12.04.2016 წლამდე იყო დ.დ–ი.

3.2. 22.12.2007 წელს, მოპასუხეს და მ.დ–ს (შემდეგში „მსესხებელი“) შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, 1 წლისა და 6 თვის ვადით, 22.06.2009 წლამდე, რომლითაც მოპასუხემ მსესხებელს სესხად გადასცა 2 000 ევრო და 3 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით არ იქნა გათვალისწინებული სარგებელი. ამასთან, დადგინდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე 0,3%. სესხის დაბრუნების ვადა უნდა გაგრძელებულიყო სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე (ტ. 1, ს.ფ, 19-21).

3.3. 22.12.2007 წლის ხელშეკრულებით გადაცემული სესხის სარგებლის სანაცვლოდ, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, დ.დ–მა, მოპასუხეს ქირის გადახდის გარეშე დაუთმო (სარგებლობაში გადასცა) თავის საკუთრებაში არსებული თბილისში, ... ..მდებარე უძრავი ქონების ნაწილი - ორი ოთახი, სამზარეულო, საპირფარეშო, აბაზანა. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მსესხებლის ინტერესს წარმოადგენდა ფულადი თანხის სესხება ოჯახის ინტერესებისთვის, სარგებლის გარეშე, ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ.

3.4. დ.დ–ი, მსესხებელი და მოსარჩელე ერთი ოჯახის წევრები არიან, კერძოდ, დ.დ–ი და მსესხებელი არიან მეუღლეები, ხოლო მოსარჩელე - მათი შვილი.

3.5. N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილს (ორი ოთახი, სამზარეულო, საპირფარეშო, აბაზანა) (შემდეგში - „სადავო უძრავი ნივთი“) ფლობს მოპასუხე.

3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

3.7. მოსარჩელე თბილისში, ... მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეა 12.04.2016 წლიდან, დ.დ–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოპასუხე სადავო უძრავი ნივთის მფლობელია, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება სარჩელის აღძვრის მომენტისათვის. მართალია, იგი 22.12.2007 წელს გაცემული უპროცენტო სესხის სანაცვლოდ, უძრავი ქონების იმჟამინდელ მესაკუთრესთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და, შესაბამისად, წარმოადგენდა მის მართლზომიერ მფლობელს, თუმცა ახალი მესაკუთრის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხე ვერ ასაბუთებს, რომ აქვს რაიმე უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება. სასამართლოს მითითებით, რაკი მოსარჩელე მესაკუთრეა და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელი.

3.8. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოპასუხის მიერ ასევე გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.08.2018 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაზე. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა საპატიო მიზეზის არსებობა (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები), თუ რატომ ვერ შეეძლო აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა საქმის მომზადების სტადიაზე (სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 10.10.2017 წელს, შესაგებელი - 30.10.2017 წელს, ხოლო ექსპერტიზა დანიშნულია 17.07.2018 წელს, რვა თვის შემდეგ). ამდენად, საქალაქო სასამართლომ 29.08.2018 წლის საოქმო განჩინებით, მართებულად უთხრა უარი მოპასუხეს მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სანივთო სამართალი მესაკუთრეს კონკრეტულ ნივთს მთლიანად მიაკუთვნებს და ამ ნივთის გამოყენებასა და განკარგვას, ზოგადად მის სურვილს უქვემდებარებს. ამით სამართალი უზრუნველყოფს მესაკუთრეს გარკვეული თავისუფლების ფარგლებით, რომელშიც, როგორც წესი, მხოლოდ მისი გადაწყვეტილება მოქმედებს, თუმცა შეუძლებელია ასეთი თავისუფლება იყოს შეუზღუდავი. მეტიც, თითოეული პირი თავისი საკუთრების გამოყენებისას ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს გარე სამყაროს - სხვა პირთა უფლებებს (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 210). ამასთან, მესაკუთრე უფლებამოსილია სახელშეკრულებო თვითბოჭვის ფარგლებში შეიზღუდოს უფლებამოსილება და უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს კონტრაჰენტს.

8. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.). ასევე, სსკ-ის 621-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება (შდრ. სუსგ Nას-731-2019, 28.06.2019წ.).

9. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

9.1. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი ....., საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 08.04.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, უფლების რეგისტრაციის თარიღია 12.04.2016 წელი. 12.04.2016 წლამდე უძრავი ნივთის მესაკუთრე იყო დ.დ–ი (ტ.1, ს.ფ. 15-18).

9.2. 22.12.2007 წელს მოპასუხესა და მსესხებელს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, ერთი წლისა და 6 თვის ვადით, 22.06.2009 წლამდე, რომლითაც მოპასუხემ მსესხებელს სესხად გადასცა 2 000 ევრო და 3 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით არ იქნა გათვალისწინებული სარგებელი (ტ. 1, ს.ფ.19-21).

9.3. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დ.დ–მა მოპასუხეს ქირის გადახდის გარეშე (ანუ უსასყიდლოდ) დაუთმო (სარგებლობაში გადასცა) მისი კუთვნილი სადავო უძრავი ნივთი, რომელსაც მოპასუხე ფლობს დღემდე. დ.დ–ი, მსესხებელი და მოსარჩელე ერთი ოჯახის წევრები არიან, დ.დ–ი და მსესხებელი არიან მეუღლეები, ხოლო, მოსარჩელე - მათი შვილი.

10. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (შდრ. სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

11. მოპასუხე მფლობელობის მართლზომიერებას უკავშირებს 2007 წელს გაცემულ სესხს, როცა უძრავი ქონების იმჟამინდელმა მესაკუთრემ/მსესხებლის მეუღლემ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ქირის გადახდის გარეშე დაუთმო (სარგებლობაში გადასცა) სადავო უძრავი ნივთი (სსკ-ის 615-ე მუხლის თანახმად, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის). თავის მხრივ, მოპასუხესა და მსესხებელს შორის გაფორმდა უსასყიდლო (სარგებელზე/პროცენტზე შეთანხმების გარეშე) სესხის ხელშეკრულება.

12. მოპასუხის შესაგებელი, სააპელაციო საჩივარი, ისევე როგორც წინამდებარე საკასაციო საჩივარი, ძირითადად ეფუძნება გარემოებას, რომ სადავო უძრავი ნივთის დღევანდელი მესაკუთრე (გამნათხოვრებლის უფლებამონაცვლე) წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად გადახდაზე ვალდებულ პირს. სასამართლო განხილვისას მოპასუხე მიუთითებდა მის მიერ 2007 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაბრუნების მიზნით წარმოებულ დავაზე, რომელშიც მოპასუხეები იყვნენ მსესხებელი და სადავო უძრავი ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრე/მოსარჩელე (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხემ წარადგინა შესაბამისი საქმის მასალები, რომლებიც დაერთო საქმეს, იხ. ტ.2, ს.ფ.83-121, 183). თავის მხრივ, წინამდებარე დავის მოსარჩელე სარჩელშივე აცხადებდა, რომ მზად იყო 3000 აშშ დოლარისა და 2000 ევროს ეკვივალენტი ლარის ფარგლებში მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად, რასაც არ იღებდა მოპასუხე თანხის ოდენობაზე პრეტენზიის საფუძვლით(იხ. ტ.1, ს.ფ.2,3).

13. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით ირკვევა, რომ დავა წინამდებარე დავის მოპასუხის სარჩელზე სესხის ძირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დასრულებულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2023 წლის განჩინებით (საქმე Nას-499-2020) კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლითაც წინამდებარე დავის მოპასუხის/კასატორის სარჩელი სადავო უძრავი ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრის/წინამდებარე დავის მოსარჩელის მიმართ 3000 აშშ დოლარის და 2000 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მსესხებლის ვალი სსკ-ის 203-ე მუხლის საფუძველზე გადაიკისრა წინამდებარე დავის მოსარჩელემ. მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

14. ისეთ პირობებში, როცა მოპასუხის მიერ მითითებული 2007 წლის სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილი სადავო საკითხები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე ამოწურულია და ვალდებულობის მოცულობა განსაზღვრულია; წინამდებარე დავის მოსარჩელე სარჩელშივე აცხადებდა მზაობას მოპასუხისათვის გადაეხადა ნასესხები თანხა და სწორედ ეს ოდენობა დადასტურდა საქმეზე Nას-499-2020, - საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ეტაპზე სავინდიკაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება.

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

16. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნის დართვაზე უარის თქმის შესახებ 29.08.2018 წლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

17. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს ძალაში.

18. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ყ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2019 წლის განჩინება.

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე