Facebook Twitter

საქმე №ას-757-2021 21 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.შ–ვი, ი.ა–ნა, ლ.ა–ო, ა.მ–ვი, ნ.ვ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.12.2019 წლის გადაწყვეტილებით ა.შ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), ი.ა–ნას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), ლ.ა–ოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“), ა.მ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოსარჩელე“), ნ.ვ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეხუთე მოსარჩელე“, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი შპს „დ–ი ა“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ მოპასუხე კომპანიაში მათთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

3.2. მეოთხე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო 01.03.2017 წელს, 6 თვის ვადით, შემდგომი 6 თვის ვადით გაგრძელების პირობით. მეოთხე მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 6250 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

3.3. მეორე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო 18.04.2017 წელს, 6 თვის ვადით, შემდგომი 6 თვის ვადით გაგრძელების პირობით. მეორე მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

3.4. მესამე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო 08.05.2017 წელს, 6 თვის ვადით, შემდგომი 6 თვის ვადით გაგრძელების პირობით. მესამე მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

3.5. პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო 18.04.2017 წელს, 6 თვის ვადით, შემდგომი 6 თვის ვადით გაგრძელების პირობით. პირველი მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

3.6. მეხუთე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო 18.04.2017 წელს, 6 თვის ვადით, შემდგომი 6 თვის ვადით გაგრძელების პირობით. მეხუთე მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

3.7. 01.09.2018 წელს დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.

3.8. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების მათთვის ჩაუბარებლობის ფაქტს და აღნიშნულ საფუძველზე მითითებით, მოითხოვენ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ეტაპიდან (01.09.2018წ.) 5 თვის მანძილზე შრომის ანაზღაურების მიღებას.

3.9. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ დამსაქმებლის ინიციატივით მოსარჩელეები 01.09.2018 წლიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და ამ დროიდან ისინი მოპასუხესთან აღარ იმყოფებიან შრომით ურთიერთობაში. უდავოა ის გარემოებაც, რომ გათავისუფლების შემდგომ მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ფაქტობრივადაც არ შეუსრულებიათ. „სამუშაოს შესრულების“ ელემენტს, რაც წარმოშობს დამსაქმებლის შემხვედრ ვალდებულებას ხელფასის ანაზღაურებასთან მიმართებით, ადგილი არ აქვს. მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან არც იმ გარემოებას, რომ მათ გათავისუფლებამდე პერიოდში არსებული შრომითი ანაზღაურება მიღებული აქვთ სრულად. ამავდროულად, მოსარჩელეები არ მოითხოვენ მოპასუხის იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც ისინი გათავისუფლდნენ 01.09.2018 წლიდან.

3.10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მოთხოვნის არსებული ფორმულირების ფარგლებში მართებული აქცენტი გააკეთა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მოქმედი კოდექსის 42-ე მული), რომლის შესაბამისადაც, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მაშასადამე, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ მისაღები შრომის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, დასახელებული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელეებს წარმოეშობოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდებოდა, რომ ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა მოპასუხის, როგორც დამსაქმებლის ბრალით მოსარჩელეთა იძულებით მოცდენას. მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხის გადაწყვეტილებები მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ასეთ პირობებში, მოთხოვნა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდის შრომის ანაზღაურებაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

3.11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეთა პრეტენზია გათავისუფლების უკანონობასთან მიმართებით ვერ მიიჩნევა სახელფასო ანაზღაურების გაცემისათვის სამართლებრივად ვარგის საფუძვლად. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38-ე მუხლი) რეგულირებულია ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვება გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილობას, კერძოდ, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია ა) პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან ბ) უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გ) გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები არ მოითხოვენ გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობას, ამასთან, ამგვარი მოთხოვნის არსებობის პირობებშიც გაუმართლებელია მოთხოვნა 5 თვის ხელფასის ანაზღაურებასთან მიმართებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე, რამეთუ ზემოთ მოხმობილი ნორმით ამომწურავად არის რეგულირებული ის სამართლებრივი შედეგები, რაც თან სდევს შრომითი ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტას და მისი განვრცობა ვერ დაექვემდებარება მოსარჩელეთა ნება-სურვილს.

3.12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაკავშირებულია დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულებასთან. ამგვარი დასკვნის საფუძველია სშკ-ის 2.1 მუხლი, რომლითაც განმარტებულია შრომითი ხელშკრულების არსი და აღნიშნულია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, ხელფასთან მიმართებით მოთხოვნის არსებობა დაკავშირებულია დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულებასთან, რისი განუხორციელებლობის პირობებშიც ყოვლად დაუსაბუთებელია რაიმე სახელფასო ანაზღაურებაზე მოთხოვნის არსებობა. სამუშაოს შესრულება წარმოშობს დამსაქმებლის შემხვედრ ვალდებულებას ხელფასის ანაზღაურებასთან მიმართებით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31.1 (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით), 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლები.

9. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს - დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია (შდრ. სუსგ №ას-155-2022, 20.05.2022წ., პუნ. 34).

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 01.09.2018 წელს დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. უდავოა, რომ გათავისუფლების შემდგომ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მათ არ შეუსრულებიათ. გათავისუფლებამდე პერიოდში არსებული შრომითი ანაზღაურება მიღებული აქვთ სრულად.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანაზღაურების გაცემაზე დამსაქმებლის ვალდებულება დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებას უკავშირდება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ადგილი არ აქვს სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის ისეთ აუცილებელ წინაპირობას, როგორიცაა სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სარჩელის დაუსაბუთებლობის შესახებ.

12. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, რომ დამსაქმებელს ისინი კანონის სრული დაცვით არ ჰყავს გათავისუფლებული (იხ. საკასაციო საჩივარი), საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ წინამდებარე დავაში მოსარჩელეებს სარჩელით სადავოდ არ გაუხდიათ მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მათი გათავისუფლების კანონიერებაზე. გათავისუფლების საფუძვლის შედავება დასაქმებულს შეუძლია შრომის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა.

13. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.). დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ-ის 3.1. მუხლი), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სსსკ-ის 248-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (შდრ. სუსგ №ას-395-374-2013, 23.09.2013წ; №ას-1851-2018, 02.05.2019წ.).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.შ–ვის, ი.ა–ნას, ლ.ა–ოს, ა.მ–ვის, ნ.ვ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია