საქმე №ას-1068-2018 22 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.წ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ი, ვ.გ–ი, ნ.გ–ი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2018წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მესაკუთრედ აღიარება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.02.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1.1. დაკმაყოფილდა ვ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), ნ.გ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“) და თ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“, პირველ და მეორე მოსარჩელეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“) სარჩელი ნ.წ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიმართ:
1.1.1. მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარების შესახებ: პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა 29.09.2013 წელს გარდაცვლილი კ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მამკვიდრებელი“) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ს/კ: .......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი უძრავი ნივთი“), 1/6 ნაწილის მესაკუთრედ; მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული პირველი უძრავი ნივთის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ; მესამე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული პირველი უძრავი ნივთის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ;
1.1.2. დაკმაყოფილდა მოპასუხის მიმართ სატრანსპორტო საშუალების 1/2 ნაწილზე მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარების შესახებ მოსარჩელეების სარჩელი: პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სატრანსპორტო საშუალების - მარკა, მოდელი: FORD TRANSIT 2.5D, სარეგისტრაციო მოწმობა: AV3197554, სახელმწიფო ნომერი: ......, საიდენტიფიკაციო ნომერი: ....(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი ავტომობილი“) 1/6 ნაწილის მესაკუთრედ; მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული პირველი ავტომობილის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ; მესამე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული პირველი ავტომობილის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ;
1.1.3. დაკმაყოფილდა მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების ნახევრის 1/2 ნაწილზე მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარების შესახებ მოსარჩელეების სარჩელი: პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ......., ს/კ: ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე უძრავი ნივთი“) 1/12 ნაწილის მესაკუთრედ; მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მეორე უძრავი ნივთის 1/12 ნაწილის მესაკუთრედ; მესამე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მეორე უძრავი ნივთის 1/12 ნაწილის მესაკუთრედ;
1.1.4. დაკმაყოფილდა მოსარჩელეების სარჩელი მოპასუხის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ნახევრის 1/2 ნაწილზე მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარების შესახებ: პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სატრანსპორტო საშუალების - მარკა, მოდელი: SUZUKI GRAND VITARA XL- 7, სარეგისტრაციო მოწმობა: AV4340049, სახელმწიფო ნომერი: .., ს/ნ: ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე ავტომობილი“), 1/12 ნაწილის მესაკუთრედ; მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მეორე ავტომობილის 1/12 ნაწილის მესაკუთრედ; მესამე მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მეორე ავტომობილის 1/12 ნაწილის მესაკუთრედ;
1.2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი შეგებებული სარჩელით მოპასუხეების მიმართ:
1.2.1. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი მამკვიდრებლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული პირველი უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობისა და ამ ქონების 1/2 ნაწილზე, საოჯახო სამართლებრივი საფუძვლით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის შესახებ;
1.2.2. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი პირველი უძრავი ნივთის რემონტის ხარჯის (3266.50 ლარის) შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისთვის თანაბარწილად დაკისრების შესახებ;
1.2.3. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში: პირველ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023.3 ლარის გადახდა; მეორე მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023.3 ლარის გადახდა; მესამე მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023.3 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. 2004 წლიდან მოპასუხე და მამკვიდრებელი, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.
2.2. მოსარჩელეებს მამკვიდრებლის სიცოცხლეში მამკვიდრებლისაგან რაიმე ქონება არ მიუღიათ.
2.3. მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ანდერძი არ არის შედგენილი და არც სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული ნოტარიუსის მიერ.
2.4. მოპასუხემ 20.03.2014 წელს მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა 29.09.2013 წელს გარდაცვლილ მამკვიდრებელთან ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან საკუთრების მოწმობის გაცემა კუთვნილ წილზე. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან მამკვიდრებლის წილის განსაზღვრამდე სამკვიდრო მოწმობა არ გაიცა. მეორე და მესამე მოსარჩელეებს 29.05.2014 წელს უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდროს მასის განსაზღვრამდე.
2.5. მოპასუხე ფაქტობრივად არ ცხოვრობს პირველ უძრავ ნივთში.
2.6. მოსარჩელეებს მამკვიდრებლის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევიათ.
2.7. 01.07.2005 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მამკვიდრებელმა შეიძინა პირველი უძრავი ნივთი და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 4000 ლარით.
2.8. მოპასუხე და მამკვიდრებელი დაქორწინდნენ 29.07.2009 წელს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 25.08.2005 წელს - მ.გ–ი და 15.12.2008 წელს - მ.გ–ი.
2.9. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 29.09.2013 წელს. შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. მას დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა - მესამე მოსარჩელე, მეუღლე - მოპასუხე და შვილები - პირველი მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე, მ.გ–ი და მ.გ–ი.
2.10. მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო მასას წარმოადგენს: 1. პირველი უძრავი ნივთი; 2. პირველი ავტომობილი; 3. მეორე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილი; 4. მეორე ავტომობილის 1/2 ნაწილი.
2.11. აუდიტის 12.09.2016 წლის დასკვნის (აუდიტორი თ.კ–ძე) მიხედვით, შეფასდა პირველ უძრავ ნივთში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება. ამ დასკვნის ავტორისათვის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების თაობაზე ცნობილი გახდა დამკვეთისაგან და ამ უკანასკნელმა განუმარტა შემფასებელს, რომ ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები: შიდა კედლების დემონტაჟი, ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის (სველი წერტილების გადატანა) გამოცვლა, კედლების გალესვა გაჯით, მეტლახის დაგება, შეკიდული ჭერის მოწყობა, რკინის კარი და გისოსების მოწყობა, გარე კიბის დამონტაჟება, მეტალოპლასტმასის ფანჯრის ჩასმა, კედლების შეღებვა და და ფანჯრების ჩასმა, გაზიფიცირება. აუდიტმა დამკვეთის მიერ მითითებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 13 066 ლარით. 29.11.2016 წელს აუდიტმა პირველი უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 18 000 ლარით.
2.12. მოპასუხე 15.09.2011 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. 24.03.2015 წელს გაცემული ინფორმაციით, მოპასუხე ვაჭრობს სხვადასხვა სახეობის პროდუქციით. მოპასუხეს სს „ლ.ბ–ში“ 12.02.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი ჰქონდა „მშვიდი ანაბარი“. სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხის მიერ ფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხის მოძრაობა საბანკო ანგარიშზე. მხარემ ანგარიშიდან თანხა (882.76 აშშ დოლარი) ბოლოს გაიტანა 27.04.2013 წელს. მოპასუხემ 01.01.2011-01.05.2012 წლებში სს „ს.ბ–ში“ შეიტანა და დეპოზიტის ანგარიშიდან გაიტანა თანხა.
2.13. მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და მასთან დაკავშირებული 12140 ლარის ხარჯი მოპასუხემ გაიღო.
2.14. მამკვიდრებელმა პირველი უძრავი ნივთი შეიძინა 01.07.2005 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ, ხოლო პირველი ავტომობილის მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრაციის თარიღია 21.05.2009 წელი. მოპასუხესა და მამკვიდრებელს შორის ქორწინება დარეგისტრირდა 29.07.2009 წელს. ამდენად, ზემოაღნიშნული ქონება მიიჩნევა ქორწინებამდე შეძენილ ქონებად და განიხილება მამკვიდრებლის ინდივიდუალურ საკუთრებად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1161-ე მუხლი). სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1151-ე და 1158-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, რადგან მამკვიდრებლის მიერ ზემოაღნიშნული ნივთების შეძენისას მხარეთა შორის არ არსებობდა ქორწინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო ვერ გამოიყენებს სსკ-ის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ დანაწესს. ამდენად, სამკვიდრო მასაში სრულად მოიაზრება პირველი უძრავი ნივთი და პირველი ავტომობილი. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421.1, 1424-ე, 1336-ე, 1328-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოსარჩელეებს პირველი უძრავი ნივთიდან და პირველი ავტომობილიდან უნდა მიეკუთვნოთ თითოეულს 1/6 ნაწილი პირველი რიგის მემკვიდრეთა რაოდენობის პროპორციულად.
2.15. რაც შეეხება მეორე უძრავ ნივთს და მეორე ავტომობილს, უდავოა, რომ აღნიშნული ქონება შეძენილია მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ქორწინების პერიოდში, ამდენად, სსკ-ის 1151-ე და 1158-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. შესაბამისად, მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს მეორე უძრავი ნივთისა და მეორე ავტომობილის ნახევარი. ამრიგად, მოსარჩელეებს შესაბამისი წილი უნდა მიეკუთვნოთ ამ ქონების ნახევრიდან (1/2 ნაწილიდან). მოპასუხემ ცნო დანაშთი ქონების (მეორე უძრავი ნივთისა და მეორე ავტომობილის ნახევარი) 1/4 ნაწილზე მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლება მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, ამდენად, მოსარჩელეებს უნდა მიეკუთვნოთ ამ ქონების თითოეულს 1/12 ნაწილი პირველი რიგის მემკვიდრეთა რაოდენობის პროპორციულად.
2.16. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა პირველი უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობა და ამ ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება. მოპასუხესა და მამკვიდრებელს შორის ქორწინება, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირდა 29.07.2009 წელს, ხოლო პირველი უძრავი ნივთი მამკვიდრებლის მიერ შეძენილია ქორწინებამდე, 01.07.2005 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ უძრავი ნივთის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან გადაიხადა უძრავი ნივთის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი მამკვიდრებელთან ერთად. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილი ქონების თანასაკუთრების ასპექტში განხილვას. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესება არ შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული. ამდენად, პირველ უძრავ ნივთზე, შეძენილია რა მოპასუხისა და მამკვიდრებლის ქორწინებამდე, სასამართლო ვერ გაავრცელებს სსკ-ის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, მოპასუხეს არ გააჩნია სადავო ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლება.
2.17. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა პირველი უძრავი ნივთის რემონტის ხარჯის - 3266.50 ლარის შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისათვის თანაბარწილად დაკისრება. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითებით, მან მამკვიდრებლის სიცოცხლეში დაიწყო და მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულა მითითებულ საცხოვრებელ ფართში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების საბაზრო ღირებულება და უძრავი ქონება გახდა საცხოვრებლად ვარგისი. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს 01.07.2005 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასურისა და აუდიტორის დასკვნაში (შედგენის თარიღი 29.11.2016წ.) აღნიშნულ ქონების რეალურ ღირებულებას შორის სხვაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ ქონების ფასის დადგენისას, ამ მტკიცებულებებში მითითებული განსხვავებული ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად იმისა, რომ ქონების შეძენის დროს ქონების ნასყიდობის საფასური ნამდვილად შეადგენდა 4000 ლარს.
2.18. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა 12.09.2016 წლის აუდიტის დასკვნაში მითითებული სარემონტო სამუშაოების ჩატარების ზუსტი დრო, კონკრეტული ღირებულება და ამ სამუშაოებისათვის მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ფაქტი. მოწმეების - ი.კ–სა და ლ.ბ–ის ჩვენებები არის არაზუსტი, ბუნდოვანი და შინაარსობრივად არ არის თანმიმდევრული. აღნიშნული პირები მოპასუხის მეზობლები არიან და უშუალო მომსწრენი იმ ფაქტისა, რომ აღნიშნულ ფართში ნამდვილად შესრულდა სარემონტო სამუშაოები, რამაც ვარგისი გახადა საცხოვრებლად, თუმცა ვერცერთი მათგანი იხსენებს კონკრეტული სამუშაოები რა პერიოდში ჩატარდა: მამკვიდრებლის სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ. ლ.ბ–ი, რომლის საკუთრებაში არსებული ჯიხურიდან მოჩანს პირველი უძრავი ნივთი, მიუთითებს, რომ რკინის კარების მონტაჟი, ბინაზე კიბის მიდგმა და გაზიფიცირება მოხდა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა არ არის შემსწრე უშუალოდ მოპასუხის მიერ ამ კონკრეტული სამუშაოებისათვის თანხის გადახდისა. არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოპასუხემ საკუთარი ხარჯებით შეიძინა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისათვის აუცილებელი მასალები და ინვენტარი. მოწმეებმა ვერც ხელოსნები ვერ გაიხსენეს, რომლებმაც აღნიშნული სამუშაოები ჩაატარეს. მოწმეთა ჩვენებებიდან გაურკვეველია ამჟამად რა დანიშნულებით გამოიყენება ეს ფართი. ი.კ–ს განმარტებით, იქ ფუნქციონირებს სილამაზის სალონი, ხოლო ლ.ბ–ი (ასევე მეზობლად მცხოვრები) გამორიცხავს იმ ფართში მოპასუხის მიერ რაიმე სამეწარმეო საქმიანობას. სათანადო მტკიცებულებას, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს ამხანაგობა „მ–ის“ თავმჯდომარისა და მისი წევრების განცხადებაც. ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ 2012-2013 წლებში მამკვიდრებელმა და მოპასუხემ სადავო ბინაში ერთობლივად ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები. ის გარემოება, რომ მოპასუხე გარკვეულ თანხებს ფლობდა და განკარგავდა 2011-2013 წლებში, თავისთავად არ გულისხმობს, რომ აღნიშნული თანხები გადახდილია ბინაში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად, მით უფრო თანხები განიკარგებოდა 2013 წლის აპრილამდე - მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე.
2.19. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პირველ უძრავ ნივთში რემონტის ჩატარების რეალურ ღირებულებასა და ამ საფასურის უშუალოდ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ გადახდის ფაქტს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირველ უძრავ ნივთში რემონტი ჩატარდა და გაუმჯობესდა ბინის საყოფაცხოვრებო დანიშნულება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისათვის (როგორც მემკვიდრეებისათვის) რემონტის ხარჯის დაკისრებისა.
2.20. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაც და შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისათვის სამკვიდროს წილის პროპორციულად გაღებული ხარჯის თანაბარწილად დაკისრება. სსკ-ის 1489-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრე ვალდებულია, აუნაზღაუროს მესამე პირს ხარჯი გამოწვეული მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს მამკვიდრებლის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუღიათ. მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯი -12140 ლარი გაიღო მოპასუხემ. დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების უშუალოდ მოპასუხის მიერ გაღებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეები - ემზარ წამალაშვილი და გიორგი ლონდარიძე. სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოსარჩელეებისათვის სამკვიდრო წილის პროპორციულად დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის ასანაზღაურებლად 6070 ლარის დაკისრება.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2018 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გაწეული ხარჯების ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება ვერც სსკ-ის 987-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
8.1. 01.07.2005 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მამკვიდრებელმა შეიძინა პირველი უძრავი ნივთი და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 4000 ლარით.
8.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის ქორწინება დარეგისტრირდა 29.07.2009 წელს.
8.3. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 29.09.2013 წელს. მას დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა - მესამე მოსარჩელე, მეუღლე - მოპასუხე და შვილები - პირველი მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე, მ.გ–ი და მ.გ–ი.
8.4. მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ანდერძი არ არის შედგენილი და არც სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული ნოტარიუსის მიერ.
8.5. მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო მასას წარმოადგენს: 1. პირველი უძრავი ნივთი; 2. პირველი ავტომობილი; 3. მეორე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილი; 4. მეორე ავტომობილის 1/2 ნაწილი.
8.6. აუდიტის 12.09.2016 წლის დასკვნის მიხედვით, შეფასდა პირველ უძრავ ნივთში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება. ამ დასკვნის ავტორისათვის საცხოვრებელ ბინაში შესრულებული სამუშაოების თაობაზე ცნობილი გახდა დამკვეთისაგან. აუდიტმა მათი საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 13 066 ლარით.
8.7. 29.11.2016 წელს აუდიტმა პირველი უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 18 000 ლარით.
9. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, კასატორი ითხოვს: 1) პირველი უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებას და ამ ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას; 2) პირველი უძრავი ნივთის რემონტის ხარჯის - 3266.50 ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისთვის თანაბარწილად დაკისრებას.
10. კასატორის ძირითადი პრეტენზია პირველი უძრავი ნივთის მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობაზე უარის ნაწილში ისაა, რომ სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უმთავრესად შეაფასა სსკ-ის 1158-ე მუხლის ფარგლებში, მაშინ, როდესაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა პირველი უძრავი ნივთის ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ეფუძნებოდა იმას, რომ მამკვიდრებლის ინდივიდუალური საკუთრების ღირებულება ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა (ტ.2, ს.ფ.61-78). შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1163-ე მუხლი. პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ (სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები) და საერთო თანაზიარ საკუთრებად (სსკ-ის 1158-ე მუხლი). ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. ასეთად ითვლება ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით, ასევე ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა. შესაძლებელია მეუღლის ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმაცია (სსკ-ის 1163-ე მუხლი). თანაზიარ ქონებად (მეუღლეთა საერთო ქონებად) ჩაითვლება მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით (შდრ. სუსგ №ას-7-7-2016, 16.03.2016წ.).
11. სსკ-ის 1163-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება გარდაიქმნება თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ ღონისძიებების მაგალითად, რომელთა შედეგადაც იზრდება ღირებულება, კანონმდებელი ასახელებს: გადაგეგმარებას, მშენებლობის დასრულებასა და გადაკეთებას. ამ სამაგალითო ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით: კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვანი დანადგარებით აღჭურვა და ა. შ. აუცილებელია, რომ ყველა ეს ღონისძიება „მნიშვნელოვნად“ ზრდიდეს ქონების ღირებულებას (რუსიაშვილი/ქავშბაია/მელაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.1163, ველი 6). ქონების მხოლოდ მიმდინარე რემონტი არ შეიძლება ქონების საერთო საკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. ქონების რემონტი ან თანხის დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება (შდრ. სუსგ №ას-392-2021, 29.09.2021წ; სუსგ №ას-840-791-2015, 04.03.2016წ.).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
13. საქმის მასალებით არ დგინდება: პირველ უძრავ ნივთში სარემონტო სამუშაოების ჩატარების დრო - ქორწინების რეგისტრაციამდე, რეგისტრირებული ქორწინების დროს თუ მამკვიდრებლის გარდაცვალებით ქორწინების შეწყვეტის შემდეგ (მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოთა ნაწილი დასრულდა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018 წლის სხდომის ოქმი, ტ.3, ს.ფ.32-43); ვის მიერ იქნა გაწეული შესაბამისი ხარჯი; არ დგინდება სარემონტო სამუშაოების შედეგად მისი ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდაც.
14. საქმის მასალებში წარმოდგენილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეფასების შესახებ 12.09.2016 წლის აუდიტორული დასკვნის თანახმად, აუდიტორისთვის პირველ უძრავ ნივთში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების თაობაზე ცნობილი გახდა დამკვეთისაგან, რომელმაც განუმარტა შემფასებელს, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა 2012-2013 წლებში და რა სამუშაოები იყო შესრულებული (იხ. ტ.2, ს.ფ.85-88). მოწმეების, ი.კ–სა და ლ.ბ–ის ჩვენებები ბუნდოვანია. არცერთი მათგანი არ ესწრებოდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ ხელოსნებისთვის თანხის გადახდას ან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალის შეძენას (იხ. ტ.2, ს.ფ.214-250). პირველი უძრავი ნივთის ღირებულების ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად მატების ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ 01.07.2005 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ნასყიდობის საფასურსა (ტ.2, ს.ფ.111-113) და 29.11.2016 წლის აუდიტორულ დასკვნაში (ტ.2, ს.ფ.154) აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა, ვინაიდან არ დგინდება, რომ ნასყიდობის ფასი ქონების რეალურ ღირებულებას შეესაბამებოდა. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სსკ-ის მე-9 მუხლი). ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა, დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ზღუდავს მხარეებს ხელშეკრულებაში ფასის დადგენისას. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ უძრავ ნივთზე სსკ-ის 1163-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში ვერ გავრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.
15. ზემოაღნიშნული მსჯელობა გამორიცხავს სარემონტო სამუშაოების ხარჯების ანაზღაურების შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისათვის დაკისრებასაც. შეგებებული სარჩელის ეს მოთხოვნა (მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გაწეული ხარჯების მოთხოვნის ნაწილში) ვერ დაკმაყოფილდება ვერც სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი სსკ-ის 987-ე მუხლის საფუძველზე (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს). ხარჯების კონდიქციის დროს სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოსარჩელემ კონკრეტულად რა სახის ხარჯები გაიღო, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ამით გაუმჯობესდა თუ არა სადავო ნივთი, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელის, როგორც ნივთის მოსარგებლის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული (სუსგ №ას-541-2021, 14.07.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ შეძლო დაედასტურებინა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
16. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე. დავა მემკვიდრეობითი ხასიათისაა, მიმდინარეობს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეთა შორის სამკვიდროსთან მიმართებით მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრის მიზნით და ურთიერთგამომრიცხველი მოთხოვნებით აღძრულია სარჩელი, ასევე - შეგებებული სარჩელი. მხარეები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაესაბუთებინათ თავიანთი მოთხოვნები, უარეყოთ ან გაექარწყლებინათ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მათ თავად განსაზღვრეს, თუ რომელი ფაქტები უნდა დასდებოდა საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო ეს ფაქტები. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ მითითებული მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენის მიზნით შეაფასეს მტკიცებულებები თავიანთი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარებოდა მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოტანილ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ დასკვნები (სსსკ-ის მე-4.1, 105.2 ).
17. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
18. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.წ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2018წ. განჩინება.
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე