საქმე № ას-654-2021 15 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების, რომლითაც დ.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს, მოსარჩელის სასარგებლოდ 2 700 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო შპს „ა–ს“ 1 080 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ არამართლზომიერად დაირეგისტრირა ფართი, კერძოდ, მისმა მომიჯნავე მესაკუთრემ ბ.ტ–ძემ არასწორად დაარეგისტრირა საკუთარი ფართი, თუმცა, შესაბამისი პრეტენზიის წარდგენის შემდეგ მან გამოასწორა აღნიშნული პრობლემა, ხოლო მოსარჩელემ არა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის კვლევის შედეგი სათანადო გამოკვლევის გარეშე იყო მიღებული.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:
7.1. მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ..... აღნიშნული ქონების მოსაზღვრედ განთავსებულია კასატორის კუთვნილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ..... და შპს „ა–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, ავტოგასამართი სადგური, საკადასტრო კოდით - .......
7.2. შპს „ა–ი“ რეგისტრირებულია 2013 წლის 16 მაისს და მისი მისამართია საჩხერე, სოფელი ........ საწარმოს დირექტორია ზ. კ–ძე. საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი აპელანტია. რეგისტრაციის თარიღიდან მოცემულ მისამართზე ფუნქციონირებს ბენზინგასამართი სადგური. 2015 წლის 6 მაისის საჩხერის მუნიციპალიტეტის N53267 ბრძანებით, დამტკიცდა აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) ბლოკის საამქროს მშენებლობის პროექტი.
7.3. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აპელანტის მფლობელობაში არსებული ბლოკის საამქროს ნაწილი (299.66 კვ.მეტრი) განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......). შპს „ა–ის“ მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურისა და ავტოსამრეცხაოს ნაწილი (120.33 კვადრატული მეტრი) განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, ს/კ N ......, მიწის ნაკვეთზე.
7.4. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ საჩხერის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონებიდან, ს/კ N......., 299.66 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება თვეში შეადგენდა 75 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საჩხერის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონებიდან, ს/კ N ......, 120.33 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება თვეში შეადგენდა 30 ლარს.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას და განმარტავს, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. Nას-877-2018 , 27.09.2018წ.; სუსგ. Nას-1719-2019, 22.01.2020წ.). დაუსაბუთებელია შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე საქმისწარმოების შეჩერების შესახებ და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. ამდენად, კასატორის შედავება, რომ მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის საზღვრები არასწორად, მცდარი საკადასტრო მონაცემებით დაირეგისტრირა დაუსაბუთებელია.
10. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
11. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტირირებული მონაცემების უსწორობის თაობაზე სათანადო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასწორი მონაცემებით რეგისტრაციის ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ერთ-ერთმა მოსაზღვრემ უძრავი ქონება დაირეგისტრირა მცდარი მონაცემებით, არ წარმოადგენს სათანადო, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებშიც დაშვებულია შეცდომა.
12. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო სსკ-ის 179-ე მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადაცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმის მიზანია, დააბალანსოს მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება ანაზღაურდება შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. სსკ-ის 179-ე მუხლი არის ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობით იზღუდება. ნორმის მიხედვით, არსებობს საჯარო ინტერესი, შენარჩუნდეს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობა, რის გამოც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის განმახორციელებელი მეზობლის მიმართ არ აქვს ნაგებობის დანგრევის მოთხოვნის უფლება (Säcker, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, $ 912, Rn. 1; ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018 წელი, მუხ.179, ველი 1). ამდენად, კანონი ერთი მხრივ, იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ, უფლებადარღვეულ მესაკუთრეს ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუცით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული (სუსგ Nას 740-692-2017, 27.10.2017წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული ბლოკის საამქროს ნაწილი (299.66 კვმ.) განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, #...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 90-101). ამდენად, დგინდება, რომ კასატორმა ბლოკის საამქროს მშენებლობისას დაარღვია მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები. შესაბამისად, საზღვრის დარღვევის გამო, არსებობდა მოსარჩელისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის საფუძველი. ექსპერტიზის დასკვნითაა ასევე დადგენილი, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საჩხერის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ....) 299.66 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება თვეში საორიენტაციო შეადგენს 75 ლარს (ს.ფ. 155-165). ამდენად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით უცვლელადაა დატოვებული.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა.გ–ს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №11545984550, გადახდის თარიღი 08.09.2021), 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე