საქმე № ას-915-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ა, მ.გ–ი, თ.ა–ი, მ.ლ–ძე, თ.უ–ძე, ლ.ქ–ძე, ნ.გ–ძე, ნ.პ–ი (მოპასუხეები)
მესამე პირები (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ს.ო–ი, გ.ო–ი, ჯ.ე–ი, დ.ე–ი, გ.ქ–ძე, ლ.ქ–ძე, ლ.ღ–ი, ლ.ღ–ი, ე.ღ–ი, მ.ღ–ი, გ.ს–ი, ო.ს–ი, ა.ქ–ძე
დაინტერესებული პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
თავდაპირველი მოპასუხეები - ც.ა–ი, თ.მ–ი, ე.ღ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისში, ........... N8-ის, ასევე, ზ. ........... ქ. N8-ის (........... ქუჩა) მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (ს/კ: ......; ს/კ: .....) (შემდგომში „სადავო უძრავი ქონება“, „უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“) სახელმწიფოს საკუთრებაშია.
2. სადავო ქონებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ ლ.კ–ა, მ.გ–ი, თ.ა–ი, მ.ლ–ძე, თ.უ–ძე, ც.ა–ი, თ.მ–ი, ლ.ქ–ძე, ნ.გ–ძე, ე.ღ–ძე, ნ.პ–ი (შემდგომში „მოპასუხეები“).
სასარჩელო მოთხოვნა:
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ სადავო უძრავ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთისა და უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
მოპასუხეთა შესაგებელი:
5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ზოგიერთ მათგანს კი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. წლების განმავლობაში ცხოვრებდნენ ქირით, ხანაც თავშესაფარში, რის გამოც მიმართეს კიდეც ქ. თბილისის მერიას საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ვინაიდან სადავო უძრავ ქონებას არ ჰყავს კერძო მესაკუთრე ან მოიჯარე და იგი სახელმწიფოს საკუთრებაშია, მოპასუხეებმა დაიკავეს თვითნებურად და გაარემონტეს, ახლომდებარე სკოლებსა და ბაღებში დაარეგისტრირეს ბავშვები და არ აპირებენ ქონების გათავისუფლებას, სანამ სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს მათ ალტერნატიული ფართით.
მესამე პირების პოზიცია:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად მოპასუხეთა მხარეს ჩაბმულ იქნენ არასრულწლოვნები - ს.ო–ი, გ.ო–ი, ჯ.ე–ი, დ.ე–ი, გ.ქ–ძე, ლ.ქ–ძე, ლ.ღ–ი, ლ.ღ–ი, ე.ღ–ი, მ.ღ–ი, გ.ს–ი, ო.ს–ი და ა.ქ–ძე, რომელთაც სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნათ წარმომადგენელი (ადვოკატი), ასევე, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
7. არასრულწლოვნების წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები, ხოლო ვინაიდან, მოპასუხეთა შვილები არიან არასრულწლოვნები, სარჩელის დაკმაყოფილებით ისინი დარჩებიან საცხოვრისის გარეშე. ამდენად, არ იკვეთება სახელმწიფოს უპირატესი ინტერესი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის მიმართ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთა - ც.ა–ის, თ.მ–ისა და ე.ღ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისთვის გადაცემა, ხოლო სარჩელი ლ.კ–ას, მ.გ–ის, თ.ა–ის, მ.ლ–ძის, თ.უ–ძის, ლ.ქ–ძის, ნ.გ–ძისა და ნ.პ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი:
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
12. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლზე („ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე (საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია თავად მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად და უფლება, უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში“), გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 11.1 მუხლზე (რომელიც მიუთითებს ცხოვრების სათანადო დონის უფლებაზე და მის ერთ-ერთ კომპონენტად განსაზღვრავს საცხოვრებლის უფლებას), ევროპის საბჭოს ევროპის სოციალური ქარტიის (განახლებული რედაქცია) 31-ე მუხლზე (სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობას; თავიდან აიცილოს და შეამციროს უსახლკარობა ეტაპობრივად, საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით; შექმნას საცხოვრებელზე ფასის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც სათანადო სახსრები არ გააჩნიათ), ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის 34.3 მუხლზე (სოციალური გათიშულობისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად კავშირი აღიარებს და იცავს უფლებას სოციალური და საცხოვრებლით დახმარების შესახებ), ასევე, გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის 1991 წლის მე-6 სესიის ზოგად კომენტარებში ასახულ განმარტებებზე (საცხოვრებლის უფლება არ უნდა იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მას მაგალითად თავშესაფრით უზრუნველყოფასთან გაათანაბრებდა, რაც მავანისათვის მხოლოდ ჭერის ქონას ნიშნავს. იგი განხილულ უნდა იქნეს როგორც ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება. უკანონო საცხოვრებელი ფართიდან პირების გამოსახლება აკრძალულია და მიუხედავად საცხოვრებელი ფართის უკანონო ფლობისა, ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული გარკვეული ხარისხის პირობებით, რომლებიც მას იცავს ძალადობრივი გამოსახლების დევნისა და სხვა საშიშროებებისაგან სახელმწიფო თუ სხვა პირების მოსალოდნელი შესაძლო თუ რეალური ზემოქმედებისაგან; იძულებითი გამოსახლება არ შეესაბამება პაქტის მოთხოვნებს, თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც გამოსახლება გარდაუვალია, სახელმწიფოებმა (მთვრობებმა) უნდა უზრუნველყონ სათანადო ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ყველა სათანადო საშუალებები, რაც მოიცავს სახელმწიფო ორგანოების მიერ სათანადო გარანტიების გარეშე კერძო პირების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ იძულებითი გამოსახლების შემთხვევების აკრძალვას. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გადახედონ და უნდა გააუქმონ ან შეცვალონ ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა ან პოლიტიკა, რომელიც პაქტის მოთხოვნებს არ შეესაბამება; გამოსახლების შედეგად პირი არ უნდა დარჩეს უსახლკაროდ და არ უნდა დაირღვეს მისი სხვა უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ გამოსახლებულ პირებს არ შეუძლიათ თავად უზრუნველყონ საარსებო სახსრები, მონაწილე სახელმწიფოებმა, ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში ყველა სათანადო საშუალება უნდა გამოიყენონ მათთვის სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად, დასასახლებლად ან ნაყოფიერი მიწების გამოსაყოფად არსებული გარემოებების გათვალისწინებით) და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია და მას არამართლზომიერად ფლობენ, როგორც მოპასუხეები, ასევე მათი არასრულწლოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები, გასაზიარებელია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ქონებიდან მოპასუხეთა გამოსახლება გულისხმობს ამ პირებთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვნებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოსახლებასაც, რაც მნიშვნელოვნად ხელყოფს აღნიშნულ პირთა სოციალურ უფლებებს.
13. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს იძულებითი გამოსახლების ადრესატის სათანადო საცხოვრებლის გარეშე დარჩენის რისკი, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ, მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში იზრუნოს, რომ პირებს გონივრული ვადით ჰქონდეთ სათანადო საცხოვრებელზე წვდომა.
კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
14.1.სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საერთაშორისო ნორმატიული აქტებით, თუმცა არ გამოიყენა ეროვნული საკანონმდებლო ნორმები - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლები (რომლებიც აწესრიგებს უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის სამართლებრივ რეჟიმს), ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი (რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია).
14.2.არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა სსკ 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მოპასუხეები საკუთარი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და მათ, როგორც კანონიერ წარმომადგენლებს, ევალებათ შვილების ინტერესების ჯეროვანი დაცვა.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
19. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
21. მტკიცების ტვირთის ცნებას განსაზღვრავს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1677-2018, 5.07.2022წ; N ას-309-2022. 7.07.2022წ; N ას- 471-2022, - 8.07.2022წ; N ას-582-2022, 16.09.2022წ.).
22. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 170.1-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), 168-ე (ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას) მუხლები. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ უძრავი ქონების (რომელიც თვითნებურად დაკავებული აქვთ მოპასუხეებს) მესაკუთრეა სახელმწიფო, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 18-19), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. პირიქით, წარდგენილი შესაგებლით ისინი აღიარებენ და ადასტურებენ ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტს და აცხადებენ, რომ ვინაიდან ქონება არის არა კერძო მესაკუთრის, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო მათ არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრისი, სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული ფართის გამოყოფამდე არ გაათავისუფლებენ მას. მოპასუხეები ასევე აპელირებენ მათთან მცხოვრები არასრულწლოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და აცხადებენ, რომ მათი გამოსახლებით არსებითად შეილახება აღნიშნულ პირთა კანონიერი ინტერესები.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სავსებით იძლევა წარდგენილი სავინდიკაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (სსკ 172-ე მუხლი). თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, ამ მოცემულობის მიუხედავად, მესაკუთრის სარჩელი არ დააკმაყოფილეს სრულად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები დაუპირისპირეს მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს, (რომლითაც დამტკიცდებოდა მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელობა).
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 8.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. ამავე კოდექსის პირველი მუხლით კი განსაზღვრულია, რომ ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
25. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია და მას არამართლზომიერად ფლობენ როგორც მოპასუხეები, ასევე მათი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სწორედ მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე აპელირებით ცდილობენ მოპასუხეები შეინარჩუნონ სადავო ქონებაზე მფლობელობა.
26. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები) (იხ. სუსგ საქმე Nას-839 -2020, 4 თებერვალი, 2021 წ.).
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადავო ქონებაში ცხოვრების ფაქტი არამართლზომიერად დაუფლებული ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლების შემაფერხებელი გარემოებაა. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ვერც იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი სარჩელის ნაწილობრივ უარსაყოფად საკმარისის საფუძველს სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფოს ვალდებულებაზე მითითება წარმოდგენს.
28. როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანიც ცხოვრობს, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს საკუთრების უფლება შეეზღუდოს. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვთ ბავშვის მშობლებს, ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს. მათვე აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა, რათა თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხეები, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან, მათ, როგორც კანონიერ წარმომადგენლებს, ევალებათ შვილების ინტერესების ჯეროვანი დაცვა (იხ. სუსგ საქმე Nას-1016-2018, 30.11.2018 წ.).
29. სხვა საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო საცხოვრებელი ბინის არასრულწლოვნის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა, შესაბამისად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის თაობაზე კასატორის პრეტენზია“ (იხ. სუსგ №ას-1282-2021, 15 ივნისი, 2022 წელი).
30. უფრო მეტიც, არაერთ საქმეზე, სადაც შესაფასებელი იყო იმ მოპასუხეთა მიერ ქონების ფლობის მართლზომიერება, რომელთაც ჰყავდათ არასრულწლოვანი შვილები, მართებულად შეფასდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების უარი საქმეში სოციალური სამსახურის ჩაბმის შესახებ და განიმარტა, რომ ვინაიდან დავის საგანი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას უკავშირდება და საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას, სოციალური სამსახურის, როგორც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით საქმეში ჩართვის საპროცესოსამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1191-2021, 14 თებერვალი, 2022 წელი).
31. ამდენად, საკასაციო სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ სადავო ქონებაში არასრულწლოვანთა ცხოვრების ფაქტი ვერ მიიჩნევა არამართლზომიერი მფლობელების ბინიდან გამოსახლების შემაფერხებელ გარემოებად.
32. რაც შეეხება სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, უზრუნველყოს თავშესაფრით უსახლკაროდ დარჩენილი პირები (რის თაობაზეც მიუთითებენ, როგორც მოპასუხეები, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოები), საკასაციო სასამართლოს განსჯით, არ უნდა განიმარტოს იმგვარად ფართოდ, რომ შესაძლებელი გახდეს თვითნებური ქმედებების - სხვისი ქონების დაკავებისა და სარგებლობის „არაპირდაპირი“ წახალისება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სოციალური სახელმწიფოს როლისა და ვალდებულებების აბსტრაქტულად წარმოჩენა საერთაშორისო ნორმატიული აქტების საფუძველზე და, აქედან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე მოპასუხეთა მხარეს მესამე პირებად ჩაბმული არასრულწლოვნების ინტერესების დარღვეულად მიჩნევა, მათი სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელებად განსაზღვრა დაუშვებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წელი).
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანომდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს ამა თუ იმ პირისათვის კონკრეტული სტატუსის მინიჭების წესსა და პროცედურას პირის უსახლკაროდ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი პირობები, წესი და პროცედურა განსაზღვრულია საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დაამტკიცა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“, რომელიც განსაზღვრავს პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს, ხოლო მისი განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ და ამტკიცებს მის დებულებას. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის 3 ან მეტი გადაკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით. მე-3 მუხლის საფუძველზე, პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე. ბოლოს კი, პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (იხ. სუსგ N ბს-287 (კ-20)- 29.09.2022წ)); ამდენად, პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.
34. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, მართალია, მიუთითებენ, რომ თავშესაფრის მოძიების მიზნით მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს (ქ. თბილისის მერიას), თუმცა საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი (მაგალითად, განცხადება უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ ან/და სხვ.), რომელიც მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა.
35. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა იყოს ცხადი, წინასწარგანჭვრეტადი და სათანადოდ ხელმისაწვდომი. პირს უნდა შეეძლოს კანონის შესაბამისად მოქმედება. აგრეთვე, ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული საჯარო ხელისუფლებისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში სათანადო ღონისძიებების მიღება. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გონივრული სიცხადით უნდა მიუთითებდეს იმ ფარგლებსა და გზებზე, რომლითაც უნდა განხორციელდეს საჯარო ხელისუფლებისთვის დელეგირებული დისკრეცია ისე, რომ პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ დაცვის მინიმალური ხარისხით, რომლის უფლებაც მათ აქვთ სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. რაც შეეხება წინასწარგანჭვრეტადობას, ფრაზა „კანონის შესაბამისად“ ამ კონტექსტში გულისხმობს, inter alia, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკმარისად განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა სათანადოდ მიანიშნოს ინდივიდებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც, ხელისუფლებას უფლება აქვს, გამოიყენოს უფლებათა შემზღუდველი ღონისძიებები. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი- ნინო კალატოზიშვილი).
36. ზემოაღნიშნული განმარტებების, სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეზე განხორციელებულია სამოქალაქო კოდექსის 170.1-ე, 172.1-ე და 168-ე მუხლებით განსაზღვრული ყველა წინაპირობა, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრისა და, შესაბამისად, მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
37. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.კ–ას, მ.გ–ის, თ.ა–ის, მ.ლ–ძე, თ.უ–ძის, ლ.ქ–ძის, ნ.გ–ძის, ნ.პ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გასასვლელი ...... მიმდებარედ ს/კ: ....... და უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ..... ქუჩა ზ. დ–ძე №8-ის მიმდებარედ (........... ქუჩა) ს/კ: ........ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე