საქმე №ას-427-2022 17 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ბ–ი“, შპს „ვ.ვ–ა“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – „ A. c.S.A” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ,, A. c.S.A’’-ის წარმომადგენელმა (შემდეგში მოსარჩელე, გამყიდველი, კრედიტორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ბ–ისა" (შემდეგში პირველი მოპასუხე, მყიდველი, მოვალე, კასატორი) და შპს ,,ვ.ვ–ას" (შემდეგში მეორე მოპასუხე, მყიდველი, მოვალე, კასატორი) წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის, თავის სასარგებლოდ, 11 904.07 ევროს ეკვივალენტის ლარში დაკისრება, ხოლო მეორე მოპასუხისათვის - 18 544.83 ევროს ეკვივალენტის ლარში დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოპასუხეებს, მათი შეკვეთების შესაბამისად, 2017 წლიდან აწვდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქტს - კორპის საცობებს. მოპასუხეებს ევალებოდათ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება. 2017 წელს პირველ მოპასუხეს მიაწოდა ჯამში 162 831.49 ევროს, ხოლო მეორე მოპასუხეს - 101 638.28 ევროს ღირებულების პროდუქცია. არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2019 წლის 10 ივნისს მან მიმართა მოპასუხეებს დაგროვებული დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის მოთხოვნით. ამ მომენტისათვის პირველი მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 11 904.07 ევრო, ხოლო მეორე მოპასუხის დავალიანებამ - 43 544.83 ევრო. მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, 2019 წელს, მეორე მოპასუხემ დაფარა დავალიანების ნაწილი 25 000 ევრო, შესაბამისად, მას გადასახდელი დარჩა - 18 544.83 ევრო. პირველ მოპასუხეს დავალიანება არ დაუფარავს და მისი დავალიანება სარჩელის წარმოდგენის დროისთვისაც შეადგენს 11 904.07 ევროს. მოპასუხეთათვის პროდუქციის მიწოდებისა და მიღების ფაქტს ადასტურებს წარმოდგენილი და მოპასუხეთა მიერ დადასტურებული (უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი) ინვოისები.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს შემდეგი: წარმოდგენილი სარჩელით არ დასტურდება, რომ მათ მოსარჩელისგან მიღებული აქვთ შესაბამისი ღირებულების პროდუქცია. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ რომელიმე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით. ის გარემოება, რომ ისინი ახორციელებდნენ გადახდას, არ გულისხმობს, რომ გადახდა ხორციელდებოდა სარჩელზე თანდართული ინვოისების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და ხელმოწერილი ცხრილი ასევე არ წარმოადგენს ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოთხოვნის წერილი ჩაბარდა რომელიმე მათგანს. მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს 2017 წლის 11 ოქტომბრის ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდას, სარჩელი კი, ამ მოპასუხის მიმართ წარდგენილია 2020 წლის 11 ნოემბერს - სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულებისთვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 904.07 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა, ხოლო მეორე მოპასუხეს - 18 544.83 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ბ–ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს ,,ვ.ვ–ას’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და შპს ,,ვ.ვ–ას’’, ,, A. c.S.A’’-ს სასარგებლოდ, 15 544.83 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა;
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. კასატორების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დააადგინა მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი და არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისები, საერთაშორისო გადაზიდვის ზედდებულები და მათი საშუალებით დაადასტურა ის გარემოება, რომელიც არ შეიძლება დადასტურდეს ამ სახის მტკიცებულებებით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
9.2.1. მოსარჩელე მოპასუხეებს 2017 წლიდან აწვდიდა კორპის საცობებს. თავის მხრივ, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ აენაზღაურებინათ მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.
9.2.2. 2017 წელს, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს მიაწოდა ჯამში 162 831.49 ევროს, ხოლო მეორე მოპასუხეს - 101 638.28 ევროს ღირებულების პროდუქცია.
9.2.3. ანგარიშსწორების პირობების დარღვევისა და ვალის დაგროვების გამო, არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2019 წლის 10 ივნისს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეებს დაგროვებული დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის მოთხოვნით.
9.2.4. 2019 წლის 10 ივნისის მდგომარეობით, პირველი მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 11 904.07 ევრო, ხოლო მეორე მოპასუხის დავალიანებამ - 43 544.83 ევრო.
9.2.5. მოთხოვნის წერილის წარდგენის შემდეგ, 2019 წელს მეორე მოპასუხემ დაფარა დავალიანების ნაწილი 25 000 ევრო. შესაბამისად, მას გადასახდელი დარჩა დავალიანების ნაწილი - 15 544.83 ევრო (მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 3000 ევრო და სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 10 მაისის გადარიცხვის ბარათი და საგადახდო დავალება).
9.2.6. მიუხედავად მოთხოვნის წერილის წარდგენისა, პირველ მოპასუხეს დავალიანება არ დაუფარავს და მისი დავალიანება სარჩელის წარმოდგენის დროისათვის შეადგენს 11 904.07 ევროს.
10. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს გარემოებები, სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
11. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477-ე მუხლის მეორე ნაწილის (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) დანაწესიდან გამომდინარეობს.
12. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, გამყიდველს კორპის საცობები მყიდველისათვის უნდა გადაეცა. გამყიდველმა მყიდველებს მიაწოდა სადავო ღირებულების საქონელი. კასატორების პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ არასწორად დააადგინა მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი და არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისები, საერთაშორისო გადაზიდვის ზედდებულები და მათი საშუალებით დაადასტურა ის გარემოება, რომელიც არ შეიძლება დადასტურდეს ამ სახის მტკიცებულებებით.
13. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მხარეებს შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურებით სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობა დგინდებოდა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ ზედნადებებს, რაც გამყიდველის მითითებით ადასტურებდა საქონლის მიწოდების შესახებ სადავო გარემოებას და წარმოუშობდა მყიდველს საფასურის გადახდის მოვალობას, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიენიჭა მტკიცებულების მნიშვნელობა სსკ-ის 477-ე მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, დასტურდება მათთვის სადავო საქონლის მიწოდების ფაქტი და, აქედან გამომდინარე, მათ გააჩნიათ ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება.
14. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის მოპასუხეთა მიერ მიღების ფაქტი სწორად დაადგინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან (განსახილველ შემთხვევაში, კორპის საცობები) რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს, გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ზედნადებები შესაბამის მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასწორად შეფასების თაობაზე კასატორების პრეტენზიას.
15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გამყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის ფასის მოთხოვნის უფლება. კერძოდ, რაკი გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - მყიდველებს მიაწოდა შეთანხმებული საქონელი, მათ კი, სრულად არ გადაიხადეს ნასყიდობის საფასური, სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე, ისინი ვალდებულნი არიან, გადაიხადონ მიწოდებული საქონლის ღირებულების დარჩენილი ნაწილი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა შესრულებით სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამ გარემოების დამტკიცება მოვალეს შეუძლია შესრულების მიღების თაობაზე კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტით. ასეთი დოკუმენტის მოთხოვნის უფლებას მოვალეს ანიჭებს სსკ-ის 429.1 მუხლი (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი). თავად ამ დოკუმენტის რეკვიზიტები კი, მოცემულია სსკ-ის 430-ე მუხლში (კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს). ამ ნორმით გათვალისწინებული რეკვიზიტების მითითება შესრულების მიღების დოკუმენტში (ქვითარში) აუცილებელია, რადგან ქვითარს აკისრია ძირითადი მტკიცებულების ფუნქცია ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას.
16. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დეტალურად შესწავლისა და შეფასების შედეგად, დაადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა და კასატორებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ. რაც შეეხება ნასყიდობის საფასურის დაკისრებას, კასატორებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი - ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მაშასადამე, მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის გადახდა.
17. საბოლოოდ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ გამყიდველმა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და მყიდველების მხრიდან შემხვედრი ფულადი ვალდებულების (ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის) შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი სამართალწარმოების პროცესში არ გამოკვეთილა.
18. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიების წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას. კასატორებს სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დაეკისრათ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის გადახდა და შესაბამისად, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
19. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ–ისა“ და შპს „ვ.ვ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ბ–ის“ (ს/კ ...... ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს რ.ჩ–ძის მიერ 2022 წლის 10 მაისს N13270281370 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1915.00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 3.8 ლარი და დარჩენილი 1911.2 ლარის 70% – 1337.84 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. შპს ,,ვ.ვ–ას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 10 მაისს N13270297701 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2980.00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 484.27 ლარი და დარჩენილი 2495.73 ლარის 70% – 1747.01 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი