საქმე №ას-868-2022
24 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს.კ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-ა–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მა–ის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - (თავდაპირველი სარჩელით) - მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება, (შეგებებული სარჩელით) მომსახურების ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და ურთიერთშედარების აქტის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მა–ის განჩინებით, აპელანტი შპს „ს.კ.ბ–ის“ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (ტომი II, ს.ფ. 153-158).
2. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 24 მა–ს, 14:00 საათზე, დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი - შპს „ს.კ.ბ–ი“ და მისი წარმომადგენელი ნ.ქ–ია (იხ. რწმუნებულება ტომი I, ს.ფ. 136), რომელიც 2022 წლის 19 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მონაწილეობდა საქმის განხილვაში და მისთვის ცნობილი იყო მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 152). გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ასევე, განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი რწმუნებულებების მიხედვით დასტურდებოდა, რომ აპელანტ კომპანიას ნ.ქ–იას გარდა, ჰყავს სხვა წარმომადგენლებიც - ს.ქ–ი (ტომი I, ს.ფ. 136) და კ.ბ–ა (ტომი I, ს.ფ. 73), რომელთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზიც, სასამართლოსთვის ასევე უცნობი იყო.
3. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე ამოიწურა მხარეების დალოდების გონივრული ვადა (სხდომის გახსნიდან გავიდა 20 წუთი), სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით არ იყო აპელანტის განცხადება მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ და მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე, და 215-ე მუხლების გამოყენების საფუძვლები, რის გამოც შპს „ს.კ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. 2022 წლის 29 ივნისს, თბილისის სააპელაციო პალატის 2022 წლის 24 მა–ის განჩინებაზე, შპს „ს.კ.ბ–ის“ წარმომადგენელმა - ნ.ქ–იამ წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვს გამოუცხადებლობის საპატიოდ ცნობას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას (ტომი II, ს.ფ. 162-165).
5. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 24 მა–ს, 14:00 საათზე, დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, თუმცა, იგი ცნობილი არ იყო სასამართლოსათვის გარკვეული მიზეზების გამო. კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის გამართვის დღეს, აღენიშნებოდა თავის მოჭერითი ტკივილები, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა და სისუსტე, რასაც მოწმობს მის მიერ კერძო საჩივარზე დართული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 166). ცნობაში აღწერილია პაციენტის ანამნეზი და მითითებულია შრომითი რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, მას დაენიშნა სახლში მკურნალობა ამასთან, იმავე ცნობაში აღინიშნა, რომ ნ.ქ–ია ვერ შეძლებდა 2022 წლის 24 მა–ს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
6. კერძო საჩივრის ავტორი დამატებით განმარტავს, რომ მიუხედავად შეუძლოდ ყოფნისა, მოამზადა შუამდგომლობა სასამართლოსთვის საპატიო მიზეზის ცნობისა და საქმის განხილვის გადადების თაობაზე და თანაშემწეს დაავალა შუამდგომლობის მიწოდება ecourt.ge-ს საშუალებით. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მოხდა ტექნიკური ხარვეზი და შუამდგომლობა პროგრამაში ვერ აიტვირთა ან წაიშალა და შესაბამისად ვერ გადმოიგზავნა.
7. კერძო საჩივრის ავტორი ასევე, აპელირებს სასამართლოს იმ არგუმენტზე, რომლის თანახმად, აპელანტს ნ.ქ–იას გარდა ჰყავდა სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე არ გამოცხადებულან სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ როგორც მხარესთან ასევე სხვა წარმომადგენლებთან შეთანხმებული იყო, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის ინტერესებს დაიცავდა - ნ.ქ–ია, რის გამოც სხვა წარმომადგენლებს აღარ ჰქონდათ წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების უფლება. კ.ბ–ას პირველი ინსტანციის სასამართლოშიც არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, ხოლო ს.ქ–თან მეორე ინსტანციის ეტაპზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც მხარის აზრით, მოწმობს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილს, გამართულ სხდომაზე მხოლოდ ნ.ქ–იას გამოცხადება და სხდომაში მონაწილეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
12. გასაჩივრებული საოქმო განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 24 მა–ს, 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, აპელანტის ან/და მისი წარმომადგენლების გამოუცხადებლობა, რომლებიც კანონით დადგენილი წესით მიწვეულნი იყვნენ საქმის განხილვაზე. ასევე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებებიათ სასამართლოსთვის, აპელანტი კომპანიის სხვა წარმომადგენლებსაც (კონა ბობოხია და ს.ქ–ი), რომელთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც, დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი, განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობებით.
13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სხვა ადვოკატების წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შპს „ს.კ.ბ–ის“ მიერ, ს.ქ–ისა (ტომი I, ს.ფ. 136) და კ.ბ–ას (ტომი I, ს.ფ. 73), სახელზე გაცემული მინდობილობა, 2022 წლის 24 მა–ს, როდესაც დანიშნული იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა, კანონით დადგენილი წესით გაუქმებული არ ყოფილა, შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდათ დაეცვათ მარწმუნებლის ინტერესები საქართველოს ყველა სასამართლოში.
14. საკასაციო პალატა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება. კერძო საჩივრის ავტორს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (მით უფრო როდესაც სხვა წარმომადგენლებზე გაცემული მინდობილობები საქმეშია წარმოდგენილი) ან ეცნობებინა სასამართლოსთვის მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო მიზეზის თაობაზე (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.). საკასაციო პალატა დასძენს, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (სუსგ Nას-152-148-2016, 03.06.2016 წ.; სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ., სუსგ Nას-274-2021, 07.07.2021წ.).
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი დიდ ინტერესს და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №ას-1412-2018 განჩინება, სუსგ # ას-29-29-2016 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.კ.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მა–ის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე