Facebook Twitter

საქმე ას- 1537-2022 23 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – სს „ლ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.გ–ძე, მ.მ–ი, ი.ჭ–ა, ი.მ–ი, დ.რ–ი, ბ.ჩ–ძე, ლ.შ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - 2021 წლის 01 მარტის N10469 ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.გ–ძემ, მ.მ–მა, ი.ჭ–ამ, ი.მ–მა, დ.რ–მა, ბ.ჩ–ძემ, ლ.შ–მა (შემდეგში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ლ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ლ–ის“ 2021 წლის 01 მარტის ბრძანება #10469 ქსელური ობიექტების მერჩენდაიზერის თანამდებობის გაუქმების შესახებ, ასევე 2021 წლის 09 და 15 მარტის ბრძანებები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი;

1.2. მოპასუხე კომპანიას დაევალოს მოსარჩელეები აღადგინოს ქსელური ობიექტების მერჩენდაიზერის თანამდებობაზე;

1.3. მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაესკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელეების გათავისუფლების დღიდან 2021 წლის 01 მარტიდან წინამდებარე საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2021 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე მიღებული ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით;

1.4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების ზ.გ–ძის, მ.მ–ის, ი.ჭ–ას, ი.მ–ის, დ.რ–ის, ბ.ჩ–ძისა და ლ.შ–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა რომლებმაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ.გ–ძის, მ.მ–ის, ი.ჭ–ას, ი.მ–ის, დ.რ–ის, ბ.ჩ–ძის, ლ.შ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ.გ–ძის, მ.მ–ის, ი.ჭ–ას, ი.მ–ის, დ.რ–ის, ბ.ჩ–ძის, ლ.შ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს „ლ–ის“ 2021 წლის 09 და 15 მარტის

ბრძანებები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; სს „ლ–ს“ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება: ა) ზ.გ–ძის სასარგებლოდ 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ბ) მ.მ–ის სასარგებლოდ 1342 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; გ) ი.ჭ–ას სასარგებლოდ 1305 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; დ) ი.მ–ის სასარგებლოდ 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ე) დ.რ–ის სასარგებლოდ 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ვ) ბ.ჩ–ძის სასარგებლოდ 1375 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ზ) ლ.შ–ის სასარგებლოდ 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; სს „ლ–ს“ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2021 წლის 01 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე: ა) ზ.გ–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ბ) მ.მ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1342 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; გ) ი.ჭ–ას სასარგებლოდ ყოველთვიურად 1305 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; დ) ი.მ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ე) დ.რ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ვ) ბ.ჩ–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1375 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; ზ) ლ.შ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1250 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ლ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 27 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი, რომლითაც მოცემულ საქმეზე წარმოების შეწყვეტა ითხოვეს, დავის საგნის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობს გამო.

შუამდგომლობა იმითაა დასაბუთებული, რომ მხარეები მორიგდნენ, სს „ლ–მა“ მორიგების აქტის თანახმად, შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და ყველა მოსარჩელეს (ან მოსარჩელის წარმომადგენელს) ჩაურიცხა კომპენსაციის თანხები, ასევე, შესაბამისი თანხა ჩაურიცხა მოპასუხის იურისტს ლევან ქოქოშვილს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მორიგდნენ და თანახმა არიან დავის საგნის არ არსებობის გამო, შეწყდეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა კასატორის სს „ლ–ის“ წარმომადგენლის ა.ხ–ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს. წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული მასალების შემოწმებით დგინდება, კასატორი და მოწინააღმდეგე მხარეები მორიგდნენ და თანახმა არიან შეწყვიტონ საქმის წარმოება. აქვე პალატა მხედველობაში იღებს საქმეში არსებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, სს „ლ–ის“ წარმომადგენელი ე.ა–ი უფლებამოსილი პირია (მინდობილობა ტ.4; ს.ფ.103-104). ხსენებული მინდობილობა საწარმოს დირექტორის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაიცა და იგი ძალაუნარიანია (გაცემულია 10 თვის ვადით). საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადება კი, საწარმოს სახელით შედგენილი და წარმოდგენილია 2022 წლის 27 დეკემბერს ა.ხ–ის მიერ (მინდობილობა ტ.4; ს.ფ.103-104) (ტომი 4, ს.ფ. 117). შესაბამისად, აღნიშნული გარემოება პალატას უფლებამოსილს ხდის, იმსჯელოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ წარმომადგენლის განცხადებაზე (სსსკ-ის 93.1 და 96.2 მუხლები).

პალატის განსჯით, მითითებული გარემოებები საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ დღეის მდგომარეობით მიღწეულია მიზანი, რისთვისაც განსახილველი სარჩელი აღიძრა. მხარეთა სურვილი და მიზანია მოცემულ საქმეზე აღარ გაგრძელდეს სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოში და შეწყდეს საქმის წარმოება. შესაბამისად, გაქარწყლდა სარჩელის მიმართ არსებული იურიდიული ინტერესი. (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი)

შესაბამისად, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით აღარ არსებობს დავის საგანი და ასეთ ვითარებაში, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას.

პალატას მხედველობაში იღებს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომელიც ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე გამოიყენება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და რომლითაც დადგენილია შემდეგი: სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 273.2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განცხადება, მხარეთა მორიგების გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება პროცესის ხარჯებს, პალატა ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 54.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, 1991-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ლ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს საქმის წარმოება საქმეზე ას-1537-2022 ზ.გ–ძის, მ.მ–ის, ი.ჭ–ას, ი.მ–ის, დ.რ–ის, ბ.ჩ–ძის, ლ.შ–ის სარჩელისა გამო სს „ლ–ის“ მიმართ, 2021 წლის 01 მარტის N10469 ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

5. სს „ლ–ს“ დაუბრუნდეს ა.ხ–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი:29.11.2022წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე