Facebook Twitter

16 თებერვალი, 2023 წელი,

საქმე №ას-435 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე.დ–ის უფლებამონაცვლე გ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ., ნ., ა.კ–ები, ლ.ხ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.დ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), ა.(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) კ–ებისა და ლ.ხ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, გაუგებარია, რა უშლიდა ხელს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა და ეცნო შენობა-ნაგებობა #3-ის მესაკუთრედ, მით უფრო, როდესაც ამ ქონების 1/2 წილს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება საერთოდ არ ითვალისწინებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა გ.ბ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 1942 წლის 3 მაისს, შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზ.ნ–ის ძე კ–გან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე) ი.ი. ძე პ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი ან მოსარჩელის მეუღლე) 10000 მანეთად (საბჭოთა კავშირის დროს მიმოქცევაში არსებული ფულის ერთეული) შეიძინა ერთი ოთახი თავისი ბაღით, სიგრძით - ....... ქუჩიდან ხევამდე, სიგანით - 6 მეტრი და 10 სანტიმეტრი.

5.4. 2016 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, 1990 წლის 18 აგვისტოს გარდაცვლილი მეუღლის დანაშთი სამკვიდრო მიიღო.

5.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება) გ.ბ–ის მოთხოვნა ა., მ. და ნ. კ–ების მიმართ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა თბილისში, ........ მდებარე არჩილ, მ., ნ. და ნ. კ–ების საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, ს/კ-ით #...., #2 შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ.

5.5.1. საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით აღძრულ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისში, ...... ქუჩა #5-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 57,64 კვ. მ #5 შენობა-ნაგებობა 1942 წელს ზ.კ–გან სანოტარო ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა მოსარჩელის/გ.ბ–ის ბაბუამ - ი.პ–მა. 2010 წელს ზ.კ– სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი მისმა მემკვიდრეებმა - მ.კ–მ (რძალი) და ნ., ა.და ნ. კ–ებმა (შვილიშვილები) მიიღეს. რაც შეეხება ი. პ–ს, მისი მემკვიდრე იყო გ.ბ–ი, რომელიც სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა და მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია 1992 წლიდან.

5.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, 2016 წლის 26 აპრილისა და 15 ივლისის მონაცემებით, თბილისში, ..... ქუჩა №15-ში მდებარე, 377 კვ. მ, დაზუსტებული ფართი, შენობა ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, საკადასტრო კოდით #....., ა.კ–ის, გ. ბ–ის, ნ. კ–ძის, ნ. კ–ძისა და მ.კ–ძის საკუთრებაა, კერძოდ, უძრავი ნივთის ½ ნაწილი მ., ნ. და ნ. კ–ებს, ½ - ა.კ–ს, 57,64 კვ. მ შენობა-ნაგებობა N2 კი, კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ბ–ს ეკუთვნის.

5.7. 2016 წლის 10 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ნ. და ნ. კ–ებმა თანაბარწილად მიიღეს 2016 წლის 4 მაისს გარდაცვლილი მ.კ–ძის დანაშთი სამკვიდრო.

5.8. 2016 წლის 12 სექტემბერს ა., ნ., ნ. კ–ებსა და გ.ბ–ს შორის შედგენილი ურთიერთშეთანხმებით, ა., ნ. და ნ. კ–ბმა თანხმობა გამოთქვეს, რომ თბილისში, ...... მდებარე შენობა-ნაგებობა N3, თავისი მიწის ნაკვეთით, გარდაცვლილი ი. პ–ის მემკვიდრეების - მეუღლის, შვილების, შვილიშვილების სახელებზე აღრიცხულიყო.

5.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვლის №882017045236-07 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისში, ...... მდებარე, №3 შენობა ამ უკანასკნელის სახელზე აღირიცხა.

5.9.1. შედეგად, თბილისში, ....... მდებარე, 377 კვ. მ დაზუსტებული ფართი, N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდით #......., ა.კ–ის, გ.ბ–ის, ნ. კ–ძის, ნ. კ–ძისა და ე.დ–ის საკუთრებაა, კერძოდ, უძრავი ნივთის დარჩენილი ნაწილის ½ ნაწილი ნ. და ნ. კ–ებს, ½ - ა.კ–ს, 57,64 კვ. მ შენობა-ნაგებობა N2, გ. ბ–ს, შენობა N3, მხარეთა შორის 2016 წლის 12 სექტემბრის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეს ეკუთვნის.

5.9.2. 2017 წლის 14 თებერვლის მონაცემებით, თბილისში, .... მდებარე სახლთმფლობელობა (დაზუსტებული ფართობი 377 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, საკადასტრო კოდით #.......) ა.კ–ძის, გ.ბ–ის, ნ. კ–ძისა და ნ. კ–ძის საკუთრებაა, სახელდობრ, უძრავი ნივთის ½ ნაწილი ნ. და ნ. კ–ებს, ½ - ა.კ–ს, 57,64 კვ. მ შენობა-ნაგებობა N2 კი, გ.ბ–ს ეკუთვნის.

5.10. 2016 წლის 10 ნოემბერს ნ. და ნ. კ–ებმა თბილისში, ........, მდებარე 377 კვ. მ დაზუსტებული ფართობიდან (ს/კ-ით #.......) ½ ნაწილი ლ.ხ–ას მიჰყიდეს.

5.10.1. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 22 დეკემბრის №882016776178-10 გადაწყვეტილებით, იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ნასყიდობის საგნის 1/2 ეკუთვნოდა ნ. კ–ს, მ. კ–სა და ნ. კ–ს, ხოლო ნ. და ნ. კ–ები უძრავი ქონების 1/2 ნაწილიდან მ.კ–ძის წილის მესაკუთრეები არ იყვნენ, საქმისწარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარიც ურყოფილ იქნა.

5.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის №3/589-17 გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მეოთხე მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის №2828 და 2017 წლის 25 იანვრის №882016776178-12 გადაწყვეტილებები;

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა თბილისში, ...... (ს/კ-ით ......) მდებარე უძრავი ქონების, 2016 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ნ. კ–ძის, მ.კ–ძისა და ნ. კ–ძის საკუთრებაში არსებული 2/3 წილზე ლ.ხ–ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა.

5.12. 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისში, ....... მდებარე, 377 კვ. მ. ქონება (დაზუსტებული ფართი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, საკადასტრო კოდით #......), შესაბამისი წილობრივი მონაცემებით გ.ბ–ის, ა., ნ., ნ. კ–ძისა და ლ.ხ–ას საკუთრებაა.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უსაფუძვლობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია), 185-ე (შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე), 312.1 (რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა) და 312.2 (იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობამ განაპირობა.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე 2016 წლის 10 ნოემბერს მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების - შენობა-ნაგებობა #3/1-ის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობასა და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ უძრავი ქონება პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებთან 2016 წლის 12 სექტემბერს დადებული შეთანხმებით შეიძინა, ხოლო სადავო გარიგებით ნივთი განმეორებით განიკარგა.

8. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებით, რომლითაც მეოთხე მოპასუხე უძრავი ნივთის დარჩენილი ნაწილის 2/6 ნაწილის (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) მესაკუთრეა, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს, სახელდობრ:

8.1. კანონის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლი). ნორმა წერილობით ფორმასთან ერთად განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის წესს - სსკ-ის 311.1 მუხლი, რომლის მიხედვით, გარიგება სამართლებრივად ნამდვილია მისი გაფორმების მომენტიდან, მაგრამ საკუთრების უფლების ცვლილება დამოკიდებულია საჯაროსამართლებრივ აქტზე - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.

8.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ნოემბრის გარიგების საფუძველზე მეოთხე მოპასუხემ შეიძინა ნ. და ნ. კ–ების უძრავი ქონების წილის 1/2 ნაწილი, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო შეთანხმება დადებულია იძულების, მუქარის, ძალადობის, მოტყუების ან სხვა საფუძვლით, საქმეში არ წარდგენილა და ამაზე არც მოსარჩელე არ უთითებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარიგება ნამდვილია, დადებულია მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე, აკმაყოფილებდა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მისი კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9. საკასაციო სასასმართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა როგორც 2016 წლის 10 ნოემბრის გარიგების ბათილად ცნობას შენობა-ნაგებობის #3/1-ის 1/2 ნაწილის განკარგვის ფარგლებში ისე ........ არსებული უძრავი ქონების ნაწილის (შენობა-ნაგებობა #3/1) მესაკუთრედ ცნობას.

აღნიშნული მოთხოვნების განხილვის კონტექსტში გასათვალისწინებელია, რომ კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარგებლის (ი. პ–ის) უფლებამონაცვლის, გ.ბ–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი მ., ნ. და ნ. კ–ების საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, ს/კ-ით #........, #2 შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ იქნა ცნობილი.

შესაბამისად, სადავო ნასყიდობის (2016 წლის 10 ნოემბერის) ხელშეკრულების ბათილობის რომელიმე საფუძვლის არსებობის პირობებშიც, სარჩელს მაინც არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა ვინაიდან, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული მესაკუთრედ ცნობის უფლება ფორმადაუცველი გარიგებით ქონების შემძენის (ი.პ–ი) უფლებამონაცვლის (გ.ბ–ი) მიერ უკვე რეალიზებულია.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება ნამდვილია და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ასევე მოსარჩელის ნივთის ნაწილის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადახდო დავალება #9537957653, გადახდის თარიღი 06.07.2020წ), 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.დ–ის უფლებამონაცვლის გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.დ–ის უფლებამონაცვლე გ.ბ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადახდო დავალება #9537957653, გადახდის თარიღი 06.07.2020წ), 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე