3 ნოემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-481 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც თ.ბ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 27 თებერვლის #2219/კ ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ყოველთვიურად განაცდურის - 1000 ლარის (დარიცხული) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით გაცემული ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს გამოკლებით. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, 2022 წლის საშტატო ნუსხით, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობა 2 ერთეულით შემცირდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია ვაკანტური არ არის.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. დამსაქმებლის 2006 წლის 30 იანვრის #4 ბრძანებით, მოსარჩელე სააგენტოს ხობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად დაინიშნა.
4.4. მოსარჩელე 2007-2009 წლებში საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდის სამსახურის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
4.5. დამსაქმებლის 2013 წლის 17 იანვრის #695/კ ბრძანებით, მოსარჩელე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარ სპეციალისტად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 840 ლარით, ხოლო 2018 წლის 9 თებერვლის #1665/კ ბრძანებით - 1100 ლარით განესაზღვრა.
4.6. დამსაქმებელის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგინდა სააგენტოში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა. ატესტაცია მოიცავდა 2 თანმიმდევრულ ეტაპს - ტესტირებასა (პროფესიულ წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები) და გასაუბრებას.
4.7. 2019 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელე რეორგანიზაციის მოტივით თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილდა.
4.8. მოპასუხის 2020 წლის 27 თებერვლის #2219/კ ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით.
4.9. სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების შესახებ მონაცემებით, მოსარჩელე მაქსიმალური 60 ქულიდან 57 ქულით შეფასდა.
4.10. რეორგანიზაციამდე საშტატო განრიგით - 615 საშტატო ერთეული, თვის ფონდი - 813 200 ლარით, წლიური - 9 758 000 ლარით, იყო დამტკიცებული.
რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა - 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749 900 ლარით, ხოლო წლიური ფონდი - 9 000 000 ლარით განისაზღვრა.
4.11. დასაქმებულმა ტესტირების შედეგად ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 38 ქულა, ქართული ენის მართლწერაში 80 ქულიდან 49 ქულა, ხოლო სამართლებრივ თემატიკაში 50 ქულიდან 44 ქულა მოიპოვა.
4.12. სააგენტოს სტრუქტურის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი 41 საშტატო ერთეულით იყო განსაზღვრული, ხოლო 2020 წლის 27 თებერვალს, რეორგანიზაციის შემდგომ ჯამურად 26 საშტატო ერთეულია, აქედან ერთი სამსახურის უფროსი, 25 კი - მთავარი სპეციალისტია.
4.13. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის ორი ადგილი ვაკანტურია.
4.14. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება არამართლზომიერია.
5. მოსარჩელისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია), და იძულებითი განაცდურის მიღების შესახებ აღძრული მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, სახელდობრ:
7. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება.
მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა წარიმართოს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას.
საწარმოში რეორგანიზაციის (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს.
ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.
ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე.
სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და რადიკალური ღონისძიების არჩევის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი).
საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.
მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. ეს დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.
10. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ გათავისუფლება განხორციელდა ბრძანებაში მითითებული, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც გულისხმობს იმ გარემოების მტკიცებას, რომ დამსაქმებელმა დაიცვა კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) არსებობდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია საფუძვლიანი ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობა და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი იყო სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ლეგიტიმურად ჩაითვალოს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობაც. ამდენად, სწორედ დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ემტკიცებინა, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირების თანხლებით, ეკონომიკური თვალსაზრისით იყო გარდაუვალი.
11. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ სააგენტოში ნამდვილად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც კასატორის საჭიროებებიდან და აუცილებლობებიდან გამომდინარეობდა და, რომ ამ რეორგანიზაციას შედეგად სამუშაო ძალის შემცირება მოჰყვა; თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, საბოლოოდ 23 მთავარი სპეციალისტის თანამდებობის არსებობისას, მართლზომიერია თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
ანუ რამდენად დასტურდება, რომ სააგენტოს მიერ დასახული მიზნის მიღწევისათვის უცილებელი და გარდაუვალი იყო კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
12. ზემოაღნიშნული საკითხის შეფასება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.
ამასთან, იმისათვის, რომ სასამართლომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება და მათი გავლენა დასაქმებულზე, აუცილებელია, შეფასდეს, თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა.
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული, რამაც უნდა გამორიცხოს მცირედი ეჭვის არსებობის საფუძველი, რაც დასაქმებულის კანონიერი ინტერესის ხელყოფის ფაქტს მიემართება. ანალოგიურ განმარტებებს შეიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის, Nას-224-224-2018, 18.05.2018 წ.
13. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო, დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ:
14. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მაქსიმალური 80 ქულიდან 38 ქულა, ქართული ენის მართლწერაში 80 ქულიდან 49 ქულა, ხოლო სამართლებრივ თემატიკაში 50 ქულიდან 44 ქულა მოიპოვა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც დამაკმაყოფილებელი შეფასების მინიმალური ზღვარი განსაზღვრული არ ყოფილა მოსარჩელის დაბალი კვალიფიკაციის შესახებ დასკვნის ჩამოყალიბება უსაფუძვლოა.
ამავდროულად, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელესთან გასაუბრებისას, გაცემული პასუხები იძლეოდა ტესტირებით მასზე დაბალი შეფასების მქონე პირებისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლობლობას საქმეში არ წარდგენილა.
15. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა არჩევანისას უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენაჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.; შდრ. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).
16. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო, დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, რაც, თავის მხრივ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 48.8 მუხლის დანაწესსაც (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის სშკ-ის 38.8 მუხლი) და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
18. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).
19. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის ბრძანების უკანონობის პირობებში მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
20. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ 2022 წლის საშტატო ნუსხით, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობა 2 ერთეულით შემცირდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული ადგილი ვაკანტური არ არის, აღნიშნულის დასტურად საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წერილი და იშუამდგომლა მისი საქმეზე დართვის თაობაზე.
21. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს, მის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება, ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
22. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გათავისუფლების კანონშეუსაბამობის დადასტურება, პირველ რიგში, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას განაპირობებს, თუკი სადავო ადგილი ვაკანტურია.
დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თავისუფალი ვაკანსიის არარსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის, რელევანტური მტკიცებულებები, რომ კონკრეტული სამუშაო ადგილი ვაკანტური არ არის.
განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორი თავისუფალი თანამდებობის არარსებობის დასადასტურებლად მიუთითებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წერილებზე, რომლებიც საქმეზე დართვის პირობებშიც სათანადო ხასიათის და უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული (შდრ. სუს. №ას-1135-2021, 24.02.2022წ; №ას-235-2021, 18.06.2021წ).
23. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სადავო იყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე უარის თქმის კანონიერება, განმცხადებელმა (დამსაქმებელმა) მოითხოვა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოპასუხეს (დამსაქმებელს) მოსარჩელისთვის (დასაქმებულისთვის) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაკისრებოდა.
აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი, დამსაქმებელმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში განხილვისას, მან კანონის სრული დაცვით გააუქმა სამუშაოდან გათავისუფლებული პირის ვაკანტური თანამდებობა, ამასთან, დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნა სხვა პირები, რის გამოც შეუძლებელი იყო ტოლფას პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების აღსრულების წესის ცვლილების შესახებ განმცხადებლის (დამსაქმებლის) მიერ მითითებული მოტივი და განმარტა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, უდავო ძალის მატარებელი ფაქტია, რომ საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, ხოლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისთვის არასასურველი კანდიდატის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გამორიცხავს, მიუხედავად სამართლის ფორმალური მიდგომების დაცვისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრუნვის სუბიექტის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ ქცევად. შესაბამისად, ის გარემოება, როდესაც დამსაქმებლისათვის ცნობილია დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით ამართლებს საკუთარ ქმედებას, ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქცევად“ (შდრ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31.01.2020 წ).
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1320 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #28750, გადახდის თარიღი 17.05.2022წ), 70% - 924 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (ს/კ 202307..) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1320 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #28750, გადახდის თარიღი 17.05.2022წ), 70% - 924 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე