Facebook Twitter

26 იანვარი, 2023 წელი,

საქმე №ას-623 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ.ღ–ძე, მ.ა–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ტ., ნოტარიუსი ნ.ფ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სანოტარო აქტების ბათილად ცნობა, ფაქტობრივად მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ღ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და მ.ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, გ.ტ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოსარჩელეების ძმა) და ნოტარიუს ნ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ნოტარიუსი) წინააღმდეგ სანოტარო აქტების ბათილად ცნობისა და ფაქტობრივად მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ აღიარების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. მათი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორების მტკიცებით, სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. ისინი მშობლების სიცოცხლეშიც და მათი გარდაცვალების შემდგომაც აგრძელებენ ცხოვრებას მემკვიდრეობით მიღებულ სახლში, შესაბამისად, სამკვიდრო ქონებაც მათი საკუთრებაა.

1.2. კასატორების მითითებით, მათ მხოლოდ ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოს“ 11.11%-იანი დაუთმეს/აჩუქეს ძმას, რომელსაც არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტაო ბიუროში განცხადების შეტანით სამკვიდრო არ მიუღია. ნოტაიუსმა კი, შეცდომაში შეიყვანა და ტელეკომპანიის წილის ნაცვლად, სამკვიდრო ქონებაზე უარის განაცხადის ფარგლები დაუსაბუთებლად გააფართოვა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ლ.ღ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეებისა და პირველი მოპასუხის დედა ან მამკვიდრებელი) 2013 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის სამკვიდროს შეადგენდა - ზესტაფონში, ....... მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით #...... და 11.11%-იანი წილი ტელეკომპანია „არგოში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამკვიდრო ქონება, დანაშთი ქონება, სადავო ქონება).

4.4. მამკვიდრებელს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ, შვილები - მოსარჩელეები და პირველი მოპასუხე.

4.5. გარდაცვლილი დედის დანაშთი სამკვიდრო, პირველმა მოპასუხემ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით მიიღო.

4.6. 2013 წლის 15 აგვისტოს პირველმა მოპასუხემ გასცა მინდობილობა პირველი მოსარჩელის სახელზე, რომლითაც მას მიანიჭა გარდაცვლილი დედის სამკვიდროს მიღების უფლებამოსილება.

4.7. 2013 წლის 20 აგვისტოს პირველმა მოპასუხემ წარმომადგენლის/პირველი მოსარჩელის მეშვეობით, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი დედის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

4.7. 2013 წლის 18 აგვისტოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით შედგენილი განცხადების შესაბამისად მეორე მოსარჩელემ უარი განაცხადა დედის დანაშთ ქონებაზე ძმის, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ.

4.7.1. სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრებოდნენ მეორე მოსარჩელის ნდობით აღჭურვილი პირები - ქ.გ–ძე და ლ.შ–ძე.

4.7.1. მეორე მოსარჩელეს განემარტა განცხადების შინაარსი, რომელმაც დაადასტურა რომ იგი სრულად შეესაბამებოდა მის ნებას და მის ნაცვლად ტექსტზე ხელის მოწერის უფლებას ქ.გ–ძეს ანიჭებდა.

4.8. 2013 წლის 20 აგვისტოს განცხადებით პირველმა მოსარჩელემ ნოტარიუსთან უარი თქვა სამკვიდრო ქონების კუთვნილ წილზე ძმის, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ.

4.8.1. პირველ მოსარჩელეს განემარტა განცხადების შინაარსი, რომელმაც დაადასტურა რომ იგი სრულად შეესაბამებოდა მის ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერა დოკუმენტს.

4.9. 2014 წლის 24 მარტს პირველი მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, მოსარჩელეების 2013 წლის 18 და 20 აგვისტოს განცხადებების საფუძველზე, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, გ.ტ.მ გარდაცვლილი დედის დანაშთი სამკვიდრო სრულად მიიღო.

5. სსკ-ის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა -გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე- მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სსკ-ის 1319-ე მუხლი) 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ.). ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, მიიჩნევა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

6. ამდენად, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი). სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებას ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017).

7. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

8. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოკვეთილია პირველი მოპასუხის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადის დაცვით, სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. კერძოდ, პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო წარმომადგენლის/პირველი მოსარჩელის მეშვეობით, სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით მიიღო.

9. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელეების მიერ ძმის სასარგებლოდ, სანოტარო აქტებში გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ უარის თქმის კანონიერება.

10. საკასაციო სასამართლო, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების, ე.წ. „სამკვიდროს მიღებაზე უარის“ ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნის განხორციელებადობის შემოწმებამდე, იმსჯელებს ამ დოკუმენტის შინაარსზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეებმა ძმის სასარგებლოდ, უარი განაცხადეს სამკვიდროზე. კერძოდ, მოსარჩელეების მიერ გამოვლენილი ნება წარმოადგენდა დედის სამკვიდროს მიღებაზე უარის გაცხადებას თუ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადასული ქონების განკარგვას.

11. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.).

ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

12. დადგენილია, რომ სადავო „სანოტარო აქტები“ გაცემულია სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისთვის სსკ-ის 1434-ე (მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში) და 1447-ე (მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას,სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს) მუხლებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელეების მიერ გამოვლენილი ნება უნდა განიმარტოს არა სამკვიდროს მიღებაზე უარად, არამედ მათ მიერ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადასული ქონების განკარგვად - უნაცვალგებოდ, უსასყიდლოდ გადაცემად პირველი მოპასუხისადმი, რაც აკმაყოფილებს, სსკ-ის 524-ე მუხლით (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით) განსაზღვრულ, ჩუქების ხელშეკრულების შემადგენლობას (შდრ. სუსგ №ას-555-526-2014, 10.10.2014წ; №ას-319-300-2010, 24.05.2010წ.).

13. კასატორები ზემოაღნიშნული დოკუმენტების/სანოტარო აქტების ბათილად ცნობას ითხოვენ მისი მოტყუებით დადების საფუძვლით. სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა.

განსხვავებით თვალთმაქცური გარიგებისაგან, რომელიც დადებულია ისე რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა არ სურთ, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა აღნიშნული მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, არამედ მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეებს აწევთ, რომლებმაც დამაჯერებელი და დასაშვები მტკიცებულებებით აღნიშნულის დამტკიცება ვერ შეძლეს (შდრ. სუსგ №ას-1382-2018, 25.01.2019წ., პ.16).

14. მოსარჩელეებმა, სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვერ დაადასტურეს თუ სადავო გარიგებების შედგენის მომენტისთვის რატომ არ შეეძლოთ გამოევლინათ ნამდვილი ნება.

ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად: „ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, რომ მხარემ არ იცოდა, თუ რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს. მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ხელშეკრულება ვერ იქნება ბათილად ცნობილი, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილობას მხარის დაუდევრობის - ხელშეკრულების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო“ (სუსგ №ას-193-180-2015, 30.04.2015წ.).

15. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელეების მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადავო განცხადებების შინაარსი ხელმოწერამდე მოსარჩელეებს გაეცნოთ და განემარტათ ნოტარიუსის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს რომ იგი სრულად შეესაბამებოდა მათ ნებას.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

18. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ზ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 253,75 ლარის (გადახდის დავალება №11122698913, გადახდის თარიღი 28.06.2021), 1777,11 ლარისა (გადახდის დავალება № 11242100356, გადახდის თარიღი 19.07.2021) და ე.ტ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 73,80 ლარის (გადახდის დავალება №11605752963, გადახდის თარიღი 18.09.2021), ჯამურად - 2 104,66 ლარის, 70% -1 473.26 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ღ–ძისა და მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ღ–ძეს (პ/ნ ......) და მ.ა–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ზ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 253,75 ლარის (გადახდის დავალება №11122698913, გადახდის თარიღი 28.06.2021), 1777,11 ლარისა (გადახდის დავალება № 11242100356, გადახდის თარიღი 19.07.2021) და ე.ტ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 73,80 ლარის (გადახდის დავალება №11605752963, გადახდის თარიღი 18.09.2021), ჯამურად - 2 104,66 ლარის, 70% -1 473.26 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე