ბს-1372-946 (გ-05) 17 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა მ. ბ.-ის სარჩელთან დაკავშირებით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ და ზესტაფონის რაიონულ სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 1 ოქტომბერს მ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის (ზესტაფონის სამმართველოს უფროსის) მიერ მოსარჩელის შრომის წიგნაკში შესრულებული ¹20, ¹21 და ¹22 ჩანაწერის გაუქმება და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის 2003წ. 2 დეკემბრის ¹40/1 ბრძანების შესაბამისად, შრომის წიგნაკში შესწორების შეტანა, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 12 აგვისტოს ¹01/03-01/402 და ¹01/03-01/403 ბრძანების (¹1, ¹2 და ¹3 დანართებით) გაუქმება, ასევე, ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოზე 2004წ. ივლისისა და აგვისტოში მიუღებელი ხელფასის გადახდის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 04 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არაგანსჯად სასამართლოში და მიეთითა, რომ სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ბ.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ.-ს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით მ. ბ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ოქტომბრისა და 12 ოქტომბრის განჩინებები და საქმე დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განსახილველად.
2005წ. 14 იანვრის ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებით მ. ბ.-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი უნდა გადაგზავნოდა განსახილველად ძირითადი მოპასუხის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
კრწანისი მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის განჩინებით მ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განმარტებით, სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნები გაერთიანებული იყო ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, განხილულ ყოფილიყო განცალკევებით, რაც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის წინაპირობას.
სასამართლომ სსკ-ის მე-15 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ მ. ბ.-ის სარჩელი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზაციის სამმართველოს მიმართ განხილულ უნდა ყოფილიყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, რის გამოც, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის მიხედვით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტდა ზემდგომი სასამართლო, განსჯადობის დავის გადასაწყვეტად საქმე გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 3 ივნისის განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონკრეტული დავა განსჯადობის შესახებ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ეს უკანასკნელი აღნიშნულზე არაუფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს და განმარტა, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ზემდგომ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა განსჯადობის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 სექტემბრის განჩინებით მ. ბ.-ის სარჩელი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ ზესტაფონისა და კრწანისი-მთაწმინიდის რაიონულ სასამართლოთა განჩინებების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავის განსჯადობა და მ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ არ არის თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს, ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო კოლეგიის განსჯადი, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. რადგან სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, ხოლო ზესტაფონის ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოს ადგილსამყოფელია ქალაქი ზესტაფონი, ..., ამიტომ მ. ბ.-ის სარჩელის გამოყოფილ ნაწილში განსჯად სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ზესტაფონის რაიონული სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ბ.-ის სარჩელი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის (ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის) მიერ მოსარჩელის შრომის წიგნაკში შესრულებული ¹20, ¹21 და ¹22 ჩანაწერის გაუქმების და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის 2003წ. 2 დეკემბრის ¹40/1 ბრძანების შესაბამისად, შრომის წიგნაკში შესწორების შეტანის, აღნიშნულ სამმართველოზე 2004წ. ივლისსა და აგვისტოში მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ.-ის სარჩელი ზესტაფონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმარათველოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.