№ას-202-2023
02 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.თ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.ხ–ის სარჩელი მოპასუხე ნ.თ–ის მიმართ დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს.კ. ........ გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ.თ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ.თ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.თ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა იგი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. ამრიგად, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 21-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა საკასაციო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით კი განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით ნ.თ–ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით დადგინდა სააპელაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, განხილვის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 30 ივნისი. აღნიშნული განჩინების ასლი ნ.თ–ს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, .......) და ჩაბარდა პირადად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის 30 ივნისის განჩინების ასლი ნ.თ–ს მის მიერ მითითებულ იმავე მისამართზე (ქ. თბილისი, .........) გაეგზავნა სამჯერ, თუმცა გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იყო. აქვე აღსანიშნავნია, რომ საფოსტო გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების ბარათებით დასტურდება კურიერის მიერ შეტყობინების დატოვება ორჯერ, რასაც ნ.თ–ი არ გამოხმაურებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ნ.თ–ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინების ჩაბარების უზრუნველყოფა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, .......... ...... N61. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის VI სამმართველოს მომართვით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილის ნ.თ–ისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე გამოცხადებულ მართლწესრიგის ოფიცერს სახლში არავინ დახვდა, ხოლო მის მიერ ოპოვებული ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ნ.თ–ს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინების შესახებ. მასვე განემარტა, რომ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. განჩინება საჯაროდ გამოქვეყნდა 2022 წლის 28 ოქტომბერს.
სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის განჩინების ჩაბარების თარიღად ითვლება 2022 წლის 04 ნოემბერი. საკასაციო საჩივრის წარმოდგენის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების კასატორისთვის განჩინების ჩაბარების - 2022 წლის 04 ნოემბრის მეორე დღეს - 2022 წლის 05 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 25 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარი წარმოედგინა 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია მისთვის განჩინების ჩაბარებიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კასატორმა საპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 06 თებერვალს და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინება ჩაბარდა 2023 წლის 27 იანვარს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მის მიერ დაცულია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მას ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი, თუმცა არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თარიღის შესახებ (ს.ფ. 200-208). აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დადგინდა სააპელაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, განხილვის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 30 ივნისი. აღნიშნული განჩინების ჩაბარებას ადასტურებს კასატორი. შესაბამისად, მითითება იმაზე, რომ სასამართლომ მისი ინფორმირების გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი საფუძველს მოკლებულია. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის მის მიერ განჩინების ჩაბარებიდან ათვლის შესახებ, ვინაიდან, ნ.თ–ს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით (საჯარო შეტყობინების გზით) ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2022 წლის 04 ნოემბერს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.თ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია