№ა-4522-შ-115-2022
27 იანვარი, 2023წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო.ა–ე
განხილვის საგანი – ლიეტუვის, ქალაქ ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლიეტუვის, ქალაქ ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ: მოპასუხე კ.ბ–ძე არის არასრულწლოვან ს.ა–ეს მამა; არასრულწლოვანი ბავშვის ს.ა–ეს საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედასთან ო.ა–ესთან; კ.ბ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ს.ა–ესთვის ალიმენტის გადახდა თვეში 220 (ორასოცი) ევროს ოდენობით 2019 წლის 27 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; კ.ბ–ძეს დაეკისრა ალიმენტის დავალიანების - 2640 ევროს გადახდა; შვილის რჩენისთვის დაკისრებული თანხების განმკარგველად დაინიშნა ო.ა–ე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო.ა–ეს წარმომადგენელმა ნ.ჩ–მა (მინდობილობა ერთვის საქმეს) და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ლიეტუვის, ქალაქ ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება სრულად ან ნაწილობრივ არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2022 წლის 28 სექტემბერს საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ ხარვეზის შესავსებად ესაჭიროება დამატებითი ვადა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 30 კალენდარული დღით.
2022 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღით.
2022 წლის 20 ოქტომბერს (2022 წლის 04 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებამდე) საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა ლიტვის აღმასრულებლების პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2022 წლის 13 სექტემბრის სასამართლო აღსრულების საინფორმაციო სისტემის შემოწმების შედეგად ო.ა–ესა და ს.ა–ეს, როგორც მოსარჩელეების საარსებო სახსრებზე მონაცემები დადგენილი არ არის.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - კ.ბ–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ........ და ჩაბარდა პირადად 2022 წლის 29 ნოემბერს.
2023 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა ქ. ვილნიუსის აპილინის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საიდანაც დასტურდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2021 წლის 29 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ო.ა–ეს შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ლიტვის აღმასრულებლების პალატის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2022 წლის 13 სექტემბრის სასამართლო აღსრულების საინფორმაციო სისტემის შემოწმების შედეგად ო.ა–ესა და ს.ა–ეს, როგორც მოსარჩელეების საარსებო სახსრებზე მონაცემები დადგენილი არ არის. 2023 წლის 25 იანვარს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მომართა საკასაციო პალატას და წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და არც აღსრულებულა. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 ნოემბერს აღნიშნულ საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღიშნავს, რომ ლიტვის აღმასრულებლების პალატის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (2022 წლის 13 სექტემბრის) გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ წინ უსწრებს სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას. შესაბამისად, შუამდგომლობაზე თანდართული მასალები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლიეტუვის, ქალაქ ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება სრულად ან ნაწილობრივ არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება ლიეტუვის, ქალაქ ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ აღუსრულებლობა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 278-ე (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას (წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს რომ ლიეტუვის, ქალაქ ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება სრულად ან ნაწილობრივ არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად), მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.ა–ეს შუამდგომლობა ლიეტუვის, ქალაქ ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი.
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე