№ას-503-2022
27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა.ვ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ დავალიანების თანხის - 11359 ლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს 5183.78 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო სხომაზე მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა.ვ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ძირითადი ვალდებულების 11359 ლარის და პირგასამტეხლოს 2591.89 ლარის გადახდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2012 წლის 20 აპრილს, ერთის მხრივ ქ.ბათუმის მერიასა და ა.ვ–ძეს შორის დაიდო „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქ.ბათუმის მერიას საკუთარი ძალებითა და ხარჯებით უნდა განეხორციელებინა ქ. ბათუმში, ...... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლზე ა.ვ–ძის სასარგებლოდ 35.2 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართულის (სხვენის) და 3.4 კვ.მ. აივნის აშენება, რომელიც წარმოადგენს სხვენის დანამატს, ახლად შექმნილ ფართს. ამავე ხელშეკრულებით, ა.ვ–ძემ აიღო ვალდებულება მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მერიისთვის გადაეხადა ერთ კვ.მ.-ზე 350 ლარი, სულ ჯამში 13 510 ლარი. გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით.
5.2. ქ. ბათუმის მერიასა და ა.ვ–ძეს შორის გაფორმებული 2012 წლის 13 დეკემბრის და 2013 წლის 12 ივნისის შეთანხმებებით გადაიწია ვადამოსული გადასახადების გადახდის თარიღებმა.
5.3. ა.ვ–ძეს გადახდილი ჰქონდა 2013 წლის 15 დეკემბრამდე ვადამოსული გადასახადი 1351 ლარი და 2014 წლის 15 ივლისამდე გადასახდელი 1351 ლარის ნაწილი - 800 ლარი, სულ 2151 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი 13510 ლარიდან გადასახდელი დარჩა მომდევნო დარიცხვებით 2017 წლის 15 ივნისამდე დარიცხული 10808 და 2014 წლის 15 ივნისამდე ვადამოსული გადასახდელი თანხის ნაწილი - 551 ლარი, ჯამში 11 359 ლარი.
5.4. 2013 წლის 5 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის მერიასა და ა.ვ–ძეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
5.5. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, ხელშეკრულების 7.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, ა.ვ–ძის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ მას დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ დააკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
5.7. პალატის მითითებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც არ დგინდებოდა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადამოსული გადასახდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 2591.89 ლარს, უზრუნველყოფდა მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია.
5.8. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც წარმოადგენდა სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების თითქმის ნახევარს, არაგონივრული იყო და გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის განცხადების საფუძველზე ორჯერ შეიცვალა გადასახდელი თანხის თარიღი, მან მაინც არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არაპროპორციული და არათანაზომიერია მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით.
6.2. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესი, რომლებიც პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი უნდა გამხდარიყო. შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, რატომ იყო მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.5. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღება-ჩაბარების აქტებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემკვეთმა შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაო ჩაიბარა. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების მოსარჩელის მიერ შესრულება, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, თანახმად, სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში).
15. კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, სასამართლომ კი ისე შეამცირა მისი ოდენობა, არ გამოუკვლევია მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესი, რომლებიც პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი უნდა გამხდარიყო. შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, რატომ იყო მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
17. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ითვალისწინებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეადგენდა სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების ძირი თანხის თითქმის ნახევარს, ასევე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო რაიმე სახის ზიანი მიყენება არ დაუდასტურებია და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს შეუსაბამოდ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რომელიც გონივრულ მოცულობამდე იქნა შემცირებული.
19. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე