Facebook Twitter

№ას-726-2022

27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ლ–ას“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს - 154 697.9 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ლ–ას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6187.92 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა 148509.98 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2018 წლის 30 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N598 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიეწოდებინა სხვადასხვა დანაყოფების მოსამსახურეებისათვის საყოველდღეო-სააღლუმე უნიფორმა და მანტოები.

5.2. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

5.3. 2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება N1, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხელშელრულების 3.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად. „შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ფასების ცხრილის პირველი პოზიციიდან 25-ე პოზიციის ჩათვლით - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში; 26-ე პოზიციიდან 31-ე პოზიციის ჩათვლით - ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში და 32-ე პოზიციიდან 34-ე პოზიციის ჩათვლით - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში“.

ამავე ცვლილებით ხელშეკრულების 2.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 118150 ლარს, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს“.

5.4. 2018 წლის 05 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება N2, N598-ე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. რომლის თანახმად, 54 მამაკაცისა და 16 ქალის სააღლუმე უნიფორმის მიწოდების ნაცვლად, შპს „ლ–ას“ უნდა მიეწოდებინა 52 მამაკაცისა და 18 ქალის სააღლუმე უნიფორმა, შესაბამისად ცხრილის (დანართი N1) მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პოზიციებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობის შემცირების ხარჯზე, გაიზარდა მე-19, მე-[1]20, 21-ე, 22-ე და 23-ე პოზიციებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის შესყიდვის ობიექტის რაოდენობა. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება 118150 ლარი შემცირდა 60 ლარით და განისაზღვრა 118090 ლარით;

5.5. 2018 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება N3, N598-ე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე განისაზღვრა, რომ 54 მამაკაცისა და 16 ქალის მანტოს მიწოდების ნაცვლად, მიწოდებულ უნდა იქნას 52 მამაკაცისა და 18 ქალის მანტო, შესაბამისად ფასების ცხრილის (დანართი N1) 34-ე პოზიციით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობის შემცირების ხარჯზე, გაიზარდა 33-ე პოზიციით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის შესყიდვის ობიექტის რაოდენობა.

5.6. 2018 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება N4, N598-ე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება მიმწოდებლის მხრიდან მიმდინარეობს ეტაპობრივად და საჭიროა დარჩენილი მისაწოდებელი საქონლის ღირებულებით 85917 ლარის მრავალწლიანი შესყიდვით განხორციელება. ანგარიშსწორება განხორცილდება 2018 და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში;

5.7. შპს „ლ–ას“ მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, სხვადასხვა დანაყოფების მომსახურებისთვის საყოველდღეო-სააღლუმე უნიფორმა ფასების ცხრილის პირველი პოზიციიდან 25-ე პოზიციის ჩათვლით ნაცვლად 2018 წლის 29 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 28 თებერვალს 122 კალენდარული დღის დაგვიანებით, 26-ე პოზიციიდან 31-ე პოზიციის ჩათვლით, ნაცვლად 2018 წლის 14 ოქტომბრისა მიწოდებულ იქნა 2018 წლის 20 დეკემბერს, 67 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხოლო 32-ე პოზიციიდან 34-ე პოზიციის ჩათვლით ნაცვლად 2018 წლის 28 დეკემბრისა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 11 მარტს, 73 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, პირგასამტეხლოს ოდენობამ (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 118 090 ლარის, 0.5%-ის ოდენობით (118 090 * 0.5%* (122+67+73)), 154697.9 ლარი შეადგინა;

5.8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილება არ ყოფილა გამოწვეული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.

5.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავოდ არ იყო გამხდარი ის გარემოება, რომ მოპასუხემ საქონლის მიწოდების ვადას გადააცილა არა მთლიანი, არამედ მხოლოდ ნაწილის მიწოდების შემთხვევაში, თუმცა წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან არ დგინდებოდა ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა ვადაში და რა ნაწილი ვადის დარღვევით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, მისი ოდენობის შემცირება 0.02%-მდე ემყარებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციას და წარმოადგენდა გონივრულ და პროპორციულ ოდენობას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ ვადაში არ შეასრულა ვალდებულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილებისათვის კი გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა იყო ადეკვატური და არა შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო სასამართლომ უნდა შეამციროს არა მაღალი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.8. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.

14. უდავოა, რომ მხარეებს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N598. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საყოველთაო-სააღლუმე უნიფორმისა და მანტოების მიწოდება. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილის დათქმულ ვადაში შეუსრულებლობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, თანახმად, სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში).

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული და არ წარმოადგენდა „შეუსაბამოდ მაღალ“ ოდენობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები N ას-1292-2019, 24.12.2020წ; N ას-386-2019, 02.04.2021წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

17. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგN ას-186-2021, 25.03.2021წ.).

18. განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით არ დგინდება კონკრეტულად შესასრულებელი ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა ვადის დარღვევით, თუმცა ის გარემოება, რომ ვალდებულების ნაწილი ვადაშია შესრულებული, სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო კონკრეტული ვადაგადაცილებული მიწოდების ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გამოანგარიშება.

19. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რომელიც აღემატება ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას და მიიჩნევს, რომ იგი ვერ ჩითვლება გონივრულ და პროპორციულ ოდენობად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის დაცვა მხარეებს შორის.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ადეკვატური და გონივრულია.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე