Facebook Twitter

15 ივნისი 2022 წელი

№ას-1095-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ს. „ს.რ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე - თ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დისკრიმინაციული მოპყრობის შეწყვეტა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.კ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ს.ს. „ს.რ“-ს მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მომსახურების პრაქტიკის შეწყვეტა, ასევე, სხვა პირების მსგავსად მოსარჩელისათვის:

ა) ს.ს. „ს.რ–ის“ ელექტრონული და სალაროს ბილეთების ყიდვის შესაძლებლობის მიცემა იმავე წესით, როგორიც აქვს შეზღუდვის არმქონე ნებისმიერ სხვა პირს, კერძოდ, ეტლით მოსარგებლე მოსარჩელისათვის სხვათა მსგავსად მატარებლის გასვლამდე 40 დღის მანძილზე ბილეთების შეძენის უფლების მინიჭება, როგორც ელექტრონული სახით, ისე - სალაროდან და არა მხოლოდ მატარებლის გასვლის დღეს, როგორც ამას მოცემული მომენტისათვის სთავაზობს მოსარჩელე მომსახურების სახით შ.შ.მ. პირებს.

ბ) ღირსებისა და პატივის შეულახავად შესყიდული ადაპტირებული ადგილით სარგებლობის ისეთივე უფლების მიცემა, როგორსაც მოპასუხე აძლევს ნებისმიერი შეზღუდვის არმქონე პირს, კერძოდ, მოსარჩელეს ნებისმიერ დროს, მოპასუხის მომსახურებით სარგებლობისას, შეფერხების გარეშე შეეძლოს მატარებელში თავისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავება.

1.2. მოპასუხისათვის დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად გამოწვეული მორალური ზიანის სახით - 1 000 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა შეეწყვიტა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მომსახურების განხორციელების პრაქტიკა და შეზღუდვის არმქონე პირების მსგავსად, მისცემოდა მატარებლის გასვლამდე 40 დღის მანძილზე, როგორც ელექტრონული, ისე - სალაროს ბილეთის შეძენის შესაძლებლობა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით. სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

5.2. 2016 წლის 15-17 დეკემბერსა და 2020 წლის 28 იანვარს მოსარჩელემ ისარგებლა ს.ს. „ს.რ–ის“ მომსახურებით.

5.3. საქმეზე წარმოდგენილი 2020 წლის მატარებლის ბილეთების ასლებით დადგინდა, რომ ელექტრონული ბილეთების შეძენა ეტლით მოსარგებლეების მიერ შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვებ.გვერდზე - TKT.GE, განსხვავებით სხვა პირებისგან, რომლებსაც ბილეთების შეძენა ს.ს. „ს.რ–ის“ ვებ.გვერდზე შეუძლიათ, ამასთან, ამავე გვერდზე არ არის მითითება, რომ ეტლით მოსარგებლეებს მხოლოდ TKT.GE-ზე შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები.

5.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის კანონიერების შემოწმება, რომლითაც - ს.ს. „ს.რ–ა“-ს დაევალა შეეწყვიტა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მომსახურების განხორციელების პრაქტიკა და შეზღუდვის არმქონე პირების მსგავსად, მოსარჩელეს მისცემოდა მატარებლის გასვლამდე 40 დღის განმავლობაში, როგორც ელექტრონული, ისე - სალაროს ბილეთის შეძენის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი იყო ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის (300 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შემოწმება.

5.5. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ ს.ს. „ს.რ–ა“ ორსართულიანი, შვეიცარული წარმოების Stadler Kiss ტიპის ელექტრომატარებლებით ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას შავი ზღვის მიმართულებით. თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კერძოდ, სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადგილები განთავსებულია იზოლირებულად და გამოცალკევებულად საერთო სივრცისგან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილ ვაგონში განთავსებულია ორი ადაპტირებული სივრცე. თითოეული სივრცე შედგება ოთხი ადგილისგან, კერძოდ, ორი ერთმანეთის პირისპირ მდებარე სულ 8 ადგილისგან.

ეტლით მოსარგებლე იკავებს ერთ ადაპტირებულ სივრცეს. სივრცის ოთხივე სკამის აკეცვით ეტლით მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა ჩადგეს ეტლით მისთვის განკუთვნილ ადგილზე. ერთ ადაპტირებულ სივრცეში შესაძლებელია მხოლოდ ერთი ეტლით მოსარგებლე პირის განთავსება.

5.6. ს.ს. „ს.რ–ა“ სამგზავრო ბილეთების რეალიზაციას ახორციელებს, როგორც მატერიალურად, სალაროში შეძენის გზით, ასევე -ელექტრონულად.

5.7. ს.ს. „ს.რ–ა“-ს მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ცნობის საფუძველზე დადგინდა, რომ ს.ს. „ს.რ“-ში სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია ხორციელდება 40 დღიან პერიოდში მატარებლის გასვლამდე. მათ შორის სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირებს შეუძლიათ აღნიშნულ პერიოდში შეიძინონ ბილეთები. თუ აღნიშნული ადგილების შეძენა სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირების მიერ არ მოხდა მატარებლის გასვლამდე 40 დღიდან 4 საათამდე, ამ პერიოდის შემდგომ აღნიშნული ადგილები გადაეცემა თავისუფალ გაყიდვაში. მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში თუ გამოცხადდა სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირი სამგზავრო ბილეთის შეძენის მიზნით, თავისუფალი ადგილების არსებობისას (აღნიშნული ადგილების დარჩენის შემთხვევაში) სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირს აქვს საშუალება შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტი 4 საათზე ნაკლებ დროში (იხ. N0048285 ცნობა ს.ფ.100).

5.8. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მატარებლით სამგზავრო ბილეთების ელექტრონულად შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არასრულყოფილად არის გათვალისწინებული.

5.9. უდავოდ დადგენილი იყო, რომ მატარებლის გასვლამდე 4 საათის შემდეგ, შ.შ.მ. პირთათვის განკუთვნილი ადგილების ბილეთების თავისუფალი რეალიზაცია იწყებოდა (ამჟამად მითითებული დრო შემცირდა და შეადგენს 2 საათს). შესაბამისად, ასეთი ბილეთის შეძენა მატარებლის გასვლამდე 2 საათში შ.შ.მ. პირს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ადგილები დარჩენილია და სხვა პირის მიერ მათი შეძენა არ მომხდარა.

5.10. ს.ს.ი.პ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №04/56886 წერილში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გააჩნია სავარძელ-ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხოლოდ იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სავარძელ-ეტლის მოთხოვნით სხვადასხვა დროს მიმართეს სააგენტოს. ამავე წერილით, იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ იყო მონაცემთა დამუშავების პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, სააგენტოს მიერ ბენეფიციართა მონაცემების მიწოდების თხოვნაზე ს.ს. „ს.რ–ა“-ს ეთქვა უარი.

5.11. მოსარჩელე არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც წარმოდგენილი სარჩელით მიუთითებს მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციულ ქმედებაზე სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს შეზღუდვის არმქონე პირების მსგავსად არ ეძლევა შესაძლებლობა მატარებლის გასვლამდე 40 დღის განმავლობაში შეიძინოს ელექტრონული ბილეთი. კერძოდ, 2016 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილი მგზავრობის მიზნით, მოსარჩელემ ვერ შეძლო ელექტრონული წესით ბილეთის შეძენა, რის გამოც გამგზავრების დღეს ბილეთის შესაძენად მიმართა სალაროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განხილვის საგანი იყო, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის გამოკვლევა.

5.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV9 თავი დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებებს განსაზღვრავს; დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესი მოქმედებს, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლი ადგენს, კერძოდ, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა უნდა წარმოადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ სასამართლოს დისკრიმინაციის ფაქტები მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა ,,prima facie" დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას.

5.13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იყო, მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, რაც არც მოპასუხე მხარემ გახადა სადავოდ. ასეთ ვითარებაში კი, განსხვავებული მოპყრობის მართებულობისა და გონივრულობის დასაბუთების მტკიცების ტვირთი ამ მოპყრობის განმახორციელებელ მხარეს აწევს (საქმეები: IVANOVA V.BULGARIA; KIYTUN V. RUSSIA; D.H. AND OTHERS V. CHECZ REPUBLIC და სხვა).

5.14. მოპასუხე, როგორც შესაგებელში ასევე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სადავოდ არ ხდიდა და ადასტურებდა შ.შ.მ. პირებისათვის განკუთვნილი ადგილების ბილეთების ელექტრონულად შეძენის შეზღუდვისა და მატარებლის გასვლამდე ამ ადგილების ნებისმიერი პირისათვის მიყიდვის სახით განსხვავებული მოპყრობის ფაქტს, თუმცა მიუთითებდა ამ განსხვავებული მოპყრობის აუცილებლობასა და საჭიროებაზე. აპელანტის მითითებით, ელექტრონული საშუალებით ბილეთის შესყიდვის შეუძლებლობა (შეზღუდვა) არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ დიფერენციაციას, ვინაიდან აღნიშნულს გააჩნია ობიექტური საფუძველი - შესაბამისი ბაზის არარსებობა, რაც საშუალებას მისცემდა კომპანიას გაეკონტროლებინა პირის სტატუსი. მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ადაპტირებული ადგილების თავისუფალ გაყიდვაში გაშვების აკრძალვა, მოპასუხის შეფასებით გაუმართლებლად ხელყოფს სხვა შესაძლებლობების შეზღუდვის არმქონე პირთა უფლებებს, რომლებსაც ასევე სურთ იმგზავრონ მატარებლით. აპელანტმა ასევე მიუთითა მოსალოდნელ ფინანსურ დანაკლისზე, რომელიც კომპანიას მიადგება ადაპტირებულ სივრცეში განთავსებული ადგილების გამოუყენებლობით.

5.15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ის აუცილებლობა და საჭიროებები, რომელზეც მოპასუხე აპელირებდა არ წარმოადგენს ობიექტურ გამართლებას იმ განსხვავებული მოპყრობისა, რომელსაც ადგილი აქვს განსახილველ სადავო შემთხვევაში. მოპასუხის მითითება, რომ შ.შ.მ. პირებისათვის განკუთვნილი ადგილების ელექტრონულად გაყიდვის შემთხვევაში, მისი შეძენა მოხდება შეზღუდვის არმქონე პირების მიერ, აგრეთვე აპელირება იმის შესახებ, რომ კომპანიას არ მიუწვდება ხელი შესაბამის ბაზაზე - გააკონტროლოს ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ელექტრონული ბილეთის შემძენი ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირს, ვერ მიიჩნევა ობიექტურ და გონივრულ არგუმენტად, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, ის ელექტრონული პროგრამა, რომელსაც იყენებს მოპასუხე კომპანია, მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში, თუნდაც იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს საჭიროების არ მქონე პირთა გაფრთხილება კონკრეტული ადგილების შ.შ.მ. პირთა განკუთვნადობის შესახებ. პალატის შეფასებით, განსხვავებულ მოპყრობას, ვერც აპელანტის მიერ ფინანსურ დანაკლისზე მითითება ვერ გადაწონიდა.

5.16. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები. მისი განმარტებით საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის შემდეგ შეიცვალა გარემოებები, კერძოდ, დასაშვები გახდა სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირთათვის სხვა მგზავრებისათვის დადგენილი წესის ანალოგიურად, სამგზავრო ბილეთების ელექტრონულად შესყიდვის შესაძლებლობა, ხოლო ბილეთების შეძენის 4 საათიანი შუალედის შემცირება 2 საათამდე. მტკიცებულებების შემოწმებისას დადგინდა, რომ ელექტრონულად ბილეთების შეძენის მომსახურების შეთავაზება ხორციელდება არა ს.ს. „ს.რ–ის“ ელექტრონული პლატფორმიდან არამედ - TKT.GE-ს ვებ-გვერდზე, ხოლო აპელანტის განმარტებით, ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს რკინიგზის ვებგვერდის მოდერნიზაცია. თავის მხრივ, მოსარჩელემ მტკიცებულებების სახით წარმოადგინა ვებ.გვერდ TKT.GE -ზე შეძენილი ელექტრონული ბილეთები და განმარტა, რომ ბილეთების ელექტრონულად შეძენის შემთხვევაში შ.შ.მ. პირებისათვის განკუთვნილი ბილეთები იდენტურია სხვა ბილეთებისა, შესაბამისად, მაგალითისთვის არ დგინდება სამი ბილეთიდან ორი ბილეთის შ.შ.მ. პირის განკუთვნადობის შესახებ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არის დაცული კანონით დადგენილი სტანდარტები, რომელიც გათვალისწინებულია ადაპტირებული ადგილებისათვის.

5.17. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს.ს. „ს.რ–ის“ ვებ.გვერდზე, რომლითაც სარგებლობს ყველა ის პირი, რომელსაც სურს არა მხოლოდ ინფორმაციის მოძიება რკინიგზის თაობაზე, არამედ სამგზავრო ბილეთების შეძენა, არსად არის მითითება, რომ ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირებმა სამგზავრო ბილეთების შეძენა არა მითითებულ ვებ.გვერდზე, არამედ სხვა ვებ.გვერდზე უნდა განახორციელონ. ასევე არ არის ბმული, რომელიც ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირს ს.ს. „ს.რ–ის“ ვებ.გვერდიდან სწორედ ბმულის საშუალებით გადაიყვანდა სხვა ვებ.გვერდზე, სადაც მოახდენდა სამგზავრო ბილეთების შეძენას.

5.18. ფაქტია, რომ მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, მოპასუხის მიერ ვერ მოხდა დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა მოსარჩელის მიმართ, რადგან ის სხვა მგზავრების თანასწორად, სწორედ იმიტომ რომ ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირია, ვერ სარგებლობს ელექტრონულად ბილეთების შეძენით და რომ არა განსახილველი დავა, მისთვის უცნობიც კი იქნებოდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა ბილეთების შეძენა ადაპტირებულ ადგილებზე. ასეთ მითითებას არ შეიცავს ს.ს. „ს.რ–ის“ ვებ.გვერდი, სადაც ყველა პირი, რომელსაც სურს სამგზავრო ბილეთის შეძენა, დაუბრკოლებლივ ახორციელებს მას.

5.19. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ TKT.GE-ზე სამგზავრო ბილეთის შეძენისასაც არ ხდება დიფერენციაცია, ადაპტირებული ადგილია თუ არა შეძენილი ბილეთში მითითებული სამგზავრო ადგილი, შესაბამისად, ახალი რეგულაციით არა მხოლოდ გართულებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის იმ ვებ.გვერდის მოძებნა, სადაც შესაძლებელია სამგზავრო ბილეთის შეძენა, არამედ ასეთი ვებ.გვერდის მოძებნის შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტირებული ადგილების არჩევა, თუკი ასეთი არჩევანის საშუალებას ვებ.გვერდი არ იძლევა.

5.20. იმის გათვალისწინებით, რომ არა ერთ ვაგონში, არამედ ერთ მატარებელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის მხოლოდ 2 ადგილია გამოყოფილი (ანუ ჯამურად სულ 8 ჩვეულებრივი ადგილი, რომელიც სკამების აკეცვით ადაპტირდება ეტლით მოსარგებლე პირებისთვის სამგზავრო ადგილად), მატარებელში არსებული ადგილების რაოდენობის თანაფარდობა აღნიშნულთან საკმაოდ მიზერული გამოდის. აპელანტის მითითება, რომ წლის განმავლობაში მათთვის მიუღებელი შემოსავალი 280 000 ლარს წარმოადგენს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ანუ არ დადგინდა, რომ წლის განმავლობაში ს.ს. „ს.რ–ა“-ზე სამგზავრო მატარებლის მიერ შესრულებულ ყველა რეისზე ორივე ადაპტირებული ადგილი იყო დაკავებული ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირის მიერ, რამაც კომპანიას ზიანი განაცდევინა. შესაბამისად, მატარებლის გასვლამდე 4 საათის ნაცვლად 2 საათით ადრე ადაპტირებული ადგილების თავისუფალ გაყიდვაში ჩაშვება, ასევე შესაძლებელია გაუმართლებლადაც კი იქნეს მიჩნეული, რადგან იმავე პერიოდში ეტლით მოსარგებლის მიერ ბილეთის შეძენა ვერ მოხდება თუნდაც მისთვის განკუთვნილი 4 ადგილიდან (რომელიც შემდეგ 1 ადგილად გადაკეთდება ეტლით მოსარგებლისთვის) თუ ერთ-ერთი მაინც გაყიდულია.

5.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით პირისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების, შესატყვისი მტკიცებულებებით, საკმარისობისა და მათ გასაქარწყლებლად მოპასუხის კუთვნილ მტკიცების ტვირთზე, რაც ამ უკანასკნელმა წარმატებით ვერ დაძლია, რის გამოც შ.შ.მ. პირის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფის დასაბუთებული საფუძველი არ არსებობდა.

5.22. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დაცული ნიშნის - შეზღუდული შესაძლებლობის, კანონში პირდაპირი მითითების არ არსებობისა და ამ საფუძვლით, სასამართლოს მხრიდან არასწორი შეფასების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, რაც შეეხება ნორმაში ჩამოთვლილ განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი არ არის ამომწურავი და სადავოობისას ფართო განმარტებას საჭიროებენ, ანუ ნებისმიერი, მათ შორის, ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს.

5.23. საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს.

5.24. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „დაცულ სფეროს“.

5.25. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულია დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდები ე.წ „შეფასების ტესტები“: საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს - ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით.

5.26. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1 მუხლსა და „ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც სწორად დაკმაყოფილდა და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომლითაც დასაბუთებული იყო დიფერენცირებული მიდგომის ლეგიტიმური მიზანი, საჭიროება და აუცილებლობა.

6.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო შემთხვევის დისკრიმინაციად კვალიფიკაციის მიზნით არასწორად იქნა გამოყენებული შეფასების „მკაცრი ტესტი“. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენება შესაძლოა განხორციელდეს მაშინ, თუ გამოვლინდება დიფერენციაციის ინტენსივობის მაღალი ხარისხი - ანუ, თუ რამდენად მკვეთრად დააცილებს დიფერენციაცია თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისგან. შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენება უსაფუძვლო იყო, იმ გარემოების გამოც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშანი პირდაპირ არ არის დაცული კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით.

6.3. გასაჩივრებული განჩინება შეიცავს პროცესუალურ დარღვევებს, კერძოდ, უგულებელყოფილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი და 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი.

6.4. გასაჩივრებული განჩინებით ს.ს. „ს.რ–ის“ ოფიციალური ვებ. გვერდის საშუალებით შ.შ.მ. პირთა პირთა მიერ მატარებლის ბილეთის შეძენის შეუძლებლობა შეცვლილი გარემოებების პირობებში, კვლავ დისკრიმინაციად დაკვალიფიცრდა, იმ პირობებში, როდესაც, ბილეთების ელექტრონულად შეძენის შესაძლებლობა საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს უკვე შესაძლებელი იყო და ეს მოსარჩელემაც იცოდა.

6.5. მოსარჩელე მოითხოვდა ბილეთის ელექტრონულად შეძენის შესაძლებლობას, რაც დღეის მდგომარეობით დაკმაყოფილებულია, კერძოდ, ვებ-გვერდ TKT.GE-ს მეშვეობით მოსარჩელეს და ზოგადად გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებს მარტივად, დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ ადაპტირებული ადგილების შეძენა. ამჟამად, აღნიშნული ვებ.გვერდის ლინკი უკვე განთავსებულია რკინიგზის ვებ. გვერდზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიზიტორს მარტივად შეუძლია გადავიდეს ლინკზე და შეიძინოს ბილეთი. ამასთან, მიმდინარეობს Railway.ge-ს გვერდის განახლების სამუშაოები და სამომავლოდ შ.შ.მ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რკინიგზის საიტზეც შეიძინონ ბილეთები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით აღარ არსებობს დავის საგანი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველია.

6.6. მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის 24.09.2020წ. №35612 წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ „მატარებლის გასვლამდე 2 საათის პერიოდში თავისუფალ გაყიდვაში გადაეცემა სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირებისათვის განკუთვნილი ადგილები, რომელთა რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა სხვა ადგილის რეალიზება შესაბამის მატარებელზე“. აშკარაა, რომ ეტლით მოსარგებლე პირი და შესაბამისი საჭიროების არმქონე სხვა მგზავრი სრულად თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან, ეტლით მოსარგებლე პირის უპირატესობა აქაც ცალსახაა, ამრიგად, კასატორის ამ ქმედების დისკრიმინაციად შეფასება, არასწორია.

6.7. ნიშანდობლივია, რომ ადაპტირებული ადგილების არაეტლით მოსარგებლე პირებზე გაყიდვის აკრძალვა თავისუფლად გამოიწვევს სხვა პირთა, მათ შორის არა გადაადგილების, არამედ სხვა ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შელახვას, როცა მათ კასატორი ადგილებს ვერ მიჰყიდის მაშინაც კი, როდესაც ეს ადგილები თავისუფალია. ამ მიდგომით ილახება მგზავრობით დაინტერესებული სხვა პირთა უფლებები.

6.8. კასატორის მიერ ადაპტირებული ადგილების თავისუფალ რეალიზაციაში გაშვება მართებულია. ნიშანდობლივია, რომ რკინიგზის ბილეთების ელექტრონულად გაყიდვა ყველა კატეგორიის მგზავრისთვის წყდება მატარებლის გასვლამდე ერთ საათში, შესაბამისად, რეალურად, ეტლით მოსარგებლეზე განკუთვნილი ბილეთები თავისუფალ გაყიდვაში ერთი საათის განმავლობაში იმყოფება. ასეთი მიდგომისას, პირველ რიგში, მინიმალური შანსია, რომ ეტლით მოსარგებლე პირი დარჩეს ადგილის გარეშე და ამასთან, აღნიშნული მიდგომა ემსახურება სხვა პირთა გადაადგილების უფლების სრულყოფილად რეალიზებასაც.

6.9. დამატებითი არგუმენტი კასატორის მხრიდან, როგორც მოგებაზე ორიენტირებული კერძო სამართლის სუბიექტისთვის, იყო ასევე ფინანსური დანაკარგი - წლიურად 280 000 ლარის მიუღებელი შემოსავალი. ამ მხრივ გასათვალისწინებელი იყო, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის დებულება, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“. შესაბამისად, სწორედ სახელმწიფოს აწევს ტვირთი სხვათა მსგავსად, თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

6.10. სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა კასატორის მხრიდან მოსარჩელისადმი დისკრიმინაციული მიდგომა, რომ უგულებელყო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის აღმისაფხვრელად განხორციელებულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვათა უფლებები.

6.11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა, შესაბამისად, შესაფასებელია არსებული რეგულაციებით რამდენად ეზღუდება მას მატარებლით მგზავრობის შესაძლებლობა. როგორც უკვე აღინიშნა, ეტლით მოსარგებლე პირს მატარებლის ბილეთის შეძენა სალაროს საშუალებით ზუსტად ისევე შეუძლია, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, ხოლო ელექტრონულად მისი შეძენის შესაძლებლობა თითქმის იდენტურია სხვა პირების შესაძლებლობასთან, მცირედი განსხვავებით.

6.12. რადგან სარკინიგზო ტრანსპორტი წარმოადგენს გადაადგილების უსაფრთხო საშუალებას, მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია. შესაბამისად, ადაპტირებული ადგილების სხვა პირებზე გაყიდვის აკრძალვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეტლით მოსარგებლე პირის მატარებლით გადაადგილება, უპირისპირდება სხვა სიკეთეები, როგორიცაა სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადი კატეგორიის პირთა, მათ შორის არაეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უსაფრთხოდ გადაადგილების უფლება, რომელთაც უარი უნდა ეთქვათ კასატორის მხრიდან მატარებლით მგზავრობაზე მაშინ, როდესაც, ადაპტირებული ადგილები თავისუფალია და ეტლით მოსარგებლე პირი არ მგზავრობს.

6.13. რკინიგზის არსებული მიდგომის რაციონალურობასა და საჭიროებას დამატებით ისიც ადასტურებს, რომ შტადლერის ტიპის მატარებელი, რომელიც შვეიცარული წარმოების არის და განვითარებული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკითა და გამოცდილებით არის შექმნილი, იძლევა იმის საშუალებას, რომ შ.შ.მ. პირის არყოფნის შემთხვევაში, ამ ადგილებით ისარგებლოს ჩვეულებრივმა მგზავრმა.

6.14. ეტლით მოსარგებლე პირებს მატარებლის გასვლამდე 40 დღის განმავლობაში გარანტირებულად შეუძლიათ მათთვის განკუთვნილი ადაპტირებული ადგილის შეძენა როგორც საბილეთო სალაროში, ისე - ელექტრონულად. აღნიშნული შესაძლებლობა მინიმალურად მცირდება მატარებლის გასვლამდე 2 საათის განმავლობაში ბილეთის თავისუფალ გაყიდვაში გაშვებით, თუმცა ეტლით მოსარგებლე პირს თავისუფლად შეუძლია უბილეთოდ დარჩენის თავიდან აცილება, თუკი ადაპტირებულ ბილეთს 40-დღიან ციკლში შეიძენს ბოლო 2 საათზე ადრე. შესაბამისად, ცხადია, რომ ს.რ–აში არსებული ადაპტირებული ადგილის ბილეთის რეალიზაციის წესი არც რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მიხედვით არ შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციულ მიდგომად.

6.15. უსაფუძვლოა მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 300 ლარის დაკისრებაც. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე 2016 წლის დეკემბერში მაქსიმალურად შეეცადა მოსარჩელისთვის შეექმნა კომფორტული მგზავრობისათვის აუცილებელი ყველა პირობა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ მგზავრობისას მას რიგში მოუხდა დგომა და პანდუსი არ იყო გამზადებული, იყო ობიექტური რეალობით გამოწვეული სიტუაცია - ბუნებრივია, რომ პანდუსის გამზადება გარკვეულ დროს მოითხოვს და შესაბამისად, მცირე დროით ლოდინი გარდაუვალია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე მოსარჩელეს დისკრიმინაციულად ეპყრობა, სახელდობრ, მოსარჩელეს, რომელიც შ.შ.მ. პირია, არ აქვს შესაძლებლობა სხვა, შეზღუდვის არმქონე პირთა მსგავსად, თანაბარი პირობებითა და წესებით შეიძინოს შ.შ.მ პირთათვის განკუთვნილი ადაპტირებული ადგილები მატარებელში, რაც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განსხვავებული მოპყრობაა და არ აქვს ობიექტური გამართლება.

11. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დისკრიმინაციის ფაქტი არასწორად იქნა დადგენილი. შ.შ.მ პირთა მიერ ადაპტირებული ადგილების შეძენის წესში მცირედი განსხვავების არსებობა, არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან აღნიშნულს აქვს ლეგიტიმური მიზანი და ობიექტური გამართლება.

12. საკასაციო პალატას განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილად მიაჩნია კასატორის მხრიდან მოსარჩელის, როგორც შ.შ.მ პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი. პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის სადავოა გააჩნდა თუ არა ამგვარ მოპყრობას ლეგიტიმური მიზანი და ობიექტური გამართლება.

13. შესაბამისად, მოცემულ დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია წარმოადგენს თუ არა კასატორის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციას.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია, განმტკიცებული ყველა მნიშვნელოვან ინსტრუმენტში. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს როგორც კონსტიტუციით, ასევე, საქართველოს სხვა კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით თანასწორ სარგებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ ნორმა-პრინციპს, რომელიც გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე - მის მიზანს. ხსენებული მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

15. დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.

16. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ.Willis v. the United Kingdom, №36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, №30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, №13378/05).

17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დისკრიმინაციის ფაქტი არასწორად დადგინდა და რომ, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებულ განსხვავებულ მოპყრობას აქვს ლეგიტიმური მიზანი და ობიექტური გამართლება.

კასატორის განმარტებით, განსხვავებულ მოპყრობას გააჩნია ობიექტური საფუძველი - შესაბამისი ბაზის არარსებობა, რაც საშუალებას მისცემდა კომპანიას გაეკონტროლებინა პირის სტატუსი. ამასთან, მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში (ამჟამინდელი მდგომარეობით 2 საათზე ნაკლებ დროში) ადაპტირებული ადგილების თავისუფალ გაყიდვაში გაშვების აკრძალვა, გაუმართლებლად ხელყოფს სხვა პირთა (მათ შორის იმ შ.შ.მ პირთა, რომელთაც არ აქვთ გადაადგილების პრობლემა) უფლებებს, რომელთაც ასევე სურთ იმგზავრონ მატარებლით. გარდა ამისა, მითითებულ პერიოდში ადაპტირებულ სივრცეში განთავსებული ადგილების გამოუყენებლობით, კომპანიას მიადგება მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკლისი.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ შესაბამისი ბაზის არქონის პირობებშიც, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, კასატორის სარგებლობაში არსებული ბილეთების გაყიდვის ელექტრონული პროგრამა მოდერნიზებულ იქნას თუნდაც იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს საჭიროების არ მქონე პირთა გაფრთხილება კონკრეტული ადგილების შ.შ.მ. პირთა განკუთვნადობის შესახებ. საკასაციო პალატას ობიექტურ გამართლებად არც კასატორის ის მითითება მიაჩნია, რომ ადაპტირებული ადგილების თავისუფალ გაყიდვაში გაუშვებლობით დაირღვევა სხვა პირთა უფლებები და კომპანის მიადგება ფინანსური ზიანი, გამომდინარე იქიდან, რომ არა თუ თითოეულ ვაგონში, არამედ მთლიან მატარებელში მხოლოდ ორი ადაპტირებული სივრცეა, ხოლო ყველა სხვა ადგილი განკუთვნილია ნებისიერი სხვა პირისთვის, შესაბამისად, სახეზეა ინტერესთა კონკურენცია, რა დროსაც მოსარჩელის ინტერესს ვერ გადაწონის სხვა პირთა ინტერესი.

18. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ მოსარჩელე არის შ.შ.მ პირი და გადაადგილდება ეტლის მეშვეობით. მას, როგორც შ.შ.მ. პირს მოპასუხის მიერ შეზღუდული აქვს მატარებლის შ.შ.მ. პირთათვის ადაპტირებული ადგილების ბილეთის შეძენის ისეთივე შესაძლებლობა, როგორც ეს სხვა შეზღუდვის არმქონე პირებს გააჩნიათ, კერძოდ, მოპასუხის ოფიციალური ვებ.გვერდიდან შ.შ.მ. პირები ვერ სარგებლობენ ადაპტირებული ბილეთების ელექტრონულად ყიდვის შესაძლებლობით.

მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე შეიცვალა გარემოებები, კერძოდ, დასაშვები გახდა სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირთათვის სამგზავრო ბილეთების ელექტრონულად შესყიდვის შესაძლებლობა ,,TKT.GE“-ს ვებ-გვერდზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ კასატორის ვებგვერდზე არსად არის მითითება, რომ ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირებმა სამგზავრო ბილეთების შეძენა არა მითითებულ ვებგვერდზე, არამედ სხვა ვებ.გვერდზე უნდა განახორციელონ. ასევე არ არის ბმული, რომელიც ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირს ს.ს. „ს.რ–ა“-ს ვებგვერდიდან გადაიყვანდა სხვა ვებ.გვერდზე, სადაც მოახდენდა მათთვის განსაზღვრული სამგზავრო ბილეთების შეძენას. ამასთან, TKT.GE-ზე შეძენილ ბილეთში შეუძლებელია იდენტიფიცირება შ.შ.მ პირისთვის განკუთვნილი ადგილია შეძენილი თუ სხვა ჩვეულებრივი ადგილი. შესაბამისად, ახალი რეგულაციით არა მხოლოდ გართულებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის იმ ვებ.გვერდის მოძებნა, სადაც შესაძლებელია სამგზავრო ბილეთის შეძენა, არამედ ასეთი ვებ.გვერდის მოძებნის შემთხვევაშიც, გაურკვეველია თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტირებული ადგილების არჩევა, რადგან ამგვარი არჩევანის საშუალებას ვებ.გვერდი არ იძლევა.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მისაწვდომობა თავისი არსით კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ გარემოზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, ასევე სხვა სახის მომსახურებებზე წვდომას. მისი პრაქტიკული იმპლემენტაცია წარმოადგენს არსებით წინაპირობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის ხელშეწყობისთვის (საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური ანგარიში, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის ხარვეზები“, 2018).

20. გაეროს კომიტეტის განმარტების მიხედვით, მისაწვდომობა უნდა იყოს ეფექტიანი, თანასწორი, და პატივს სცემდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსებას, გამომდინარე დისკრიმინაციის აკრძალვიდან. წვდომაზე უარი უნდა განიხილებოდეს დისკრიმინაციულ ქმედებად. ხოლო ქმედების დისკრიმინაციად შეფასებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დამრღვევი სახელმწიფო ორგანოა თუ კერძო საწარმო. საზოგადოებისთვის შექმნილ ან ღია ობიექტებზე, შენობებზე, საქონელსა და სერვისებზე მისაწვდომობის ბარიერები უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად, სისტემატური და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მუდმივი მონიტორინგის პირობებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სრული მისაწვდომობა (Committee on the Rights of Persons with Disabilities. General comment no.2, 11/04/2014, par.13).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ UNCRPD-ს შემოაქვს „უნივერსალური დიზაინისა“ და „გონივრული მისადაგების“ პრინციპის ცნება. უნივერსალური დიზაინი გულისხმობს პროდუქტის, გარემოს, პროგრამებისა და მომსახურების ისეთ დიზაინს, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მისი მაქსიმალური გამოყენების საშუალებას, ადაპტაციისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების აუცილებლობის გარეშე. „გონივრული მისადაგების“ პრინციპი წარმოადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე, რომელიც შ.შ.მ. პირია, გადაადგილდება ეტლის მეშვეობით. აღნიშნული ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმისა, რომ მოპასუხის მიერ ბილეთების ელექტრონულად შეძენის სერვისზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და არასრულფასოვანი ხელმისაწვდომობა მისთვის, როგორც ეტლით მოსარგებლე პირისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, ვინაიდან ასეთ დროს, იგი იძულებულია ფიზიკურად გადაადგილდეს, მაშინ, როდესაც, შეზღუდვის არმქონე პირებს, ანუ პირებს, რომელთაც არ აქვთ გადაადგილების პრობლემა და არ საჭიროებენ ეტლს, ელექტრონული წესით ბილეთების შეძენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მარტივად შეუძლიათ.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებული განსხვავებული მოპყრობა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით პირისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობის ფაქტს, რასაც არ აქვს ლეგიტიმური მიზანი და ობიექტური გამართლება.

23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს: დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაძლებლობების განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა; ნებისმიერ სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა.

24. პალატა მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილებისათვის, უზრუნველყოფილ უნდა იქნას ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე, სხვა, საზოგადოებისთვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა.

შესაბამისად, როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე კერძო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი წვდომა, რამდენადაც მისაწვდომობის პრინციპის უგულებელყოფა შედეგად იწვევს ამ პირთა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ სწორედ სახელმწიფოს აწევს ტვირთი სხვათა მსგავსად, თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

25. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ რადგან შეზღუდული შესაძლებლობები არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით პირდაპირ დაცულ ნიშანს, მისი მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა ხსენებული ნიშნით არ უნდა დადგენილიყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. ამ მხრივ, საინტერესოა ევროსასამართლოს პრაქტიკა: საქმეზე „Savez crkava Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი №7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს. საკასაციო პალატის შეფასებით, სწორედ ამგვარ ფართო განმარტებას ემსახურება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები, სადაც საუბარია ნებისმიერი სახით დისკრიმინაციის აკრძალვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მადისკრიმინირებელი ნიშნები ჩამოთვლილია ამავე კანონის პირველ მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კი, როგორც უკვე აღინიშნა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით თანასწორ სარგებლობას.

26. დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის საპროცესო ანალიზის მიზნით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარის დებულებებით, კერძოდ: 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], №25088/94, №28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს ,,prima facie“ მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს ,,affirmanti incumbit probatio“ პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio (ამონარიდები),Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V). რიგ შემთხვევებში, როდესაც საქმის საფუძველში არსებული მოვლენები სრულიად ან დიდწილად არასწორია, რის შესახებაც მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებმა იციან, მტკიცების ტვირთი შესაძლოა ხელისუფლებას დაეკისროს რათა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი განმარტება (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; da Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაძლია დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ შ.შ.მ. პირთათვის განსაზღვრული მატარებლის ადაპტირებული ბილეთების შეძენის განსხვავებულ პროცედურას აქვს ლეგიტიმური მიზანი და ობიექტური გამართლება.

27. საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. ის არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ მიიღებს კასატორის მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მის ვებ.გვერდზე უკვე დამატებულია ,,TKT.GE“-ზე გადასასვლელი ლინკი.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დისკრიმინაციული ქმედების ფაქტის დადგენას განსაზღვრული მიზნები გააჩნია, ესენია: დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა ან, კიდევ, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-3 ნაწილი). აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის ან, კიდევ, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული სარჩელების დაკმაყოფილების წინაპირობაა (იხ. სუსგ Nას-1560-2018, 30 აპრილი, 2020).

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მართებულად დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების ნაწილშიც. ამასთან, საკასაციო პალატას მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხა - 300 ლარი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრულ ოდენობად მიაჩნია.

29. საკასაციო პალატა მოცემული საქმის დაუშვებლად ცნობის პირობებში, აღარ იმსჯელებს კასატორის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის/დასაშვებად ცნობისათვის სამართლებრივად ვარგისი ღირებულება არ გააჩნია. პალატა აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. ,,ს.რ"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს. ,,ს.რ"-ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №39935, გადახდის თარიღი 16.09.2021 წ. გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია") 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი