10 ნოემბერი, 2022 წელი
№ას-512-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ო–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ო–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“, „მენარდე“) მიმართ, ზიანის ანაზღაურების მიზნით _ 19040 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 303 078.37 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურსა და შ.პ.ს. „ო“-ს შორის 2014 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული №1/649 ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ო“-მ აწარმოა სასაზღვრო გამშვები პუნქტის _ „კ–ის“ ტერიტორიის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელთა საგარანტიო ვადად შეთანხმდა 5 წელი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დღიდან. დროთა განმავლობაში, ბეტონის საფარმა დაკარგა სიმკვრივე და დაიწყო დაშლა, რაც, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოიწვია დაბალი მარკისა და წყალშეღწევადობის ბეტონის გამოყენებამ.
2.2. საგარანტიო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეს როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად მოეთხოვა დაზიანებული ბეტონის აღდგენითი სამუშაოების შესრულება. შ.პ.ს. „ო“-მ განახორციელა ბეტონის საფარის დაზიანებულ დიდ ნაწილზე აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ბოლომდე არ დაუსრულებია იგი, კერძოდ, საფეხმავლო ნაწილზე საფარის სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების შემდეგ მიატოვა ობიექტი.
2.3. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო შეთანხმების თანახმად, თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით ვერ უზრუნველყოფს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ან გამოვლენილი შესრულებული სამუშაოს ხარვეზების აღმოფხვრას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაფრთხილებიდან 20 დღის ამოწურვის შემდგომ, მიმართოს სასამართლოს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და საბაჟო პროცედურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი NAT190000540), რომლის შედეგადაც შესაბამისი სამუშაოები შესრულდა შ.პ.ს. „ო“-ს მიერ. დამდგარი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „კ–ის“ ტერიტორიის დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულებამ შეადგინა - 18 300 ლარი.
2.4. მოსარჩელემ დამდგარი ზიანის ოდენობად მიიჩნია როგორც მესამე პირისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გადახდილი საფასური, ასევე ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება _740 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა 19 040 ლარი. პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი დარიცხვა უნდა დაიწყოს 2016 წლის 07 სექტემბრიდან, როდესაც მოპასუხეს ეცნობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ და მიეცა დამატებითი ვადა. აღნიშნულ პირობებში, ვადის დარღვევის ხანგრძლივობა შეადგენს 917 დღეს. ხელშეკრულების 16.2. პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ვადაგადაცილება თითოეულ დღეზე წარმოშობს სახელშეკრულებო ფასის 0.1%-ის დარიცხვის (ე.ი. 330.51 ლარის) საფუძველს, რისი 917 დღეზე ნამრავლიც შეადგენს 303 078.37 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების პროექტის მოთხოვნათა სრული დაცვით შეასრულა სამუშაოები, კერძოდ, არმირებული ცემენტი-ბეტონის საფარი მოაწყო სისქით 30 სმ-ზე, B25 მარკის ბეტონით. მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და საფარის ის მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფდა ტვირთების გატარებას, აღადგინეს საკუთარი ხარჯით. თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მოპასუხემ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივლისის ექსპერტიზის №004321917 დასკვნაზე, რომელიც მომზადებულია შ.პ.ს. „ო–ი“-ს დაკვეთით, იმის დასადასტურებლად, რომ ბეტონის საფარის დაზიანება გამოწვეულია არა მიმწოდებლის ბრალეულობით, არამედ საფარის არასწორი დაპროექტებით და შესაბამის პირობებში ბეტონის მარკის არასწორი გაანგარიშებით. აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 12 ივნისს წერილობით ეცნობა დამკვეთს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. „ო–ი“-ს მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: შ.პ.ს. „ო–ი“-ს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება - 19040 ლარის ოდენობით, აგრეთვე პირგასამტეხლოს _ 18300 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა, ისე შ.პ.ს. „ო–ი“-ს წარმომადგენელმა. მოსარჩელემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა უკავშირდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, ს.ს.ი.პ. შემოსავლების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შ.პ.ს. „ო–ი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. „ო–ი“-სთვის პირგასამტეხლოს სახით 18 300 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2014 წლის 2 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო საბაჟო გამშვები პუნქტის _ „კ–ის“ ტერიტორიის მოწყობის სამოშაოების სახ. შესყიდვის შესახებ №1/649 ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტით სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე, ხოლო 19.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 8 მაისამდე.
7.2. ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაო გულისხმობდა ბეტონის საფარის მოწყობას „B25“ კლასის ბეტონის გამოყენებით.
7.3. ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდად განისაზღვრა 5 წელი, რომელიც აითვლება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების დღიდან.
7.4. მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებითაც დადასტურებულია, რომ შ.პ.ს. „ო–ი“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბეტონის საფარის სამუშაოები განახორციელა ვადაში, ვინაიდან შემკვეთმა 2015 წლის 5 მაისს ჩაიბარა სამუშაო ვადაგადაცილების შესახებ პრეტენზიის გამოთქმის გარეშე.
7.5. ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგარანტიო ვადაში (სამუშოს დასრულებიდან ხუთი წელი) შემკვეთმა 2016 წლის 06 სექტემბერს, 2017 წლის 24 აგვისტოს და 2018 წლის 14 ნოემბერს შ.პ.ს. „ო–ი“-ს წერილობით აცნობა შესრულებული სამუშოს ხარვეზის და მისი კონკრეტულ ვადაში აღმოფხვრის ვალდებულების შესახებ. წერილების თანახმად, შესრულებული სამუშოს გამოვლენილი ხარვეზი გულისხმობდა იმას, რომ მოპასუხის მიერ მოწყობილი ბეტონის საფარი განიცდიდა დაშლას.
7.6. შ.პ.ს. „ო–ი“-მ შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, დაზიანებული ბეტონის საფარი ნაწილობრივ შეცვალა.
7.7. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიერ რამოდენიმე წერილობითი მოთხოვნის წარდგენის და დამატებითი ვადის ამოწურვის შემდგომ შემკვეთმა თავად (მესამე პირთან ხელშეკრულების დადებით) აღმოფხვრა ნაკლი. დაზიანებული ბეტონის საფარის გამოცვლისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 18 300 ლარი.
7.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 ნოემბრის დასკვნის თანახმად, გამოკვლეულ მონაკვეთებში ბეტონის მარკაა M250 (კლასი B15), რაც დაბალია ექსპლუატაციის არსებული პირობებისათვის, რის გამოც ადგილი აქვს ბეტონის ზედაპირის დაზიანებას.
7.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივლისის დასკვნის თანახმად (იხ. ს.ფ. 51), გარემოს ინდექსი, რომელშიც ხდება ექსპლუატაცია, გოსტ 31384-2008-ის მიხედვით არის XF4 (დანართი ა). ასეთი გარემოსათვის ბეტონის მარკა ყინვამედეგობის მიხედვით უნდა იყოს F200, ხოლო წყლაშეღწევადობა არანაკლებ W6. ბეტონი კი უნდა იყოს C 35/45 კლასის. გამომდინარე აქედან, ამჟამად არსებული ბეტონის საფარის დაზიანება გამოიწვია დაბალი მარკის და შესაბამისად, დაბალი წყალშეღწევადობის ბეტონის გამოყენებამ.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის ფარგლებშიც შ.პ.ს. “ო–ი“-ს, როგორც მენარდეს, ეკისრებოდა შემკვეთის ობიექტზე, კერძოდ, სგპ 12 „კ–ის“ ტერიტორიაზე, ბეტონის საფარის მოწყობა. დადგენილია რომ სამუშაო შესრულებული იქნა ვადაში.
8.2. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის თანახმად თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის. ამავე კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად კი, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. ამავე კოდექსის 643-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
8.3. ხარვეზი, რაც განსახილველ შემთხვევაში, გამოიხატა ბეტონის საფარის დაშლაში, წარმოადგენს ნაკლს, რომლის არსებობის პირობებში, ბეტონის საფარის თავისი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში შემკვეთმა მენარდეს მიმართა წერილობითი პრეტენზიით, გამოვლენილი ნაკლის შესახებ და მოითხოვა მისი გამოსწორება. მენარდის მიერ დაზიანებული ბეტონის საფარის გამოცვლა სრულყოფილად არ განხორციელებულა, რის გამოც, დარჩენილი დაზიანებული ბეტონის საფარის გამოცვლა მენარდისათვის დამატებით მიცემული ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ, განახორციელა თავად შემკვეთმა, რისთვისაც გაიღო 18 300 ლარის ოდენობით ხარჯი. პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა ნაკლის გამომწვევი მიზეზი. იმ გარემოების მტკიცება, რომ წარმოშობილი ნაკლი გამოწვეულია მენარდის მიერ განხორციელებული არაჯეროვანი შესრულებით, პალატა მიიჩნია შემკვეთის ვალდებულებად, ვინაიდან ის ფაქტი, რომ ბეტონის საფარი დაიშალა, თავისთავად არ ნიშნავს მენარდის მიერ უხარისხო და არაჯეროვან შესრულებას.
8.4. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მენარდეს (მოპასუხეს) ბეტონის საფარის მოწყობა უნდა განეხორციელებინა B25 კლასის ბეტონით, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 ნოემბრის დასკვნით დასტურდება, რომ გამოკვლეულ მონაკვეთებში ბეტონის მარკაა M250 (კლასი B15). აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია მენარდის მხრიდან ხელშეკრულების პირობის დარღვევა, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ბეტონის საფარის ზედაპირის დაზიანება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია დამდგარ ზიანში მისი ბრალის არარსებობის შესახებ და მიუთითა, რომ მისი პასუხისმგებლობა გამოირიცხებოდა მაშინ, თუკი დადგინდებოდა, რომ სამუშაოების შეთანხმებული _ B25 კლასის ბეტონით წარმართვის მიუხედავად, საფარი მაინც მიიღებდა დაზიანებებს საგარანტიო ვადაში.
8.5. ის გარემოება, რომ მენარდემ შემკვეთის წერილობითი პრეტენზიის გაცნობის შემდეგ განახორციელა ბეტონის საფარის ნაწილობრივ გამოცვლა, სასამართლომ მიიჩნია იმის დასტურად, რომ მენარდემ იცოდა, მის მიერ გამოყენებული ბეტონის შეთანხმებულზე უფრო დაბალი კლასის შესახებ, საფარის ნაწილობრივ გამოცვლით კი კონკლუდენტურად აღიარა საკუთარი ბრალეულობა ბეტონის საფარის დაზიანებაში.
8.6. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორედ მენარდის მიერ არაჯეროვანმა შესრულებამ (უფრო დაბალი B15 კლასის ბეტონის გამოყენებით საფარის მოწყობამ) გამოიწვია საგარანტიო ვადაში ბეტონის საფარის იმგვარი დაზიანება, რომ აუცილებელი გახდა შემკვეთის მიერ ბეტონის საფარის ხელახლა მოწყობისათვის 18 300 ლარის ხარჯის გაწევა. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯისა და ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო დასკვნისათვის ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული ხარჯის _ 740 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება სააპელაციო პალატამ მიიჩნია კანონშესაბამისად.
8.7. პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შ.პ.ს. „ო–ი“-ს წარმოდგენილ სააპელაციო პრეტენზიასთან მიმართებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ გააჩნდა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს ხელშეკრულების ფასის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამ პირობის შინაარსიდან სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეებმა პირგასამტეხლო გაითვალისწინეს არა ზოგადად მენარდის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, არამედ მხოლოდ მენარდის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილებისათვის. მოსარჩელე პირგასამტეხლოს მენარდისათვის დაკისრებას ითხოვდა არა ვადაგადაცილებისათვის, არამედ არაჯეროვანი შესრულებისათვის, ვინაიდან მენარდის მიერ განხორციელებული სამუშაო აღმოჩნდა ნაკლიანი, რის გამოც შემკვეთს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე ითხოვდა იმ პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომელზეც მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დაუსაბუთებლად დააკისრა პირგასამტეხლო არაჯეროვანი შესრულებისათვის. აღნიშნული დასაბუთებით, სანქციის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე დასაბუთებით, დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზიას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 303 078 ლარის დაკისრების თაობაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. გაზიარებას არ იმსახურებს სააპელაციო პალატის შეფასება, რომ შემკვეთი მენარდისგან პირგასამტეხლოს ითხოვს არა შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებისათვის, არამედ არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმეში წარმოდგენილი წერილებით, რომლითაც ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური ითხოვდა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრას მენარდის ხარჯით, მოპასუხეს შემსყიდველის მხრიდან ეძლეოდა ვადები, რომელთა უგულვებელყოფა მიაჩნია კასატორს იმ ვადაგადაცილებად, რომელიც წარმოუშობს მას პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
9.2. სააპელაციო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით იყო საფუძვლიანი, ვინაიდან მოპასუხე _ მეწარმე სუბიექტი, თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დაეთანხმა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შესაბამისად, სათანადო არგუმენტაციის არარსებობისას, სასამართლოს ჩარევით იგი არ უნდა შემცირებულიყო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ დასკვნის მართებულობა, რომლის თანახმადაც, მხარეებს საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნაკეთობის ნაკლის ვადაში აღმოუფხვრელობისათვის არ დაუთქვამთ პირგასამტეხლო. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ამგვარი დეფექტების არსებობა მიჩნეულ იქნა მენარდის მიერ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულების უშუალო შედეგად, საკასაციო განაცხადი წარმოდგენილი არ არის, ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 7.1.-7.9. პუნქტებში, საკასაციო სასამართლოსთვის მიიჩნევა დადგენილად, ხოლო სადავოა ამავე განჩინების მხოლოდ 8.7. პუნქტში მოხმობილი სამართლებრივი შეფასების სისწორე.
15.1. იმ სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს წარმოდგენილი სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მესამე ნაწილი პირგასამტეხლოს დაწესებას ფორმასავალდებულო გარიგებად განიხილავს, ვინაიდან შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
15.2. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო შემკვეთმა აანაზღაურა სახელშეკრულებო ფასი, ამდენად, სამუშაოების შესრულების ვალდებულების შესრულებით, მხარეები გადავიდნენ საგარანტიო ვალდებულებების რეჟიმში. საგულისხმოა, რომ შესრულებულ სამუშაოთა ნაკლი გამოვლინდა ნაკეთობის ექსპლუატაციის პროცესში, აღნიშნული სამუშაოების შემკვეთისათვის ჩაბარების შემდეგ, ხოლო შემკვეთს მენარდის მიმართ წარმოეშვა ნაკლის გამოსწორების მეორადი მოთხოვნის უფლება. ამდენად, საკასაციო პალატისთვის შეფასების საგანს წარმოადგენს, ჰქონდათ თუ არა მხარეებს სახელშეკრულებო შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც მენარდე შემკვეთის მიერ დათქმულ ვადაში არ გამოასწორებდა ნაკეთობის ნაკლს.
15.3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი თვლის, რომ ხელშეკრულების 16.2. პუნქტში შეთანხმებული პირგასამტეხლო ვრცელდება მენარდის მიერ გამოწვეულ ნებისმიერ ვადაგადაცილებაზე, მათ შორის, ნაკლის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადების რღვევის შემთხვევისთვისაც, რაც გაზიარებული არ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების 16.2. პუნქტში გამოვლენილი ნების შინაარსი საჭიროებს დაზუსტებას.
15.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ. სუსგ.№ას-425-425-2018, 18.02.2021წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ).
15.5. საკასაციო პალატა მოიხმობს მხარეთა შორის 2014 წლის 02 დეკემბერს დადებული №1/649 ხელშეკრულების იმ ნორმებს, რომლებიც უშუალო კავშირშია საკასაციო საჩივრით შედავებულ სამართლებრივ შეფასებასთან და არეგულირებს პირგასამტეხლოზე მოთხოვნის წარმოშობის სახელშეკრულებო საფუძვლებს.
15.6. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს სგპ „კ–ის“ ტერიტორიის (ბეტონის საფარი, გარე განათება) მოწყობის სამუშაოები (ბეტონის საფარი და გარე განათება) (შემდგომში _ სამუშაო), ხოლო შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას, საექსპერტო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოების დადასტურების შემდეგ, მიიღოს შესრულებული სამუშაო და უზრუნველყოს ანგარიშსწორება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
15.7. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების მიწოდების საერთო ვადა წარმოადგენს 30 კალენდარულ დღეს.
15.8. ამავე ხელშეკრულების 8.6. პუნქტის თანახმად, თუ სამუშაოთა მიღებისას გამოვლინდა, რომ ადგილი აქვს წინამდებარე ხელშეკრულების 8.5. პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (სამუშაოების მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად დეფექტის/ნაკლის გამოვლენა), სამუშაოს (შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების) საბოლოო მიღება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრის შემდგომ, ხოლო მიმწოდებელს დაეკისრება 16.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მიმღები პირის მიერ დასკვნის გაფორმების თარიღიდან.
15.9. ხელშეკრულების 16.1. მუხლის თანახმად, „შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს პირგასამტეხლო მიმწოდებელს შეუსრულებელი ვალდებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“.
ამავე მუხლის 16.2. პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს ხელშეკრულების ფასის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“.
ხსენებული მუხლის 16.3. პუნქტი ადგენს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 16.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა შეადგენს ხელშეკრულების ფასის 3%-ს და მხარეები ვერ შეთანხმდებიან სამუშაოს შესრულების ვადის გაზრდაზე, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრულ ვადაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს (გარანტი) საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდაზე“.
ამავე ხელშეკრულების 16.4. პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების 16.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულების 16.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო“.
ხელშეკრულების 16.5. მუხლის თანახმად, „პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან“.
15.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ძლიერიშვილი ზ., „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ. 288).
15.11. სამოქალაქო სამართალში ძირითად და არაძირითად ვალდებულებათა ცნების გამიჯვნა მისი ფუნქციის მიხედვით ხორციელდება; ძირითადი ვალდებულება განსაზღვრავს ხელშეკრულების არსს და იგი ხელშეკრულების ცალკეული ტიპისთვის დამახასიათებელი ვალდებულებაა (ჩაჩავა ს., „მოთხოვნების და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში“, თბილისი, 2010, გვ.116).
15.12. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ძირითადი ვალდებულებები გულისხმობს _ 1. სამუშაოს შესრულების, 2. შესრულებული სამუშაოს შედეგის გადაცემისა და 3. საზღაურის გადახდის მოვალეობებს. ბუნებრივია, ხსენებულ ვალდებულებებთან ერთად ხელშეკრულება, შესაძლოა, მხარეებს სხვა მოვალეობებსაც აკისრებდეს, თუმცა რამდენადაც ამგვარი პირობები არ ქმნის ნარდობის ხელშეკრულების არსს, არამედ მხოლოდ ავსებს მხარეთა შეთანხმებას, ისინი განიხილება არა ძირითად, არამედ არაძირითად ვალდებულებებად.
15.13. სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
15.14. როგორც ციტირებული ნორმის შინაარსიდან ჩანს, საგარანტიო ვადის დაწესება არ წარმოადგენს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებით პირობას, არამედ მხარეთა შორის გარიგება შეიძლება დაიდოს აღნიშნული ვალდებულების გარეშეც, თუმცა საგარანტიო ვადის დაწესება, საბოლოო ჯამში, ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ. სწორედ არაძირითად ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება საგარანტიო ვალდებულებაც, რომელიც გულისხმობს მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოთა უნაკლოობაზე დროის გარკვეულ პერიოდში პასუხისმგებლობის აღებას.
15.15. ხელშეკრულების 16.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეთანხმებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევისათვის. თავად სამუშაოების ცნებას კი ამავე ხელშეკრულების 2.1. მუხლი განმარტავდა ბეტონის საფარისა და გარე განათების მოწყობის ღონისძიებათა ერთობლიობად. მხარეთა ხელშეკრულების 16.5. მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან. ამრიგად, ციტირებული მუხლში გამოვლენილი ნება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მიემართებოდა ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულებების _ 1) სამუშაოს შესრულებისა და 2) შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების დროულ ანაზღაურებას და იგი მხარეთა მეორადი მოთხოვნის უფლებების უზრუნველყოფის საშუალებას არ წარმოადგენდა.
15.16. საგულისხმოა, რომ ნაკლიანი შესრულებით (ე.ი. არაჯეროვანი შესრულებით) გამოწვეული სამუშაოების საერთო ვადის რღვევის შემთხვევასთან დაკავშირებით მხარეებს პირგასამტეხლო შეთანხმებული ჰქონდათ ხელშეკრულების 8.6. პუნქტის ფარგლებში, თუმცა იმ დათქმით, რომ სამუშაოთა ნაკლი/ხარვეზი უნდა გამოვლენილიყო სამუშაოთა მიღებისას ან საბოლოო შემოწმებისას. განსახილველ შემთხვევაში, ნაკლი, რომლის დროულად აღმოუფხვრელობაც საფუძვლად დაედო წინამდებარე დავის წამოწყებას, გამოვლინდა არა სამუშაოთა მიღების ან საბოლოო შემოწმების ეტაპზე, არამედ სამუშაოების შემკვეთისათვის ჩაბარების შემდგომ, ექსპლუატაციის პროცესში, ამდენად, ხელშეკრულების 8.6. მუხლზე დაყრდნობით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა არ იკვეთება.
15.17. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არაჯეროვანი (ნაკლიანი) შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულების (ნაკლის გამოსწორების) დროული შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეებს პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, არ შეუთანხმებიათ საამისოდ კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით, შესაბამისად, საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ნაკლის მენარდის მიერ აღმოუფხვრელობის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ. №ას-553 -2021, 30.09.2021წ).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც წერილობითი შეთანხმების არარსებობის მოტივით უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. კასატორი ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი