Facebook Twitter

01 ნოემბერი 2022 წელი

№ას-311-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი _ შ.პ.ს. „ვ.ა.ე.“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „დ–ი“

II კასატორი _ შ.პ.ს. „დ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ვ.ა.ე.“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „დ–ი“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“ „II კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „I კასატორი“,) მიმართ, მიყენებული ზიანის _ 32 116.05 ლარისა და 15 300 ლარის ანაზღაურების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2. 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელე შ.პ.ს. „დ–ი“-ს საკუთრებაში არსებულ ექსკავატორზე, მარკა ,,JCB", სარეგისტრაციო ნომერი ,,......", მოპასუხე შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის ერთ-ერთ სერვის ცენტრში შეცვლილ იქნა ძრავის ზეთი და ფილტრი. მოსარჩელის მტკიცებით, ორიგინალი ფილტრის არასათანადო ფილტრით შეცვლამ გამოიწვია ექსკავატორის ძრავის დაზიანება. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ექსკავატორზე ძრავის დაზიანება გამოიწვია სარქველიანმა ფილტრმა, ვინაიდან ზეთის ფილტრს სარქველის მექანიზმი დამონტაჟებული ჰქონდა ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში, მან ვერ უზრუნველყო ზეთის საჭირო რაოდენობის გატარება და დეტალების სათანადო შეზეთვა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ძრავის მწყობრიდან გამოსვლა. მოსარჩელემ უზრუნველყო დაზიანებული ძრავის შეცვლა ახალი ძრავით, რისმა ღირებულებამაც შეადგინა 32 116.05 ლარი. მანამდე კი, მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯი სხვა ტექნიკის დაქირავების მიზნით, კერძოდ, 15 300 ლარის ოდენობით, რადგან ძრავის დაზიანების დროის მომდევნო პერიოდში, მაისი-ივნისის თვეებში, ნაკისრი ჰქონდა არაერთ სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების შესრულების ვალდებულებები. მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი: მოსარჩელის ექსკავატორი მიიყვანეს მოპასუხის ერთ-ერთ სერვის ცენტრში ლაფეტით, მომსახურების გაწევის შემდეგ კი ექსკავატორი მუშა მდგომარეობაში ისევ მოათავსეს ლაფეტზე. ექსკავატორს დაუყენდა ერთ-ერთი ცნობილი და მსხვილი თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი on5075 (ONFIL FILTER), რომელიც განკუთვნილია სწორედ JCB-ს მარკის ამ ტიპის ტექნიკისთვის. მოსარჩელესთან შეთანხმებული იყო, თუ რა სახის ფილტრის მონტაჟი მოხდებოდა მის კუთვნილ ექსკავატორზე, ფილტრის ზუსტი მონაცემები ასევე აისახა სასაქონლო ზედნადებში და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, რაც ყოველგვარი შედავების გარეშე იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ.

3.2. მოპასუხის პოზიციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უდავოდ იქნებოდა დადასტურებული კავშირი მოპასუხის მიერ ახალი ფილტრის დაყენებასა და მოსარჩელის ექსკავატორის დაზიანებას შორის, მოპასუხე ვალდებული იქნებოდა აღედგინა მხოლოდ პირვანდელი მდგომარეობა - შეეკეთებინა ძრავი და არც ერთ შემთხვევაში - გადაეხადა ახალი ძრავის ღირებულება. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეს შესაბამის პერიოდში სხვა ტექნიკის დაქირავების საჭიროების, დაქირავების ფაქტების ნამდვილობის და დამატებითი ხარჯების გაწევის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „დ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

4.1. შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ს შ.პ.ს. „დ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 15 300 ლარის გადახდა.

4.2. არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. „დ–ი“-ს სარჩელი 32 615.05 ლარის შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ისთვის დაკისრების ნაწილში.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შ.პ.ს. „დ–ი“-მ, ისე შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-მა. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენდა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ბორბლიანი ექსკავატორი: მარკა - ,,JCB", მოდელი - 3CXs14M2NM, 2014 წლის გამოშვების, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – ......, სახელმწიფო ნომრით - ,,....", საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შ.პ.ს. „დ–ი“-ს სახელზე.

7.2. 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ მისი კუთვნილი ექსკავატორი JCB, სახელმწიფო ნომრით - ,,...." ზეთისა და ზეთის ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის სერვის ცენტრში, მდებარე: თბილისი, ...... შ.პ.ს. „დ–ი“-ს მიერ შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის სერვის-ცენტრში იქნა შეძენილი შესაცვლელად საჭირო ზეთი და თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი ,,on5075" (ONFIL FILTER). იმავე დღეს მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორზე მოპასუხე შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის ცენტრში შეცვლილ იქნა ექსკავატორის ძრავის ზეთი და ფილტრი. შესაბამისად, დაყენებულ იქნა თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი ,,on5075" (ONFIL FILTER).

7.3. შპს „დ–ი“-მ მისი კუთვნილი ექსკავატორი მოპასუხის კუთვნილ სერვის ცენტრში მიიყვანა ლაფეტით, საიდანაც იგი თავისივე სვლით ჩამოვიდა. მომსახურების გაწევის შემდეგ დაიქოქა და თავისი სვლით დაბრუნდა ლაფეტზე, რის შემდეგაც მოსარჩელემ ექსკავატორის ტრანსპორტირება მოახდინა ქალაქ ბათუმში, კონკრეტულ საამშენებლო მოედანზე. ამის შემდეგ ექსკავატორი გამოვიდა მწყობრიდან.

7.4. მოსარჩელემ სადავო ექსკავატორზე ძრავის შეცვლაში შ.პ.ს. „თ.მ“-ში გადაიხადა 32 116.05 ლარი.

7.5. მაისსა და ივნისში მოსარჩელემ კუთვნილი ექსკავატორის ძრავის დაზიანების გამო გასწია დამატებითი ხარჯი ტექნიკის დაქირავების მიზნით 15 300 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სადავოდ გახადა ამ ხარჯის გაწევის მიზნობრიობა, მაგრამ არა ოდენობა.

მოსარჩელეს მაისსა და ივნისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესასრულებელი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვის 15-მდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სადავო ექსკავატორზე ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა განხორციელდა 2017 წლის 26 აპრილს, რის შემდეგაც მოხდა ექსკავატორის ტრანსპორტირება ქ. ბათუმში, სადაც დაქოქვის შემდეგ ტექნიკის ძრავმა შეწყვიტა მუშაობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ.პ.ს. „დ–ი“-სა და შ.პ.ს. „ა.ს“-ს შორის 2017 წლის 1 მაისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა სამშენებლო ტექნიკა ,,HIDROMEK S-100", ქ. ბათუმში არსებულ ობიექტზე სამუშაოების შესასრულებლად. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა (ეა-70 4691122 და ეა-70 4749863) და საგადახდო დავალებებით (გადახდის თარიღები 08/06/2017 და 13/07/2017), დასტურდება, რომ მოსარჩელემ ნამდვილად გასწია ხარჯი 15 300 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთობლიობაში, საკმარისია იმ დასკვნის გაკეთებისთვის, რომ სწორედ დაზიანებული ექსკავატორის დროებით ჩანაცვლების მიზნით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება სპეც. ტექნიკაზე, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ემთხვევა ექსკავატორის ძრავის დაზიანების პერიოდს და შესასრულებელი სამუშაოების ტერიტორიას. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს შესასრულებელი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მისი კუთვნილი ექსკავატორის შეკეთების ლოდინი გამოიწვევდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის დარღვევას, რაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ სანქციებსა და სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სწორედ დაზიანებული ტექნიკის ჩანაცვლებასა და სამუშაოების შესრულების უწყვეტობას ემსახურებოდა 2017 წლის 01 მაისის იჯარის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გადახდილი საიჯარო ქირა 15 300 ლარის ოდენობით.

7.6. მოსარჩელემ 2018 წლის 18 იანვარს წერილობით მოსთხოვა მოპასუხეს ზიანის სრული ანაზღაურება, როგორც ძრავის გამოცვლის საფასური _ 32 116.05 ლარი, ასევე ტექნიკის დაქირავებისთვის გადახდილი თანხა _ 15 300 ლარი.

7.7. მხარეებს შორის არსებობდა ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა, რომლის შენარჩუნების ინტერესით, მოპასუხემ მართალია სარჩელი არ ცნო, თუმცა მოლაპარაკების წარმოებისას მოსარჩელეს შესთავაზა ძრავის შერემონტება და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე.

7.8. მოსარჩელის კუთვნილი ექსკავატორის ძრავის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ დაყენებული ზეთის ფილტრის აგებულებამ, რომელიც, შეძენილი იყო მოპასუხის სერვის ცენტრშივე.

შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ი ბრალეულია მოსარჩელის კუთვნილი სპეც. ტექნიკის ძრავის დაზიანებაში. ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს 2017 წლის 13 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტს ეცნობა, რომ შ.პ.ს. „დ–ი“-ს საკუთრებაში რიცხულ ექსკავატორში, ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლის შემდგომ, ტექნიკის ძრავი გამოვიდა მწყობრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტს დაევალა დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენა.

13.06.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: ექსპერტიზაზე გამოაკვლევად წარმოდგენილ იქნა 2014 წელს დამზადებული ტრაქტორი, რომლის ძრავის შემოწმებით დადგინდა, რომ ანთების გასაღების სტარტ პოზიციაზე მომართვის შედეგად მოქმედებაში მოდის ძრავის გამშვები მექანიზმი (სტარტერი), მაგრამ ძრავი არ ბრუნავს. განცხადებაში აღწერილი გარემოების შესაბამისად, შემოწმებულ იქნა ძრავში ზეთის დონე და ზეთის ფილტრი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ზეთი სათანადო რაოდენობით არის ზეთის ავზში (კარტერში), ასევე დამონტაჟებულია ფილტრი, რომლის ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში მოთავსებულია სარქველის მექანიზმი. JCB-ის დეტალების კატალოგის მიხედვით, ქარხნული წარმოების ზეთის ფილტრს, ზემოხსენებული სარქველი არ აქვს დამონტაჟებული ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში. ელ. მჩვენებლიანი მრიცხველის მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკის ნამუშევარი მოტო საათები შეადგენს 4928-ს, ხოლო ზეთის შეცვლის საინფორმაციო ფირფიტის მიხედვით, ზეთისა და ფილტრის შეცვლა განხორციელდა 4928 მოტო საათზე. ანუ სერვისის სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ტექნიკას არ უმუშავია. როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ძრავის გაშვებიდან რამოდენიმე წუთში დადგა ზემოხსენებული შედეგი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ძრავის დაზიანება განვითარდა შემდეგნაირად: სარქველიანმა ფილტრმა ძრავის დაბალ ბრუნებზე შეძლო ზეთის მინიმალური პორციის გატარება, ხოლო მაღალ ბრუნებზე ვეღარ შეძლო ძრავის სათანადოდ შეზეთვა და უზრუნველყო მისი მწყობრიდან გამოსვლა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ იქნა ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს 2017 წლის 13 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის ავტორი - დ.ს–ძე, რომლის ჩვენებაზე დაყრდნობით, პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ექსკავატორის დაზიანება გამოიწვია სწორედ ფილტრმა, რომელსაც სარქველი მოთავსებული აქვს ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში, ხოლო ქარხნული წარმოების ზეთის ფილტრს იგივე სარქველი მოთავსებული აქვს ყელის სიღრმეში. ექსპერტმა ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თურქული წარმოების ფილტრსაც შეეძლო იგივე ფუნქციის შესრულება, თუ მას სარქველი არ ექნებოდა მოთავსებული ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში, არამედ ყელის სიღრმეში. შესაბამისად ძრავის აჩქარებით, შეცვლილი ფილტრის პირობებში რეზერვუარიდან თავდაპირველად განხორციელდა ზეთის სათანადო რაოდენობითა და წნევით გადმოდენა, რამაც უზრუნველყო პირველი გადამცემის ინფორმირება და არ გამოუწვევია სიგნალის ანთება მძღოლის დაფაზე, ხოლო მეორე გადამცემი მძღოლს აწვდის ინფორმაციას ზეთის გადადინებაზე, რაც რეალურად არსებული ფილტრის პირობებში კი განხორციელდა, მაგრამ არასათანადო რაოდენობით, რაც იმას ადასტურებს, რომ არც მეორე გადამცემი მიაწვდიდა სიგნალს მძღოლის დაფაზე, შესაბამისად, ექსკავატორი მწყობრიდან გამოვიდა ყოველგვარი საგანგაშო სიგნალის ამუშავების გარეშე. აღნიშნულს, ექსპერტის ჩვენებასთან ერთად, ადასტურებს მოწმე მ.გ–ას ჩვენებაც, რომელმაც მიუთითა, რომ ექსკავატორი მწყობრიდან გამოვიდა ისე, რომ რაიმე საგანგაშო სიგნალი, ან მაშუქი მართვის დაფაზე არ ჩართულა.

მოპასუხის მიერ საკუთარი არაბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის ვ.ხ–ის 2019 წლის 01 მარტის დასკვნა, სადაც ექსპერტის დავალებას წარმოადგენდა ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს 2017 წლის 13 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის კვლევის, კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასაბუთებულობის შემოწმება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია არარელევანტურ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის კრიტიკას. დასკვნა მხოლოდ ნაწილობრივ შეეხება საქმისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას და საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დასკვნის მაგივრად, იძლევა შეფასებებსა და დაშვებებს, ან აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია მხოლოდ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს 2017 წლის 13 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული გარემოებების საფუძველზე და ექსპერტს დაზიანებული ძრავი არც უნახავს. შესაბამისად, გაზიარებას არ იმსახურებს ექსპერტის ჰიპოთეტური შეფასებები ძრავის დაზიანების სხვა მიზეზებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ექსპერტს დაზიანებულ ძრავთან შეხება არც ჰქონია. აღნიშნულის საპირისპიროდ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ ჩატარებული კვლევის დროს განხორციელდა დაზიანებული ძრავის გამოკვლევა და ექსპერტმა გადაჭრით დაასკვნა, რომ სწორედ მოპასუხის მიერ შეცვლილი ზეთის ფილტრის აგებულებისგან იყო გამოწვეული ძრავის დაზიანება.

დაზიანებული ექსკავატორის ნამუშევარი მოტო საათების გათვალისწინებით (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ელ. მჩვენებლიანი მრიცხველის მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკის ნამუშევარი მოტო საათები შეადგენს 4928-ს, ხოლო ზეთის შეცვლის საინფორმაციო ფირფიტის მიხედვით, ზეთისა და ფილტრის შეცვლა განხორციელდა 4928 მოტო საათზე), პალატამ მიიჩნია, რომ სერვისის სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ტექნიკას არ უმუშავია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის მტკიცება ნამუშევარი მოტო საათების მაჩვენებელი მრიცხველის გაუმართაობაზე და მიუთითა, რომ სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ხსენებული ფაქტის დადასტურება. ის გარემოება, რომ ექსკავატორი საკუთარი სვლით ავიდა ლაფეტზე, ვერ იქნება საკმარისი მოპასუხის პოზიციის გაზიარებისა და მრიცხველის გამართულობაში ეჭვის შეტანისთვის, ვინაიდან მოპასუხეს არ დაუდასტურებია, თუ რა დროის მანძილზე იმყოფებოდა ექსკავატორი დაქოქილ მდგომარეობაში და იყო თუ არა ეს დრო საკმარისი მრიცხველის მონაცემის შეცვლისთვის. მოპასუხის ხსენებული პოზიციის საპირისპიროდ წარმოდგენილია ექსპერტ დ.ს–ძის ჩვენება, რომელსაც ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტის კვლევის დროს ჰქონდა შეხება ელ. მაჩვენებლიან მრიცხველთან და რომელმაც გამორიცხა მრიცხველის მონაცემებში ჩარევის შესაძლებლობა.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. მხარეთა შორის 2017 წლის 26 აპრილს ზეპირი ფორმით წარმოიშვა ნარდობის სამართალურთიერთობა, რაც გულისხმობდა მოსარჩელის კუთვნილ ტრაქტორზე მორიგი ავტოტექმომსახურების გაწევას, კერძოდ, ძრავის ზეთისა და შესაბამისი ფილტრის შეცვლას.

8.2. სასაქონლო ზედნადებითა (ელ - 0301465086) და საგადასახადო ანგარიშფაქტურით (ეა-13 7414709) დასტურდება, რომ მომსახურების გაწევასთან ერთად, 2017 წლის 26 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს სხვა საქონელთან ერთად მიეწოდა ზეთის ფილტრი ,,on5075", საქონლის ფასი განისაზღვრა 30 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხემ საქონელი მიიღო და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გონივრულ ვადაში დაადასტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრა ნარდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად.

8.3. მოსარჩელის კუთვნილი ექსკავატორის ძრავის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ მიწოდებული და დაყენებული ზეთის ფილტრით, რომელმაც ვერ უზრუნველყო ძრავის ნაწილების საკმარისი შეზეთვა და გამოიწვია მისი დაზიანება. მოპასუხე ავტოტექმომსახურების სფეროში მოქმედი ერთ-ერთ მსხვილი კომპანიაა, რომელთანაც მოსარჩელეს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებდა, მოსარჩელეს გააჩნდა ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მას აკისრებდა: სპეციალურ ცოდნისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, სამუშაოს ხარისხიანი მასალით შესრულების ვალდებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას. არასათანადო მასალის შერჩევასა და მიწოდებაში ბრალეულია მოპასუხე, რადგან მან სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინა ფილტრის შერჩევისას, შეთავაზებული ფილტრის სპეციფიკაციასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის მოპოვების და მოსარჩელისთვის მიწოდების გარეშე შეარჩია ძრავის ის დეტალი, რის შედეგადაც ძრავი მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან.

8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. იმავე კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად აუცილებელია დადგინდეს, რომ: 1. მოსარჩელის მიერ დასახელებულმა ვალდებულმა პირმა ნამდვილად განახორციელა კონკრეტული ქმედება, 2. ეს ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, 3. ამ ქმედებისას პირი მოქმედებდა გარკვეული განზრახვით ან გაუფრთხილებლობით მაინც და 4. არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანს შორის.

8.5. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

8.6. მოცემულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს მოპასუხის გაუფრთხილებელი ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლის სამივე ელემენტის არსებობა და შესაბამისად მოპასუხე წარმოადგენს ვალდებულ პირს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის გამო.

8.7. ზიანის მოცულობასა და მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: მოსარჩელემ მოპასუხეს არ წარუდგინა რაიმე პრეტენზია ნასყიდობის საგნის, ძრავის ზეთის ფილტრის, ნაკლთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, მან გასწია გაცილებით დიდი ოდენობის ხარჯი და მთლიანად შეცვალა ექსკავატორის ძრავი, რისთვისაც გადაიხადა 32 115.05 ლარი. მოპასუხისთვის ზიანის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის აპრილის ბოლოს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესაძლებელი უნდა გამხდარიყო ზეთის ფილტრის ნაკლის შეფასება, მიიღო 2017 წლის 13 ივნისს. ამ თარიღის შემდეგ, მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ზეთის ფილტრის ნაკლის გამო მოპასუხისთვის პრეტენზიის წარდგენის ფაქტი. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ არაგონივრულად მოკლე დროში, 2017 წლის 30 ივნისს, შეიძინა ძვირადღირებული ახალი ძრავი, შესაბამისად, მოპასუხემ, მეწარმე სუბიექტმა, არ იმოქმედა გულისხმიერებით და ნივთის ნაკლის გამოსწორების ნაცვლად, ახალი ძრავის შეძენით, გასწია ხარჯი, რომლის გონივრულობაც სათანადოდ არ შეუფასებია.

8.8. დელიქტის შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის მიმყენებელს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვოს, ვიდრე მიყენებული ზიანია. ამასთან ზიანის ოდენობის დადასტურების ვალდებულება დაზარალებულ მხარეს ეკუთვნის. იმისთვის, რომ სასამართლოს მიზანშეწონილად მიეჩნია ახალი ძრავის შეძენის აუცილებლობა, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ დაზიანებული ძრავის აღდგენა შეუძლებელი იყო, ან შეკეთების შემთხვევაში რჩებოდა მისი გაუმართავი მუშაობის რისკი, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ განუხორციელებია. შესაბამისად საქმის მასალებით არ დგინდება, თუ რა ხარისხის დაზიანება მიიღო ძრავმა და შეიძლებოდა თუ არა მისი შეკეთებით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, შეუსაბამო დანახარჯების გაწევის გარეშე. მოსარჩელეს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით ასევე არ დაუდასტურებია, რომ დაზიანებული ძრავის შეკეთების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ექსკავატორის საბაზრო ღირებულება, რაც თავის მხრივ, ზიანის მომტანი იქნებოდა მოსარჩელისთვის.

8.9. დაზიანებული გვაროვნული ნივთის ახლით შეცვლა, ზიანის მიმყენებელს შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული სარწმუნოდ დაადასტურებს, რომ დაზიანებული ნივთის აღდგენა, ნაკლები ხარჯის პირობებში შეუძლებელია, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. დაზიანებული ექსკავატორი იყო 2014 წელს გამოშვებული და ნამუშევარი ჰქონდა 4928 მოტო/საათი, რაც, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებიდან დგინდება, მცირე ოდენობას არ წარმოადგენს, შესაბამისად დაზიანებამდე ძრავის მდგომარეობა ვერ იქნებოდა ისეთივე, როგორც ახალი ძრავი შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოქმედებით მოხდა არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, არამედ მისი გაუმჯობესება.

8.10. შ.პ.ს. „დ–ი“-ს იმ სააპელაციო პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა იყო არა 32 166.05 ლარი, არამედ ნაკლები, პალატამ მიუთითა, რომ ახალი ძრავის საფასურის გარდა სხვა რაიმე თანხა მოსარჩელეს არ მიუთითებია, კერძოდ საქმის მასალებიდან არ დგინდება, რა ოდენობის თანხა იქნებოდა საჭირო დაზიანებული ძრავის აღსადგენად. ამასთან, აღნიშნული გარემოების დადგენა სასამართლოს მხრიდან სპეციალური მონაცემების ცოდნას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეფასება შესაბამისი, რელევანტური მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეზე იმ გარემოების მტკიცების ტვირთის გადატანა, თუ რა დაჯდებოდა დაზიანებული ძრავის შეკეთება, მაშინ როდესაც, მოსარჩელეს აღნიშნული გარემოება სარჩელში არ მიუთითებია, მოპასუხე კი გამორიცხავს მის ბრალეულობას დამდგარ ზიანში, არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილ შეჯიბრებითობისა და მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპს.

8.11. ტექნიკის დაქირავების მიზნით გაწეული 15300 ლარის ხარჯის ანაზღაურებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული მეორადი ზიანი გამოიხატა მოსარჩელის კუთვნილი ძვირადღირებული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სანაცვლო სამშენებლო ტექნიკის საიჯარო ღირებულების გადახდაში. იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკის დაზიანების შემდგომ პერიოდში, მოსარჩელეს ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შესასრულებელი ჰქონდა ვადამოსული სამუშაოები, მას მოუწია დამატებითი ხარჯის გაღება, რაც უშუალოდ იყო გამოწვეული მოსარჩელის კუთვნილი ექსკავატორის დაზიანებით. შესაბამისად, ამ ნაწილში დგინდება ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სავალდებულო ყველა ელემენტის არსებობა - ზიანი, მართლსაწინააღდმეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რაც გაწეული დამატებითი ხარჯის _ 15 300 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველია.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნაა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

10. შ.პ.ს. „დ–ი“-ს საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

10.1. დაზიანებული ძრავი ექსკავატორის მესაკუთრისათვის წარმოადგენდა გამოუსადეგარ ნაწილს, 2 თვის განმავლობაში ძრავის გაუმართაობის პირობებში მისი ალტერნატიული ტექნიკით ჩანაცვლება 15 300 ლარი დაჯდა, შესაბამისად, ძრავის გამოცვლა ემსახურებოდა ზიანის შემცირებას. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან სწორედ მოპასუხეს მართებდა, დაედასტურებინა, რომ ნაკლები დანახარჯით შესაძლებელი იქნებოდა ზიანის დადგომამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა _ ძრავის გამოცვლა. რაც შეეხება შეკეთების ალბათობას და აღნიშნულისთვის გასაწევ ხარჯებს, მოპასუხეს ჰქონდა შუამდგომლობა ძრავზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რომელიც საკუთარი ნებით მოხსნა მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მიყენებული ზიანი მაზე ნაკლებია, ვიდრე სასარჩელო მოთხოვნა.

10.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ფილტრის ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. ანგარიშფაქტურის დადასტურების ეტაპზე მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი უცნობი იყო, რადგან ტექნიკა მოპასუხის სერვის ცენტრიდან გამოვიდა საკუთარი სვლით და ავიდა ლაფეტზე, ხოლო ნივთის ნაკლი გამოვლინდა მისი ბათუმში ტრანსპორტირების შემდგომ.

10.3. სასამართლო არასწორად განმარტავს 2017 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში პრეტენზიის წარუდგენლობის ფაქტს, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა ძრავის შეცვლაზე. ამრიგად, მოსარჩელის მხრიდან ძრავის შეძენამდე პრეტენზია გაცხადდა მოპასუხის წინაშე.

10.4. არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა ღირებულებით შემცირდა ექსკავატორის ძრავის ფასი მოპასუხის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის გამო. მოსარჩელემ წარადგინა როგორც ზიანის ოდენობის, ისე ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაზიანებული ძრავით ექსკავატორს ღირებულება არ გააჩნია, ვინაიდან შეუძლებელია მისი გამოყენება სამშენებლო სამუშაოებისთვის _ ანუ იმ მიზნისთვის, რისთვისაც შეძენილი იქნა იგი.

10.5. ტექნიკის მუშაობა 4928 მოტო/საათის განმავლობაში წარმოადგენს მცირე ოდენობას და მოწმობს, რომ ექსკავატორი ფაქტობრივად ახალია, მით უმეტეს, რომ იგი გამოიყენებოდა 2 წლის განმავლობაში, მუდმივად უტარდებოდა სერვისი და მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ იმუშავებდა, რომ არა მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება. ამდენად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ ძრავის შეცვლით მოხდა არა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა, არამედ ტექნიკის გაუმჯობესება.

11. შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ს საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ ზიანში, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო პალატა, ეფუძნებოდა მხოლოდ ექსპერტის ვარაუდებს, ვინაიდან არ დაშლილა ძრავი, არ დადგენილა უშუალოდ რომელი დეტალი იყო დაზიანებული და რას შეეძლო, გამოეწვია დაზიანება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, დამოუკიდებელი ექსპერტის დავალებას წარმოადგენდა სწორედ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ დ.ს–ძის მიერ გაცემულ დასკვნაზე ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან დაზიანებულ ნივთზე წვდომა მოპასუხეს არ ჰქონია. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით კატეგორიულად დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სარწმუნო არ იყო, ვინაიდან არ გამოკვლეულა არცერთი შესაძლო მიზეზი, რომელიც ძრავის მტყუნებას გამოიწვევდა, ხოლო დასკვნის კვლევითი ნაწილი არ პასუხობდა ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვას.

11.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, რომელიც აღწერს ძრავის დაზიანებას (სარქველიანმა ფილტრმა ძრავის დაბალ ბრუნზე შეძლო ზეთის მინიმალური პორციის გატარება, ხოლო მაღალ ბრუნზე ვეღარ შეძლო ძრავის სათანადოდ შეზეთვა, რამაც განაპირობა ძრავის მწყობრიდან გამოსვლა), ეწინააღმდეგება ტექნიკის მძღოლის, როგორც მოწმის ჩვენებას, რომლის თანახმად, ტექნიკას ზეთისა და ფილტრის გამოცვლის შემდეგ მაღალ ბრუნზე საერთოდ არ უმუშავია. ამ გარემოების გამოც, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაზიარებას არ იმსახურებდა.

11.3. უცნობია, ეყენა თუ არა დაზიანების მომენტში ან ექსპერტიზის ჩატარების მომენტში მოსარჩელის ექსკავატორს სწორედ ის ფილტრი, რომელიც მასზე მოპასუხემ დააყენა 2017 წლის 26 აპრილს, მხარეთა შორის არ შემდგარა აქტის ან სხვა სახის დოკუმენტის გაფორმება ძრავის დაზიანების შემდეგ, მოპასუხის წარმომადგენელი არ ესწრებოდა არც ტექნიკის ექსპერტიზაზე წარდგენის მომენტს, არამედ მათთვის ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მოსარჩელემ წერილობითი პრეტენზია წაუყენა მოპასუხეს.

11.4. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადგინდებოდა კავშირი მოპასუხის მიერ ფილტრის დაყენებასა და მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორზე ძრავის დაზიანებას შორის, მოპასუხის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, ვინაიდან გამართული ძრავის შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება JCB ტრაქტორის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს, უნდა ჩართულიყო ზეთის მიწოდების შეწყვეტის ან/და წნევის ვარდნის ვიზუალური (და ზუმერი) სიგნალიზაცია, რომლის ამოქმედებისას მძღოლი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ გამოერთო ძრავი, რითაც მარტივად იქნებოდა არიდებული ძრავის დაზიანების რისკი.

11.5. დამოუკიდებელი ექსპერტი ვ.ხ–ი კატეგორიულად მიუთითებს, რომ 2014 წელს დამზადებულ მოცემული ტიპის ტრაქტორზე არსებული მოტო/საათების აღმრიცხველის მუშაობის შეწყვეტა ან მრიცხველის ჩვენების შეცვლა შესაძლებელია მასზე მექანიკური ზემოქმედებით, დაინტერესებული ფიზიკური პირის ჩარევით. ტრაქტორის მართვის ფარზე ძრავის მუშაობის მოტო/საათების აღმრიცხველი მწყობრიდან იყო გამოსული, რადგან იმის მიუხედავად, რომ ტექნიკამ სერვისის გაწევის შემდეგ, სულ მცირე, 10-15 წუთი მაინც იმუშავა, ზეთის ფილტრის გამოცვლის მომენტში დაფიქსირებული ნამუშევარი მოტო/საათების ოდენობა მცირედითაც კი არ შეცვლილა. იმ პირობებში, როდესაც ზეთის ფილტრი მოპასუხის მიერ გამოიცვალა 2017 წლის 26 აპრილს, ხოლო ექსპერტი მოწვეულ იქნა 22 დღის შემდეგ (2017 წლის 17 მაისს), შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი საათი ან დღე იმუშავა ტექნიკამ სერვისის გაწევიდან ძრავის დაზიანებამდე. თუკი აღმრიცხველი მუშაობდა გამართულად, გამოდის, რომ ტექნიკას 6 წუთითაც კი არ უმუშავია, ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ძრავის დაზიანება (გაჭედვა) გამორიცხულია, მით უმეტეს, რომ ტექნიკას მაღალ ბრუნზე არ უმუშავია, ხოლო დაბალ ბრუნზე, ექსპერტ დ.ს–ძის განმარტებით, ძრავს ნახევარ საათამდე მუშაობის რესურსი აქვს არასაკმარისი შეზეთვის პირობებში.

11.6. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ექსკავატორის ძრავის დაზიანების გამო მოსარჩელეს მოუწია დამატებითი ხარჯის გაწევა სხვა ტექნიკის დასაქირავებლად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ცნობა შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოდან, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს 2017 წლის მაისი-ივნისის პერიოდში საკუთრებაში ჰქონდა 5 ერთული ,,JCB" მარკის, 3 ერთეული „ვოლვოს“ მარკისა და 2 ერთეული „ჰიუნდაის“ მარკის ტექნიკა, რომლითაც თავისუფლად ჩაანაცვლებდა შ.პ.ს. „დ–ი“-ს მიერ ნაქირავებ ტექნიკას. დადასტურებული არ არის ის გარემოება, რომ ნაქირავები ტექნიკა ფუნქციურად დაზიანებული ,,JCB" ექსკავატორის დანიშნულების იყო და რომ იგი იქირავა მის ჩასანაცვლებლად და არა სხვა მიზნებისთვის.

11.7. ამავდროულად, მესამე პირთან დადებული იჯარის ხელშეკრულება ტექნიკის გადაცემაზე ითვალისწინებდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, თუმცა საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომ შ.პ.ს. „დ–ი“-მ ხელშეკრულების საგანი ,,HIDROMEK S-100" მფლობელობაში მიიღო. საქმეში წარმოდგენილი არ არის არც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (რომლის შედგენასაც ასევე ითვალისწინებდა იჯარის ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრებოდა ტექნიკით სარგებლობის დღეთა ოდენობა, საიჯარო ქირის ოდენობის გაანგარიშების მიზნით. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, თუ სად იქნა გამოყენებული იჯარით მიღებული ტექნიკა, რა სახის სამუშაოების საწარმოებლად და ვინ იყო ამავე სამუშაოთა დამკვეთი. ამასთან, შ.პ.ს. „დ–ი“-ს მიერ შ.პ.ს. „ა.ს“-სთვის გადახდილი თანხების დამადასტურებელ საგადახდო დავალებებში დანიშნულებად მითითებულია მომსახურების ღირებულება და არა საიჯარო ქირა. შესაძლებელია, შ.პ.ს. „ა.ს“-მ მოსარჩელეს სხვა სახის მომსახურება გაუწია და აღნიშნული ანგარიშსწორება დაკავშირებული სულაც არ არის დაზიანებული ექსკავატორის ჩანაცვლებასთან.

11.8. დაზიანებიდან მალევე მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა დაზიანებული ძრავის შეკეთება. რომ არა შ.პ.ს. „დ–ი“-ს დაუსაბუთებელი უარი ტექნიკის შეკეთებაზე, ძრავი შერემონტდებოდა, ხოლო მოსარჩელე ისარგებლებდა საკუთარი ტექნიკით, რითიც თავიდან იქნებოდა არიდებული დამატებითი ხარჯი სხვა ტექნიკის იჯარის საფასურის სახით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოკლედ განმარტოს სამოქალაქო სამართალწარმოების ამოსავალი პრინციპები და მათი პრაქტიკული ზეგავლენა საქმისწარმოების თავისებურებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, თავისუფალნი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – უკვე სასამართლოს პრეროგატივაა (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1058-2021, 25.05.2022წ; №ას-984-929-2015, 20.11.2015წ).

16.2. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ. №ას-362-2021, 25.06.2021წ; №ას-661-2021, 20.04.2022წ).

16.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (იხ. სუსგ. №ას-1298-2018; 22.03.2019წ; №ას-1329-2018, 22.02.2019წ; №ას-1610-2019, 07.02.2020წ; №ას-804-2019, 19.03.2021წ; №ას-1133-2019, 30.07.2021წ; №ას-754-2021, 02.12.2021წ).

16.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64)

16.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის კანონმდებელი აწესებს ოთხ კუმულატიურ პირობას: 1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს, როგორც დამდგარ შედეგს შორის; 4. მოვალის ბრალეულობა (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). საგულისხმოა, რომ ზიანის კომპონენტის ქვეშ მოსარჩელეს ეკისრება არამარტო ზოგადად, ქონებრივი დანაკლისის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების, არამედ ამ დანაკლისის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება.

16.6. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრა ნარდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის.

17.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ (შ.პ.ს. „დ–ი“) სარჩელის დასაფუძნებლად მიუთითა მასზედ, რომ მოპასუხემ, მომსახურების გაწევისას, მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორში განათავსა ზეთის ფილტრი, რომლის ნივთობრივმა ნაკლმაც ექსპლუატაციის პროცესში გამოიწვია ამავე სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაზიანება, რის დასტურადაც სასამართლოს წარუდგინა შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ისგან აღნიშნული ფილტრის შეძენისა და მონტაჟის სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა, რომ ძრავის დაზიანება გამოწვეულია ორიგინალისგან განსხვავებული აგებულების ფილტრის დამონტაჟების გამო, რომელსაც სარქველი მოთავსებული აქვს ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში, რამაც ხელი შეუშალა ფილტრიდან ძრავში საკმარისი ოდენობით ზეთის გადადინებას და ძრავის დეტალების სათანადო შეზეთვას, არასათანადოდ შეზეთილი ნაწილები კი გაიჭედა (ე.ი. ძრავი დაზიანდა). წონადი საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, დადასტურებულად ჩაითვალა, რომ მოსარჩელის ქონებრივი აქტივის შემცირების მიზეზია მოპასუხის არამართლზომიერი, გაუფრთხილებელი მოქმედება, თუმცა მიჩნეულ იქნა, რომ ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთს მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა, რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც.

17.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ნორმით დადგენილ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა (იხ. სუსგ. №ას-464-2021, 14.07.2021წ).

17.3. მოცემულ შემთხვევაში, რომ არა მოსარჩელის ექსკავატორში მოპასუხის მიერ იმგვარი ზეთის ფილტრის დაყენება, რომელსაც სარქველი მოთავსებული აქვს ზეთის სამოძრაო ღიობის ყელის სიღრმეში, მოსარჩელის კუთვნილი ტექნიკა ექსპლუატაციას განაგრძობდა სწორედ იმ ძრავით, რომლითაც იგი ოპერირებდა გამოშვების მომენტიდან _ 2014 წლიდან და არა ახალი ძრავით. ამრიგად, მოვალეს, ზიანის ანაზღაურების მიზნით, ეკისრებოდა დაზიანებული ძრავის შეკეთების და არა შეცვლის ვალდებულება. ძრავის გამოცვლის მოვალეობა დღის წესრიგში შესაძლოა დამდგარიყო მარტოოდენ მაშინ, თუ უტყუარად დადგინდებოდა დაზიანებული ძრავის იმგვარად შეკეთების შეუძლებლობა, რომ ტექნიკას ფუნქციონირება გაეგრძელებინა დაზიანებამდე არსებული ხარისხით. ამგვარი შეუძლებლობის მტკიცების ტვირთი კი, რამდენადაც აღნიშნული გარემოების დამტკიცება მისივე ინტერესში შედიოდა, ეკისრებოდა სწორედ მოსარჩელეს, რომელსაც აღნიშნული მიმართულებით მტკიცებითი საქმიანობა არ განუხორციელებია.

17.4. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ახალი ძრავის დამონტაჟებით მოსარჩელემ გასწია იმგვარი არაგონივრული ხარჯი, რომელიც სცდება სსკ 408 (I) მუხლით დადგენილ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ცნებას და წარმოადგენს ნივთის გაუმჯობესებას. შესაბამისად, საამისოდ გაწეული ხარჯი ვერ დაექვემდებარება მოპასუხეზე დაკისრებას. კასატორს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია (შესაბამისად, არც უმტკიცებია), თუ რა თანხით შეამცირა ექსკავატორის ღირებულება ძრავის დაზიანებამ, ესე იგი, რა თანხა იყო საჭირო მის შესაკეთებლად, ამდენად, სასამართლოები, საქმის არსებითად განხილვისას შებოჭილნი არიან რა მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და წარდგენილი მტკიცებულებებით, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ძრავის შეცვლის ღირებულების სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, ემსჯელათ დაზიანებული ძრავის აღსადგენად საჭირო თანხის, როგორც ზიანის ანაზღაურების, მოპასუხეზე დაკისრების საფუძვლებზე.

18.1. რაც შეეხება კასატორ შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის საკასაციო საჩივარს, მისი პრეტენზიები ძირითადად მიემართება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დამდგარ ზიანში მოპასუხის ბრალეულობის დასადგენად უპირატესობა მიანიჭეს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას მოპასუხის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით.

18.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

18.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სუსგ №ას-940-2021, 01.12.2021წ).

18.4. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოსათვის არც ერთი მტკიცებულება არ არის წინასწარ სავალდებულო. აღნიშნული ნორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122.)

18.5. ამრიგად, ექსპერტის დასკვნისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებამდე, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რა წარმოადგენდა ექსპერტის გამოსაკვლევ მასალას და რა მეთოდებით მივიდა იგი კონკრეტულ დასკვნამდე. ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარების მიზანი დავის საგანთან დაკავშირებულ მეცნიერულ თუ ტექნიკურ ბუნდოვანებებში სიცხადის შეტანაა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ კვლევის ჩატარების გზით, აუცილებელია, ექსპერტმა სადავო ობიექტი უშუალოდ დაათვალიეროს, შეისწავლოს და შეაფასოს.

18.6. განსახილველ შემთხვევაში, დაზიანებულ ძრავზე ამგვარი უშუალო შესწავლითი სამუშაოები განახორციელა ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. აღნიშნულისგან განსხვავებით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ვ.ხ–მა შეისწავლა არა უშუალოდ საკვლევი ობექტი (ე.ი. დაზიანებული ძრავი), არამედ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს დასკვნის დასაბუთებულობა და სარწმუნოობა, სხვა სიტყვებით რომ ითქვას, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ექსპერტიზა ჩაუტარა მოსარჩელის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას. ამგვარ დაშვებას კი საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და მეტიც, შეუთავსებელია თავად ექსპერტიზის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის არსთან, ვინაიდან აღნიშნულით არ მიიღწევა დავის საგანთან კავშირში მყოფი გარემოებების დაზუსტებისა და მათში სიცხადის შეტანის მიზანი, არამედ ემსახურება ერთ-ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სარწმუნოობის შესუსტებას ისე, რომ თავად არ შესწევს დავის საგანთან კავშირში მყოფ ობიექტზე ექსპერტისთვის დასმული შეკითხვისთვის ცხადი პასუხის გაცემა. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნის დამაჯერებლობის შეფასება წარმოადგენს სასამართლოს და არა სხვა ექსპერტის საქმიანობის საგანს.

18.7. ექსპერტიზის დასკვნაზე ექსპერტიზის ჩატარების სანაცვლოდ, მოპასუხეს დაზიანებულ ძრავთან მიმართებით შეეძლო ალტერნატიული, დამატებითი თუ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების უფლებით სარგებლობა და სწორედ ამ გზით ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის დამაჯერებლობის გაქარწყლება, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. მართალია, დაზუსტებულ შესაგებელში ამგვარი ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე მას წარდგენილი ჰქონდა, თუმცა საქმის მოსამზადებელ სხდომაზე აღნიშნული შუამდგომლობა თავადვე მოხსნა, საკუთარი საპროცესო უფლებების არაეფექტურად განკარგვის შედეგები კი აისახება საქმის საბოლოო შედეგზე.

18.8. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვ.ხ–ის მიერ შედგენილ ექსპერტიზის დასკვნას მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია და იგი მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

18.9. რაც შეეხება ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის დასაბუთებულობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტმა დ.ს–ძემ სასამართლოს წინაშე განმარტა, თუ რატომ არ მიიჩნია ძრავის დაშლა აუცილებლად ექსპერტისთვის დასმულ შეკითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემამდე, კერძოდ, ექსპერტმა მიუთითა, რომ ძრავის კვანძების თანმიმდევრობით შემოწმების შემთხვევაში, მისი დაშლის გარეშეც შეიძლება დადგინდეს ძრავის გაჭედვის მიზეზი. ვინაიდან ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვა არ გულისხმობდა იმის გარკვევას, თუ ძრავის კონკრეტულად რომელი დეტალი იყო დაზიანებული, არამედ შეკითხვა მიემართებოდა მხოლოდ ძრავის დაზიანების მიზეზის განსაზღვრას, ექსპერტმა ძრავის დაშლა გონივრულად არ მიიჩნია, ვინაიდან დასმული შეკითხვის პასუხი ერთმნიშვნელოვნად ვლინდებოდა ძრავის სისტემის მარტოოდენ ვიზუალური დათვალიერებითაც.

18.10. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების დღეს (2017წლის 17 მაისს) მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორს ეკეთა სწორედ თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი ,,on5075" (ONFIL FILTER), ე.ი. სწორედ იმ მწარმოებლის მიერ დამზადებული და იმავე დეტალის ნომრიანი ზეთის ფილტრი, რომელიც, სადავო არ არის, რომ მოსარჩელის ექსკავატორზე დაყენდა მოპასუხის მიერ 2017 წლის 26 აპრილს. რა მიზანი უნდა ჰქონოდა ექსკავატორის მესაკუთრეს, რომ ვარგისი დეტალი (ე.ი. მოპასუხის მიერ დაყენებული ზეთის ფილტრი) ჩაენაცვლებინა იდენტური, თუმცა უვარგისი დეტალით (რომელმაც გამოიწვია ძრავის გაჭედვა) და მისი მეშვეობით მიეღწია გაცილებით ძვირადღირებული დეტალის _ ძრავის განზრახვით დაზიანებისთვის, მოპასუხე ვერ ასაბუთებს. მოპასუხის ამგვარი მსჯელობა სასამართლოს მიაჩნია არაგონივრულ, არათანმიმდევრულ პოზიციონირებად, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

18.11. რაც შეეხება თანაბრალეულობის არგუმენტს, რომელსაც კასატორი ავითარებს ვ.ხ–ის დასკვნაზე დაფუძნებით, რომელიც, თავის მხრივ, პოზიციას ასაბუთებს ,,JCB" ექსკავატორის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მოშველიებით, საკასაციო პალატამ უკვე განმარტა, რომ აღნიშნულ დასკვნას ექსპერტიზის მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია, ხოლო საქმეში (თუნდაც ამავე ექსპერტიზის დანართის სახით) მტკიცებულების სახით წარმოდგენილი არ არის ,,JCB" ექსკავატორის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ის ნაწილი, რომელიც მიუთითებს, რომ გამართული ძრავის პირობებში, ძრავში არასათანადო ოდენობით ზეთის მოხვედრისას უნდა ჩართულიყო ზეთის მიწოდების შეწყვეტის ან/და წნევის ვარდნის ვიზუალური (და ზუმერი) სიგნალიზაცია, რათა მძღოლს მიუთითებდა ძრავის დაუყოვნებლივ გამოერთვის საჭიროებაზე.

18.12. ექსკავატორის ამგვარი მექანიზმით ფუნქციონირების დაუდასტურებლობის პირობებში კი საკასაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებას, რომლის თანახმადაც, ძრავის აჩქარებით, შეცვლილი ფილტრის პირობებში, რეზერვუარიდან თავდაპირველად განხორციელდა ზეთის სათანადო რაოდენობითა და წნევით გადმოდენა, რამაც უზრუნველყო პირველი გადამცემის ინფორმირება და არ გამოუწვევია სიგნალის ანთება მძოლის დაფაზე, ხოლო მეორე გადამცემი მძღოლს აწვდის ინფორმაციას ზეთის გადადინებაზე, რაც რეალურად არსებული ფილტრის პირობებში კი განხორციელდა, მაგრამ არასათანადო რაოდენობით, რაც იმას ადასტურებს, რომ არც მეორე გადამცემი მიაწვდიდა სიგნალს მძღოლის დაფაზე, შესაბამისად ექსკავატორი მწყობრიდან გამოვიდა ყოველგვარი საგანგაშო სიგნალის ამუშავების გარეშე. ექსპერტის აღნიშნულ განმარტებას ამყარებს მოწმე მ.გ–ას ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ ექსკავატორი მწყობრიდან გამოვიდა ისე, რომ რაიმე საგანგაშო სიგნალი, ან მაშუქი, მათი მართვის დაფაზე არსებობის მიუხედავად, არ ჩართულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, თანაბრალეულობაზე მოპასუხის მითითება მოკლებულია საფუძვლიანობას, ვინაიდან არ იკვეთება, თუ რაში გამოიხატა სსკ 415-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორის თანაქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) ზიანის დადგომაში.

18.13. მოტო/საათების აღმრიცხველის გამართულობასა და მონაცემების სისწორესთან დაკავშირებულ პრეტენზიასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, არსებობს მოტო/საათების ჩვენებაზე მექანიკური ზემოქმედების თეორიული შესაძლებლობა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა ექსპერტ დ.ს–ძის განმარტება სასამართლო სხომაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დათვალიერებისას აღმრიცხველს მექანიკური ზემოქმედების კვალი არ ემჩნეოდა. რაც შეეხება კასატორის ვარაუდს, რომ მოტო/საათების აღმრიცხველი, შესაძლოა, რაიმე დაზიანების გამო, საერთოდ არ ფუნქციონირებდა, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან აღმრიცხველზე მექანიკური ზემოქმედებისა თუ ექსპლუატაციის პირობებში მისი მწყობრიდან გამოსვლის ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის შესაგებლის ნაწილია და ასეთის დადასტურება სწორედ მოპასუხის ინტერესშია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის გონივრული და სამართლიანი განაწილების პირობებში მოპასუხე შ.პ.ს. „ვ.ა. ქ“-ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომელიც, შესაძლოა, დაძლეულიყო ალტერნატიული, დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის პირობებში, თუმცა ვერ განხორციელდა მოპასუხის საამისო ნების არარსებობის გამო.

18.14. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სერვის-ცენტრიდან ლაფეტზე ექსკავატორის საკუთარი სვლით ასვლისა და სამშენებლო მოედანზე ძრავის მუშა მდგომარეობაში მოყვანის პირობებში მოტო/საათების აღმრიცხველზე მონაცემები მცირედითაც არ შეცვლილა, არ წარმოადგენს იმ გარემოების დასტურს, რომ აღმრიცხველი გამოსული იყო მწყობრიდან, ვინაიდან მოპასუხეს, თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზაციის პირობებში, არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია მასზედ, თუ რა პრინციპით (მუშაობის დრო, ძრავის აჩქარების მაჩვენებელი) იცვლება მართვის დაფაზე მოტო/საათების მონაცემები და იყო თუ არა ექსკავატორის ზემოაღნიშნული დატვირთვით მუშაობა საკმარისი ამავე მონაცემების თუნდაც ერთი ერთეულით შეცვლისათვის. ექსპერტმა დ.ს–ძემ სასამართლოს წინაშე განმარტების მიცემისას მიუთითა, რომ არასაკმარისი შეზეთვის პირობებში, ძრავი ზიანდება როგორც დაბალ, ისე მაღალ ბრუნზე მუშაობისას, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დაბალ ბრუნზე მას 30 წუთამდე მუშაობის რესურსი აქვს, ხოლო მაღალ ბრუნზე ძრავი გაცილებით სწრაფად ზიანდება, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაბალ ბრუნზე მუშაობისას ძრავის სწრაფად (დაახლოებით 5-15 წუთის პერიოდში) გაჭედვის ალბათობა არ არსებობს. რამდენად სწრაფად დადგება ძრავის დაზიანების შედეგი, დამოკიდებულია იმაზე, თუ არასათანადოდ შეზეთილი ძრავის რომელი დეტალები გაიჭედება.

18.15. ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ თუნდაც 6 წუთის მუშაობით ძრავი ვერ დაზიანდებოდა, არ შეესაბამება ექსპერტის მიერ არასათანდოდ შეზეთილი ძრავის მუშაობის ზემოაღწერილ მექანიზმს. ექსკავატორის მძღოლის განმარტება, რომ ტექნიკას მაღალ ბრუნზე საერთოდ არ უმუშავია, აგრეთვე ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ექსპერტის მოსაზრება ძრავის დაზიანების განვითარების შესაძლო ვერსიასთან მიმართებით („სარქველიანმა ფილტრმა ძრავის დაბალ ბრუნზე შეძლო ზეთის მინიმალური პორციის გატარება, ხოლო მაღალ ბრუნზე ვეღარ შეძლო ძრავის სათანადოდ შეზეთვა, რამაც განაპირობა ძრავის მწყობრიდან გამოსვლა“) ვერ აქარწყლებს ექსპერტის კატეგორიულ დასკვნას მასზედ, რომ ძრავის დაზიანება გამოწვეულია სარქველიანი ფილტრის მიერ, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო ზეთის საჭირო რაოდენობის გატარება და ძრავის დეტალების სათანადოდ შეზეთვა, ვინაიდან საკუთარ ზეპირ განმარტებაში ექსპერტმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ სათანადო შეზეთვის არარსებობის პირობებში, ძრავის გაჭედვა გარდაუვალი იქნებოდა როგორც დაბალ, ისე მაღალ ბრუნზე მუშაობისას, მათ შორის სხვაობა მხოლოდ დაზიანების დადგომის სისწრაფეში გამოიხატებოდა.

18.16. რაც შეეხება კასატორის იმ პოზიციას, რომ დაზიანებული ექსკავატორის ჩანაცვლება მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული სხვა ტექნიკით შეეძლო, რის დასტურადაც მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს ცნობა შ.პ.ს. „დ–ი“-ს სახელზე რეგისტრირებული 57 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესახებ, მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, თუ ჩამოთვლილთაგან კონკრეტულად რომელს შეეძლო ექსკავატორის ფუნქციის შესრულება. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2017 წლის მაისი-ივნისის პერიოდში საკუთრებაში ჰქონდა 5 ერთული ,,JCB" მარკის, 3 ერთეული „ვოლვოს“ მარკისა და 2 ერთეული „ჰიუნდაის“ მარკის ტექნიკა, თავისთავად არ ასაბუთებს ჩანაცვლების შესაძლებლობას, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც შეუდავებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ამავე პერიოდში მოსარჩელეს 13 სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი ჰქონდა ნაკისრი სამუშაოების შესრულების ვალდებულება (ტ.1, ს.ფ. 177-178). ამ პირობებში კი სრულებით გონივრულია იმის ვარაუდი, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული გამართულად მომუშავე ტექნიკა იქნებოდა არა თავისუფალ მდგომარეობაში, არამედ იქნებოდა დაკავებული შესაბამის ობიექტებზე ფუნქციონირებით.

18.17. გარემოებათა შემდეგი ჯაჭვი, რომ: 1. სადავო ექსკავატორი ექსპერტიზის ჩატარების ეტაპზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, რაც დადასტურებულია თავად დასკვნითაც; 2. მოსარჩელის მიერ დადებული, მიმდინარე 13 ხელშეკრულებიდან 2 ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, მოიცავდა ქ.ბათუმის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს; 3. მოსარჩელის განმარტება, რომ ექსკავატორის ძრავი დაზიანდა 2017 წლის აპრილის ბოლოს ქ. ბათუმში; 4. შ.პ.ს. „ა.ს“-სთან 2017 წლის 01 მაისით დათარიღებული ხელშეკრულების დადების მიზანს, ამავე ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენდა შ.პ.ს. „დ–ი“-ს მიერ ქ.ბათუმში სამუშაოების შესრულება; 5. ამავე კომპანიასთან ანგარიშსწორების პერიოდი და გადახდილი თანხების ოდენობა შეესაბამება ,,JCB" ექსკავატორის დაზიანებულ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდსა და ხანგრძლივობას, პალატას უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ 2017 წლის 01 მაისს ტექნიკა ,,HIDROMEK S-100" დაქირავებული იქნა სწორედ დაზიანებული ,,JCB" ექსკავატორის ჩასანაცვლებლად.

18.18. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს, საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვინაიდან ამ გარემოებებზე თავად მიუთითებდა, შეეძლო დაედასტურებინა, რომ ტექნიკა ,,HIDROMEK S-100" ფუნქციურად განკუთვნილი არ იყო ,,JCB" ექსკავატორის ჩასანაცვლებისათვის ან მოსარჩელეს შ.პ.ს. „ა.ს“-სთან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაც აკავშირებდა და ანგარიშსწორება სწორედ მის ფარგლებში მოხდა, თუმცა მოპასუხეს ამ მიმართულებით მტკიცების ტვირთის რეალიზება არ განუხორციელებია.

18.19. ტექნიკის ჩანაცვლების საჭიროების არარსებობის დასასაბუთებლად I კასატორი მიუთითებს, რომ მან მოსარჩელეს შესთავაზა დაზიანებული ძრავის შეკეთება. საგულისხმოა, რომ ძრავის შეკეთების შეთავაზებაზე მოპასუხე აპელირებდა შესაგებელშივე, თუმცა არ უთითებდა, რომ აღნიშნული შეთავაზება „დაზიანებიდან მალევე“ განხორციელდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც მოვალის მიერ დროულად შეთავაზებული შესრულების კრედიტორის მხრიდან უსაფუძვლო უარყოფა ზემოქმედებს ზიანის მოცულობაზე, მოლაპარაკების თარიღის/პერიოდის დაზუსტება წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, რომელიც აპელანტმა შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-მა პირველად განაცხადა სააპელაციო საჩივარში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ძრავის შეცვლის შეთავაზების პერიოდის დაზუსტებისას აპელანტს მართებდა, დაესაბუთებინა ამავე გარემოების პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებლობის საპატიო მიზეზი, რაც მოპასუხეს (აპელანტს) არ განუხორციელებია. აღნიშნული დასაბუთების გარეშე მითითებული ახალი გარემოება სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია მხედველობაში, შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობებში (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ტექნიკის ჩანაცვლების აუცილებლობა შეაფასოს ხსენებულ არგუმენტთან ერთობლიობაში, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტი კასატორმა სასამართლოში განაცხადა დ–ვიანებით, არასწორ საპროცესო დროს. საგულისხმოა, რომ ამგვარი მითითების დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, სსკ 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, ძრავის შეკეთების შეთავაზების დრო და პერიოდი წარმოადგენდა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ სადავო გარემოებას, რაც მას არცერთი მტკიცებულების წარდგენის გზით არ დაუდასტურებია.

18.20. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომ ექსკავატორის ძრავის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელისთვის ნივთობრივი ნაკლის მქონე ზეთის ფილტრის დამონტაჟებით (მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის კომპონენტები), ამგვარი ნაკლის იდენტიფიცირების ვალდებულება ეკისრებოდა შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ს, როგორც სამეწარმეო ბაზარზე ავტონაწილებით მოვაჭრე და ავტოსერვისის მიმწოდებელ სუბექტს, თუმცა სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის ვალდებულების დარღვევით, შ.პ.ს. „დ–ი“-ს მაინც მიჰყიდა და ამავდროულად, მის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას _ ,,JCB" ექსკავატორს დაუმონტაჟა ქარხნულთან შეუსაბამო აგებულების ზეთის ფილტრი (გაუფრთხილებლობის კომპონენტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზიანდა რა ექსკავატორის ძრავი და მისი გამოყენება გახდა შეუძლებელი, მოსარჩელეს ტექნიკის გამოყენების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, მოუწია იმავე დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების მესამე პირისგან იჯარით აღება, რისთვისაც გასწია ხარჯი 15 300 ლარის ოდენობით (ზიანის კომპონენტი), რომლის ანაზღაურებაც მოპასუხის ვალდებულებაა.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 765 ლარი, შესაბამისად მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას ექვემდებარება ამავე თანხის 70% _ 535.50 ლარი, ხოლო შ.პ.ს. „დ–ი“-ს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1631 ლარის ოდენობით, რომლის 70% – 1141.70 ლარი უნდა დაუბრუნდეს გადამხდელ მხარეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ის და შ.პ.ს. „დ–ი“-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ვ.ა.ე“-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _765 ლარის (გადახდის თარიღი: 21/02/2022, საგადახდო დავალება: 1645429006, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 535.50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. შ.პ.ს. „დ–ი“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _1631 ლარის (გადახდის თარიღი: 04/03/2022, საგადახდო დავალება: 1646400216, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1141.70 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი