Facebook Twitter

10 ნოემბერი, 2022 წელი

№ას-71-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ლ. ლ–ძე, ა.ზ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ლ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი - მამკვიდრებლის დაკრძალვის და სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ლ–ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ლ. ლ–ძისა და ა.ზ–ის მიმართ, მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდეგ გაწეული ხარჯის - 16 391.71 ლარის 1/2 ნაწილის - 8195,85 ლარის და სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის - 132 142.02 ლარის 1/2 ნაწილის - 66071.01 ლარის, მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათვე მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდეგ გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 2803.4 ლარის, ხოლო სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 47945.32 ლარის გადახდა დაეკისრათ.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე - სამართლებრივი თვალსაზრისით და განმარტა შემდეგი:

5.1. 1981 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა ბ. ლ–ძე, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე შვილები: თ.ლ–ძე, რ. ლ–ძე, ე. ლ–ძე, დ. ლ–ძე და ნ. ლ–ძე. ნ. ლ–ძე (ჯ–ძე) გარდაიცვალა 2012 წლის 15 ოქტომბერს, ე. ლ–ძე გარდაიცვალა 1994 წლის 09 ივნისს, რ. ლ–ძე გარდაიცვალა 1995 წლის 30 დეკემბერს. მამკვიდრებლის მეუღლე ლ. ლ–ძე გარდაიცვალა ბ. ლ–ძის გარდაცვალებამდე 1962 წლის 20 მარტს. რ. ლ–ძეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე ლ. ლ–ძე და შვილი ა.ზ–ი.

5.2. გარდაცვალების შემდეგ ბ. ლ–ძეს დარჩა ქ. ქუთაისში, ....... N112-ში მდებარე სამკვიდრო ქონება (ს/კ ......), რომლის მესაკუთრედ, 2014 წლის 04 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა მოსარჩელე თ.ლ–ძე.

5.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი თ.ლ–ძის სახელზე გაცემული, 2014 წლის 04 ივლისის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში და ქ. ქუთაისში, .......... (ყოფილი ...., №162) მდებარე, ს/კ ....... უძრავი ქონების-საცხოვრებელი სახლის ნახევარის (1/2 ნაწილის) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი იქნენ მოპასუხეები: ლ. ლ–ძე და ა.ზ–ი. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ბ. ლ–ძის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომი ხარჯი გაიღო თ.ლ–ძემ, რომელიც ბ. ლ–ძესთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა.

5.4. ქონების შეფასების აორული დასკვნის თანახმად, ქ.ქუთაისში, ....... (...... ქუჩაზე) მოწყობა, ობიექტის ღირებულება შეფასების პერიოდისათის (შეფასების პერიოდი 1981 წელი) შეადგენდა 3106.8 ლარს.

5.5. შ.პ.ს. „ა.ფ“-ს 2017 წლის საექსპერტო დასკვნის თანახმად, სამკვიდრო ქონების (მდებარე: ქ. ქუთაისი, ........) ღირებულება შეფასების თარიღისათვის (შეფასების თარიღი - 2017 წლის 1 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით) შეადგენდა 4132 ლარს.

5.6. შ.პ.ს. „ა.ფ“-ს 2018 წლის საექსპერტო დასკვნის თანახმად, სამკვიდრო ქონების საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის (შეფასების თარიღი - 2018 წლის 30 იანვრიდან 04 თებერვლამდე) შეადგენდა 136274.02 ლარს.

5.7. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 სექტემბრის დასკვნით დადგინდა, რომ: (ა) ქ. ქუთაისში, ...... ქუჩის №112-ში მდებარე უძრავი ქონების დემონტაჟზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება (სამშენებლოო ნარჩენების გატანისა და შესრულებული სამუშაოს (მათ შორის მუშა ხელის, ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელზე განთავსების ანაზღაურების ჩათვლით) მოცემულ დანართში №1-1; 1-2; 1-3-ში განფასებული იყო 2012 წლის მდგომაროებით და საორიენტაციოდ შეადგენდა 14517.46 ლარს. (ბ) ქ. ქუთაისში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე შესრულებული სარემონტო სარეკონსტრუქციო, გამაგრებითი, მიშენებული და აშენებული (მათ შორის დამხმარე) ფართების, ახალი საძირკველისა და სადრენაჟო არხების მოწყობის, კომუნალური (წყალი, ელექტრო ენერგია, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი, ცენტრალური გათბობა) გაყვანილობების, კოსმეტიკური რემონტის, შეღებვის, გადახურვის, კიბის მოწყობისა და ყველა იმ სამშენებლო სამუშაოებისათვის მოცულობა და ღირებულება მოცემული იყო №1 დანართში და საორიენტაციოდ შეადგენდა 81373.19 ლარს. ქ. ქუთაისში, ........ქუჩა №112-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ........) საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 89 000 ლარს.

5.8. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ.კ–ძემ განმარტა, რომ მოსარჩელის მეზობელ., რომელმაც სადავო საცხოვრებელი სახლზე შეასრულა სამშენებლო სამუშაობი. სახლი იყო სავალალო მდგომარეობაში, მეორე სართულზე შესასვლელსა და ერთ ოთახში განთავსებული იყო, სამშენებლო მასალა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, ხოლო მეორე მხარეს ჩამოდიოდა წყალი, ამიტომ, სახლი საჭიროებდა დემონტაჟს. სახლი ჯერ დაიშალა, შემდეგ მშენებლობა დაიწყო საძირკველიდან. ეტაპობრივად მუშაობდა თითქმის ერთი წელი, სამუშაოები ძირითადად თავად ჩაატარა. შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელემ გადაუხადა. მოწმის განმარტებით, საცხოვრებელ სახლზე სამუშაოს ჩატარება იყო აუცილებელი, კედლები ჩამოშლილი იყო, სახლი თუ მთლ.ნად არ დაიშლებოდა, ზედა სართული ჩამოიშლებოდა. სამუშაოების მიმდინარეობისას სახლში მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მუშაობის პერიოდში ლ. ლ–ძე შვილებთან ერთად არ უნახავს, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და მას არც კონფლიქტის ან დავის შესახებ არ სმენია.

5.9. სასამართლო სხდომაზე მოწმე რ.კ–ძემ განმარტა, რომ მუშაობს შ.პ.ს. „ა-ა“, მის საქმიანობაში შედის საექსპერტო, ბუღალტრული და სხვადასხვა მომსახურების გაწევა. როგორც ახსოვს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი იყო შესაფასებელი. სახლი, დამხმარე ნაგებობები მდებარეობდა ....... ქუჩაზე. ასევე, შესაფასებელი იყო, ძველი შენობა, რომელიც იმ დროისთვის უკვე აღარ არსებობდა. ძველი ქონების შეფასების მიზნით, შედგენილი იქნა შენობის აღდგენითი ღირებულება და მიღებული იქნა ნარჩენი ღირებულება. ქონების შეფასებისას დაეყრდნო, როგორც დამკვეთის განმარტებას, ასევე, მის მიერ წარმოდგენილ მასალებს, მათ შორის, აზომვითი ნახაზებს, საჯარო რეესტრის, თუ ტექ-ბიუროს მონაცემებს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, მისი განმარტებით, ახსოვდა, რომ შესაფასებელ ტერიტორიაზე იყო ციცაბო ფერდი. ტერიტორიის შენარჩუნება და ეზოს მოწყობა, მეტ ძალისხმევას საჭიროებდა, ვიდრე ჩვეულებრივ ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე საყრდენი კედლები მოწყობილ. რკინა-ბეტონით, ასევე, ეზოში მოწყობილ. დამხმარე სათავსები. საცხოვრებელი სახლის ნაწილზე სამუშაოები იყო შესრულებული, დაწყებული იყო გათბობის მონტაჟი, იატაკი ნახევრად დაგებული. დასკვნაში ასახულ. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შეფასების დროისათვის.

5.10. სასამართლო სხდომაზე მოწმე ფ.ხ–ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ არის შ.პ.ს. „ა-ფ–ის“ დირექტორი. მისი კომპანიის მიერ შეფასებული იქნა თ.ლ–ძის ამჟამინდელი სახლის ღირებულება, ასევე, გაცემული იყო მეორე დასკვნაც და შეფასებული იყო ძველი შენობა, რომლის ღირებულება დაიანგარიშა დამკვეთის განმარტებით, წარდგენილი დოკუმენტებით (არქივის მონაცემები, ცნობები ფართის ოდენობის შესახებ) და ძველი ფასებით ცვეთის გამოკლებით.

5.11. სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ.გ–ძემ განმარტა, რომ ბ. ლ–ძე იყო მისი მეუღლე. 1969 წელს დაქორწინდა, 11 წელი ცხოვრობდნენ ერთად. მოწმის განმარტებით, სახლი ბ–თან ერთად ააშენა დაახლოებით 1970-1971წწ. აღნიშნულ მისამართზე იყო ძველი სახლი. ახალი სახლის აშენებაში არცერთ შვილს მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით გაიგო, რომ ქონება თ.ლ–ძემ მიიღო. სახლი საცხოვრებლად კარგ მდგომარეობაში იყო. წყალი არ ჩამოდიოდა და ცხოვრება შესაძლებელი იყო, სახლი დანგრევას და ახლის აშენებას არ საჭიროებდა. მოწმემ იმავდროულად აღნიშნა, რომ რამდენიმე წელი საბერძნეთში ცხოვრობდა, 30 წელ. აღნიშნული სახლი არ უნახავს და არ იცის ამ ეტაპზე რა მდგომარეობაშია.

5.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მემკვიდრეობითი სამართლისა და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან. განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, გააჩნია, თუ არა მემკვიდრეს - თ.ლ–ძეს, მამკვიდრებლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების მეორე მემკვიდრისათვის მოთხოვნის უფლება. ასევე, ადგილი აქვს თუ არა, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის მის დაბრუნებას.

5.13. მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნა იმ ფაქტს, რომ მან გაიღო ხარჯი მამკვიდრებლის - ბ. ლ–ძის დაკრძალვაზე, ასევე, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ სამკვიდრო უძრავ ქონებაზე (ფაქტობრივად ახლიდან ააშენა სახლი), რითაც გაიზარდა ამ ქონების ღირებულება და რომლის ½ ნაწილი 2017 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით საკუთრებაში მიიღეს მოპასუხეებმა, რამაც განაპირობა მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ფაქტების დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები (რომლებიც მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს) ასევე, აის დასკვნები. მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების უარსაყოფად წარმოადგინეს მხოლოდ, მოწმე ჯ.გ–ის ჩვენება, რომელიც რამდენიმე წელი საბერძნეთში ცხოვრობდა, 30 წელი სადავო სახლი არ უნახავს და არ იცის ამ ეტაპზე რა მდგომარეობაშია.

5.14. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 სექტემბრის დასკვნით დადგენილ., რომ ქ. ქუთაისში, ...... №112-ში მდებარე, სადავო უძრავი ქონების დემონტაჟზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 14517.46 ლარს, ხოლო უძრავ ქონებაზე შესრულებული სარემონტო სარეკონსტრუქციო, გამაგრებითი, მიშენებული და აშენებული (მათ შორის დამხმარე) ფართების, ახალი საძირკველისა და სადრენაჟო არხების მოწყობის, კომუნალური (წყალი, ელექტრო ენერგია, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი, ცენტრალური გათბობა) გაყვანილობების, კოსმეტიკური რემონტის, შეღებვის, გადახურვის, კიბის მოწყობისა და ყველა იმ სამშენებლო სამუშაოებისათვის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 81373,19 ლარს.

5.15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ლ–ძემ სადავო უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე (დემონტაჟი, მშენებლობა) მთლ.ნობაში გაიღო 95 890,65 ლარი. პალატის დასკვნით, მოწმე ჯ. გახოკიძის ჩვენება არ იყო საკმარისი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ თ.ლ–ძეს საცხოვრებელი სახლის გაუმჯობესების მიზნით სამშენებლო სამუშაოები არ უწარმოებია. როგორც ირკვეოდა, მოწმეს 30 წელი სადავო სახლი არ უნახავს და არ იცის ამ ეტაპზე რა მდგომარეობაშია, რაც გამორიცხავდა მისი ჩვენების დამაჯერებლობას.

5.16. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ასევე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა კი, განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის პირველი ნაწილ. (თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად).

5.17. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს, მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე.

5.18. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე თ.ლ–ძემ, 04.07.2014წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში აღირიცხა მთლ.ნი სადავო უძრავი ქონება და მიაჩნდა იგი სამუდამოდ შეძენილად, ამასთან, ამ პერიოდში ქონების გაუმჯობესების მიზნით გაწია ხარჯი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონების ½ ნაწილის მოპასუხეების საკუთრებაში გადაცემით ლ. ლ–ძე და ა.ზ–ი უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, რაც ამ უკანასკნელთათვის სამოქალაქო კოდექსის 980.1. მუხლის მიხედვით, მათი წილის შესაბამისად ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი იყო.

5.19. სააპელაციო სასამართლომ მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბ. ლ–ძის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდეგ ხარჯი მოსარჩელესთან ერთად გაიღო რ. ლ–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამ ხარჯების სახით მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხა გონივრული და სამართლ.ნი იყო და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, არც ამ ნაწილში ვლინდებოდა.

5.20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების შედავება სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 130-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მართალ. მოსარჩელემ მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები გაიღო 1981 წელს, ხოლო სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებაზე - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა იმ მოტივით, რომ თავი ერთადერთ მემკვიდრედ, ხოლო სამკვიდრო ქონება მხოლოდ მის საკუთრებად მიაჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ერთადერთი მესაკუთრის უფლება და სამკვიდრო მოწმობით ერთადერთი მემკვიდრის უფლება, კანონიერ ძალაში შესული 01.08.2017წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა და თ.ლ–ძესთან ერთად, ამ უფლების ½ ნაწილი გადაეცათ მოპასუხეებს, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.3 და 980-ე მუხლების მიხედვით, გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი, რაც მოცემული დავის ფარგლებში გასული არ არის (მოსარჩელემ განსახილველი სარჩელით სასამართლოს მიმართა 05.10.2017 წელს).

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდეგ გაწეული ხარჯის (2803.4 ლარის) დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, ხოლო მოპასუხეთათვის სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებისათვის დაკისრებული თანხიდან - 47945.32 ლარიდან, 38 067.82 ლარის დაკისრების ნაწილში უარის თქმა. კასატორთა მტკიცებით:

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომელიც გამორიცხავს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას. სასამართლომ ამ დანაწესიდან გამომდინარე, არ გამოიკვლ. და არ შეაფასა ხარჯების ანაზღაურების გამომრიცხველი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. ბ. ლ–ძეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა 2 პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: თ.ლ–ძე (მოსარჩელე) და რ. ლ–ძე, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ მიიჩნევდა მთლ.ნ სამკვიდრო სახლს სამუდამოდ შეძენილად, რადგან რ. ლ–ძე მამკვიდრებლის გარდაცვალებისას და გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელესთან ერთად მამკვიდრებლის სახლში ცხოვრობდა, მაშასადამე, რ. ლ–ძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც დადასტურებულ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ სხვაგვარად, კასატორები ვერ გახდებოდნენ მემკვიდრეები.

6.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით, დადგენილ., რომ რ. ლ–ძე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდროს, ხოლო მისგან გამომდინარე სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლნენ მოპასუხეები. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნა ქონების გაუმჯობესების ანაზღაურებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ კი არ წარმოეშვა, არამედ ფაქტობრივი დაუფლებიდან, რის გამოც, მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულია ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მოწმე კ–ძის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მან სამშენებლო სამუშაოები 10-12 წლის წინ ჩაატარა.

6.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 266-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილების 3.2.13. პუნქტის პირველი აბზაცის მიხედვით, მხარეებს შორის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ხოლო მეორე პუნქტის მიხედვით, „ლ. ლ–ძესთან სახლში მივიდა მისი რძალი მ. ლ–ძე და მიუტანა 700 დოლარი „სახლის საღირალი“, რომელიც მის აწ გარდაცვლილ ქმარს ეკუთვნოდა და რომელიც არ დაიტოვა“. მაშასადამე, მოსარჩელისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ სახლის მესაკუთრეს მხოლოდ თვითონ არ წარმოადგენდა, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე, არ არსებობდა ხარჯების ანაზღაურების საფუძველი.

6.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებებიც, რომ სამკვიდროს სახლის მთლიანი ფართი იყო 200 კვ.მ., ხოლო ღირებულება - 50000 ლარი.

მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სახლის ფართი შემცირდა და გახდა 123.02 კვ.მ.. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით გახდნენ სამკვიდრო ქონების ნახევრის - 100 კვ.მ.-ს მესაკუთრეები. მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სახლის ფართი შემცირდა 123.02 კვ.მ-მდე, რომლის ნახევარი არის 61.51 კვ.მ.. მაშასადამე მოპასუხეებს 100 კვ.მ-ის ნაცვლად დარჩათ 61.51 კვ.მ., შესაბამისად, მათი ქონება შემცირდა 38.49 კვ.მ-ით.

6.5. გამდიდრების ოდენობის დადგენის მიზნით სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა მოსარჩელის მიერ სახლის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯებით, არამედ სახლის ამჟამინდელი ღირებულებით.

6.6. მოთხოვნა ხანდაზმულ. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1489-ე და 128-ე მუხლებით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელ.:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, ამასთან, სახეზეა თუ არა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

11. სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომი სარიტუალო ხარჯი მხოლოდ მოსარჩელემ გაიღო. მან საკუთრებაში რეგისტრირებული სამკვიდრო ქონებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა (ფაქტობრივად ახლიდან ააშენა საცხოვრებელი სახლი), რითაც ცხადია, გაიზარდა ამ ქონების ღირებულება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, აღნიშნული სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი საკუთრებაში გადაეცათ მოპასუხეებს, რამაც ამ უკანასკნელთა უსაფუძვლო გამდიდრება განაპირობა. შესაბამისად, იკვეთებოდა როგორც მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომ გაწეული სარიტუალო ხარჯის, ისე - სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებისათვის გაღებული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების საფუძველი.

12. საკასაციო პლატას მიაჩნია, რომ დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომი ხარჯის, ასევე სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლიდან (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლ. ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება), 1334-ე მუხლიდან (თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად) და 980.1 მუხლიდან (თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად) გამომდინარეობს.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე. სახელდობრ:

13.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ., რომ მოსარჩელემ 04.07.2014წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში აღირიცხა გარდაცვლილი ბ. ლ–ძის დანაშთი სადავო უძრავი ქონება. დადგენილ. ასევე, რომ მოსარჩელემ ხსენებული უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის ხარჯი გასწია, რამაც სამკვიდრო ქონების ღირებულების გაზრდა განაპირობა. საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 სექტემბრის დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების დემონტაჟზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 14517.46 ლარს, ხოლო უძრავ ქონებაზე შესრულებული სარემონტო სარეკონსტრუქციო, გამაგრებითი, მიშენებული და აშენებული (მათ შორის დამხმარე) ფართების, ახალი საძირკველისა და სადრენაჟო არხების მოწყობის, კომუნალური (წყალი, ელექტრო ენერგია, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი, ცენტრალური გათბობა) გაყვანილობების, კოსმეტიკური რემონტის, შეღებვის, გადახურვის, კიბის მოწყობისა და ყველა იმ სამშენებლო სამუშაოებისათვის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 81373.19 ლარს.

13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980.1 მუხლის თანახმად, თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.

13.3. მითითებული ნორმა ითვალისწინებს კონდიქციური ვალდებულების განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა ქონების უსაფუძვლოდ მიმღებს იგი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნია და ამის გამო განსაზღვრული ხარჯები გაიღო ამ ქონების გაუმჯობესებისათვის ან წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი. უფლებამოსილი პირის გამოჩენის შემთხვევაში, მიმღები მოვალეა, დააბრუნოს ქონება, მაგრამ მას უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ან მიღებული ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება. მიმღების მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე (პირი, რომელსაც დაუბრუნდა ქონება) ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულ., თუ გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად (სუსგ №ას-303-285-2014,30.10.2015წ.). დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაცემული საგანი წარმოადგენს უძრავ ქონებას, ქონება სამუდამოდ შეძენილად შეიძლება მივიჩნიოთ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ამ ქონების მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში (იხ. სუსგ-ებები: საქმე №ას-1245-1265-2011, 31.01.2012წ.; საქმე №ას-303-285-2014, 30.10.2015წ.; საქმე №ას-318-303-2016წ. 30.09.2016წ.).

13.4. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე საჯარო რეესტრში სადავო ქონების ერთადერთ მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული წლების განმავლობაში და ამასთან, ამ პერიოდში მან ქონების გაუმჯობესების მიზნით ხარჯი გასწია, იგულისხმება, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ქონების ½ ნაწილის მოპასუხეების საკუთრებაში გადაცემით კი, კასატორები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, რაც ამ უკანასკნელთათვის სამოქალაქო კოდექსის 980.1. მუხლის მიხედვით, მათი წილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების და ამის შედეგად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსსტანციის სასამართლოების დასკვნას, მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომ გაწეული ხარჯების მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზეც. კერძოდ:

14.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ., რომ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომი ხარჯი გასწია მხოლოდ მოსარჩელემ, საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ფ“-ს ქონების შეფასების აორული დასკვნის თანახმად კი, ხსენებული ხარჯი 3106.8 ლარს შეადგენს.

14.2. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 1334-ე მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მემკვიდრეები სამკვიდროში მათი წილის პროპორციულად ვალდებული არიან გაიღონ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და სარიტუალო (დაკრძალის შემდგომი) ხარჯები.

14.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის (№3კ/441-01) განჩინების მიხედვით, პირს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშეც აქვს უფლება, მემკვიდრეებისგან, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, მოითხოვოს მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ქელეხისა და ორმოცის გადახდის ხარჯების ანაზღაურება გონივრული ოდენობის ფარგლებში. ხოლო აღნიშნული ხარჯის გონივრულ ოდენობად სასამართლომ საერთო ჯამში 2500 ლარი (სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯი არაუმეტეს 1000 ლარისა, დაკრძალვის ქელეხის ხარჯი - 1000 ლარი, ხოლო ორმოცისთვის გასაწევი ხარჯი - 500 ლარი) მიიჩნია. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებაზეც, სადაც განმარტებულ., რომ „საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართალ., უმეტეს შემთხვევაში, რთულ. ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელ. მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელ.. აქვე გასათვალისწინებელ., რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან“ (შდრ. სუსგ №ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი 2015 წელი).

14.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომი სარიტუალო ხარჯის ანგარიშში დაკისრებული თანხის (2803.4 ლარი) ოდენობა გონივრული, სამართლ.ნი და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისია.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა შედავებას მოთხოვნის ხამდაზმულობის თაობაზე. მათი მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის დენა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ქონების მათ თანასაკუთრებაში აღრიცხვიდან, არამედ - რ. ლ–ძის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებიდან უნდა აითვალოს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტი სასამართლომ სწორად დაუკავშირა მოპასუხეებისთვის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სამკვიდრო აქტივის მიკუთვნების ფაქტს, რამდენადაც სწორედ გადაწყვეტილებით დადასტურდა როგორც მათი უფლებრივი წინამორბედის - რ. ლ–ძის, ასევე კასატორების საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონებაზე. სამკვიდროს მომწესრიგებელი ნორმები თანამემკვიდრეებისათვის უკუმოთხოვნის სპეციალურ ვადას არ ადგენენ. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება კანონისმიერია, შესაბამისად, მისგან წარმოშობილ მოთხოვნაზე სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო 10-წლ.ნი ვადა ვრცელდება.

16. პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეეხება რ. ლ–ძის მიერ სამკვიდროს მიღებას, შესაბამისად, ამ საქმეზე დადგენილ იმ გარემოებებს გააჩნიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი პრეიუდიციული ძალა, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს, რაც შეეხება სხვა ფაქტებს, რომელთა თაობაზეც საუბარია გადაწყვეტილებაში თუ იკვეთება საქმის წარმოებისას, ისინი პრეიუდიციულად ვერ მიიჩნევა და სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას ამ ფაქტების უპირობოდ გაზიარება ვერ მოხდება, თუკი ისინი შედავებული იქნება მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლ. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველ..

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელ., კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2043.56 ლარის 70% – 1430.49 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ლ–ძისა და ა.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ლ. ლ–ძეს (პ/ნ ........) და ა.ზ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ ლ. ლ–ძის (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2043.56 ლარის (გადახდის თარიღი: 02/03/2022, საგადახდო დავალება: 0, რეფერენსი: 482007, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1430.49 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი