საქმე №ას-17-2023 2 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - სს „ბ.ე–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ.ს.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრისა და 16 დეკემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ბ.ე–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ქ.ს.კ–ის“ მიმართ, ნარდობის საზღაურის დაკისრების მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის (საქმე №2/29255-19) განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს „ქ.ს.კ–ს“ (ს/კ .......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, შპს „ჯ.ა.ს–ის“ (ს/კ ......), შპს „ჯ–ის“ (ს/კ ....), შპს „ჯ.ს.ს–ის“ (ს/კ ....), შპს „ქ.ს.კ–ის“ (ს/კ .....), შპს „ჯ.ს–ის“ (ს/კ .....) წილების გასხვისება და დაგირავება; ყადაღა დაედო შპს „ქ.ს.კ–ის“ (ს/კ ........) საკუთრებაში არსებულ 10 ავტოსატრანსპორტო საშუალებას: მოდელი kamaz 4310 AC, სახელმწიფო № ...., საიდენტ. № .....; მოდელი Nissan Patrol GR 3.0 TD, სახელმწიფო № ....., საიდენტ. № .....; მოდელი Nissan Patrol, სახელმწიფო № ....., საიდენტ. № .....; მოდელი Toyota Landcruiser LC150, სახელმწიფო № ....., № .....; მოდელი Toyota Landcruiser HZJ 105, სახელმწიფო № ....., საიდენტ. № .....; მოდელი Toyota Landcruiser HZJ 105, სახელმწიფო № ....., საიდენტ. № ......; მოდელი Toyota Landcruiser HZJ78L, სახელმწიფო № ....., საიდენტ. № .....; მოდელი Hyundai Sonata, სახელმწიფო № ....., საიდენტ. № .....; მოდელი Toyota Hilux, სახელმწიფო № ....., საიდენტ. № ......; მოდელი Land Rover Discovery, სახელმწიფო № ...., საიდენტ. № ......
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ბ.ე–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის (საქმე №2/29255-19) განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სს „ბ.ე–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
2022 წლის 21 და 24 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს „ბ.ე–ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ სს „ბ.ე–ის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სს „ბ.ე–მა“ საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სს „ბ.ე–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადმოეგზავნა საკასაციო პალატას. ამავდროულად, სს „ბ.ე–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით სს „ბ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ბ.ე–ის“ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოსარჩელის ინტერესების დაცვასა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ბ.ე–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც გაუქმდა ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის (საქმე №2/29255-19) განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი საჩივარიც უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან სს „ბ.ე–ის“ სარჩელის საფუძველზე დაწყებული სასამართლო დავა უკვე დასრულებულია და არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც ამავდროულად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაც გაუქმებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ბ.ე–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრისა და 16 დეკემბრის განჩინებებზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე