Facebook Twitter

საქმე №ას-1352-2022 2 მარტი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა–ი“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს გაუქმება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ა–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ, პირგასამტეხლოს გაუქმებისა და უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის იყო, რის გამოც 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 62 408,06 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „ა–ის“ და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, კანონი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა სასამართლომ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, დარღვეული ვალდებულების სიმძიმისა და შედეგების (მოსარჩელის მიერ საერთო სასამართლოების არქივის სამშენებლო სამუშაოების დროულად დაუსრულებლობის გამო, არქივმა საკუთარი ფუნქციები სრულყოფილად ვერ განახორციელა) გათვალისწინებით, ასევე, ვინაიდან მოსარჩელე მეწარმე სუბიექტია, უსაფუძვლოდ იქნა შემცირებული მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება). ამასთანავე, „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-189-2022 გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა სასამართლოების არქივის შენობის რეაბილიტაცია და დამატებითი საცავის მშენებლობა), რომელიც შპს „ა–მა“ (მიმწოდებელმა) 105 დღის დაგვიანებით შეასრულა. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 188 724,89 ლარის) 0,1%-ის ოდენობით, რაც სადავო შემთხვევაში 124 816,11 ლარს შეადგენდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს ხსენებული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნიეს და შეამცირეს 62 408,05 ლარამდე.

საკასაციო პალატა, სადავო შესრულების ღირებულების, ვალდებულების შესრულების დარღვევის პერიოდის ხანგრძლივობისა და შედეგების გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას; სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული მოწესრიგება სრულად შეესაბამება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას (მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021, 2021 წლის 28 იანვრის №ას-1281-2020 და 2020 წლის 24 დეკემბრის №ას-947-2019 განჩინებები, 2022 წლის 13 ივლისის №ას-312-2022 გადაწყვეტილება). ამდენად, კასატორმა უსაფუძვლოდ დააკავა შპს „ა–ისთვის“ გადასახდელი საფასურიდან 62 408,06 ლარი და სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეს (მენარდეს) უნდა აუნაზღაუროს აღნიშნული თანხა, როგორც შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3120,40 ლარის 70% - 2184,28 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (ს/კ 2038....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 7 ოქტომბრის №38728 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3120,40 ლარის 70% - 2184,28 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე