Facebook Twitter

საქმე №ას-1522-2022 2 მარტი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა.ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს „ს.ბ–ი“

დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ფ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „ს.ბ–ის“ მიმართ, საავტორო უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის - 300 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ა.ფ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ა.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება ა.ფ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბანკმა მას დაუკვეთა ქანდაკების დამზადება, რომლის იდეა და მასალა ეკუთვნოდა დამკვეთს, თუმცა ვინაიდან ქანდაკებები შექმნა მოსარჩელემ, საავტორო უფლებებიც ა.ფ–ძეს ეკუთვნის. საავტორო უფლებების გადაცემის თაობაზე კი მხარეთა შორის შეთანხმება არ დადებულა. ამდენად, მოპასუხეს არ ჰქონდა მოსარჩელის თანხმობის გარეშე ნაწარმოების რეპროდუცირების (მით უფრო, დაბალ ფასად) უფლება. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ბანკს მის სასარგებლოდ საავტორო უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდა უნდა დაეკისროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მქონე სუბიექტის განსაზღვრა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას წარმოშობილ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ნაწარმოების ერთ-ერთ სახეს კი, კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სკულპტურა წარმოადგენს.

ხსენებული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულებით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი. ამასთან, კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმავე კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ქონებრივი უფლებები შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტი, ასევე, განსაზღვრავს, რომ შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 11 მარტს მხარეთა შორის დაიდო „შესყიდვის აქტი“, რომლის საფუძველზეც ა.ფ–ძეს სს „ს.ბ–ისთვის“ უნდა დაემზადებინა და გადაეცა რვა მეტალის სკულპტურა და მისი ყალიბი. ამრიგად, მხარეებს შორის წერილობით იყო დადებული ხელოვნების ნაწარმოების დამზადების თაობაზე ხელშეკრულება, რომელიც საავტორო ქონებრივი უფლებების გადაცემის საკითხს დამოუკიდებლად არ არეგულირებდა. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაში სპეციალური ჩანაწერის არარსებობის პირობებში, კანონმდებლობის საფუძველზე, შემკვეთს - სს „ს.ბ–ს“ ეკუთვნოდა საავტორო ქონებრივი უფლებები, რომლებიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეპროდუცირების უფლებასაც მოიცავდა. ამდენად, სს „ს.ბ–ს“ ჰქონდა 2021 წლის 14 მაისს იმავე სახის სკულპტურების კვლავ დამზადებაზე (შესყიდვაზე) ტენდერის გამოცხადებისა და ხელშეკრულების სხვა პირთან დადების უფლება, რაც ვერ იქნება განხილული მოსარჩელის საავტორო ქონებრივი უფლებების დარღვევად.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ნაწარმოების დეპონირებას, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „ს–ში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის „ს–ში“ დეპონირებისას განმცხადებელმა უნდა დაიცვას წარმოდგენილ ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვა პირების საავტორო ან სხვა უფლებები; „ს–ში“ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი. ამდენად, დეპონირებას შეიძლება მნიშვნელობა მიენიჭოს ნაწარმოების არსებობისა და მისი ავტორის დადგენის თვალსაზრისით (თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საავტორო უფლება ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან; საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა), თუმცა ნაწარმოების დეპონირება არ გამორიცხავს ნაწარმოებზე განმცხადებლის გარდა სხვა პირის უფლებების არსებობას - „ს–ში“ სწორი ინფორმაციის წარდგენა კი სწორედ განმცხადებლის ვალდებულებაა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ავტორობა და მისი ავტორად მითითების უფლება სადავოდ არ არის ქცეული, ხოლო ქონებრივი საავტორო უფლებები ბანკს კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშვა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო (ცნობილი უნდა ყოფილიყო) განმცხადებლისთვის - ა.ფ–ძისთვის. ამრიგად, ნაწარმოების დეპონირების ფაქტი სარჩელის დაკმაყოფილებას ვერ გამოიწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე