საქმე №ას-1525-2022 2 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ჰ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ჯ.ბ.კ–ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ ჯ.ბ.კ–იმ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ჰ–ის“ მიმართ, 4843,50 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნა:
- 2018 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ბეტონის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2018-2019 წლებში მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია და გაუწია მომსახურება;
- მიწოდებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 19 928 ლარი, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს 15 084,50 ლარი აუნაზღაურა, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 4 843,50 ლარი;
- მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე, რომელზეც მოპასუხე არ გამოცხადებულა, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ ჯ.ბ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ჰ–ს“ შპს „ ჯ.ბ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4 843,50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 72,66 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 193,74 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჰ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შპს „ჰ–მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს „ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება. აღნიშნული განჩინება მოპასუხე კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა (ჰქონდა სიცხე და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში), რის თაობაზეც სასამართლოს განცხადება სხდომის წინა დღეს გაუგზავნა.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სადავო თანხის გადახდის ფაქტი, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება და, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამრიგად, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის მოპასუხე სათანადო წესით უნდა იყოს ინფორმირებული სასამართლო სხდომის თაობაზე, რომელზეც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის №ას-652-2021 განჩინება). ამასთან, საგულისხმოა, რომ „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის №ას-1037-991-2013 განჩინება).
სადავო შემთხვევაში, მართალია, კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემებზე, მაგრამ მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლის ავადმყოფობას ან სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. მხარის მხოლოდ წერილობითი განმარტება კი ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელ, სათანადო მტკიცებულებად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რაც მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებული იყო სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე. „მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის №ას-691-661-2014 განჩინება). ამასთან, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში კი, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულება, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება და სანაცვლო ანაზღაურების არასრულად გადახდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ქმნიდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდის დაკისრების წინაპირობას; მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს კი სასამართლო ვეღარ შეაფასებდა და მათ საფუძველზე ვერ გადაწყვეტდა სარჩელის დაკმაყოფილების საკითხს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება;
3. შპს „ჰ–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 19 დეკემბრის №15474232771 საგადახდო დავალებით გ.ზ–ას (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე