საქმე №ას-84-2023 16 მარტი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ლ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ს–ვას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ლ.ა–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 30 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; გაუქმდა ქორწინების აქტის ჩანაწერი N 01193304113.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში 2019 წლის 30 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ. მათ ამ პერიოდში შვილები არ შესძენიათ;
3.2. მოსარჩელისა და მოპასუხის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეთა მიერ დაშორების თარიღად სხვადასხვა დროა მითითებული, მაგრამ ფაქტია, რომ სარჩელი წარდგენილია 2021 წლის 6 ოქტომბერს და მოსარჩელის პოზიცია არ შეცვლილა;
3.3. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ნებაყოფლობით ერთობლივი განცხადებით მიემართათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის განქორწინების მოთხოვნით, ვინაიდან ორივე მხარე ამჟამად (სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე) იმყოფება დიდ ბრიტანეთში, ხოლო მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგია.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (სუსგ N ას-1117-1074-2016, 06.03.2017 წ.).
5. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ N ას-839-805-2016, 06.03.2017 წ.).
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). შესაბამისად, კანონმდებელი ქორწინების საფუძვლად მიიჩნევს მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე, მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება არ ჩაითვლება ნამდვილად;
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სსკ-ის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე- 8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი უფლება და მეუღლეებს არ მისცა მაქსიმალური ვადა შესარიგებლად და აღნიშნა, რომ ხსენებული მოკლებული იყო ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც, როგორც დადგენილია, მხარეთა შორის აღარ არსებობს ფაქტობრივი ურთიერთობა, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის კომუნიკაციაც შეზღუდულია, ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოება წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, რაც, სააპელაციო სასმართლოს შეფასებით, სავსებით გონივრული ვადაა მხარეთათვის დაფიქრებისა და პოზიციის შეცვლის თვალსაზრისით და რასაც წინამდებარე შემთხვევაში, არც სასარჩელო წარმოებისა და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, ადგილი არ ჰქონია.
9. ამავდროულად, საქმის მსვლელობისას მხარეთა წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით არ დადგინდა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის აღდგენის და ასეთის მცდელობის ორმხრივი ნება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლოს შეექმნა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა და საქმის გაჭიანურება არ გამოიწვევდა ურთიერთობის აღდგენას.
10. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რამდენადაც ქორწინება ნებაყოფლობითი აქტია, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია ქორწინებისას მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა და ნებაყოფლობა. იძულებითი ქორწინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მე-16 მუხლის თანახმად, „ყოველ სრულასაკოვნებას მიღწეულ მამაკაცსა და ქალს, რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით ან რაიმე შეზღუდვის გარეშე, უფლება აქვს დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი...დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე დასაქორწინებელი მხარის თავისუფალი თანხმობის პირობებში“. ქორწინების ნებაყოფლობითობა განმტკიცებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტითაც და ამ სამართლებრივი წანამძღვრების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დავა გადაწყვეტილი იქნა სწორად, მტკიცებულებათა შეფასებისა და სამართლებრივად დასაბუთებული მსჯელობის საფუძველზე.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ თავდაპირველი მოსარჩელის გადაწყვეტილება განქორწინებასთან დაკავშირებით ნაჩქარევადაა მიღებული და არსებობს მათი ოჯახის აღდგენის შანსი. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შესარიგებელი ვადის დანიშვნის სამართლებრივი მექანიზმი უნდა გამოეყენებინა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაცო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სსკ-ის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).
18. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).
19. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (სუსგ №ას-225-921-03, 09.10.2003წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ასევე, მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ-ები: N ას-1831-2019, 2018, 14.11.2019წ; N ას-1238-2019, 31.01.2020 წ; N ას-813-2019, 14.02.2020 წ; N ას-777-2020, 26.02.2021 წ; N ას-338-2021, 11.06.2021წ; N ას-472-2021, 14.07.2021 წ; N ას-381-2021, 15.10.2021წ; N ას-527-2021, 29.11.2021წ ).
21.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ა–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ნ.კ–ას (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და 150 ლარის 70% – 105 ლარი (საგადახდო დავალება N8965, გადახდის თარიღი 2023 წლის 16 იანვარი), სულ -255 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური