Facebook Twitter

ბს-1377-81-გ-04 26 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 29 სექტემბერს გ. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, 1989წ. 9 აპრილს დაზარალებული, დამსახურებული პენსიონერი, 1992 წელს პენსიაში გასვლის შემდეგ, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 1994 წელს გაცემული ნებართვა-ორდერის საფუძველზე ქ. თბილისში, ...... თავისუფალ ადგილზე განათავსა ჯიხური.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ჯიხურთან ერთად სარგებლობდა 40 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელსაც არავინ ედავებოდა, თუმცა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან ვერ მიიღო თანხმობა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა უარი დაასაბუთა იმ საფუძვლით, რომ 40 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო გ. მ-ის კუთვნილი ჯიხური, გაიყიდებოდა მხოლოდ საჯარო ვაჭრობით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უპირატესი შესყიდვის უფლება, რადგანაც ხანგრძლივი დროის _ 9 წლის განმავლობაში მართლზომიერად ფლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთს.

სკ-ის 155-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 159-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ქ. თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 40 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად ცნობა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. მ-ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე 40 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სავაჭრო ჯიხურის მოსარგებლედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის განჩინებით, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. მ-ის სარჩელი წარმოადგენდა აღიარებით სარჩელს და დავის საგანი იყო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად ცნობა, რაც არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად ადმინისტრაციული დავის საგნის კატეგორიას, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა წარმოადგენდა არაგანსჯად სასამართლოს.

2004წ. 20 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას გ. მ-ემ გაზარდა დავის საგანი და ითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გეგმის (წითელი ხაზები) შედგენა, რაც შემდგომში გახდებოდა საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ აღნიშნული განჩინება დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ ისე დააკმაყოფილა გ. მ-ის შუამდგომლობა დავის საგნის გაზრდის თაობაზე, რომ არ იმსჯელა იყო თუ არა სახეზე დავის საგნის გაზრდა ან დავის საგნის შეცვლა, თუ საერთოდ ახალი სასარჩელო მოთხოვნის აღძვრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო არა დავის საგნის გადიდება ან შეცვლა, არამედ სააპელაციო სასამართლოში ახალი სარჩელის აღძვრა, ვინაიდან შუამდგომლობის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეცვალა არა მხოლოდ დავის საგანი, არამედ საფუძველიც. ახალი სარჩელის სააპელაციო სასამართლოში აღძვრის შესაძლებლობას კი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კონკრეტულ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სამოქალაქო სარჩელზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდის მოთხოვნით განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სრულიად სხვა საფუძვლით, რომელზეც იმ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იქმნებოდა პროცესუალური ჩიხი, ვინაიდან განსახილველი სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოტანილ იქნა სამოქალაქო სარჩელზე, ხოლო სარჩელის საბოლოო ვარიანტი ეხებოდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამასთან, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას არ უდავია, რომ თავდაპირველი სარჩელი უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატების განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში გ. მ-ის მიერ დაყენებული შუამდგომლობით სარჩელის საგანი კი არ გაიზარდა ან შეიცვალა, არამედ აღიძრა ახალი სარჩელი ახალი მოთხოვნით. თუმცა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს რამდენად კანონიერად დააკმაყოფილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გ. მ-ის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გ. მ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებით სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელის მიერ სარჩელის საგნის გაზრდას, კერძოდ, თავდაპირველ მოთხოვნასთან ერთად ითხოვა ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს დავალებოდა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გეგმის შედგენა, რომელიც გახდებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გ. მ-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელის მოთხოვნები გაიზარდა, ამის გამო ამ ეპატზე საკასაციო სასამართლო აღნიშნული საოქმო განჩინების კანონიერებაზე ვერ იმსჯელებს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუქტის თანახმად, მოცემული საქმე გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგანაც აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული დავა ეხება იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე განჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის (ამჟამად ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახური) სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.