საქმე №ას-62-2023 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს.რ–ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიუღებელი სარჩოს დაკისრება, სარჩოს ოდენობის გაზრდა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, საწარმო, კასატორი) მიმართ, მიუღებელი სარჩოს დაკისრებისა და სარჩოს ოდენობის გაზრდის შესახებ, დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა, 2018 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს დანაკლისი 14 083.02 ლარი, საგადასახდო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით. მოპასუხის მიერ, მოსარჩელისთვის ყოველთვიურად დაწესებული სარჩო 137.19 ლარი გაიზარდა 357.81 ლარით და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2021 წლის სექტემბრიდან ყოველთვიური სარჩოს 495 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე 1984 წლის 4 ივნისს დასაქმდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის განყოფილებაში სადგური ცხინვალის მორიგედ, ხოლო 1984 წლის 6 ნოემბერს გადაიყვანეს სადგური შინდისის მორიგედ. 1989 წლის 12 იანვარს გათავისუფლდა სამსახურიდან ავადმყოფობის (საწარმოო ტრავმა) გამო.
3.2. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1993 წლის 19 სექტემბრის N697 დადგენილებით ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს გადაერქვა სახელი და ეწოდა საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 21 დეკემბრის N1-3/769 ბრძანების საფუძველზე რეორგანიზაციის შედეგად გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) „ს.რ–ა“. 2012 წლის 12 აპრილის საწარმოთა მართვის სააგენტოს N1-3/269 ბრძანების თანახმად შპს „ს.რ–ა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (სს) „ს.რ–ა“.
3.3.მოსარჩელე შრომითი დასახიჩრების გამო 2018 წლის მარტიდან დღემდე ყოველთვიურ სარჩოს სახით იღებს 137.19 ლარს.
3.4. 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით სადგურ გორისა და მასზე მიწერილი სადგურების მორიგეების დარიცხული ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა: გორი - სამგზავრო 750 ლარი, აგარა - 750 ლარი, ქარელი - 750 ლარი, გრაკალი - 750 ლარი, კასპი - 750 ლარი, გორი - სატვირთო 580 ლარი. 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე: გორი - სამგზავრო 825 ლარი, აგარა - 825 ლარი, ქარელი-825 ლარი, გრაკალი - 825 ლარი, კასპი - 825 ლარი, გორი -სატვირთო 640 ლარი.
3.5. მოსარჩელემ 1988 წლის 28 აგვისტოს მიიღო საწარმოო ტრავმა. საექიმო-შრომით საექსპერტო კომისიის 1993 წლის 30 ნოემბრის დასკვნით, მას დაუდგინდა 60% პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა უვადოდ. მოსარჩელე 1989 წლის 12 იანვრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან ავადმყოფობის (საწარმოო ტრავმის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
4. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან და წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და აღნიშნა, რომ პირველი ნაწილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის. ამ ნორმის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება იყო, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის არარსებობისას, რაც ნიშნავს, რომ მხედველობაში იყო მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის შემთხვევაში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. ხოლო ნორმის მეორე ნაწილთან მიმართებით განმარტა, რომ ზიანის ანაზღურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა საწარმო ვალდებული გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია.
5.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დასაქმებული მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
5.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა განისაზღვრება კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანისა ან სარჩოს ოდენობის გამოთვლისთვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას გამოიყენოს დარჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს.
5.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევდა მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, მოეთხოვა სარჩო გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებლი გარემოების - საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი 60%-ით უვადოდ.
5.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის მარტიდან მოპასუხე, მოსარჩელის სასარგებლოდ, გასცემს ყოველთვიურად სარჩოს 137 ლარსა და 19 თეთრს. სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. შესაბამისად სარჩოს გადახდით მოქმედებს პრეზუმფცია, რომ სარჩოს გაცემაზე ვალდებული პირია მოპასუხე, ხოლო ამ პრეზუმფციის გამქარწყლებელი გარემოებები და მტკიცებულებები მოპასუხის მხრიდან არ არის მითითებული.
5.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ხდება მუშაკთა პერიოდული ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, რასაც მოსარჩელე 65 წლის ასაკის შემდეგ ვერ გაივლიდა, რის გამოც არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის 60 წლის. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაკარგა 60%-ით პროფესიული საქმიანობის უნარი და ამ უნარის შენარჩუნების შემთხვევაში გადამოწმების შედეგად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექნებოდა მას, ეს მხოლოდ სავარაუდო საკითხია და ობიექტურად ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებული გარემოებები ქმნიდა როგორც წარსულში მიუღებელი სარჩოს, ისე სამომავლოდ მისაღები თანხის გაზრდის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით შესაბამისი მუშაკის ხელფასის 750 ლარის 60%-ის გათვალსწინებით, სარჩოს ოდენობა შეადგენდა 450 ლარს, ხოლო 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, ანუ სარჩელის დაზუსტებამდე, 825 ლარის 60%-ის გათვალისწინებით სარჩოს ოდენობა იყო 495 ლარი. დროის ამ მონაკვეთში მოპასუხეს სარჩოს ოდენობა მოქმედი სადგურის მორიგის გაზრდილი ხელფასის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ არ გაუზრდია. მიღებულ თანხასა და მისაღებ ოდენობას შორის სხვაობა შეადგენდა 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით 6569.01 (450-137.19=312.81*21), ხოლო 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით 7514.01 ლარს (495-137.19=357.81*21), რაც ჯამში 14 083.02 ლარს შეადგენს.
5.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სარჩელით მოთხოვნილი პერიოდიდან, სარჩოს 137.19 ლარის 357.81 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით. გაზრდილი სარჩოს დაკისრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს.
5.8. მოპასუხის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სადგური შინდისი მიეკუთვნებოდა მესამე კატეგორიას, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაცია კი ასახავდა პირველი კატეგორიის სადგურის მემანქანეთა ხელფასს, რის გამოც მისი გათვალისწინება სარჩოს გადანგარიშებისას არ უნდა მომხდარიყო, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე ამ დამსაქმებლის ამ მტკიცებას ვერ გაიზიარებდა.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაასკვნა, რომ არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს დანაკლისის და ყოველთვიურო სარჩოს მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დამსაქმებელმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. კასატორის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლები არ აწესრიგებს სარჩოს გადაანგარიშების წესს. კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმადაც სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება;
8.2. კასატორის მტკიცებით, სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილი და არა პირველი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს, უშუალოდ ეხება სხეულის დაზიანებას და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ადგენს კომპენსაციის, პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით, რაც განპირობებულია საკითხის რეგულირების სირთულით. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ადგენს ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შემთხვევაში რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის, როგორც განსხვავებული მოწესრიგების, გავრცელება დაუშვებელია. ნორმის პირველი ნაწილი მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო მეორე ნაწილი აზუსტებს პირველი ნაწილის დანაწესს. კასატორმა დამატებით განმარტა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შემთხვევებზე;
8.3. კასატორის განმარტებით, პირვანდელი მდგომარეობა, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს. ზიანის მიყენებისას მხარემ უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ არა უბედური შემთხვევა, ის ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს იმ ოდენობით რა ოდენობითაც ის მოითხოვს, ფიქსირებული სტაბილური ხელფასის სახით ცხოვრების ბოლომდე. კასატორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადახდის ვალდებულება, ყოველთვიური სარჩოს სახით განისაზღვრა 65 წლამდე და არა სიცოცხლის ბოლომდე (სუსგ-ები Nას-789-746-2015; ას-1220-1145-2015). კასატორის განცხადებთ, უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე აღნიშნულ თანამდებობაზე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ ვერ იმუშავებდა, რომელიც იმ დროს მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, მამაკაცებისთვის 65 წელს შეადგენდა. დღევანდელი კანონმდებლობითაც მამაკაცის საპენსიო ასაკად დადგენილია 65 წელი;
8.4. საწარმოს 2015 წლის 13 აგვიტოს N18/35 დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია იმ პროფესიებსა და თანამდებობებზე, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან. დამსაქმებლის დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის N9/43 დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშრებულ დასასაქმებელთა და დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. აღნიშნული ინსტრუქციის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ დასაქმებული პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას გადის 3 წელიწადში ერთხელ, 60 წლის ზევით წელიწადში ერთხელ. გამონაკლისის სახით გაწერილია სპეციალური პროფესიები, კერძოდ მემანქანეები და მემანქანეთა ჯგუფის მუშაკები, დისპეტჩერულ-ოპერატიული ჯგუფის მუშაკები და ა.შ. რომლებიც ასეთ შემოწმებას გადიან, ასაკის მიუხედავად, წელიწადში ერთხელ. 45-50 წლამდე ორ წელიწადში ერთხელ, შემდეგ წელიწადში - ერთხელ. სადგურის მორიგის შემთხვევაში კი დადგენილია, რომ დისპეტჩერულ-ოპერატიული ჯგუფის მუშაკები 50 წლის ზემოთ 2 წელიწადში ერთხელ გადიან სამედიცინო შემოწმებას;
8.5.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებს და ჯანმრთელობას, რაც რეგულირდება ზემოხსენებული ინსტრუქციით და, როგორც წესი, საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალი აღნიშნულ პოზიციაზე აღარ მუშაობს;
8.6. საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ემუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, მისი განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლები, არამედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება აღნიშნული წესი, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს ამ წესის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებ პირს. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 408-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებდამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაშიც, სარჩოს გადააგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ).
17. კასატორის მიერ საკუთარი მტკიცების გასამყარებლად მოხმობილი საკასაციო სასამართლოს განჩინება (იხ.წინადმებარე განჩინების 8.3 ქვეპუნქტი) საქმეზე N ას-789-746-2015 სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეხება, კერძოდ, ამ საქმეზე 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ დავაში, 1972 წელს დადგა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, როდესაც, საწარმოს ბრალით, მიღებული ტრავმის შედეგად, მისმა მემანქანემ, 54 წლის ასაკში დაჰკარგა შრომის უნარი 80 %-ით და ამის გამო ვეღარ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამ ეტაპზე, საკასაციო სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, რადგან ამ ფაქტზე შედავება კასატორს არ წარმოუდგენია სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე. კასატორს აღიარებული აქვს ვალდებულება, მის მიერ მიყენებული ტრავმის გამო, მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც, აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დავობენ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა, სარჩენის სასარგებლოდ, სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, მოქმედი მემანქანის ხელფასის ცვლილების საფუძველზე, რადგან მარჩენალი გარდაიცვალა 1990 წელს, 72 წლის ასაკში. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები. სსკ-ის 1006 მუხლის საფუძველზე, საწარმომ - ზიანის მიმყენებელმა - სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეასრულოს მანამდე, ვიდრე, საწარმოს ბრალით დაზარალებული თანამშრომელი იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფნი, ანუ ეხადა სარჩო სარჩენი პირებისათვის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება, მისი ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სრულდებოდა მარჩენალის სიცოცხლეში, როდესაც ამ უკანასკნელმა, საწარმოს ბრალით დაჰკარგა შრომის უნარი, და მისი გარდაცვალების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადია, რომ 72 წლის ასაკში, ელმავლის მემანქანედ ვერ იმუშავებდა პირი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2011-2014 წლებში გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით, სარჩენი პირის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული“.
18. საკასაციო სასამართლო, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 411-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა საწარმო ვალდებული აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავ ეკისრება დამსაქმებელს (იხ. სუსგ-ები Nას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ; Nას-1220-1145-2015, 03.06.2016 წ; Nას-1180-1141-2016, 31.03. 2017 წ; Nას-1195-2022 16.12.2022 წ).
19. ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება, მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018 18.06.2020წ; Nას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; Nას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; Nას-799-766-2016, 08.05.2017 წ; Nას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; Nას-269-2022, 31.05.2022 წ ).
21. საკასაციო სასამართლო კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე 65 წლის ასაკის შემდეგ ვერ გაივლიდა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ სპეციალური შემოწმებას, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ეს პრეტენზია უსაფუძვლოა, ვინაიდან სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელე 60 წლის იყო და არა საპენსიო ასაკის. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაკარგა 60%-ით პროფესიული საქმიანობის უნარი და ამ უნარის შენარჩუნების შემთხვევაში, გადამოწმების შედეგად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექნებოდა მას, ეს მხოლოდ სავარაუდო საკითხია და ობიექტურად ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დასაქმებული ვერ გაივლიდა შემოწმებას. რომ არა პროფესიული შრომისუნარიანობის უვადოდ დაკარგვა, დასაქმებულს შეეძლო არა მხოლოდ ემუშავა, არამედ კარიერული დაწინაურების პრინციპითაც ესარგებლა და საკუთარი შრომით არათუ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე განსაზღვრული და შემდეგ გაზრდილი ოდენობის ხელფასი, არამედ უფრო მეტი ანაზღაურება გამოემუშავებნა. ამდენად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა და მოეშალა შრომის უნარი ნაწილობრივ ან სრულად.
22. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს“ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.რ–ას“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 918,84 ლარის (საგადახდო დავალება N929, გადახდის თარიღი 2023 წლის 10 იანვარი), 70% – 643,18 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური