№ას-1330-2022
16 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ვა (მოსარჩელე)
მესამე პირები – ლ.ჩ–ი, ნ.ჩ–ი
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საქმის წარმოების შეჩერება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ა–ვამ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.ჩ–ის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნის მოთხოვნით (ს.ფ. 2-13).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში აღრიცხვა მოახდინა კანონდარღვევით, სამკვიდროს მიღების ფაქტობრივი ფლობის დადგენით სასამართლოს მიერ, მაშინ როდესაც მოსარჩელე არასდროს არ ფლობდა აღნიშნულ ფართს.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად მოპასუხის მხარეს ჩაბმულ იქნა არასრულწლოვანი ლ.ჩ–ი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ნ.ჩ–ი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ა–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.ჩ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ნ.ა–ვას საკუთრებაში არებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ს/კ ........ და დადგინდა მესაკუთრისათვის უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. ნ.ა–ვას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის განჩინებით მ.ჩ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1983 წლის 11 ნოემბერს გაცემული ორდერის საფუძველე, დ.ბ–ს სარგებლობაში გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ......, პირველ სართულზე მდებარე ერთოთახიანი ბინა.
5.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილებით ნ.ა–ვას განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ, ა.ბ–ის მიერ დედის, დ.ბ–ის სამკვიდროს მიღების შესახებ.
5.1.3. 2019 წლის 20 მაისის სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ნ.ა–ვა არის მამკვიდრებლის - ა.ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრე და მან მიიღო 2017 წლის 10 სექტემბერს გარდაცვლილი ა.ბ–ის სამკვიდრო, კერძოდ, ა.ბ–ის დედის - გარდაცვლილი დ.ბ–ის სამკვიდრო ქონება.
5.1.4. გლდანის რაიონის გამგეობის 2019 წლის 05 აგვისტოს Nბ3401192179 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ.ა–ვას 2019 წლის 28 ივნისის განცხადება და ნ.ა–ვას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, მდებარე: ქ. თბილისში, ......., საერთო ფართი - 36.38 კვ.მ..
5.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მ.ჩ–ის სარჩელი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მ.ჩ–ი ითხოვს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2019 წლის 05 აგვისტოს Nბ3401192179 გადაწყვეტილებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 მაისის N492 ბრძანების (რითიც ძალაში დარჩა Nბ3401192179 ბრძანება) ბათილად ცნობას.
5.1.6. საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება ნ.ა–ვას სახელზე.
5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ის და მისი ოჯახი საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე ფლობენ აღნიშნულ ფართს, რის გამოც სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა არგუმენტირებულ პრეტენზიებს და არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, მხოლოდ მითითება კი იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია, ვერ იქნებოდა მიჩნეული კვალიფიციურ შედავებად.
5.3. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ამავე თარიღის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების შეჩერება.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7. კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებაში მოპასუხის პოზიცია ასახული არის არასრულად. ცნობილი იყო, რომ გარდა საქმეში ჩართული მესამე პირებისა, აღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრობენ სხვა პირებიც, რომლებიც არც მესამე პირებად და არც მოპასუხეებად არ ყოფილან საქმეში ჩაბმული.
7.1. მოპასუხე წარმოადგენს ხსენებული უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. 20 წელზე მეტია ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, რაც დათმობილი აქვს ადრინდელი მართლზომიერი მფობელისგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წამოჭრილი ურთიერთობებიდან გამომდინარე უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელემ კი კანონდარღვევით მოახდინა აღნიშნული უძრავი ქონების აღრიცხვა მის საკუთრებაში.
7.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოპასუხე მხარეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებზე. აღნიშნული შუამდგომლობა შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არსებული ადმინისტრაციული საქმის N3/3639-20 განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერებას. ადმინისტრაციულ კოლეგიაში მიმდინარეობს დავა სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც უშუალო და პირდაპირ კავშირშია აღნიშნული საქმის განხილვასთან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
17. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - ნ.ა–ვა, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. კასატორი მიუთითებს, რომ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მართლზომიერ მფლობელს, რომელსაც მფლობელობა დათმობილი აქვს გარკვეული თანხის სანაცვლოდ და 20 წელია ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში.
24. საკასაციო პალატა მითითებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ კასატორს მისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მის მიერ შესაგებლით მითითებული გარემოებები კი არ წარმოადგენს მოპასუხის ისეთი საპროცესო თავდაცვის საშუალებას, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებს და სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
25. რაც შეეხება კასატორის საკასაციო პრეტენზიას სადავო უძრავ ქონებაში სხვა პირების ცხოვრებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მხოლოდ მოპასუხეა. აღნიშნული პირის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნები კი სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა და დააკმაყოფილა (შდრ. სუსგ №ას-1338-1258-2017, 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება).
26. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით მიმდინარე დავის დასრულებამდე, მოცემული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელ უარს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
27. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
28. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე მოპასუხის მითითება, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენის კანონიერება, არ წარმოადგენს განსახილველ ვინდიკაციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, რადგან მოცემული საქმის განხილვა არ არის დამოკიდებული კასატორის მიერ მითითებული ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე. შესაბამისად, საქმის განხილვის შეჩერების მავალდებულებელი გარემოება - მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობა, არ არის სახეზე.
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 03.11.2022) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე,264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. მ.ჩ–ს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 03.11.2022) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე