Facebook Twitter

საქმე №ას-1467-2022 28 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - თ.ს–ია, რ.ბ–ძე, ლ.ფ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ტ.კ–ი“ (მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,თ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ს–იას (შემდგომ – პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), რ.ბ–ძის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, პირველი თავდები, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და ლ.ფ–ას (შემდგომ – მესამე მოპასუხე, მეორე თავდები, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეებისათვის ბანკის სასარგებლოდ 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2300.47 ლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 1447.77 ლარი, პროცენტი - 352.70 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი; 2021 წლის 8 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1447.77 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 43/42 ლარს და 2021 წლის 8 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1447.77 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე დასარიცხი შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.90 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა (თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის თითოეულ მათგანზე 3900 ლარით განსაზღვრა); ასევე, პირველ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1080.64 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა - 399.99 ლარი, პროცენტი - 580.65 ლარი, ჯარიმა - 300 ლარია; 2021 წლის 8 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 399.99 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 15.99 ლარს და 2021 წლის 8 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 399.99 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველთვიური 0.27%-ის დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.07 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის, 2016 წლის 3 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 3000 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 20.10.2019-მდე, კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მეორე-მესამე მოპასუხეებს შორის, 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც თავდებებმა ძირითად მსესხებელ - პირველ მოპასუხესთან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა თითოეულ მათგანზე განისაზღვრა - 3900 ლარით.

4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ გადახდილა.

5. ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის, 2016 წლის 24 დეკემბერს, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი 300 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით, კრედიტის ვადა - 2045 წლის 22 სექტემბრამდე, დაანგარიშების თარიღი, ყოველი თვის 24 რიცხვი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლოც - ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა).

6. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და არ გადახდილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც 2021 წლის 8 ივლისის მონაცემებით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება 1291.39 ლარის დავალიანება, საიდანაც ძირითადი თანხა - 399.99 ლარი, პროცენტი - 580.65 ლარი და ჯარიმა - 310.75 ლარია.

მოპასუხეთა შესაგებელი:

7. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს (სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა დააზუსტა შესაგებელი და სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში) და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირითად თანხაზე პროცენტი და პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან, გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა 2019 წელს, რატომ არ განხორციელდა სამართლებრივი პროცედურა დროულად. აღნიშნული მიზნად ისახავდა სოლიდური პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაგროვებას, აგრეთვე, მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხის ხელოვნურად გაზრდას, რითაც მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა სამოქალაქო უფლება.

8. მოპასუხე მხარის მტკიცებით, 2016 წლის 24 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეებისათვის 2021 წლის 8 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 2300.47 ლარის, გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 1447.77 ლარი, პროცენტი - 352.70 ლარი, ჯარიმა - 500 ლარია; სოლიდარული თავდებების - მეორე და მესამე მოპასუხეების ვალდებულება ბანკის მიმართ, შემოიფარგლა 3900 ლარით თითოეულის მიმართ (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ზღვრული ოდენობით); პირველ მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1080.64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 399.99 ლარი, პროცენტი - 580.65 ლარი, ჯარიმა - 300 ლარია.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის ბანკის უფლებამონაცვლის (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, ბანკის უფლებამონაცვლედ 2022 წლის 21 იანვრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების დანართების საფუძველზე დაშვებულ იქნა შპს ,,ტ.კ–ი“ (შემდგომ - მოსარჩელის ან ბანკის უფლებამონაცვლე, მოწინააღმდეგე მხარე)) სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 21.10.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 ლარისა და, 24.12.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 300 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილებში გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის უფლებამონაცვლის სარჩელი მოპასუხეების მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯარიმის სახით თანხების დაკისრების ნაწილში; მოპასუხეებს ბანკის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმის - 124.46 ლარის გადახდა 21.10.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხოლო 24.12.2016 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ჯარიმის, 86.31 ლარის, გადახდა; დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია 2016 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და მიუთითა, რომ მოპასუხემ, ბოლო გადახდა 50 ლარის ოდენობით განახორციელა 2018 წლის 16 ივლისს. ბანკის მიერ კი სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2021 წლის 15 ივლისს. ამდენად, ცხადია, კრედიტორმა მოთხოვნა წარადგინა ბოლო გადახდიდან სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, შესაბამისად, ამ ნაწილში აპელანტი მხარის მოთხოვნა მოკლებულია დასაბუთებას და ვერ იქნება გაზიარებული.

13. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 868-ე და 403-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პროცენტის განსაზღვრის ნაწილში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საფუძვლები. აპელანტებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით კი სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითადი თანხის მესამედზე მეტია, ხოლო 2016 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო თითქმის გატოლებულია ძირითად თანხასთან, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას და მოვალის დასჯის მექანიზმად აქცევს მას.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2016 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კრედიტზე თანხა ბოლოს გადახდილია 2019 წლის 7 მარტს, შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე შეიტყო 2019 წლის აპრილში, ხოლო 2016 წლის 24 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ბოლოს გადახდილია 2018 წლის 16 ივლისს, შესაბამისად, კრედიტორმა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე შეიტყო 2018 წლის აგვისტოში, თუმცა, სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა მხოლოდ 2021 წლის 15 ივლისს, ამასთან, არ დაასაბუთა, თუ რა გარემოებები არსებობდა, რამაც დააბრკოლა, 2 და 3 წლის განმავლობაში მიემართა სასამართლოსათვის დარღვეული უფლების აღდგენისათვის.

15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორისა და მოვალის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვის, სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოქმედება ვერ შეფასდება მართლზომიერად. ბანკმა 2 და 3 წლის განმავლობაში მოთხოვნის წარდგენის დაყოვნებით, თავად შეუწყო ხელი პირგასამტელოს ოდენობის გაზრდას, რაც, სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, მისი შემცირების საფუძველია.

16. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა 0.02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამიტომ, პირგასამტეხლო 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრა 142.46 ლარით, ხოლო 2016 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების შემთხვევაში - 86.31 ლარით, რაც სასამართლოს განმარტებით, მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველია.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

18. კასატორთა განმარტებით, სასამართლოსათვის გვიან მიმართვით ბანკმა ბოროტად გამოიყენა სამოქალაქო უფლება, განზრახ დააგროვა პროცენტი და პირგასამტეხლო, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

19. სასამართლომ უგულებელყო 2016 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების ხანდაზმულობის ფაქტიც, კერძოდ, მსესხებელს არ უფიქსირდება არცერთი გადახდა. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი კი, არ ასახავს სესხის დაფარვას, რადგან მასში ასახულია გარკვეული თანხის ბრუნვა, მაგრამ არა სესხის დაფარვის დანიშნულებით. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს თუნდაც ერთი თვის საპროცენტო განაკვეთი ან/და ჯარიმა აქვს გადახდილი 2017 წლის იანვრიდან დღემდე, მაშინ ძირითადი თანხა, პროცენტი და ჯარიმა რატომ არის უცვლელი 2021 წლის ივლისის მონაცემებით. აღნიშნული მოწმობს იმას, რომ აპელანტს არცერთი თეთრი არ გადაურიცხავს სესხის დაფარვის დანიშნულებით, რაზეც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შესრულებულა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები დავობენ სარგებლისა და პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის ოდენობაზე იმ საფუძვლით, რომ ბანკმა სარჩელის სასამართლოსათვის გვიან მიმართვით ბოროტად გამოიყენა სამოქალაქო უფლება, განზრახ დააგროვა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა; ასევე, მიუთითებენ 2016 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

26. საკასაციო პალატა კასატორთა ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სსკ-ის 115-ე მუხლით რეგლამენტირებულია უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპი, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენება მაშინ ვლინდება, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან, ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევიდან დაუყოვნებლივ არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში, არ შეიძლება განვიხილოთ უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს, როცა მოსარჩელემ საკუთარი უფლების რეალიზაცია შეძლო კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში და მისი ქმედება კანონიერ მიზნებს ემსახურებოდა (შდრ. საქმე №ას-1385-1307-2012; 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება).

27. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების, ისევე, როგორც შეწყვეტის უფლება (მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელის წარდგენით შეწყდა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა), თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კი წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას. ამასთან, სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს ნებისმიერ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, ჰქონდა ვალდებულება, სესხი დაებრუნებინა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც მან არა განახორციელა, რისი გათვალისწინებითაც, კასატორი მხარის არგუმენტები დაუსაბუთებელია, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა და 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - განისაზღვრა 142.46 ლარით, ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო 2016 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების შემთხვევაში - 86.31 ლარით, ნაცვლად 300 ლარისა.

28. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხის, კასატორი მხარის მტკიცებით, 2016 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს არ უფიქსირდება არცერთი გადახდა, საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი კი, არ ასახავს სესხის დაფარვას, რადგან მასში ასახულია გარკვეული თანხის ბრუნვა, მაგრამ არა სესხის დაფარვის დანიშნულებით. ვალდებულება დაირღვა 2017 წლის იანვარში, რისი გათვალისწინებითაც, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო, მოთხოვნა განხორციელებადი არ არის და მოპასუხე მხარეს შეუძლია, უარი თქვას შესრულებაზე სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

29. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც კანონიერად დაადგინეს, რომ 2016 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მსესხებლის საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხემ, 2016 წლის 24 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლოს 50 ლარი 2018 წლის 16 ივლისს გადაიხადა. ამონაწერში გადახდის დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრუნვა (50 ლარი) Prime Card-ის საკრედიტო ბარათის ანგარიშზე თანხის შეტანაა, რისი გათვალისწინებითაც, ვერ იქნება გაზიარებული კასატორი მხარის პოზიცია, რომ საბანკო ამონაწერით სესხის დაფარვის ფაქტი არ დასტურდება, მით უფრო, რომ საბანკო ამონაწერში მითითებული მონაცემები მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და საწინააღმდეგო მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია. ამასთან, პალატა არ იზიარებს კასატორი მხარის იმ პოზიციასაც, რომლის თანახმად, არაფერი შეუტანია სესხის დასაფარად, რასაც 2017 წლის იანვრიდან დღემდე ძირითადი თანხის, პროცენტისა და ჯარიმის უცვლელობაც მოწმობს. პალატის მითითებით, ამ პოზიციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საბანკო ამონაწერით აღნიშნული გარემოებები არ მტკიცდება, მით უფრო, რომ კრედიტის მოცულობა იყო განახლებადი.

30. მოცემულ დავაში, სარჩელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 15 ივლისს, შესაბამისად, კრედიტორის მიერ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რისი გათვალისწინებითაც, სსკ-ის 128-ე, 130-ე და 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არ ვლინდება მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება.

31. საკასაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-126-126-2018, 2019 წლის 10 იანვრის განჩინება; №ას-1301-1239-2014, 2015 წლის 23 ივლისის განჩინება; №ას-367-2019, 2021 წლის 19 მაისის განჩინება; საქმე №ას-369-353-2016, 2017 წლის 31 მაისის განჩინება).

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ს–იას, რ.ბ–ძისა და ლ.ფ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. თ.ს–იას (პ/ნ .....), რ.ბ–ძესა (პ/ნ .....) და ლ.ფ–ას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.ს–იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის (საგადახდო დავალება №15329875276 / გადახდის თარიღი 06.12.2022), 70% - 70 ლარი;

3. თ.ს–იას (პ/ნ ......), რ.ბ–ძესა (პ/ნ ........) და ლ.ფ–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.ს–იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის (საგადახდო დავალება №15695841388 / გადახდის თარიღი 09.01.2023), 70% - 140 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე